,,სარკე”, ირინე მჭედლიძე
საქართველოს გაუჩნდა შანსი ევროკავშირში გაწევრების. ის, რაც შორეულ პერსპექტივად ჩანდა,
ახლა ძალიან ახლოს ვართ მასთან და, ვინც რა უნდა თქვას, ფაქტია, რომ ეს არც საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა და არც ოპოზიციის.
ისტორიას უყვარს ასეთი ხუმრობები და უყვარს რაღაცების გამეორებაც. 104 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობაც ასე მოიპოვა. მაინც რა მოხდა 104 წლის წინ? როგორ მოვიპოვეთ თაობებისთვის სანუკვარი თავისუფლება?
შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, ბევრი ჩვენი თანამემამულე თავში ხელების წაშენითა და მოთქმა-გოდებით შეხვდა. დამოუკიდებლობის აქტის მიღების დროს სიხარულისა და აღფრთოვანების ნაცვლად ტირილი და რუსეთის წინაშე ბოდიშები ისმოდა.
ასეთი უცნაური აღქმა ჰქონდა ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და საუკუნეებით ნაოცნებარ დღეს – 26 მაისს. შეიძლება ამიტომაც დაჰყვა ამ დღეს ავი ბედისწერა და თავისუფალი საქართველო დღეგრძელი არ აღმოჩნდა.
წლების შემდეგ ისიც დაუჯერებლად ჟღერს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იძულებითი ნაბიჯი იყო. ერთადერთი, რაც მაშინდელ დროებით მთავრობას იხსნიდა და თურქეთის აგრესიას ცოტა ხნით მაინც შეაჩერებდა, დამოუკიდებლობის გამოცხადება გახლდათ. თუ არა და, ომი დაიწყებოდა და თურქეთი ამიერკავკასიას მთლიანად აიღებდა.
რუსეთი სამხრეთის ფრონტზე მარცხდებოდა და კავკასიიდან გადიოდა. თურქეთი ამიერკავკასიის ფედერაციას, როგორც რუსეთის შემადგენელ ნაწილს, პრეტენზიებს უყენებდა. დამოუკიდებელი საქართველო თუ გერმანიას (თურქეთის მოკავშირეს) დაუკავშირდებოდა, მისი ჩარევით თურქეთი გაჩერდებოდა. სწორედ ამიტომ 27-28 მაისს დამოუკიდებლობა ზედიზედ სომხეთმა და აზერბაიჯანმაც გამოაცხადეს.
1918 წლის 25 მაისს, როცა გადაწყდა, რომ მეორე დღეს ქართულ ეროვნულ საბჭოს საგანგებო სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ, სოციალ-დემოკრატი კაკი წერეთელი სასოწარკვეთილი ჩაესვენა სავარძელში და ყვირილი დაიწყო: ,,რას შვრებით, რას ჩადიხართ, ქართველებო! თქვენ ხომ რუსეთის დემოკრატიას ღუპავთ, რუსეთის დემოკრატიას!”. წერეთლის ისტერიკულ ყვირილს ვლასა მგელაძემ ასე უპასუხა – ასე ჩინიზელის ცირკში ილაპარაკე, აქ კი გახსოვდეს, რომ საქართველოაო.
მეორე დღეს ანუ 26 მაისს თბილისში, მეფისნაცვლის სასახლეში (ახლანდელ მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სახლში) სხდომა შედგა, უმრავლესობამ დამოუკიდებლობას მისცა ხმა და აქტზე ხელი მოაწერა. დამოუკიდებლობის აქტის წაკითხვა ნოე ჟორდანიას ერგო წილად. იმავე კაკი წერეთელმა იმ დღეს ისტორიული სიტყვა თქვა და საქართველოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზეც ილაპარაკა…
კიდევ ერთი პარადოქსი: გასაბჭოებიდან 3 წლის განმავლობაში საქართველოში 26 მაისი აღინიშნებოდა, თუმცა ეროვნული დროშების ნაცვლად წითელი დროშებს მოაფრიალებდნენ და დემონსტრაციას წინ წითელგვარდიელები მიუძღოდნენ.
26 მაისი ბოლშევიკებმა რევოლუციის პირმშოდ მონათლეს. ასე უცნაურად ,,ზეიმობდა” 3 წლის განმავლობაში ის ხელისუფლება, რომელიც 1921 წლის თებერვალში თავისუფლებისათვის მებრძოლ იუნკრებს სასტიკად გაუსწორდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეშვიდე წელს კი ამ თარიღს ძალიან დიდი ხნით დავიწყების ფარდა ჩამოაფარეს.