,,დედამთილმა ჩემი და ჩემი ქმრის საწოლები ცალ-ცალკე დადგა! მაშინ კი ვიკივლე!..”

,,დედამთილმა ჩემი და ჩემი ქმრის საწოლები ცალ-ცალკე დადგა! მაშინ კი ვიკივლე!..",,სარკე”

ჩემი ცხოვრება ძალიან დამძიმდა. მაზლს ვალები დაედო, სახლი გაყიდა და პატარა ბინა გირაოთი აიღო. დედამთილი, რომელიც მანამდე მასთან ცხოვრობდა, ჩვენთან გადმობარგდა. ჩვენგან შორს რომ იყო, არ მაწუხებდა, მაგრამ მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება საშინელება აღმოჩნდა.

კოშმარი იმ წუთიდანვე დაიწყო, რა წუთშიც თავისი ბარგი-ბარხანა ჩვენს სახლში შემოიტანა და დააწყო. ჩემი სახლის დიასახლისი მაშინვე ის გახდა. ჩემი დალაგებული სახლი სხვანაირად გადაალაგ-გადმოალაგა. სამზარეულოდან დაიწყო. კარადიდან ჩემი დალაგებული ქვაბები, ჭურჭელი გამოიღო და სხვა რაღაცები დააწყო. თან ამ ყველაფერს ბუზღუნით აკეთებდა. მისაღებში ავეჯიც შეცვალა. თან შენიშვნებს იძლეოდა, ოჯახის ქალმა ეს როგორ არ უნდა იცოდესო. მეზობლის ქალი შემოვიდა მის მოსაკითხად. მან კი გარდერობი, კარადები აჩვენა. აი, ახლანდელი ქალები ყველაფერს როგორ ყრიან, არც ჭუჭყი აღელვებთ და არც უწესრიგობაო. სირცხვილისგან ლამის მოვკვდი.

არადა არ ვარ მოუწესრიგებელი და უსუფთაო ადამიანი. ყველაფრის გაკეთება ვიცი და არც მეზარება. მანამდე ჩემი მაზლის ცოლი რომ წუწუნებდა, სახლში ნამდვილი ურჩხული მყავსო, არ მჯეროდა. თურმე ის საცოდავი ქალი რა დღეში ყოფილა!

დედამთილის ასეთ საქციელს ვითმენდი. თავს ვიმშვიდებდი, არა უშავს, თუ ასე ძალიან უნდა დიასახლისობა, ამ “თანამდებობას” მას სიამოვნებით დავუთმობ-მეთქი. ერთ დღეს ბავშვი საბავშვო ბაღიდან გამოვიყვანე და ცოტა ხნით დედაჩემთან შევიარე. იქიდან რომ დავბრუნდი და ჩემს საძინებელში შევედი, თვალებს არ დავუჯერე. შეიძლება მკითხველებსაც გაუკვირდეთ, მაგრამ მართლა არაფერს ვიგონებ – ჩემი და ჩემი ქმრის საწოლები დაცალკევებული დამხვდა. მაშინ კი ვიკივლე, ეს რა არის-მეთქი.

ეტყობა, მიხვდა, ზედმეტი რომ მოუვიდა და მომეფერა, შვილო, მე და ჩემი ქმარი სულ ასე ვიწექით, ქალი რომ დაღლილი დასაძინებლად დაწვება, სად აქვს იმის თავი, კაცის ხვრინვას ზედ ყურთან ახლოს უსმინოსო. ისე ლაპარაკობდა, ვითომ ჩემ გამო მოიქცა ასე, ჩემზე იზრუნა, რომ მშვიდად მეძინოს. კატეგორიულად მოვთხოვე, რომ ჩემს საძინებელში აღარ შესულიყო. სხვათა შორის, ვერაფერი მითხრა და ოთახიდან ცხვირჩამოშვებული გავიდა. საწოლები, რა თქმა უნდა, შევაერთე. მისი დალაგებული გარდერობიც გადავალაგე.

ქმარს ყველაფერი მოვუყევი. ვთხოვე, დედისთვის აეხსნა, რომ ასე აღარ მოქცეულიყო, მაგრამ ვერაფერი შევასმინე. მითხრა, რომ თურმე დედამთილს ვერ ვიტან და მისი ყოველი მოძრაობა ამ სახლში ნერვებს მიშლის. ვერ გავაგებინე, რომ ასე არ არის.

დედამთილი თვლის, რომ სახლში სადილი უნდა იყოს და არა – რაღაც სალათა, რომელიც ოჯახს ვერ დაანაყრებს. მისი თეორიით, დიასახლისმა სალათა არ უნდა გააკეთოს, რადგან ზედმეტი ხარჯია. ამას ჯობია, კარგი ბორშჩი მოამზადოს. ყველაფერს მიკონტროლებს, როგორ ვაუთოვებ, სარეცხ მანქანას რამდენჯერ ვრთავ კვირაში, კომპიუტერთან რამდენ საათს ვატარებ, რას ვჭამ, რას ვსვამ… აღარ შემიძლია! მეშინია, ამის გამო ოჯახი არ დამენგრეს. ქმარს ვაფრთხილებ, რომ სახლიდან წავალ, მაგრამ ჩემს სიტყვებს არაფრად აგდებს. ერთ დღესაც ფაქტის წინაშე დავაყენებ და სახლში ცოლ-შვილი აღარ დახვდება!

ძალიან კარგად მესმის, რომ დედაა და ვერ მოიძულებს, სახლიდან ვერ გაუშვებს. მომწონს თუ არა, ჩემმა დედამთილმა თავისი შვილის გვერდით უნდა იცხოვროს, მაგრამ ხომ შეიძლება ვინმემ უთხრას, რომ ცუდად იქცევა? ჩემმა ქმარმა უნდა გააგებინოს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ აქვს.

,,სარკის” თქვენი ერთგული მკითხველი