,,არასდროს არის გვიან, დაიწყოთ თავიდან, შეიცვალოთ ერთხელ არჩეული! არასდროს არის გვიან, სანამ ვცოცხლობთ…” – წერს ჟურნალისტი ლანა ბიბილურიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საკუთარ თავს და გარშემომყოფებს, რომ ოცნებების ასრულება შესაძლებელია. ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ფსიქოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. გარკვეული პერიოდი ესპანეთში ცხოვრობდა, სადაც ბევრი რამ ნახა ისეთი, რაც სურს, რომ თავის ქვეყანაში იხილოს, მათ შორის _ 100 წლის ქალები წითელი ტუჩსაცხით, ასაკოვანი წყვილები ბედნიერ თვალებში ახალგაზრდული სხივებით. იცის, რომ ყველაფერი შესაძლებელია ამქვეყნად, მთავარია, მოინდომო, მთავარია, ოცნებებისკენ სიარული არ შეწყვიტო.
ლანა ბიბილურიძე წერს: ,,კაბინეტი, მუქი ფერის კედლები, უჰაერობა, მძიმე აურა, უსიცოცხლო თვალები, ყელზე მიბჯენილი მჭირდო ტანისამოსი, სევდიანი ღიმილი, ოთახში ხუთი ადამიანი, თითოეულის სახეზე ჩამქრალი ელვარება…
დიახ, ეს აზრი დამრჩა წლების წინ 20 წლის მაძიებელ სტუდენტს, როცა ერთ-ერთ დაწესებულებაში სტაჟირების კონკურსის გასაუბრებაზე მივედი. ყოველთვის მიყვარდა ადამიანების სულში სიღრმისეულად ჩახედვა… იმ დღესაც ვუყურებდი ხუთივე გამომცდელს და შეკითხვები მებადებოდა: ”არიან კი საკუთარ პროფესიაში ბედნიერნი?! აკეთებენ იმ საქმეს, რაც სურთ?! პროფესია მიუსაჯეს, თუ თავად გადაწყვიტეს, რა გზით ევლოთ?!”
გასაუბრება დაიწყო… უსიცოცხლო თვალებით შემომხედა გამომცდელმა და მკითხა: “გსურთ, თქვენი ცხოვრება მიუძღვნათ ამ საქმეს?”
,,არა!” – ვუპასუხე დაუფიქრებლად. არ გამოვრიცხავ, წლებთან ერთად მეც შევიცვალო და შემეცვალოს ყოველივე…
-20 წლის გოგომ უკვე უნდა იცოდე, რა გინდა, მერე უკვე გვიანია! – იყო პასუხი…
მის სიტყვებმა თავდაყირა დამიყენა მენტალობა, მგონი, მაშინ დაიწყო ჩემი პროტესტი… არა, არა… არასდროს არის გვიან, აირჩიოთ ის, რაც გსურთ. არასდროს არის გვიან, გადაუხვიოთ და სხვა გზით წახვიდეთ…
მას მერე წლებმა გაიარა, გავიცანი ადამიანები საკუთარი სევდიანი ისტორიებით, ვესაუბრე ”ცხოვრებადაკარგულ ადამიანებს”. ადამიანებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს საკუთარი ოცნებების, სურვილების ახდენა, რადგან სხვებმა დაუგეგმეს ცხოვრება, იცხოვრეს სხვისი დაწერილი წესებით. სხვას მიანდეს საკუთარი კალამი. არადა არ აიღეს კალამი საკუთარი ცხოვრების დასაწერად…იცხოვრეს უსიყვარულოდ, შექმნეს ოჯახი, გაატარეს დიდი წლები მოძალადე ქმართან… ვერ დაანგრიეს, ვერ შეიცვალეს გზა… წლები გაატარეს იმ პროფესიაში, სადაც არც არასდროს სდომებიათ ყოფნა. აკეთეს საქმე, რაც არ უნდოდათ, ატარეს მუქი ტანისამოსი, არადა სული ფერადს ითხოვდა, ვერ დაუთმეს დრო სპორტს, ცეკვას, ცურვას, მუსიკას… ვერ გადააბიჯეს ასაკს და ,,რას იტყვის ხალხი?!” – ამ ფრაზას ვერ აჯობეს.
