„სადედამთილო ხაზს უსვამს, რომ მისი შვილისთვის შეუფერებელი ვარ”

„სადედამთილო ხაზს უსვამს, რომ მისი შვილისთვის შეუფერებელი ვარ",,სარკე”

ქორწილი ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანი დღეა და მათ შორის – ჩემთვისაც. ძალიან მინდა, რომ ამ დღეს ბედნიერებისგან ვბრწყინავდე და ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მოგონებებს უკავშირდებოდეს. არ მინდა, რომ ვინმე ჩაერიოს და ეს დღე მომიწამლოს, სადედამთილო კი სწორედ ამას აკეთებს.

მისი შვილი ძალიან მიყვარს. ჩვენ ხუთწლიანი სიყვარული გვაკავშირებს. 5 წელი, დამემოწმებით, რომ ძალიან დიდი დროა წყვილისთვის. ამ პერიოდში ბევრი რამ გადავიტანეთ, დაშორებულებიც ვიყავით, მაგრამ ახლა ქორწილისთვის ვემზადებით. დღეს რომ ერთად ვართ ისევ, დიდწილად ჩემი საქმროს დამსახურებაა. ის მაშინაც კი მიმტკიცებდა დიდ სიყვარულს, როცა დაშორებულები ვიყავით.

დედამისი კარგად მიცნობდა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას ვითომ შორიდან უყურებდა და ჩარევა არ სურდა. სინამდვილეში კი, როცა დაშორებულები ვიყავით, მუდამ ვგრძნობდი, რომ ეს სწორედ შეყვარებულის დედის “დამსახურება” იყო. ყოველთვის მისი ან მისი რომელიმე დაქალის ნათქვამის გამო მოგვდიოდა კამათი.

ბევრჯერ მთხოვა ხელი, მაგრამ ყოველთვის თავი შევიკავე. ახლა კი მასზე ძვირფასი არავინ მეგულება. ამ 5 წელიწადში თითქოს გავმთლიანდით, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

დედამისს სხვა გზა არ ჰქონდა, შვილის არჩევანი უნდა მიეღო, მით უმეტეს, რომ ჩემი საქმრო, დიდი ხანია, მშობლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელია, ცალკე ცხოვრობს. უკვე იმ ასაკშიც არის, დედის ბრძანებებს რომ ნაკლებად ემორჩილებიან. მოკლედ, დაქორწინება გადავწყვიტეთ და ქორწილის გადახდაც მოვინდომეთ.

სადედამთილომ გამოაცხადა, რომ სამზადისში მოგვეხმარებოდა და ისეთ ქორწილს დაგეგმავდა, როგორზედაც თავადაც ოცნებობდა და რისი შესაძლებლობაც არ მიეცა. შეყვარებულმა დედამისი “გადმომილოცა”. მითხრა, რაც მოგინდებათ, იყიდეთ, დაგეგმეთ, მე მხოლოდ ფულზე დამირეკეთო. ის მუშაობს და მეც გავუგე, რომ არ სცალია ბევრი სიარულისთვის. თანაც დედამისი მანქანას მართავს, მე ტარება არ ვიცი, ამიტომ ყველგან მას დავყავარ.

მადლობის მეტი არაფერი მექნებოდა სათქმელი, რომ არა მისი დამამცირებელი გამოხდომები. რამეს რომ ვარჩევ, სულ ხაზს უსვამს, რომ მის შვილს გარეგნობით არ შევეფერები. ამას ისე დიპლომატიურად აკეთებს, ვერც წაეჩხუბები. ნერვები მაქვს დაწყვეტილი, უკვე აღარც ქორწილი მინდა და აღარც არაფერი!

რამდენიმე დღის წინ საპატარძლო ფეხსაცმელს ვარჩევდი. მე მთელი ცხოვრება ან დაბალძირიანი ფეხსაცმელი მაცვია, ან სპორტული, ამიტომ ქუსლებზე ვერ ვდგები. გადავწყვიტე, საშუალო სიმაღლის ფეხსაცმელი ამერჩია, მაგრამ დედამთილმა თავი ლამის მოიკლა გამყიდველებთან, არა, მაღალი უნდა ჩაიცვაო.

გასასინჯად ისეთები მომიტანა, წინაც რომ უზარმაზარი პლატფორმა ჰქონდა და ქუსლიც რამდენიმესანტიმეტრიანი იყო. ვუთხარი, რომ ვერ ვივლიდი, მაგრამ მკაცრად მითხრა, ქმარს მხრებამდე მაინც ხომ უნდა მისწვდე როგორმე და სტუმრების დასაცინი არ გახდეო. მე ვუთხარი, რომ ისეთ ხალხს არ ვეპატიჟებოდი, ვინც დამცინებდა, მაგრამ მიპასუხა, ეგრე გეგონოსო.

გამყიდველებს კი უთხრა, ჩემი შვილი ახოვანი ვაჟკაცია, რომ ნახოთ, თვალები დაგრჩებათ ზედო. ამას იმ ტონით ამბობდა, ნუ რა ვქნა, ასეთი გოგო აირჩიაო. გამყიდველებიც თანაგრძნობით უყურებდნენ, რომ ამ შეუფერებელი სარძლოსთვის ქალი როგორ ირჯებოდა.

კაბის მკერავთანაც შემარცხვინა. მე მინდოდა, კაბა წინ დახურული ყოფილიყო და ზურგზე ღრმად ამოღებული. დედამთილი აქაც ჩაერია და საპატარძლო კაბების სალონში მითხრა, უკეთესია წინ დეკოლტე, მკერდი გაქვს ლამაზიო. ესეც ისე თქვა, რომ ნიშნავდა იმას, ერთადერთი მკერდი გაქვს ლამაზი და ის გამოკვეთეო.

რამეს რომ ვყიდულობ, სულ ჩემს სიმაღლეს უსვამს ხაზს, სულ მაგრძნობინებს, როგორი შეუფერებელი ვარ მისი შვილისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, ამაზე ხაზგასმა ხელთათმანების არჩევის დროსაც გააკეთა. მითხა, მკლავებს კიდევ უფრო დაგიმოკლებს, არ გინდაო. საყურე გრძელი არ ამარჩევინა, მაღალი კისერი არ გაქვს და არ მოგიხდებაო. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ, მგონი, ესეც საკმარისია იმის მისახვედრად, რა დღეში ვარ.

იმედია, სადედამთილო იმ ზომამდე არ მიმიყვანს, რომ მის შვილს ცოლობაზე უარი ვუთხრა და ყველაფერი სახეში შევაყარო. ჩემი საქმრო ხვდება, რომ ბედნიერი არ ვარ და მეკითხება, რა გჭირსო. მე დაღლას ვიმიზეზებ და ქორწილზე ნერვიულობას, ის კი მეუბნება, ჩემი ბიძაშვილებიც დაიხმარეო, რაზეც კატეგორიულ უარს ვეუბნები. საკმარისია, დედამისიც მეყოფა!

მარტო რომ ვრჩები, სულ ვტირი. ბევრ რამეში ფული წინასწარ გვაქვს გადახდილი, რესტორანიც დაჯავშნულია და ფულის დიდი ნაწილიც გადახდილია, თორემ ქორწილზე საერთოდ უარს ვიტყოდი. დიდი მადლობა ,,დედიკოს”, რომ ასე ,,ბედნიერად” ვხვდები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.

,,სარკის” ერთგული მკითხველი