„სარკე“, ირინე მჭედლიძე
„არასოდეს შეგრცხვება, ხალხს თვალებში ჩახედო”, – ეს სიტყვები პოეტმა ტიციან ტაბიძემ თავის ერთადერთ ქალიშვილს, ნიტას, იმ საბედისწერო დღეს დაუტოვა, როცა დააპატიმრეს. დანამდვილებით არავინ იცის, შინსახკომის ჯურღმულებში პოეტს რა განაჩენი გამოუტანეს. ერთ-ერთი ვერსიით, მაშინვე დახვრიტეს. სხვა ვერსიით, ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს მატარებლიდან და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს.
მეუღლეს, ნინო მაყაშვილსა და ქალიშვილ ნიტას დიდხანს იმედი ჰქონდათ, რომ ტიციანი ოდესმე დაბრუნდებოდა და თბილისის ქუჩებში ისევ გაივლიდა გულზე მიხაკდაბნეული ლურჯთვალა დენდი… „სარკესთან“ პოეტის შვილიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი ანდრიაძე საუბრობს.
– ბატონო გივი, გადმოცემების, მოგონებების მიხედვით თქვენს წარმოსახვაში ალბათ ბაბუის თქვენეული პორტრეტი შექმენით. როგორია თქვენი ტიციანი?
– გადმოცემების მიხედვით, ტიციანი საოცრად გულკეთილი ადამიანი იყო, ყველას ეხმარებოდა. თურმე საოცრად კეთილი ღიმილი ჰქონდა. თავისი ლურჯი თვალებით სიკეთეს ასხივებდა. ვინც იცნობდა, ყველა მასზე იყო შეყვარებული.
– დედათქვენი, ქალბატონი ნიტა, სიცოცხლის ბოლომდე მამაზე მოგონებებით ცოცხლობდა. მათ განსაკუთრებული მამაშვილობა ჰქონდათ.
– მათ მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ნიტა მამამისს აღმერთებდა. ტიციანი ტანით სრული იყო, დახრა უჭირდა, ამიტომ ფეხსაცმლის თასმას ყოველთვის ნიტა უკრავდა. როცა ნიტა დასჯილი იყო, მაშინ თასმის შეკვრის უფლება არ ჰქონდა… ნიტამ ყოველთვის იცოდა, რომ განსაკუთრებული ადამიანის შვილი იყო. მის მეხსიერებაში ბავშვობის უამრავი მოგონება ტრიალებდა.
– მამის დაპატიმრებას როგორ იხსენებდა?
– თურმე ტიციანი გრძნობდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. ოთახებში დადიოდა, ვერ იძინებდა. მაშინ ადამიანებს ღამით აპატიმრებდნენ, შინსახკომის თანამშრომლები შუაღამისას მიდიოდნენ და მიჰყავდათ. თურმე დედამ იმ ღამით გაიგონა, მათ სახლთან მანქანა რომ გაჩერდა, სადარბაზოს კარი ხმაურით გააღეს და ხის კიბეებს ამოუყვნენ. მერე კი კარზე დააკაკუნეს. კარი ნიტამ გაუღოთ. სამნი იყვნენ. სახლი გაჩხრიკეს. ტიციანის ხელნაწერები, ფოტოები, ნახატები წაიღეს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევარიც. მერე კი ტიციანს უთხრეს, წამოგვყევიო. თურმე წასვლისას ნიტას უთხრა, შენ არასოდეს შეგრცხვება ხალხის თვალების შეხედვისო, ანუ ისეთ რამეს არ გავაკეთებ, რომ შენ მხრებზე მძიმე ტვირთად დაგაწვესო. ნიტა მაშინ 16 წლის იყო. დედა ამბობდა, რომ ამბობდნენ, ადამიანი ერთ ღამეში გაჭაღარავდა, არ მჯეროდა, დილით დედა რომ გამოვიდა, სულ თეთრი იყო, ერთ ღამეში გაჭაღარავდაო.
– ნიტაც ერთ ღამეში იქცა „ხალხის მტრის” შვილად.
