ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა – ,,ჩვენი შვილი ლევანმა მოასვენა სახლში…”

ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა - ,,ჩვენი შვილი ლევანმა მოასვენა სახლში...''ქართულ სპორტს კიდევ ერთი ლეგენდა გამოაკლდა – ლევან თედიაშვილი, რომელიც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, იყო მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი, ასევე მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში.

ლევან თედიაშვილი უდიდეს ტკივილს ატარებდა. მისი ვაჟი აფხაზეთის ომში დაიღუპა. ამ დროს მის გვერდით იყო, საავადმყოფოში თავისი ხელით წაიყვანა, მაგრამ ექიმებმა ვერაფერი უშველეს. მისი მეუღლე, ოფთალმოლოგი ნანა მჭედლიშვილი ოჯახის ტრაგედიაზე ყვებოდა:

-1993 წელს მოხდა ეს ამბავი, 23 სექტემბერს… ვახო ლევანმა მოასვენა სახლში… იმ დილას ურეკია ვახოს, მაგრამ კაბელი იყო გაფუჭებული და ვერ ველაპარაკე. იმ თვითმფრინავით უნდა წამოსულიყვნენ, ბაბუშერაში რომ ააფეთქეს. დაბომბვა რომ დაიწყო, ბარძაყის არტერიაში მოხვდა ნამსხვრევი და სისხლდენით გარდაიცვალა. საავადმყოფოში წაიყვანა ლევანმა, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს.

–მისი შეჩერება სცადეთ?
–არა და ვერც შევაჩერებდი. ლამის ქალებსაც კი უნდოდათ წასვლა და როგორ ვეტყოდი, შენ სახლში დარჩი-მეთქი. ლევანი ამის გამო მოსკოვიდან ჩამოვიდა, მეც შენთან ერთად წამოვალ, ერთი დღე დამელოდეო, სთხოვა. უნდოდა, დაეცვა შვილი. წინა დღეს ყველაფერი მოიმარაგეს, მეც გამოვუცხვე რაღაცები და ორივე გავაცილე…

ძალიან მხიარული ბიჭი იყო ვახო, სადაც მივიდოდა, სულ სიცილ-კისკისის ხმა ისმოდა. ადამიანებთან იოლად ურთიერთობდა, საოცრად პასუხისმგებლიანიც იყო. ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მანამდე სამხატვრო აკადემიაში აბარებდა, კარგად ხატავდა.

როდესაც ვახოზე ვფიქრობ, ვცდილობ, ფიქრი შევწყვიტო, თორემ შეიძლება გავგიჟდე. ჩემი მეორე ვაჟი – ბესო ძალიან დაიჩაგრა და გამოიცვალა ვახოს გარდაცვალების შემდეგ, სულ სხვანაირად ლაღი იყო და დაითრგუნა, ძალიან დააკლდა ძმა. ახლა მხოლოდ მისთვის ვცდილობ, ფეხზე ვიდგე. მას კარგი ოჯახი ჰყავს და ამით ბედნიერი ვარ.

ვახო ისე დავკრძალეთ, ბესოს არ გავაგებინეთ. არ მინდოდა, მეორე შვილიც დამეკარგა. რა ხდებაო, რაღაცას ეჭვობდა და კითხულობდა, მაგრამ ვეუბნებოდი, მალე შენთან მოვდივარ, ამერიკაში და ვახოს რომ რამე ცუდი დამართოდა, მანდ ხომ არ წამოვიდოდი-მეთქი. ორივე მშვიდობით დაბრუნდა-მეთქი ომიდან, ვატყუებდი. ბესო მაშინ 17 წლის იყო, მარტო ვერ გაუმკლავდებოდა დარდს.

დაკრძალვის შემდეგ წავედი, თვითმფრინავიდან როგორც ჩამოვედი, შავი შარფი მოვიხსენი, რომ არ შეშინებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვუთხარი და ცოტა ხანს დავრჩი მასთან (წყარო ,,კვირის პალიტრა”).