ბაადურ წულაძე: ,,ამაზე ღმერთს დაველაპარაკები, როცა მიმიშვებს თავისთან”
რას ნანობდა ,,ფეოლას" შემქმნელი სიცოცხლის ბოლოს

ბაადურ წულაძე: ,,ამაზე ღმერთს დაველაპარაკები, როცა მიმიშვებს თავისთან",,სარკე”, ირინე მჭედლიძე

5 წელი სრულდება, რაც ქართულ კინოს აღარ ჰყავს ბაადურ წულაძე, სახე, რომლის გარეშე მრავალი კინოშედევრი, ძირითადად კომედიები, წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს სახე ხან პირველ პლანზე იყო, ხან კი მეორეზე ან სულაც მესამეზე, მაგრამ მა-ყურებელს შეუმჩნეველი არასოდეს დარჩენია. ბაადურ წულაძე ეპიზოდის დიდოსტატი გახლდათ. პროფესიით რეჟი-სორმა თავადაც შექმნა კინოშედევრი ,,ფეოლა”. მას 100-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები, მაგრამ პირად ცხოვრებაში ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკლდა – მეუღლის და მამის.

ბაადურ წულაძეს წელს 88 წელი შეუსრულდებოდა. ,,სარკე” მისი ცხოვრების გაცოცხლებულ ეპიზოდებს გთავაზობთ.

– ბატონო ბაადურ, პროფესიით რეჟისორი ხართ, მაგრამ მაყურებელი მაინც მსახიობად გიცნობთ. რატომ გამოვიდა ასე?

– პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ რეჟისორიც ვარ. სარეჟისორო კი დავამთავრე, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძნელი იყო, ფილმები გადამეღო. მერე შემთხვევით გადამიღეს ფილმში ,,ქორწილი”. მას შემდეგ დაიწყეს ჩემი გადაღება ფილმებში. დღეს 100-ზე მეტ ფილმში მაქვს ნათამაშები. მსახიობი უფრო ახსოვს მაყურებელს, ვიდრე რეჟისორი, მსახიობი ჩანს, რეჟისორი – არა. ბევრს უკვირს, როცა იგებენ, რომ “ფეოლა” ჩემი გადაღებულია.

– რეჟისორისთვის ფილმში თამაშისას კოლეგის მითითებები რამდენად მისაღები და ასატანია?

– საინტერესო კითხვაა. ამ შემთხვევაში უნდა დაივიწყო, რომ რეჟისორი ხარ. ზოგჯერ არის დაბნეული რეჟისორიც. ამ შემთხვევაში მსახიობები მე-უბნებიან, ბატონო ბაადურ, ჭკუა დაარიგე, შენ ხომ რეჟისორი ხარო. არა, ფილმის რეჟისორი ის არის, მან უნდა მიხედოს თავის საქმეს, რასაც მეტყვის, იმას გავაკეთებ-მეთქი, ვპასუხობ.

არიან მსახიობები, რომლებიც ერევიან რეჟისორის საქმეში. ეს არის არაპროფესიონალიზმი, სოფლის კლუბი. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ჩემი პრინციპია – როცა რეჟისორი ვარ, ვრეჟისორობ, როცა მსახიობი ვარ, ვმსახიობობ. როცა უბრალოდ მოქალაქე ვარ, უბრალო მოქალაქე ვარ. ეს რაღაცები ერთმანეთში არ უნდა აურიო.

– მსახიობებს არ უყვართ როლების ერთმანეთისგან გამორჩევა. არც თქვენ გაქვთ განსაკუთრებით საყვარელი როლი?

– არც მე მიყვარს. შენი როლებიდან მაყურებელმა უნდა აირჩიოს, რომელი უკეთესია და რომელი უფრო მოსწონს. ვთქვათ, “ქორწილში” პირველი როლი ვითამაშე. სამეული რომ ვართ “პეპელაში” – მე, კახი და გივი, თითქმის მთელი ბიოგრაფიაა ჩადებული. “არ დაიდარდო” პირველი როლია ჩემთვის არაქართულ ფილმში, რომელსაც საქართველოში იღებდნენ, “მოსფილმმა” გადაიღო. “მოცურავეში” იყო ჩემი პირველი არაკომიკური როლი… ყველა როლი ერთნაირია მსახიობისთვის.

