ნანი ჩიქვინიძე: ,,წავიდა და ნახევარი ვარ დარჩენილი”
ცხოვრება თემურ ჩხეიძის გარეშე - ,,ჩემს თავს აღარ ვგავარ, საყრდენი აღარ მაქვს"

ნანი ჩიქვინიძე: ,,წავიდა და ნახევარი ვარ დარჩენილი",,სარკე”, ია ქუთათელაძე

ცნობილი თეატრალური წყვილის, მსახიობ ნანი ჩიქვინიძისა და რეჟისორ თემურ ჩხეიძის, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება თითქმის ნახევარი საუკუნე გრძელდებოდა. რამდენი რამ ჩაიტია ამ წლებმა – გაუხუნარი სიყვარული, ერთობლივი რეპეტიციები, თემურ ჩხეიძის უდიდესი წარმატებით დადგმული სპექტაკლები რუსთაველის, მარჯანიშვილის, ,,სამეფო უბნის” თეატრებში, პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრსა თუ უცხოური თეატრების სცენებზე. მეუღლის ტრიუმფის უშუალო მონაწილე და მაყურებელი ყოველთვის ქალბატონი ნანი იყო, რომელიც წლების განმავლობაში მონატრებასაც უძლებდა და ქმართან შესახვედრად ხშირ ფრენებსაც.

სამწუხაროდ, გასული 2022 წელს ლეგენდარული რეჟისორი, ფსიქოლოგიური სპექტაკლების დადგმის დიდოსტატი, დიდი მაესტრო და პედაგოგი მოულოდნელად გარდაიცვალა… ,,სარკემ” ქალბატონ ნანის სთხოვა, გაეხსენებინა თემურ ჩხეიძე, როგორც რეჟისორი და როგორც ცხოვრების ერთგული თანამგზავრი.

– ქალბატონო ნანი, დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. მოდით, თავდაპირველად არა ცოლის, არამედ მსახიობის პოზიციიდან შეაფასეთ ბატონი თემური, როგორც რეჟისორი. რა გამოარჩევდა მის შემოქმედებას, თქვენი თვალთახედვით?

– ჩემგან ცოტა უხერხულია მისი შეფასება. არ მინდა, მიკერძოებად ჩამეთვალოს ან სუბიექტური ვიყო. მე მიყვარდა თემური, როგორც რეჟისორი. ის მართლაც გამორჩეული იყო, თავისი ხელწერა ჰქონდა, თავისი სურნელი, რასაც სხვა ვერ წაიღებდა, ვერ გადაიტანდა. ცოტა გადამეტებულია შეფასება, რომ თემურმა ეპოქა შექმნა. ამ ეპოქის შექმნაში მასთან ერთად სხვებიც იყვნენ, დიდი რეჟისორები, არანაკლები შედევრები რომ შექმნეს, მაგრამ, როგორც გითხარით, თემურს შეეძლო, ისეთი სურნელით შეეზავებინა სპექტაკლი, რაც არასდროს დაგავიწყდებოდა და არც არავისში აგერეოდა.

– ისე მოულოდნელად გარდაიცვალა ბატონი თემური, ნამდვილი შოკი იყო საზოგადოებისთვის. ოჯახმა იცოდით, რომ ჯანმრთელობია რაიმე პრობლემა ჰქონდა?

– წარმოუდგენელი ტრაგედია იყო ჩემთვის, მთელი ჩვენი ოჯახისთვის. არაფერი აწუხებდა, სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია და სახლში ბრუნდებოდა. გზაში მოულოდნელად იგრძნო თავი ცუდად. საავადმყოფში გადავიყვანეთ, აღმოჩნდა, რომ მუცლის აორტის ანევრიზმა გაუსკდა. ოპერაცია ჩაუტარდა, იყო იმედი, რომ ყველაფერი კეთილად დასრულდებოდა, მაგრამ…

თემური იყო მთელი ჩემი ცხოვრება, 20 წლის ვიყავი, როცა ერთმანეთი გავიცანით. მეუღლე ნამდვილად მეორე ნახევარი ყოფილა, წავიდა და წაიღო ჩემი ნახევარი. ახლა ნახევარი ვარ დარჩენილი და არ ვიცი, როგორ შევძლებ მის გარეშე ცხოვრებას, ბოლომდე ვერასოდეს გავაცნობიერებ და ვერც შევეგუები.

– თეატრში თუ ხართ დაკავებული?

– დიახ. თეატრში რომ არ ვიყო, ალბათ ამ მწუხარებას ვერ გავუმკლავდებოდი. საყვარელი საქმე არის ჩემი თავშესაფარი. როცა დაკავებული ვარ, მხოლოდ მაშინ არ ვფიქრობ… ჩემს თავს აღარ ვგავარ. თემურის გარდაცვალებით ხერხემალი გამომეცალა და საყრდენი აღარ მაქვს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”