ხალხი მუდამ იტყვის: რა დროს მაკიაჟია ხანშიშესული ქალისთვის; რა დროს სიყვარულია, რა დროს ცეკვაა, სპორტია, პროფესიაა, ჭრელი ტანისამოსია?! რა დროს, რა დროს ბედნიერებაა?! ვინ იცის, რამდენმა ადამიანმა დაინგრია ცხოვრება და რამდენმა დაიმარხა სულში საკუთარი ოცნებები?! არადა ადამიანი ყოველთვის შეიძლება გახდეს ბედნიერი, არასდროს არის გვიან, სანამ ცოცხლობთ!!! თუ პატარა ხართ, გაგრძნობინებენ, რომ შეიძლება შეცდეთ და რჩევებს არ გაკლებენ, არ გაცდიან, გაიაზროთ, რა გსურთ და თავად გადაწყვიტოთ გასავლელი გზა…
გაიზრდებით, დიდი ხართ და ამ დიდსაც არ განებებენ თავს და მუდმივად გახსენებენ, რომ უკვე გაიზარდეთ, უკვე დიდი ხართ და რაღაცები არ შეგეფერებათ…
რა ცუდი ფრაზაა: არ შეგეფერება!!! მე კი გეტყოდით: არ აქვს მნიშვნელობა, 80 წლის ხართ, თუ 12-ის. გაბერეთ ბუშტები, იკატავეთ საქანელებით, ითამაშეთ ბურთი, იცეკვეთ, ივარჯიშეთ, გამოძერწეთ, დახატეთ, მიეცით თავს სისულელეების ჩადენის უფლება, შეცდომების დაშვების, შეიცვალეთ იმიჯი, სახლამდე მისასვლელი გზაც კი, შეიცვალეთ აზრებიც, ადამიანები, ადგილიც და ყველაფერი, რაც დისკომფორტს გიქმნით… მიეცით საკუთარ თავში არსებულ ბავშვს უფლება, გალაღდეს…
ამ ყველაფერში უფრო დამარწმუნა ევროპაში, ესპანეთში ცხოვრების წლებმა. იქ არ არსებობს ასაკის ცნება, თითქოს ციფრები მათი ცხოვრების წესზე არ ახდენს გავლენას… ქუჩაში ვხვდებოდი 100 წლის მოხუცებს წითელი ტუჩსაცხით, ფერადი ტანსაცმლით, სამკაულით; ვხვდებოდი სალონებში, ქუჩის ფესტივალებზე, კონცერტებზე, საცურაო აუზზე, სატრენაჟორო სივრცეში, კაფეებში… ყველგან, ყველგან…
ვხედავდი მოხუც წყვილებს, ცოლ-ქმარს ქუჩაში ხელჩაკიდებულს, სიყვარულით რომ მოაბიჯებდნენ და სეირნობდნენ… ვუყურებდი გადაცემებს, ერთმანეთის გასაცნობად შექმნილ შოუებში მიწვეულ მოხუც ქალბატონებს თუ ბატონებს… თითქოს ამ ქვეყანაში ყველა იმ საქმეს აკეთებს, რაც მოსწონთ. უფრო ჰარმონიულია ასეთ გარემოში ცხოვრება, სადაც ადამიანები ისე ცხოვრობენ, როგორც უნდათ. იქ ადამიანები თითქოს არასდროს ბერდებიან, სული ახალგაზრდა რჩებათ მუდმივად… მათთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია.
ჩემი ძიების გზა მრავალფეროვანი იყო. წლების განმავლობაში შევისწავლე სხვადასხვა პროფესია. მერჩივნა, ეს გზა გამევლო, ვიდრე ვყოფილიყავი იქ, სადაც არ მინდოდა…
ვარ ჟურნალისტი და ძალიან მომწონს ეს საქმიანობა… ბოლო წლებია, დაინტერესებული ვარ ფსიქოლოგიიით. წელს კი გავბედე და მონაწილეობა მივიღე ეროვნულ გამოცდებში, ჩავირიცხე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ეს ჩემი მეორე სტუდენტობაა… თითქოს ხელმეორედ დავიბადე, თითქოს თავიდან დავიწყე ცხოვრება და შინაგან ჰარმონიას მივაღწიე.
და დღეს ვინც ძიების პროცესშია: არ გაჩერდეთ, ღირს ძიება, რადგან ბოლოს გელოდებათ საგანძური – ბედნიერება. ისევ ჩვენ უნდა გამოვძერწოთ, გავაფერადოთ ჩვენი სული და ყოველი დღე. სამყაროს შეცვლა მართლაც, რომ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ.
იგავ-არაკი გამახსენდა: კაცმა 10 კილო წიწაკა იყიდა, იჯდა და მიირთმევდა ყოველსაღამოს, თან ტიროდა მწარე წიწაკით, მაგრამ თავს არ ანებებდა. რა გატირებსო, ჰკითხა გამვლელმა. წიწაკა ვიყიდე და ბოლომდე მინდა, მივირთვა, რადგან ნაყიდს ხომ არ გადავაგდებო, უპასუხა ცრემლიანმა კაცმა.
ასეა ადამიანების ცხოვრებაც. ერთხელ არჩეულ გზას აღარ ვუშვებთ ხელს და იმ კაცივით ვტირით, მაგრამ მაინც არ ვაგდებთ სიმწარეს, არ ვიცვლით გზას.
,,რისი გაკეთება შემიძლია საკუთარი თავის გასაბედნიერებლად?” – თუ ამ ფრაზით დავიწყებთ დილას, მგონი, სამყარო უფრო თბილი გახდება… ადამიანები თუ ისწავლიან საკუთარი თავის სიყვარულს და პატივისცემას, ოცნებებისთვის ბრძოლას, ღიმილიან ქვეყანაში ვიცხოვრებთ.
წარმატება არ არის სიმდიდრე, ძვირფასი მანქანა, სახლი, ფული… წარმატება საკუთარი თავის შექმნა, პოვნაა და სულიერი ჰარმონია…
შეიძლება ისხდეთ ძვირფას მანქანაში უბედური სახით, ულამაზეს სახლში – სევდიანი თვალებით, იაროთ ფულით სავსე ჯიბით და უსიცოცხლო, ცარიელი თვალებით… დიახ, მთავარია ჰარმონია საკუთარ თავთან, ჰარმონია კი არ მჯერა, არსებობდეს საკუთარი გზის პოვნის გარეშე.
ფულით ვერ შეივსებთ იმ დანაკლისს, რაც ოდესღაც სულში ჩაიმარხეთ, თუნდაც როგორ გინდოდათ, მსახიობი გამხდარიყავით და იურისტი გახდით; გინდოდათ, კულინარი ყოფილიყავით და ბანკის თანამშრომელი გახდით… არასდროს არის გვიან, დაიწყოთ თავიდან, შეიცვალოთ ერთხელ არჩეული! არასდროს არის გვიან, სანამ ვცოცხლობთ… ბედნიერებას და საკუთარი გზის პოვნას გისურვებთ, ადამიანებო”.