– ყველაზე დიდი პოპულარობა რომელმა როლმა მოგიტანათ?

– ალბათ “პეპელა” იყო პოპულარობის თვალსაზრისით ყველაზე მომგებიანი. რუსეთის ტელევიზიით გადიოდა და მთელმა საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა ნახა, თუმცა რუსეთში სხვა როლებიც მაქვს ნათამაშები, რომლებიც ძალიან პოპულარულია, ,,ბურატინო” ძალიან უყვართ. ამ დროს უფრო სერიოზული როლები მითამაშია. ზოგჯერ ისეთ რაღაცას დაიმახსოვრებს მაყურებელი, რომ გაგიკვირდება!

– პარტნიორს დიდი მნიშვნელობა აქვს კინოში?

– ძალიან, თავიდან ბოლომდე მასზე ხარ დამოკიდებული. მარტოც რომ ხარ კადრში, შენ ხარ შენი თავის პარტნიორი. მე ისეთი პარტნიორები მყავდა, რომლებიც ძალიან მეხმარებოდნენ. მეც ვცდილობ, ახალგაზრდებს დავეხმარო. ჩემზე ამბობენ, კარგი პარტნიორიაო. თუ ცხოვრებაში შენი კინოპარტნიორი გულზე არ გეხატება, კადრში როგორც კი შეხვალ, ეს უნდა დაივიწყო.

– როგორც ვიცი, მოსკოვში გაქვთ განათლება მიღებული. თბილისი გამოტოვეთ?

– დიახ, პირდაპირ ბათუმიდან, სადაც დავიბადე და სკოლა დავამთავრე, ისე წავედი მოსკოვში, რომ თბილისში ნამყოფიც კი არ ვიყავი. პროვინციალის განსახიერება ვარ. პირდაპირ კინოინსტიტუტში მოვხვდი სარეჟისოროზე. იქ ყოფნის პერიოდში ძალიან ხშირად მიღებდნენ. რუკას რომ ვუყურებ, ტაჯიკეთის გარდა ყველა საბჭოთა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მამაჩემი გარდაიცვალა და ამიტომ ვერ წავედი ტაჯიკეთში. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, თბილისში წამოვედი, აქ არც ბინა მქონდა და არც არაფერი.

– დედაქალაქში როგორ დაიწყეთ ცხოვრება?

– ახალ ცხოვრებას ბევრი სიძნელე ახლდა. თუ ჩაწერილი არ იყავი, სამსახურში არ გიღებდნენ. კინოსტუდიაში შტატში ვერ მაფორმებდნენ. დირექტორმა, მიშა კვესელავამ, თქვა, დაანებეთ ამ ბიჭს თავი, დავბერდი კაცი და მეც არ ვარ ჩაწერილიო. როგორც იქნა, შტატში ამიყვანეს.

15 წელიწადი ბინა არ მქონდა, ხან ნათესავთან, ხან სარდაფში მეძინა, ხან ვქირაობდი. ზოგჯერ მანეთი არ მქონდა ჯიბეში, მაგრამ ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ის, რასაც ვაკეთებდი, ძალიან მიყვარდა და მომწონდა.

– დღეს როგორ ცხოვრობთ?

– ნორმალურად, თეატრალურ ინსტიტუტში და უნივერსიტეტში ვასწავლი, ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა. უწინ, მინიმუმი, 8 სურათს ვიღებდით, კიდევ – რამდენიმე მოკლემეტრაჟიანს, კიდევ იყო მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიიდან შეკვეთები. ამას გარდა, საქართველოში არსებობდა ტელეფილმების სტუდია, სადაც მიმდინარეობდა ბევრი ფილმის გადაღება. ბევრი საშუალება იყო და მოთხოვნაც. ახლა ასეთი დროა და დროს უნდა შეეგუო.

– თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

– მე და ჩემი და ვცხოვრობთ ერთად. ოჯახი რომ არ მყავს, ერთ-ერთი ნაკლი და ცოდვაა, რომელიც ჩემს ბიოგრაფიას ახლავს თან. არა უშავს, ამაზე ღმერთს დაველაპარაკები, როცა მიმიშვებს თავისთან. ასე მოხდა და რა ვქნა, შემთხვევით არაფერი ხდება.