– ნიტას მდგომარეობაში მაშინ უამრავი ბავშვი იყო. თურმე მასწავლებლები მთელ კლასს ფეხზე აყენებდნენ და ეუბნებოდნენ, აბა, ვინ ხართ ხალხის მტრების შვილები, კლასიდან გადითო. ნახევარი კლასი დგებოდა და გადიოდა. ნიტას კლასელი და მეგობარი, მარიკა აბაშიძე, იგონებს, მას შემდეგ, რაც ტიციანი დააპატიმრეს, ნიტას ისეთი სიცილი ჰქონდა, ვერ გაიგებდი, ტიროდა თუ იცინოდა, ტირილში გადასული სიცილი ჰქონდა, საოცარ განცდებში იყოო.
– ტიციანის დაღუპვის შესახებ ბევრი ვერსია არსებობს. ოჯახს რომლის სჯერა?
– ნიტა ყოველთვის ამბობდა, ეს ვერსიები სინამდვილეს არ შეეფერება, დანამდვილებით ამის შესახებ არავინ იცისო. ოფიციალური ინფორმაცია დღემდე არ არსებობს. შეიძლება უშიშროების არქივებში რაიმე მასალა არსებობს, მაგრამ ჩვენამდე არ მოუღწევია.
ბებიას და დედას დიდხანს ჰქონდათ იმედი, რომ ტიციანი ცოცხალი იყო. დიდხანს სჯეროდათ, რომ გადასახლებული იყო და დაბრუნდებოდა. არსებობდა ვერსია, რომ ტიციანი ვიღაცამ ციმბირში ნახა… საბოლოოდ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.
…
ტიციან ტაბიძისა და ნინო მაყაშვილის სიყვარულზე ბევრს წერენ. პოეტი ლექსებს პირველად მეუღლეს უკითხავდა, ყველაზე მეტად მას ენდობოდა, ყველაფერს უმხელდა. საოცარია, მაგრამ ნინო მაყაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ტიციანმა თამუნია წერეთელზე უამბო. უფრო მეტიც, მასთან არ მალავდა, რომ თამუნიაზე იყო შეყვარებული. მისი შთაგონებით პოეტი შედევრებს ქმნიდა. ტიციანის იმდროინდელი განწყობა ყველაზე კარგად ნინო მაყაშვილის მოგონებებიდან ჩანს:
“1925 წლის ზაფხულში ბორჯომში ვისვენებდით. მოულოდნელად ტიციანის წერილი მივიღეთ – თბილისში ვიღაც მომხიბვლელი ქალი გამოჩნდა და ძალიან მინდა, შენც შეხვდეო. იმავე დღეს დეპეშა გამომიგზავნა – სასწრაფოდ ჩამოდიო და მერე ტელეფონითაც მელაპარაკა და იგივე გაიმეორა. ჩამოვედი თბილისში, საღამო იყო… მეორე დღეს იმ ქალის სანახავად წამიყვანა პავილიონში, სადაც მინერალურ წყლებს ყიდდნენ. ის ქალი ძალიან მომეწონა. იშვიათი სილამაზისა იყო: რაღაც კეთილშობილური იერი ჰქონდა, ეშხითა და სიტურფით აღსავსე. ტანწერწეტი, როგორც ქურციკი. მე ვუთხარი ტიციანს – აღტაცებული ვარ შენი გემოვნებით, მაგრამ ვერ გამიგია, აქ ახლა მე რა საჭირო ვარ-მეთქი. მან მაჩუქა მშვენიერი მომძივული ჩანთა და ფრანგული ტანსაცმელი, რომელიც მაშინ დიდ მოდაში იყო. მე გამოვართვი და ისევ ბორჯომში წავედი.
როცა აგარკიდან დავბრუნდი, ტიციანმა მაჩვენა ლექსები იმ ქალიშვილის – თამუნია წერეთლისადმი. პაოლო იაშვილმა და ვალერიან გაფრინდაშვილმა აუკრძალეს მას ამ ლექსების დაბეჭდვა, ეგონათ, მეწყინებოდა, მაგრამ მე ვუთხარი, დაე, დაბეჭდოს, ძალიან კარგი ლექსებია და ცოდვაა მათი გამოუქვეყნებლობა-მეთქი. ასეც მოხდა, ტიციანმა ეს ლექსები დაბეჭდა. მათ დიდი წარმატება ხვდა.
