,,შეყვარებულის დას ძვირფასი ტელეფონი ვათხოვე და აღარ მიბრუნებს”

,,შეყვარებულის დას ძვირფასი ტელეფონი ვათხოვე და აღარ მიბრუნებს",,სარკე”

ძალიან არ მინდა, კონფლიქტი მომივიდეს შეყვარებულის დასთან, რომელიც ჩემზე 3 წლით უფროსია. 20 წლის გოგო, შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს, რას აშავებს, მაგრამ ისე უჭირავს თავი, თითქოს ვერც იგებდეს, რას ვთხოვ. ჩემს ადგილას სხვა რომ იყოს, დიდი გაწევ-გამოწევა ექნებოდა, მაგრამ მე ყველანაირად ვცდილობ, ეს საკითხი როგორმე მშვიდად მოვაგვარო.

მამაჩემი ტექნიკის დიდი მოყვარულია. მისი დამსახურებით ოჯახში საუკეთესო გაჯეტები გვაქვს. საახლობლოში ვინმეს რამის ყიდვა თუ სჭირდება, მამაჩემი მიჰყავთ მაღაზიებში, რომ აარჩიოს. ამ საკითხში მართლაც ექსპერტია. ზოგი ეუბნება, ასე ძვირს როგორ აძლევ ტექნიკაში, როგორ არ გენანება ფულიო, მაგრამ ის ასეთია. თუ გიყიდის, ის ნივთი იქნება საუკეთესო და ძვირადღირებული. მამამ მეც მაჩუქა საუკეთესო ტელეფონი, რომელიც ახლა ჩემი შეყვარებულის დას აქვს და აღარ მიბრუნებს.

ერთი წელია, რაც შეყვარებული მყავს. უფრო ადრე მის დას ვიცნობდი. მართალია, ჩემზე უფროსია, მაგრამ მუსიკალურ სკოლაში ხშირად ვიყავით ერთად. კონცერტები რომ გვქონდა, ზოგჯერ გვიანობამდე გვიწევდა მეცადინეობა და გამოსვლისთვის მომზადება. მის ძმას შორიდან კი ვიცნობდი, მაგრამ ერთი წლის წინ დავუახლოვდი და შეყვარებულები გავხდით.

შეყვარებულის და რამდენიმე თვის წინ ყაზბეგში მიდიოდა ექსკურსიაზე. დაიწუწუნა, რომ კარგი ტელეფონი არ ჰქონდა და კარგ ფოტოებს ვერ გადაიღებდა. თანაც რაღაც ფოტოკონკურსში უნდოდა მონაწილეობა და კარგი მობილური სჭირდებოდა. მე არც დავფიქრებულვარ, ისე ვათხოვე. სიმბართი დედაჩემის ძველ ტელეფონში გადავიტანე და ჩემი მობილური იმ გოგოს გავატანე.

ყაზბეგიდან რომ ჩამოვიდა, მთხოვა, კიდევ ორი დღე მექნება, ფოტოებს დავახარისხებ და გადმოვიწერო. ბუნებრივია, დავთანხმდი, ვუთხარი, რომ არანაირი პრობლემა არ იყო. მას შემდეგ თითქმის 3 თვე გავიდა და ტელეფონს არ მაძლევს. უკვე ყოველდღე ვწერ, რომ დამიბრუნოს, მაგრამ რეაქცია არ აქვს. ჩემს მესიჯებს დახედავს, წაიკითხავს და პასუხსაც არ მწერს. ერთ-ერთ ფოტოზე ვნახე, ორი მობილური უჭირავს ხელში, ერთი – ჩემი და ერთი – თავისი, ანუ ორივე მობილურს ხმარობს მშვენივრად.

შეყვარებულს ვუთხარი, შენს დას გამოართვი და მომიტანე-მეთქი. ქალების საქმეში ნუ ჩამრევო, მისი პასუხი ასეთი იყო. რა ქალები, რა საქმეში ჩარევა! ჩემი ტელეფონი მინდა! ძალიან მკაცრი პასუხი რომ გავეცი, შეყვარებულმა მითხრა, მე ხომ არ მითქვამს, გაატანე და ახლა მე რატომ მთხოვ, რომ მოგიტანოო. თუ ასე გარჩევაზე მიდგება საქმე, შეყვარებული მართალია, ის არაფერ შუაშია, მაგრამ ხომ შეიძლება დას უთხრას, რომ ცუდად იქცევა. მოჰკიდოს ხელი და მომიტანოს!

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩემმა მშობლებმა არ იციან. მამამ ეს რომ გაიგოს, ძალიან ეწყინება. მეტყვის, სხვისთვის არ მიყიდია ის ტელეფონი და ამდენი ფული ვიღაცისთვის არ გადამიყრია, შენ გიყიდეო და მართალიც იქნება. დედამ რომ გაიგოს, მიუვარდება და წამოიღებს, მაგრამ არ მინდა, ასე გამწვავდეს საქმე და დედის ჩარევა გახდეს საჭირო. მაშინ შეყვარებულთან დაშორებაც მომიწევს, რაც არ მინდა, თუმცა იმაზეც ღირს დაფიქრება, მინდა კი, ასეთ ოჯახთან რაიმე კავშირი მქონდეს?

ისე გამოდის, რომ ძველი ბიჭივით ,,დამაწერა”. ყაჩაღები რომ იქცევიან, ისე მომექცა. სარგებლობს იმით, რომ მისი ძმის შეყვარებული ვარ და არც ჩხუბი მეხერხება და ამიტომაც იქცევა ასე.

ყველას გირჩევთ, ჩემსავით არ მოიქცეთ და ძვირადღირებული თუ თქვენი საყვარელი ნივთი არავის მისცეთ!

,,სარკის” ერთგული მკითხველი