„ბებიამ ჩემი მეგობარი ამოიჩემა, ეშმაკის თვალები აქვსო”

„ბებიამ ჩემი მეგობარი ამოიჩემა, ეშმაკის თვალები აქვსო"„სარკე“

17 წლის გოგო ვარ და მინდა, ერთი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც სულ გულზე მაწევს და მუდამ ცუდად მახსენდება. ეს ფიქრები მას შემდეგ კიდევ უფრო გამიმწვავდა, ერთი წლის წინ აქციზე გამოსულ ჩემი თაობის ადამიანებზე რომ თქვეს, სატანისტებივით ეცვათო.

დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი, როცა ბებიაჩემმა ჩემი დაქალი ამოიჩემა. ამბობდა, რომ მას ეშმაკის თვალები ჰქონდა. მაშინ სახლში ბევრნი ვცხოვრობდით და ყველაფერს მამაჩემის მშობლები განაგებდნენ. რასაც ისინი იტყოდნენ, უნდა შეესრულებინა უკლებლივ ყველას. ბებიის სიტყვის წინააღმდეგ ვერავინ წავიდოდა. შეიძლება ცუდად ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ იქ გატარებული წლები კი არა, თითქმის თითოეული დღე ძალიან ცუდად მახსოვს.

ჩემი მეგობარი კარგი გოგო იყო, ჩუმი, ძალიან საყვარელი. უფრო მეტად მე ვიყავი მასთან სახლში, რადგან ყოველთვის ერთი სული მქონდა, ჩემი სახლიდან როდის გავაღწევდი. ხანდახან ისიც მოდიოდა და ბებია ამასაც ვერ იტანდა. ერთ დღეს გამომიცხადა, შენს მეგობარს უნდა დაშორდე, ეშმაკის თვალები აქვსო.

მეგონა, რომ ამაში იგულისხმა ცბიერი თვალები. ავუხსენი, რომ ძალიან კეთილი გოგო იყო და მისგან ერთი ტყუილიც არ მახსოვდა ან ბოროტი საქციელი. დედაჩემმაც უთხრა, რომ მშობლებიც ძალიან კეთილშობილი ჰყავდა. ბებიაჩემმა ხმა აღარ ამოიღო და გვეგონა, ეს საკითხი გავარკვიეთ, მაგრამ არა, ასე არ აღმოჩნდა.

ერთ დღეს ჩემი მეგობარი მოვიდა და ბებიამ პირჯვრის წერა, ლოცვების კითხვა დაიწყო. მერე იკივლა, ვაიმე, ცუდად ვარო. ეს გოგო მალევე წავიდა, რადგან გართობის თავი რომ აღარ მქონდა და რამის თამაშის, ცხადი იყო. აი, იმ საღამოს მივხვდით, რომ ბებია ამ სიტყვას გადატანითი მნიშვნელობით კი არ ხმარობდა, ეგონა, რომ ჩემი მეგობრის თვალებით ბოროტი სული იყურებოდა.

იმ საღამოს სერიოზულად ვიჩხუბეთ, მაგრამ ბებიაზე ასეთი რაღაცები არასოდეს ჭრიდა. იმ დღიდან პირდაპირ, აკვიატებულად ამბობდა, რომ მისი თვალებით ეშმაკი იცქირებოდა და ის ცუდად ხდებოდა. რაღაც ფოტო მოიტანა, სადაც ეშმაკი იყო დახატული და გვიმტკიცებდა, შეხედეთ, როგორ ჰგავსო. გულახდილი რომ ვყოფილიყავი, ვეტყოდი, შენ უფრო გგავს-მეთქი, მაგრამ ამას ისეთი ამბები მოჰყვებოდა… არადა იმ ფოტოზე იმ არსების სურათი მართლაც ბებიაჩემს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩემს მეგობარს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მამამ ჩვენი სახლის რემონტი დაასრულა და ჩვენც ცალკე გადავედით საცხოვრებლად. კიდევ კარგი, ასე მოხდა, თორემ ბებიაჩემის გვერდით ყოველი დღე საშინელება იყო. საცხოვრებელთან ერთად სკოლაც გამოვიცვალე და მეგობრებსაც დავშორდი, მათ შორის, იმ გოგოსაც. დიდხანს მასზე არაფერი გამიგია. ერთ დღეს კი დედამ მითხრა, შენი მეგობრის დედა გარდაცვლილაო. ისეთი საოცარი ქალი იყო, ისეთი საყვარელი… დედაჩემმა იმდენი იტირა… მე და დედა სამძიმარზე წავედით. მე და ჩემმა მეგობარმა თითქოს აღვადგინეთ ურთიერთობა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე ახლოს ვეღარ ვიყავით, როგორც ადრე.

დედის გარდაცვალების შემდეგ მის თავს იმდენი რამ მოხდა, ყველაფერს ვერც დავწერ. ძლიერი ფიზიკური ტრავმაც მიიღო, რის გამოც ხელებს სრულფასოვნად ვერასოდეს იხმარს (დეტალების დაწერა არ მინდა). ამდენი რამის გადატანის შემდეგ ადამიანებთან ურთიერთობაც დიდად არ სიამოვნებს, ამიტომ ზედმეტად არ ვაწუხებ.

ახლახან მის ფოტოებს ვათვალიერებდი და ბავშვობაშიც ისეთი სევდიანი თვალები ჰქონია, ისეთი საყვარელი… მე რომ მკითხოთ, ანგელოზი იხედება ამ თვალებიდან და ბებიაჩემმა სად დაინახა ეშმაკი?! საწყალ გოგოს თვალი დაადგა, რატომ ამოიჩემა ასე მწარედ, დღემდე არ ვიცი.

„სარკის“ ერთგული მკითხველი