,,პირველი ცოლისგან გამოქცეული ქმარი შერიგებას მთხოვს, მაგრამ უარს ვეუბნები”

,,პირველი ცოლისგან გამოქცეული ქმარი შერიგებას მთხოვს, მაგრამ უარს ვეუბნები",,სარკე”

არ უნდა შეგეცოდოს – ამ სიტყვებს საკუთარ თავს ხშირ-ხშირად ვუმეორებ. არ მინდა, გრძნობებმა მძლიოს და შევურიგდე. ჯერჯერობით უარს ვეუბნები, მაგრამ არ ვიცი, ჩემი უფროსი შვილის თვალებს როდემდე გავუძლებ. ის ძალიან პატარაა, მაგრამ კაცივით აზროვნებს. სულ მეკითხება, მამა ჩვენ გვერდით რატომ არ არისო. იმხელა არ არის, დავსვა და ყველაფერი ვუამბო. ზოგჯერ ვხვდები, მამაზე რაღაც უნდა მკითხოს და გავურბივარ ან სხვა რამეზე გადამაქვს მისი ყურადღება, რომ პასუხებს თავი ავარიდო. უმცროსმა ჯერ წესიერად ლაპარაკიც არ იცის, ამიტომ მასთან ურთიერთობა მარტივია.

დიდი შეცდომა დავუშვი, როცა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვი. მაშინ უკვე ცოლს იყო გაშორებული. თქვენს ჟურნალშიც მაქვს წაკითხული, როგორი უმწეოები ხდებიან ამ დროს კაცები. უნდათ, რომ ვინმემ ნუგეში სცეს. ასეთი ქალებიც მალევე ჩნდებიან ხოლმე და, სამწუხაროდ, მათ რიცხვში მეც აღმოვჩნდი.

ის სრულიად შემთხვევით გავიცანი. გაგეცინებათ და, აფთიაქში ვნახე. უცებ შემოვარდა, გულის რამე წამალი მომეცით, ვკვდებიო. მე ექთანი ვარ და მაშინვე მივაქციე ყურადღება. ფარმაცევტებმა მაშინვე სასწრაფო გამოიძახეს. ექიმების მოსვლამდე გვერდიდან არ მოვშორებივარ, მისი ხელი მეჭირა ხელში და პულსს ვუსინჯავდი. ექიმებმა უთხრეს, რომ არაფერი სჭირდა და ეს ნევროზული შეტევა იყო. უთხრეს, სტრესის ბრალია, უნდა დაისვენოო. მალევე გახდა კარგად. მადლობები მიხადა. ბოლოს კი ტელეფონის ნომერიც მთხოვა.

ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. როცა ფორიაქი ეწყებოდა, მე მირეკავდა და მელაპარაკებოდა. თუ მორიგე ვიყავი ღამით და არ მეცალა, ჯდებოდა მანქანაში, მოდიოდა კლინიკასთან და მთელი ღამე იქ იდგა ჩემს მოლოდინში. მეუბნებოდა, იმაზე ფიქრიც კი, რომ შენს სიახლოვეს ვარ, სიმშვიდით მავსებსო.

ამასობაში ძალიან შემიყვარდა. მას მივეჯაჭვე ისე, რომ სულ მასზე ვდარდობდი. რამდენიმე საათის განმავლობაში თუ არ მირეკავდა, იქით ვურეკავდი, რომ გამეგო, როგორ იყო. სიყვარული არც აუხსნია ჩემთვის, ისედაც მივხვდით, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით. ექიმებთანაც დავყვებოდი და იმდენი მოვახერხეთ, მისი შფოთვები გაქრა. ამაში კი დიდი წვლილი მე მქონდა შეტანილი.

მისი ავადმყოფობის მიზეზი ყოფილი ცოლი იყო. ის სახლიდან ისე გაიქცა, წესიერად არც არაფერი აუხსნია. თურმე უთხრა, რომ უბრალოდ აღარ უყვარდა და მორჩა. ეს სთხოვდა მიზეზს, რატომ გადაიყვარა, ის კი ჯიუტად დუმდა. მერე იყო კონფლიქტები, სახლში მივარდნები, რამაც მის ფსიქიკაზე მძიმედ იმოქმედა.

