,,ქალმა, რომელსაც ვეხმარებოდი, ოჯახი დამინგრია”

,,ქალმა, რომელსაც ვეხმარებოდი, ოჯახი დამინგრია",,სარკე”

25 წლის ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა და ჩემი მეუღლეც ის გახდა. მეგობრებთან, დებთან ვტრაბახობდი, რომ ძალიან კარგი ქმარი მყავდა და ძალიან ვუყვარდი. მერე რა მოხდა, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე. უცაბედად შეიცვალა. მიზეზებს ეძებდა, რომ წამჩხუბებოდა. ნერვებმა ვერ გამიძლო და ჩხუბში მეც ავყევი. მერე დავფიქრდი, რომ ასე ოჯახს დავანგრევდი. ვიფიქრე, გავერიდები, დაწყნარდება და დავბრუნდები-მეთქი.

ერთ დღეს ძალიან მშვიდად მოველაპარაკე, რომ ცოტა ხნით დედაჩემთან გადავიდოდი. ვუთხარი, თუ ჩემი და შვილის დაწიოკებას არ შეწყვეტ, აღარ დავბრუნდებით-მეთქი. ქმართან საბოლოოდ გაყრა არც მიფიქრია. მეგონა, ჩემი ნაბიჯი გონზე მოიყვანდა და თავის საქციელზე დაფიქრდებოდა. თურმე მისი ჩხუბის მიზეზი სხვაში უნდა მეძებნა.

აღმოჩნდა, რომ ჩხუბის მიზეზი განათხოვარი, ყველაფერზე წამსვლელი ქალი იყო, რომელიც ჩვენ მეზობლად, მოპირდაპირე კორპუსში მდგმურად ცხოვრობდა. უბნის მეორადების მაღაზიაში პატარა კუთხეში იჯდა, მკერავად მუშაობდა. ვინმეს თუ რამის გადაკეთება დასჭირდებოდა, მასთან მიდიოდა. ერთხელ ფარდები მივიტანე შესაკერად და ასე გავიცანი. ამის შემდეგ ხან რას მივუტანდი ხოლმე, ხან – რას. ჩემი ქმრის შარვლებიც მიმიტანია შემოსაკეცად. არადა თურმე ჩემი ქმარი მასთან დადიოდა, მე კი ვერაფერს ვხვდებოდი.

ახლა რომ ვფიქრობ, საკუთარ თავზე ვბრაზობ. რამდენჯერ შემცოდებია ის ქალი, როცა თავისი ამბავი მოუყოლია. ყველას თავს აცოდებდა. ამბობდა, ბედი არ მქონია, ჩემი ქმარი ნარკომანი იყოო. შვილები ჰყავდა – გოგონა და ბიჭი. ყველას ეუბნებოდა, რომ უჭირდა და შვილების რჩენას ვერ ახერხებდა. რამდენჯერ დამიტოვებია მისთვის ხურდა, ამ ფულით ბავშვებს ტკბილეული წაუღე-მეთქი. არ ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი მას და მის შვილებს ისედაც ბევრ ფულს აძლევდა. ბინის ქირასაც უხდიდა და არაფერს აკლებდა.

ერთხელ იმ ქალს ვკითხე, შენი შვილები კარგი ტანსაცმლით დადიან, ალბათ შენ უკერავ-მეთქი. მომატყუა, ყოფილი ქმრის და საბერძნეთში ცხოვრობს და ტანსაცმელს იქიდან აგზავნისო. მეც დავიჯერე. სინამდვილეში კი ჩემი ქმარი აძლევდა ფულს და ვიღაც კაცისგან გაჩენილ შვილებს მას აზრდევინებდა.

მშობლების სახლში რომ წავედი, სიმართლე არ ვიცოდი. ყოველდღე ველოდი, რომ ქმარი მოვიდოდა და პატიებას მთხოვდა. ის კი არ ჩანდა. მე არ ვურეკავდი, მეგონა, თვითონ დარეკავდა, მაგრამ ტელეფონითაც კი არ შეგვეხმიანა.

