,,სარკე”
ჩემი შვილი პროგრამისტია. სულ მადლობებს ვუხდიდი განგებას, რომ ასეთი შვილი მარგუნა. მის მომავალს ნათელ ფერებში ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ მასთან ერთად ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ პანდემიამ დამღუპა! ჩემდა ჭირად იყო ეს კორონა! კომპანიიდან, სადაც ჩემი შვილი მუშაობდა, თანამშრომლები დაითხოვეს. სწორედ იმ პერიოდში უცხოეთიდან, კერძოდ კი აღმოსავლეთ ევროპიდან, კონსულტანტად ერთი ქალი იყო ჩამოსული. ისიც ჰაერში გამოკიდებული დარჩა, რადგან ფრენები აღარ იყო მის ქვეყანაში.
ასე დარჩა საქართველოში. მერე კი ჩემს შვილს შეეცოდა და მისი პატრონობა დაიწყო. ცოტა ხანში სახლშიც გადამოიყვანა და გამოგვიცხადა, ჩემგან შვილს ელოდება და აწი ჩემი ცოლიაო.
მინდოდა, ქართველი გოგო შეერთო, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩვენთან მეტი საერთო ექნებოდა, მაგრამ, რადგან შვილმა ასეთი არჩევანი გააკეთა, არაფერი მითქვამს. მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით და რძალი ქართული წესებით, გულთბილად მივიღეთ. იმაზე მეტი გავუკეთეთ, ვიდრე შეგვეძლო. არაფერი მოგვიკლია, მაგრამ მისგან ერთ მადლობასა და ღიმილსაც ვერ ვეღირსეთ. მუდმივად უკმაყოფილოა. სადილს რომ ვამზადებ, პატარა ქვაბში თავისთვის ცალკე ამოიღებს და მაცივარში შედგამს. თან გამოგვიცხადებს ხოლმე, ეს ჩვენია და ხელი არ ახლოთო. რამდენჯერმე ვუთხარი, შენთვის ცალკე გააკეთე, ჩემს გაკეთებულს რატომ ინახავ-მეთქი. არა, ჩემი გამზადებული უნდა, მაგრამ ის არ მოსწონს, ერთი ქვაბიდან რომ ყველამ დავისხათ. ვერ გაიგებ, რა დროს უხარია და რა დროს სწყინს. აბზიკავს ცხვირს და ისე დადის. თუ ცუდ განწყობაზეა, შვილიშვილს ახლოს არ გვაკარებს.
ამას წინათ ჩემი ქმარი შინ ნასვამი მოვიდა. ბავშვი ხელში აიყვანა და კოცნა დაუწყო. რძალი მივარდა, ბავშვი ხელიდან გამოსტაცა, აბაზანაში შეიყვანა და სასწრაფოდ პირი დაბანა. ჩემი ქმარი გადაირია! ვეხვეწე, დაწყნარდი, ასე იმიტომ მოიქცა, რომ არ უნდა, ბავშვი გავათამამოთ-მეთქი. ყველანაირად ვცდილობ, შევეწყო, მაგრამ არაფერი გამომდის.
ჩვენი კუთხის რომ იყოს, დაახლოებით მაინც მეცოდინებოდა, რა უნდა, რისი სურვილი აქვს, მას კი ვერაფერი გავუგე. ჯობდა, ჩემს შვილს ცოლი სულ არ მოეყვანა, ვიდრე ასეთი ჰყოლოდა.
ყველაზე უცნაური კი, იცით, რა არის?! ჩემი შვილი ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად და აუღელვებლად უყურებს. რამეს რომ ვეუბნები, მიყვირის კიდეც, ჩვენს საქმეში არ ჩაერიოო. დარწმუნებული ვარ, ქართველი ქალი რომ მოეყვანა და ასეთი რაღაცები მას გაებედა, თავზე დაამხობდა ყველაფერს. მას კი გაბრწყინებული სახით თვალებში შესციცინებს.
მეტის გაძლება აღარ შემიძლია!
ქმარს ვეხვეწები, წავიდეთ, ესენი კი ცალკე დავტოვოთ-მეთქი. ჩემს სიძეს ორი სახლი აქვს. ქალიშვილი გვეხვეწება, ჩვენს სახლში გადადით, მშვიდად იცხოვრებთ და ნერვებს არავინ აგიშლითო. ჩემს ქმარს კი ამის გაგონება არ უნდა. ამბობს, სიძის სახლში არ ვიცხოვრებო. არადა იმაზე არ ფიქრობს, მე რა დღეში ვარ. თვითონ მთელი დღე წასულია. მე კი რძლის აუტანელი საქციელის ყურება მთელი დღის განმავლობაში მიწევს.
კიდევ ერთი ჭირი ის არის, რომ მუდმივად სახლში ზის კომპიუტერთან. თავის ქვეყანაშიც აღარ მიდის, აქედან აგვარებს სამსახურის საქმეებს. ახლახან ჩემს შვილს წამოცდა, მალე მაგარი სახლი მექნებაო. მივხვდი, რომ წამოცდა, სახლში თქმა არ უნდოდა. მის ცოლსაც ალმური მოედო სახეზე. ვკითხე და ვეღარ გადათქვამდნენ. ორი სიტყვა მომიგდო, რომ დუპლექსს იშენებს. წარმოიდგინეთ, შვილი რომ ამხელა საქმეს წამოიწყებს და მშობლებს დაუმალავს. მე და ჩემს ქმარს გვეწყინება, რომ გვითხრას?! მაგრამ მის უკმეხ ცოლს არ სურს, ჩვენთან ოჯახური საქმეები განიხილოს. მას მხოლოდ მონებად ვუნდივართ.
მართალია, რძლისგან ცალკე ცხოვრება მინდა, მაგრამ ასე ეშმაკურად რომ აპირებს ჩემი შვილის და შვილიშვილის გატაცებას, ამას ვერ ვიტან. კიდევ ერთი ეჭვი მღრღნის, იქნებ ჩემმა შვილმა მთელი ქონება და ის ახალი სახლიც ცოლს გადაუფორმოს, იმ ქალმა კი მიატოვოს და საერთოდ ხახამშრალი დატოვოს.
მე და ჩემი ქმარი ნამდვილად არ ვიყავით იმის ღირსი, რომ ასეთი სიბერე გვქონოდა. რთულ პერიოდში შევიფარეთ, პანდემიის დროს ვეფერებოდით, არიქა, ოჯახის გარეშე დარჩა და უცხოობა არ ვაგრძნობინოთო, მან კი ჩვენს სახლში ფეხები გაჭიმა და ამხელა ამბიციებიც გამოამჟღავნა. მდგმური რომ მასპინძლად გაგიხდება, ეგ სიტუაციაა. ძალიან გამწარებული ვარ. უამრავ რამეზე მეფიქრება და ეს ფიქრები არც ღამე მაძინებს და დღეც სულ სტრესში ვარ. ამ რძლის ხელში სიმშვიდე არასოდეს მეღირსება.
,,სარკის” ერთგული მკითხველი