ანა ტყებუჩავა: ,,ვერ ვგრძნობ, რომ 40 წელი ერთგვარი ზღვარია ჩემს ცხოვრებაში”

ანა ტყებუჩავა: ,,ვერ ვგრძნობ, რომ 40 წელი ერთგვარი ზღვარია ჩემს ცხოვრებაში",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მსახიობ ანა ტყებუჩავას სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” პარალელურად ,,ფორმულაზე” მიჰყავს რუბრიკა ,,რამდენიმე წუთი სილამაზეზე”, სადაც მაყურებელს თავის ეფექტურად მოვლის საიდუმლოებებს უმხელს. ამის გამო ძალიან ბევრი ინფორმაციის გაცნობა უწევს, რომ  მისი რჩევები და მიგნებები თავის მოვლის სფეროში იყოს მაქსიმალურად სასარგებლო.

ანა ტყებუჩავა: ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო და მიხარია, რომ მომეცა დრო, საფუძვლიანად გავრკვეულიყავი ამ ყველაფერში. უცნაურია – ქალი როცა ხარ, შეფმზარეულიც უნდა იყო, პროფესიონალი დამლაგებელიც და ახლა უკვე პროფესიონალი კოსმეტოლოგიც. ქალმა თავის მოვლა ნამდვილად უნდა იცოდეს.

– რაც თავის მოვლის პროცედურებში საფუძვლიანად გაერკვიეთ, ეს როგორ აისახა თქვენს გარეგნობაზე, რა მიგნებები იპოვეთ საკუთარი თავისთვის?

– ჩემს გადაცემაში რაზეც ვლაპარაკობ, ეს იქნება თმის ნიღაბი, სახის პილინგი თუ სხვა პროცედურა, ერთი კვირით ადრე საკუთარ თავზე მოვსინჯავ და შემდეგ ვიძლევი რეკომენდაციებს. სიამოვნებას მანიჭებს, თუ ვინმეს ჩემი გამოცდილებით და ცოდნით დავეხმარები, რომ უკეთესად გამოიყურებოდეს.

– როგორია თავის მოვლის თქვენეული ოქროს წესები?

– ვვარჯიშობ და 40 წლის ასაკში ჩემს თავს კიდევ ერთი საჩუქარი გავუკეთე – სიგარეტს დავანებე თავი. სამი ოქროს წესი მაქვს: წყალი აუცილებლად უნდა მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში; არასოდეს უნდა დავიძინოთ მაკიაჟით და ძილის წინ სახე ყოველთვის სპეციალური საშულებებით დავიბანოთ; არასდროს წავისვათ ნაჩუქარი კრემები ცნობისმოყვარეობის მიზნით, თუ კარგად არ გავერკვევით, რამდენად მიესადაგება ჩვენი კანის სტრუქტურას.

კანი, გარდა იმისა, რომ ჩვენი ჯანმრთელობის სარკეა, ვიზუალიცაა, ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებულ დაცვას მოითხოვს. დღეს ძალიან ტრენდულია სამი რამ – სახის დაბანა, დატენიანება და მზისგან დამცავი საშუალებების წასმა, რათა კანმა დიდხანს შეინარჩუნოს თავისი სტრუქტურა.

– როგორც ინფლუენსერს, რა პრიორიტეტები გაქვთ?

– ჩემი ძირითადი კონტენტია ქალი, დედა, დიასახლისი.

– ჩანს, რომ ძალიან ჰარმონიულად ხართ საკუთარ თავთან. ყოველთვის ასე იყავით თუ ეს წლებმა მოიტანა?

– ჩემთვის სასურველია, მქონდეს ის წონა, რომელიც ამა თუ იმ ასაკში მისაღებია. როცა სასურველ წონაზე ვარ, მაშინ ჩემს გარეგნობაში ყველაფერი თავისთავად ლაგდება. როგორც კი ვიმატებ, ბევრი რამის სურვილი მეკარგება ცხოვრებაში.

საბედნიეროდ, წონის პრობლემა მხოლოდ ორსულობების შემდგომ პერიოდებში მქონდა. პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მეათე დღეს გავედი გადასაღებ მოედანზე და ძლივს დავდიოდი, რადგან თან საკეისრო გავიკეთე და თან დიდი წონა მქონდა. სანამ სასურველ ფორმაში არ ჩავდექი, გადაღებების გარდა არსად დავდიოდი, არც მეგობრებთან მინდოდა შეხვედრა, რის გამოც ალბათ ბევრი გავანაწყენე.

– 40 წლის ასაკში თქვენს ცხოვრებას რა ფორმა და შინაარსი აქვს?

– სხვათა შორის, ვერ ვგრძნობ, რომ 40 წელი ერთგვარი ზღვარია ჩემს ცხოვრებაში, თავი 25 წლისა მგონია. ბებია რომ გავხდები, ალბათ უფრო ვიგრძნობ ასაკს. არასოდეს მიფიქრია, როგორი ვიქნებოდი 40 წლის ასაკში. ერთი კი ვიცი, რასაც დღევანდლამდე მივაღწიე, ეს საკუთარი შრომის, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერით შევძელი. ხშირად კარიერაში რაღაცაზე უარი მითქვამს, მაგრამ მეგობრებს შემოვუტრიალებივარ და აზრი შემიცვლია. ჩემთვის ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, რას შევქმნი და როგორი მეთოდებით. ყველაფერში ძალიან დიდ შრომას ვდებ და სამყაროსგანაც მიბრუნდება სიყვარული და დაფასება.

– ალბათ ქალისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია წარმატებული და ჰარმონიული პირადი ცხოვრება.

– ვერ ვიტყოდი ასე. არიან ქალები, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახური ცხოვრების გარეშე უფრო წარმატებულები არიან. ბევრი წყვილი ვიცი, გაშორების შემდეგ უფრო წარმატებულები რომ გამხდარან თავიანთ საქმეში. ჩემს შემთხვევაში ოჯახი მართლაც დიდი ზურგია. ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ რთულ კარიერულ მომენტებში. ოჯახში ყოველთვის მესმის ხოლმე, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ შენ გვერდით ვართო. ასეთი დამოკიდებულება მართლაც დიდი ბედნიერებაა, თუმცა საკუთარი წარმატების მისაღწევად მხოლოდ შენ უნდა იბრძოლო.

– საბოლოო ჯამში, ბედნიერი ადამიანი ხართ, თუ გეშინიათ ამ სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმის?

– ბედნიერზე მეტად მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების და, როდესაც მადლიერი ხარ, მაშინ გეუფლება ბედნიერების შეგრძნებაც. ზოგჯერ შეიძლება ყველაფერი არ არის იდეალურად, მაგრამ ესეც ნორმალურია. მთავარია, მადლიერების შეგრძნება გქონდეს.