ერთი კვირის შემდეგ ქმრის მეზობელმა დამირეკა და მითხრა, სასწრაფოდ სახლში დაბრუნდი, დიდ შეცდომას უშვებო. ის ქალი დედაჩემის ასაკისაა. მთხოვა, როგორც დედა, ისე გირჩევ, დამიჯერე და სახლში დაბრუნდიო. ამ ქალის ლაპარაკის შემდეგაც კი არ გამიჩნდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ჩემს ქმარს საყვარელი ჰყოლოდა. ვიფიქრე, ალბათ სახლში ძმაკაცები დაჰყავს და ხმაურით მეზობლებს აწუხებენ-მეთქი. მერე ბავშვს დავარეკვინე და ვათქმევინე, რომ ენატრებოდა. მან კი ცივად უპასუხა, ვერ მოვალ, არ მცალიაო. ამ სიტყვებმა გამაცოფა. სახლში მივედი. მოვიმიზეზე, ვითომ ბავშვის ნივთების წაღება მინდოდა.

ჩემი ქმარი ,,პახმელიაზე” დამხვდა. სახლში რომ შევედი, არ ესიამოვნა. პირდაპირ მითხრა, ამ დილაუთენია რა მოჩვენებასავით დამადექი, წინასწარ რატომ არ დამირეკეო. ვუთხარი, ჩემს სახლში წინასწარ დარეკვა და ნებართვის აღება არ მჭირდება-მეთქი. ურცხვად მიპასუხა, გჭირდება, რადგან ჩემი ცოლი აღარ ხარ, სახლიდან ხომ წახვედიო. იმ დღესაც საშინლად ვიჩხუბეთ. ნამტირალევი სახლიდან ვეღარ გავედი. არ მინდოდა, მშობლებთან ტირილით მივსულიყავი.

ჩემი მოსვლა რომ გაიგო, მეზობლის ქალი შემოვიდა და თვალები ამიხილა. მითხრა, შენი ქმარი იმ მკერავთან დადის და ყურადღება მიაქციეო. არ დავუჯერე. ვიფიქრე, რაღაც ეჩვენება-მეთქი. სასწრაფოდ ქმარს დავურეკე. ვთხოვე, სახლში მოდი, უნდა გელაპარაკო-მეთქი. დამცინავად მითხრა, ისევ მანდ ხარ, არ წახვედიო. იმ ქალის სახელი ვუხსენე, მოდი, მასზე უნდა გელაპარაკო-მეთქი. მოვარდა. ვუთხარი, ყველა მეზობელი ამბობს, რომ იმ ქალთან რაღაც ურთიერთობა გაქვს-მეთქი. თავიდან დაიბნა, მერე კი გამომიცხადა, ამას უნდა შეეგუო, მიყვარს და შენ გამო ვერ დავშორდებიო. რა დამემართებოდა, ადვილი წარმოსადგენია. ის კი, ვითომც არაფერი, ადგა და მშვიდად წავიდა.

არ ვიცი, იმ ქალმა რა გაუკეთა, მაგრამ ყველა ამჩნევს, რომ გამოლენჩებული დადის. ამბობენ, მეძავები საყვარლებს ვირის ტვინს აჭმევენო. ვირს კიდევ რაღაც ჭკუა აქვს, მგონი, ჩემს ქმარს ბატის ტვინი აჭამა. ბატივით გამოჩერჩეტებული დადის. ოჯახი ხომ არ აინტერესებს, მაგრამ აღარც ძმაკაცები ადარდებს. ადრე თავის მეგობრებს ვერ შორდებოდა, მათზე იყო გადაყოლილი. ახლა კი მარტო ის ქალი და მისი შვილები ახსოვს. გაგიგიათ, რომ კაცი საკუთარ შვილს, საკუთარ სისხლსა და ხორცს არ აქცევდეს ყურადღებას და სხვის შვილებს ზრდიდეს?!

ის ქალბატონი, რა თქმა უნდა, სახლში დაჯდა, აღარ მუშაობს. ბინაც გამოიცვალეს, რომ არ შევაწუხო და სახლში არ მივუვარდე. ზოგიერთი ქალი ყველაფერზე რატომ მიდის?! ერთი შეხედვით, ნორმალური, საწყალი ქალი ჩანდა და თურმე რა შეძლებია!