,,ჩემი შვილების მამის დასატირებლად არ მიმიშვეს”

,,ჩემი შვილების მამის დასატირებლად არ მიმიშვეს",,სარკე”

ადამიანების უმადურობას საზღვარი არ აქვს. თურმე თან რომ გადაჰყვე, თუ არ უნდათ, არაფერს დაინახავენ, თუნდაც შენი ძალიან ახლობლები იყვნენ.

მყავდა ქმარი, რომელიც ძალიან მიყვარდა. სანამ შევუღლდებოდით, დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიხდა. მე დედისერთა ვარ და მშობლებს არ სურდათ, სოციალური მდგომარეობით ჩვენზე დაბლა მდგომ ადამიანს გავყოლოდი ცოლად. თვლიდნენ, რომ არც ოჯახიშვილობით, არც განათლებით და არც გარეგნობით არ შემეფერებოდა. მე წინააღმდეგობას ვუწევდი. ვუმტკიცებდი, რომ ამქვეყნად ყველაზე მაგარი ბიჭი იყო და ამის მჯეროდა კიდეც. მზეჭაბუკს ვეძახდი და ჩემთვის ნამდვილად იყო ოცნების ბიჭი.

ალბათ გაინტერესებთ, რითი მომხიბლა. უზომოდ კეთილი იყო და უზომოდ ვუყვარდი. სანამ შევუღლდებოდით, მეგობრები შევიკრიბეთ და ჩვენი ნახელავით სუფრა გავშალეთ. მზადებისას მის თვალწინ ხელი გამეჭრა. სისხლი რომ დაინახა, ძირს დავარდა, წამიერად გონება დაკარგა. მერე აშაყირებდნენ, შენ რა კაცი ხარ, სისხლის დანახვაზე გული შეგიღონდაო. ასეთი სათუთი სულის იყო. მერე გამიმხილა, უცებ წარმოვიდგინე, როგორ გეტკინა და მერე აღარაფერი მახსოვსო. ჩვენს სიყვარულზე ლეგენდებს ყვებოდნენ. უსაზღვროდ ვუყვარდი და მე ამ უსაზღვრო ბედნიერებაში ჩაძირულს აღარავინ მახსოვდა, მის გამო ყველას წინ აღვუდგებოდი.

მართლაც ვერავინ შეგვაჩერა და ვიქორწინეთ. ჩემმა მშობლებმა ფარ-ხმალი დაყარეს და შეეგუენ დედისერთა შვილის გადაწყვეტილებას. პირველი შვილიშვილი რომ ეყოლათ, საერთოდ დადნენ. მამა ჩემს ქმარს კოცნიდა, შენ გენაცვალე, ეს რა ანგელოზი მაჩუქე, ყველა და ყველაფერი დამავიწყაო. ჩემმა ქმარმა ნამდვილად დაიმსახურა სიყვარული და მამაჩემმა მას მამობა გაუწია. რასაც შვილს გაუკეთებდა, ზუსტად ისეთივე სიკეთეები დააბერტყა თავზე. ერთი კი არა, ორი სახლი გვაჩუქეს, მანქანა, სამსახური, რა ვიცი, კიდევ რა აღარ.

ბედნიერი ოჯახი გვქონდა, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი გაქრა. ჩემს ქმარს ეშმაკი შეუჩნდა და საყვარელი გაიჩინა. შეიძლება ეს პრობლემა ცოლ-ქმარს მოგვეგვარებინა, მასაც პატიება ეთხოვა და მეც მეპატიებინა, მაგრამ ჩვენს საქმეში ჯერ დედაჩემი ჩაერია უხეშად, მერე მამაჩემიც. ჩემმა ქმარმა ვერ აიტანა და ამას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მამაჩემმა სიძეს ხელი გაარტყა, თან შეაგინა. ჩემმა ქმარმა ეს ძალიან ითაკილა და სახლიდან წავიდა.

ამის შემდეგ გვქონდა შერიგების მცდელობები, მაგრამ ურთიერთობა მაინც ვერ ავაწყვეთ. ალბათ ჩვენს ოჯახს ასეთი ბედი დაჰყვა, რომ ბედნიერების მერე ასეთი უბედურები უნდა ვყოფილიყავით.

ერთ საშინელ დღეს მისი დაღუპვის შესახებ გავიგე. გამწარებული მივვარდი მისი მშობლების სახლში, მაგრამ ყოფილმა მამამთილმა და მაზლმა გზა გადამიღობეს, აქ არ შემოგიშვებთ, ყველაფერი შენი ბრალიაო. ყოფილი მულები და დედამთილი ოთახიდან გამოცვივდნენ და ჩემზე საცემრად გამოიწიეს, შენ რომ არ გამოგეგდო სახლიდან, ასე არ აეწეწებოდა ცხოვრება, არც იმას გაბედავდა, რომ მთვრალი დამჯდარიყო საჭესთან და სწრაფად ეტარებინა მანქანა. ავარიაში სწორედ შენ გამო დაიღუპაო.

წარმოიდგინეთ, ისედაც კინაღამ მოვკვდი და საყვარელი ადამიანის სიკვდილში რომ მე დამადანაშაულეს, იქვე ჩავიკეცე. მეგობრებმა, ვინც იქ მახლდნენ, ხელში ამიყვანეს და ნახევრად უგრძნობი წამიყვანეს სახლში.

ჩემი შვილების მამა, ჩემი ცხოვრების სიყვარული არ დამატირებინეს ადამიანებმა, რომელთაც იმის მესამედიც არ გაუკეთებიათ ჩემი ქმრისთვის, რაც მე და ჩემმა ოჯახმა გავუკეთეთ. ეს ტრაგედია რომ არა, იქნებ შევრიგებულიყავით კიდეც. ყოველ შემთხვევაში, მე ამისთვის მზად ვიყავი, რადგან მიყვარდა და ახლაც უზომოდ მიყვარს. მის სიყვარულს საფლავში ჩავიტან. მერე, რა, რომ ბოლოს რაღაც მოხდა, ვიცი, რომ მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული სწორედ მე ვიყავი. გრცხვენოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქმარი არ დამატირებინეთ. იქნებ გაიხსენოთ, თქვენთვისაც რამდენი რამ მაქვს გაკეთებული.

,,სარკის” მკითხველი