,,მირჩევნია, ბედნიერი ვიყო ჩუმად” – მარიტა როხვაძის სიყვარული ჭორებმა შეიწირა
,,ხალხს არ უხარია, როცა შეყვარებული ხარ"

,,მირჩევნია, ბედნიერი ვიყო ჩუმად" - მარიტა როხვაძის სიყვარული ჭორებმა შეიწირა,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მომღერალ მარიტა როხვაძის ცხოვრებაში აქტიური პერიოდია. სცენაზე თითქმის ყოველდღე დგას და ეს საქმე უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. 13 წლიდან დამოუკიდებელია და სიმღერით საკუთარ თავს ინახავს. წინ დიდი გეგმები აქვს, რაც უცხოეთს უკავშირდება, თუმცა ამ ეტაპზე დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს.

მარიტა ყოველთვის გულღია რესპონდენტად ითვლებოდა, თავის სასიყვარულო ვნებათაღელვებზეც თამამად საუბრობდა და შეყვარებულის ვინაობასაც არ მალავდა. ბოლო პერიოდში კი პირადზე არაფერს ამბობს. ამას თავისი კონკრეტული მიზეზიც აქვს, რომელსაც ,,სარკეში” მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– მარიტა, როგორია თქვენი ცხოვრების რიტმი დღეს?

– ძალიან აქტიური პერიოდია ახლა ჩემს ცხოვრებაში. სულ კონცერტები მაქვს და გადარბენებზე ვარ. ძალიან მომწონს, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. მე სცენით და სიმღერით ვიკვებები. კვირაში ერთხელ რომ მაინც არ მქონდეს კონცერტი, უბრალოდ მოვკვდებოდი. ეს არის ის, რაც მე, პირველ რიგში, მაბედნიერებს. არც კი მინდა იმ პერიოდის გახსენება, ვგულისხმობ პანდემიას, როდესაც კონცერტები არ მქონდა.

– თბილისის ერთ-ერთ რესტორანში რეგულარულად მღერით. თქვენი კოლეგების ნაწილი თვლის, რომ თუ ხარ ესტრადაზე, არ უნდა იმღერო რესტორნის სცენაზე. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

– მგონი, ასე აღარავინ ფიქრობს. ჩვენს ქალაქში კარგი მუსიკოსები ვინც არიან, ყველა დაკავებულია რესტორნებში. არაფრით მესმის, რატომ ფიქრობენ, რომ რესტორანში სიმღერა “ტეხავს”. მე სადაც ვმღერი, ის გარემო იდეალურია ჩემთვის. სცენაც საუკეთესოა და ადამიანებიც მოდიან იმისათვის, რომ კონცერტი ნახონ და გაერთონ. ხალხის სიყვარულს ყველაზე მეტად ასეთ გარემოში ვგრძნობ. ძალიან სოციალური ადამიანი ვარ და მიყვარს ურთიერთობები. მე მუსიკით ვიკვებები, მუსიკა რომ არა, წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი ცხოვრება.

– სიმღერის და აუდიტორიის გარეშე გაგიჭირდებოდათ არსებობა?

– პირველ რიგში, მუსიკა მაბედნიერებს და შემდეგ ის ადამიანები, რომელთათვისაც სულს და გულს ვდებ ჩემს ნამღერში. ბავშვობიდან მოყოლებული სხვა არაფერზე მიფიქრია, გარდა მომღერლის კარიერისა. სარკის წინ საათობით ვიდექი და ვმღეროდი. ერთადერთი, შეიძლებოდა მსახიობობაზე მეფიქრა. სცენაზე რომ უნდა ვმდგარიყავი, ეს ზუსტად ვიცოდი, ამიტომაც განსაკუთრებულად ვაფასებ იმას, რომ ეს ჩემი ოცნება ახდა და დღეს სცენაზე ვარ.

– თუმცა ბევრი თვლის, რომ საქართველოში მომღერალი დაფასებული არ არის. რა არ მოგწონთ თქვენს პროფესიაში?

