,,დედა მაყვედრის, რომ საჭმელს მაჭმევს”

,,დედა მაყვედრის, რომ საჭმელს მაჭმევს",,სარკე”

მითხარით, 17 წლის გოგომ სად ვიმუშაო! თუ ვინმემ იცით ისეთი სამსახური, სადაც დამასაქმებენ, იქნებ შემეხმიანოთ. უკვე აღარ შემიძლია დედისგან საჭმლის დაყვედრება. ნეტა, ჭამა საერთოდ არ არსებობდეს, ასე რამდენი ადამიანი იქნებოდა მშვიდად, მათ შორის – მეც.

დედა ძალიან ბევრს შრომობს. ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობს. ძალიან მინდა, მხარში ამოვუდგე, მაგრამ, აბა, როგორ?! ეს მისთვისაც არაერთხელ მითქვამს, მაგრამ მაინც არ იშლის თავისას და სულ ჩემს გაკილვაშია.

დღე არ გავა, არ მითხრას, ჩემი ტოლი როცა იყო, როგორ შრომობდა. ის სოფელში ცხოვრობდა და მშობლებს ფიზიკურად ეხმარებოდა. ამბობს, სულ თოხი და ბარი მეჭირა ხელში, სკოლაში წასვლამდე ყანაში გავრბოდი, რომ მშობლებს მივხმარებოდი, ჩემს სარჩო-საბადებელს თვითონ გამოვიმუშავებდი, შენ კი ყველაფერი უშრომელად მოგდისო.

ვერც მოვთვლი, რამდენჯერ ვიტირე ხმამაღლა მისი ამ სიტყვების გამო. მამამ ბევრჯერ უთხრა, დაანებე ბავშვს თავი, ბავშვობა შეარგეო, მაგრამ არაფერი ჭრის. მთელ ბოღმას, რაც კი ცხოვრებაში დაუგროვდა და რასაც სამსახურში აგროვებს, ჩემზე ანთხევს. ეს ისეთი მძიმეა, ვერც გადმოგცემთ!

რამდენიმე დღის წინ გვიან მოვიდა სახლში. მე მაშინვე მაგიდაზე დავულაგე საჭმელი, რომ აბაზანიდან გამოვიდოდა თუ არა, ეჭამა. პირველი ლუკმა არ ჰქონდა პირში ჩადებული, რომ დაიწყო, ქუჩაში რომ მოვდიოდი, შენხელა გოგო-ბიჭები განცხადებებს არიგებდნენო. ისევ იგივე დაიწყო, იგივენაირი დამცინავი ტექსტებით. გავეცალე ოთახიდან და ტირილი დავიწყე, მან კი ჭამა გააგრძელა.

ძმა მყავს 2 წლით ჩემზე უფროსი. უმუშევარია და არც ცდილობს სამსახურის შოვნას. მთელი დღე მეგობრებთან არის კომპიუტერზე სათამაშოდ ან ჩვენთან მოჰყავს ბიჭები. ერთხელ დედას ვუთხარი, რატომ მას არ სთხოვ, რომ იმუშაოს-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაცეცხლდა. მიყვირა, მას რომ მუშაობა მოვთხოვო, შეიძლება გამწარებული ბიჭი ადგეს და მოიპაროს, მერე გინდა, რომ ციხეებში ვირბინო მის სანახავადო.

ჩემი ძმა ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს. ამას არც მალავს. ისე უჩლიქავს ენას, თითქოს 5 წლის ბავშვი იყოს. ჩემი არც სწავლა აინტერესებს, არც ის, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. ერთ ჩვეულებრივ არსებად მხედავს, რომელიც მხოლოდ ჭამს. ალბათ ბევრი იფიქრებს, აზვიადებს, დედა ასეთი ვერ იქნებაო, მაგრამ, სამწუხაროდ, დედაჩემი სწორედ ასეთია და ერთ ზედმეტ სიტყვას არ ვამატებ.

,,სარკის” ერთგული მკითხველი