– როგორ იზრდებოდით, ბავშვობა როგორ გახსენდებათ?

– მამაჩემი გადასახლებული იყო, დედაჩემი მუშაობდა 24 საათი. მყავდა მამიდა, რომელმაც აღგვზარდა, გვიკითხავდა ზღაპრებს, წიგნებს. მიყვარდა კითხვა. ზოგჯერ მიკვირს, ისეთი ახალგაზრდები მოდიან სარეჟისოროზე, მსოფლიო ლიტერატურას რომ თავი დავანებოთ, ქართული ლიტერატურაც არ იციან. მუსიკა არ იციან, ლიტერატურა არ იციან, სახვითი ხელოვნება არ იციან, რელიგია რა არის, არ იციან, რელიგია ჰგონიათ ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება.

ჩვენ ძალიან ინტერესიანი თაობა ვიყავით. იმას ვკითხულობდი, რაც აკრძალული მქონდა. ჩემი განათლებისთვის დიდი მადლობა “კაგებე”-ს უნდა გადავუხადო. მათ შეადგინეს სია, რა არ უნდა წაგვეკითხა. ახლა ყველაფერი შეიძლება და ინტერესი არ აქვთ ახალგაზრდებს. მესმის, რომ ინტერნეტია, მაგრამ ინტერნეტი ინფორმაციას გაძლევს, განათლებას – ნაკლებად. ცოდნა ერთია, განათლება – მეორე. შეიძლება ბევრი რამ იცოდე, მაგრამ გაუნათლებელი იყო.

– რა ჰობი გაქვთ, რითი ირთობთ თავს თავისუფალ დროს?

– მიყვარს მუსიკის მოსმენა, წიგნის კითხვა, სპორტი. ახალგაზრდა რომ ვიყავი, დავდიოდი, დავრბოდი, ახლა სპორტს მხოლოდ ვუყურებ. მიყვარს კლასიკის და ჯაზის მოსმენა. დავდიოდი მუსიკალურ სასწავლებელში, ვიოლინოზე ვუკრავდი. კარგი სმენა მაქვს. ერთი ტაქტი რომ მოვისმინო, ზუსტად გეტყვი, ვისი დაწერილია. არ არსებობს ძველი მუსიკა, ახალი მუსიკა, ძველი კინო, ახალი კინო. არის კარგი ფილმი ან ცუდი ფილმი, კარგი მუსიკა ან ცუდი მუსიკა.

ხელოვნება ისეთი რამ არის, რასაც ვერც მაყურებელი, ვერც კრიტიკა, ვერც პროფესიონალი ვერ დაალაგებს, ერთადერთი დრო დაალაგებს. რეიტინგი არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც კი შეიძლება ხელოვნებაში იყოს. ისეთი რამ მომწონს დღეს, რასაც ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს, მაგრამ ეს არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო. ხელოვნება არის ხელოვნება, ამის ახსნა არავის შეუძლია. როგორც სიყვარული, არავინ იცის, რა არის და ყველა ცდილობს, ახსნას, ასევეა ხელოვნება.

ფრანგი პოეტი ამბობდა, ბახი ბედნიერი ადამიანი იყო, როცა რამის თქმა უნდოდა, დაჯდებოდა ორღანთან და ღმერთს ესაუბრებოდაო. აი, ეს არის ხელოვნება!

– არის რამე ისეთი, რაც მიუწვდომელი და საოცნებო დარჩა თქვენთვის?

– საოცნებო უკვე არაფერი მაქვს. ოცნებების ლიმიტი ამოიწურა, რაღა დროს ჩემი ოცნებებია, რომელი 18 წლის ბიჭი ვარ! ერთადერთი ნაკლი ის მაქვს, რომ ოჯახი არ მყავს, მეტი სანანებელი არაფერი მაქვს. არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, არავინ დამიბეზღებია, არაფერი წამირთმევია.

გიყვარდათ ოდესმე?

– მიყვარდა რომელია! ამიტომ ვარ ასე. მხოლოდ ერთხელ რომ შემყვარებოდა, შეიძლებოდა ადვილად გადამედგა ეს ნაბიჯი, პერმანენტულად ვიყავი შეყვარებული. მგონი, კარგი იყო!