– არ ვიცი, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ.

– ფინანსურად?

– 13 წლიდან დამოუკიდებელი ვარ, მათ შორის ფინანსურად. რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში მუსიკოსის შრომის საპირწონე ანაზღაურება არ არის, მაგრამ საკუთარი შრომით მაინც შესაძლებელია იდგე ფინანსურადაც მყარად. ფინანსური ჩავარდნა მხოლოდ კოვიდის და ლოკდაუნის პერიოდში მქონდა. დანარჩენ დროს ყოველთვის ვახერხებ, ჩემი შრომით გამოვიმუშაო საჭირო თანხები. ვფიქრობ, რომ სწორ ადამიანებთანაც უნდა მოხვდე, რომლებიც აფასებენ შენს საქმიანობას და ასეთ შემთხვევაში უფრო კარგად აეწყობი ამ სფეროში.

– მოხვედრილხართ არასწორ ადამიანებთან?

– კი. ჩემს ცხოვრებაში იყო რთული პერიოდი, როდესაც 14-წლიან მეგობრობას გადავუსვი ხაზი დაუნახაობის და დაუფასებლობის გამო. საქმეში ნაკლებად მექმნება ადამიანებთან პრობლემები, რადგან ვისწავლე, როგორ უნდა წარვმართო სწორად ჩემი საქმიანობა, რომ მეც კმაყოფილი ვიყო და სხვაც. ყველაზე დიდი იმედგაცრუება ცხოვრებაში ბავშვობის მეგობართან განვიცადე. 14 წელი არ არის პატარა პერიოდი და როდესაც გულნატკენმა ამ ურთიერთობას ხაზი გადავუსვი, ძალიან განვიცადე.

ზოგადად ისეთი ვარ, რომ არასდროს გულში წყენას არ ვიდებ, ყოველთვის ვპატიობ, მაგრამ ადამიანმა თუ ესეც ვერ დაინახა, მაშინ ჩემი ცხოვრებიდან საბოლოოდ მიდის.

– შოუბიზნესშიც ხომ არის გაუტანლობა და შური?

– შოუბიზნესში მხოლოდ კარგ ადამიანებთან ვმეგობრობ. ამ სფეროში ბევრია ისეთი, რომელიც სახეში გიცინის, მაგრამ ზურგს უკან არ დაგინდობს. შოუბიზნესში მხოლოდ ისეთებთან ვმეგობრობ, ვისაც ადამიანობა არ აქვს დაკარგული. ყველაზე მეტად, იცით, რას ვერ ვიტან? ორპირობას. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, ჩვენი კოლეგებიდან ერთს მეორე ისე გაუჭორავს, რომ მოსმენაც კი საშინელება იყო. ამ დროს შემოსულა ის ადამიანი და მოსაფერებელი სიტყვა არ დაუნანია მისთვის. ამ ყველაფერზე ძალიან მეცინება. ასეთებისგან თავს შორს ვიჭერ.

– როგორც ჩანს, წლებს თავისი გამოცდილება მოაქვს და დამოკიდებულებები გეცვლებათ.

– ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, პირველ რიგში ის, რომ ადამიანები ძალიან საშიშები არიან. მე კი ბოლო წუთამდე მჯერა და ვენდობი მათ. ბოლო დროს უკვე ვისწავლე, ვისთან როგორ უნდა ილაპარაკო და ვისთან რა დისტანციაზე უნდა იყო.

– როდესაც 12 წლის წინ “ჯეოსტარში” 18 წლის გოგო გამოჩნდით, ძალიან მხიარული იყავით. ინტერვიუებში თამამად საუბრობდით საკუთარ გრძნობებზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, ასაჯაროებდით ყველა გრძნობასა და გატაცებას, მაგრამ ახლა პირად ცხოვრებაზე საუბარი აკრძალეთ. რა გახდა ამის მიზეზი?

– დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. რაც უფრო გულწრფელად და ალალად ვსაუბრობდი პირად ცხოვრებაზე, მით უფრო მეტი გამომიგონეს და გამივრცელეს ჭორები. მივხვდი, რომ არ უხარიათ, როდესაც შენ შეყვარებული ხარ, როდესაც ამ სიყვარულზე ლაპარაკობ და როდესაც ბედნიერი ხარ.

– ანუ თქვენი ურთიერთობები წარსულში ამგვარმა ჭორებმა და ზედმეტმა ყურადღებამ შეიწირა?

– კი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. როდესაც შენ გარშემო სულ რაღაცებს აგორებენ, ეს დამღლელია, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც შენ გვერდით არიან. ამიტომაც ამ ყველაფერზე აღარ ვლაპარაკობ და მირჩევნია, ბედნიერი ვიყო ჩემთვის, ჩუმად.

– გაქვთ სურვილი და შინაგანი განწყობა, რომ გახდეთ მეუღლე და დედა?

– ჯერ ადრეა. იმდენად კარგი გეგმები მაქვს, რომელიც საზღვარგარეთს უკავშირდება, რომ ჯერ ამ კუთხით მინდა საკუთარი ძალების მიმართვა. ამ ეტაპზე მირჩევნია, ერთ რამეზე ვიყო კონცენტრირებული და როცა დასახულ მიზანს მივაღწევ, შემდეგ ყველაფერი იქნება.

– მამაკაცების მიმართ შეხედულებები და გემოვნება ხშირად თუ გეცვლებათ და რას აფასებთ ყველაზე მეტად მამაკაცში დღეს?

– ურთიერთობაში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხრიდან იყოს ერთმანეთის პატივისცემა. არასდროს არავისთან ვყოფილვარ მომთხოვნი და, მით უმეტეს, პრეტენზიული. არასდროს მითქვამს შეყვარებულისთვის, რამე ეყიდა ჩემთვის. ჩემთვის მთავარია პატივისცემა, გულწრფელობა და ნდობა.

– რა ტიპის მამაკაცები იქცევენ თქვენს ყურადღებას?

– მე რომ მიყვარდება, იქ ბევრი კრიტერიუმი მთავრდება. ყოფილა შემთხვევა, უთქვამთ, ასეთი ტიპაჟი როგორ მოგეწონა, შენ სულ სხვა ხარ და ის სულ სხვა არის, რა გაქვთ საერთოო. როგორც ჩანს, მე გულის ადამიანი ვარ და გრძნობებში გონებით ვერ ვხელმძღვანელობ.

– რაც პოპუალარული გახდით, ასევე პოპულარულია თქვენი გახდომა-გასუქების საკითხები. ახლა ჰარმონიაში ხართ საკუთარ თავთან?

– კი, ვიცი, რომ 8 კილო მაქვს მომატებული, მაგრამ მაინც ძალიან მოწმონს საკუთარი თავი. მივხვდი, რომ ბედნიერება და ჰარმონია წონაში არ არის. როდესაც საკუთარ თავს ისეთს მიიღებ, როგორიც ხარ, უფრო ბევრი რამ ლაგდება ცხოვრებაში.

– როგორ მიხვედით საკუთარ თავთან ჰარმონიამდე? გვახსოვს, რომ მკაცრ შიმშილობასაც კი მიმართავდით, რათა წონაში დაგეკლოთ.

– საკუთარი თავთან ლაპარაკით და საკუთარი თავის მოსმენით მივედი ამ ეტაპამდე. ბავშვობიდან გამომყვა ეს ჩვევა და ახლაც ხშირად ვდგები სარკესთან, დიალოგს ვმართავ საკუთარ თავთან. სულ მიყვარს თავზე მუშაობა. როცა რაღაც არ მომწონს, აუცილებლად გამოვასწორებ, მაგრამ თავს გამადიდებელი შუშით აღარ ვუყურებ. ძნელია, მაგრამ შესაძლებელი, თავი გიყვარდეს ისეთი, როგორიც ხარ. უბრალოდ, ამავდროულად უნდა ისწრაფო იმისკენ, რაც გინდა, რომ იყო.