ტიციანი არც ისე ახლოს იცნობდა თამუნია წერეთელს, მაგრამ მთელ ამ ამბავს ღრმად და სერიოზულად განიცდიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვითონ ვყიდულობდი ყვავილებს, რომლებიც ტიციანს ამ ქალიშვილისათვის უნდა მიერთმია”.
…
გივი ანდრიაძე: ტიციანისთვის ნინო ყველაფერი იყო, მაგრამ ნინომ კარგად იცოდა, რომ მის ქმარს ჰქონდა იმის უფლება, ვიღაც მოსწონებოდა და უფრო მეტიც, შეყვარებოდა კიდეც. ნინოს თავისი ადგილი არასოდეს დაუკარგავს. ტიციანს მეუღლისთვის არასოდეს უღალატია. მისთვის ნინო ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო. ტიციანს თავის მუზებზე ლაპარაკის არ ერიდებოდა, რადგან ალბათ სულ სხვანაირ სიყვარულზე იყო ლაპარაკი. ნინოსა და ტიციანის სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა.
– ტიციან ტაბიძეს უამრავი მეგობარი ჰყავდა. ამბობენ, მეგობრის ფასი ყველაზე კარგად ტიციანმა იცოდაო.
– ტიციანს ხალხთან ურთიერთობა უყვარდა. მისი მეგობრების წრე ფართო და მრავალფეროვანი იყო. როგორც კი საქართველოში ვინმე ჩამოვიდოდა, მაშინვე საქართველოს კულტურას აცნობდა, ჩვენს ქვეყანას ყველას აყვარებდა. ზოგჯერ ამბობენ, თითქოს გალაკტიონსა და ტიციანს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ეს არ არის მართალი. გალაკტიონი ბუმბერაზი ადამიანი იყო, მაგრამ მას სხვა მსოფლმხედველობა ჰქონდა, ხალხთან ურთიერთობას გაურბოდა.
– ტიციანის და პასტერნაკის მეგობრობის ამბავი ლეგენდად იქცა.
– მათ მართლაც საოცარი მეგობრობა აკავშირებდათ. პასტერნაკი ტიციანის დაპატიმრების შემდეგ ნინოსა და ნიტას ყურადღებას არ აკლებდა. მან ქართველი მწერლების ნაწარმოებები თარგმნა და მთავრობას მისწერა, ჰონორარი მთლიანად ტიციან ტაბიძის ოჯახს გადაეცითო. სხვათა შორის, პატსერნაკს უთხრეს, ფული აიღე და ამ ოჯახს ჩუმად დაეხმარეო. მან კი უპასუხა, ყველამ უნდა იცოდეს, რასაც ვაკეთებ, არ მეშინია, თუ მეც ტიციანის ბედს გავიზიარებ, იცოდნენ, რომ მე სამი ოჯახი მყავს, რომელთაც უნდა მივხედოო. მარინა ცვეტაევას, ტიციან ტაბიძისა და საკუთარ ოჯახს გულისხმობდა.
– როცა მოსკოვში პასტერნაკის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, სწორედ ტიციანის ოჯახს მოაშურა და გარკვეული პერიოდი თბილისში ცხოვრობდა.
– მისთვის ეს ოჯახი მართლაც ნავსაყუდელი გახდა. როცა გაუჭრდა, საქართველოში წამოვიდა და ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა. 1959 წელს, როცა პასტერნაკი მძიმედ იყო ავად, ბებია ჩავიდა და 2-3 თვე გვერდიდან არ მოშორებია.
– მის შთამომავლებთან დღემდე გაქვთ ურთიერთობა?
– რა თქმა უნდა, დღემდე ვმეგობრობთ. 1965-66 წელს მოსკოვში საკანდიდატოს ვიცავდი და პასტერნაკების ოჯახში ვცხოვრობდი. ისინი გვეუბნებიან, ჩვენს ქვეყნებს შორის რაც უნდა მოხდეს, ჩვენს ურთიერთობას არაფერი შეცვლისო. ბებია 1965 წელს გარდაიცვალა, დედაჩემი – რამდენიმე წლის წინ. ორივემ საფლავში ტიციანის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა წაიღო. მათ ტიციანის ფასი კარგად იცოდნენ.