კიდევ ერთი რამ აწუხებდა ძალიან – ეჭვი ჰქონდა, რომ ცოლი ფეხმძიმე წავიდა მისი სახლიდან და მერე აბორტი გაიკეთა. ამის ძიებაში იყო და ეს ძალიან სტანჯავდა.

ჩემთან ურთიერთობამ დაამშვიდა, მისი ცხოვრება კალაპოტში ჩადგა. მისი მშობლები, ძმა და და მადლობებს მიხდიდნენ, გადაგვირჩინე, თორემ, არ ვიცით, რა ეშველებოდაო. მისი მეგობრები ჩემს სადღეგრძელოს განსაკუთრებულად სვამდნენ. ამბობდნენ, ჩვენს ძმაკაცს ანგელოზად მოევლინეო.

ასე ანგელოზად შევედი მათ ოჯახში. ყველანი ძალიან კარგად მექცეოდნენ. დედამთილს ისე ვუყვარდი, როგორც საკუთარი შვილი. ჩემი მული სულ ხელებზე მკოცნიდა. ქმარიც მეუბნებოდა, ალბათ ცოლს იმიტომ გავშორდი და ამდენი უბედურება იმიტომ შემემთხვა, რომ შენ მეპოვეო. ღმერთს მადლობას სწირავდა ამისთვის.

ორი შვილი გავაჩინე. უბედნიერესი იყო და არის შვილებით. ბავშვებს იმდენივეს უკეთებდა, რამდენსაც მე. დღე არ გავა, არ მოვიდეს, არ ნახოს, არ წაიყვანოს სახლში. იქიდან რომ მომყავს, ტირილით ემშვიდობება ხოლმე შვილებს. მოკლედ, კარგი ქმარი და მამა იყო, სანამ მისი პირველი ცოლი გამოჩნდებოდა.

მეორე შვილის გაჩენის შემდეგ ჩვენ შორის ნაპრალი გაჩნდა. ჩემ მიმართ გაცივდა. მხოლოდ ბავშვები გახდნენ მისი ცხოვრების აზრი. ვეუბნებოდი, შვილებმა ჩემი თავი დაგავიწყა-მეთქი. თურმე შვილებმა კი არა, მისმა ყოფილმა ცოლმა დაიკავა ჩემი ადგილი. ერთ დღეს სახლში მივედი. დედამთილი და მული ვიღაც ახალგაზრდა ქალს ლანძღავდნენ. ჩემს მულს ისეთი სახე ჰქონდა, სადაც იყო, ხელს დაარტყამდა. მე რომ დამინახეს, შეცბნენ. მულმა მითხრა, ჩემი თანამშრომელია, უკვე წასვლას ვაპირებთო. ხელი წაავლო იმ ქალს და წაიყვანა.

ქმრის პირველი ქორწილის ფოტოები მქონდა ნანახი და იმ ქალს მივამგვანე. დედამთილს ვუთხარი, რაღაც ხდება, ეს ქალი ჩემი მულის თანამშრომელს არ ჰგავდა, მომიყევი, რა ხდება-მეთქი. დედამთილმა ვეღარ დამალა და მითხრა, რომ ჩემი ქმრის ყოფილი ცოლი იყო. ვერც ის დამალა, რომ ჩემს ქმარს ტვინს ურევდა და ამიტომაც ჰქონდათ მასთან კონფლიქტი.

ქმარს, რა თქმა უნდა, პასუხი მოვთხოვე. მან აღიარა, რომ ისევ პირველი ცოლი უყვარდა. ტირილი დაიწყო, გავარკვიე, რისთვისაც წავიდა, თურმე უეჭვიანია და ამიტომ ყველაფერი ვაპატიეო. რაც შეეხება აბორტს, დააჯერა, რომ ორსულად არ ყოფილა. მოკლედ, თავი მოიკატუნა. ყოფილი ქმრის ბედნიერება ვერ აიტანა და ჩვენი ოჯახის დანგრევა განიზრახა. გამოუვიდა კიდეც. ჩემი ქმარი მასთან გაიქცა. მე ორ შვილთან ერთად ქმრის ოჯახი დავტოვე და მშობლებთან გადავედი საცხოვრებლად.

ზუსტად 3 თვე იყო გასული ჩვენი გაშორებიდან, რომ ქმარი სახლში მომადგა. პირდაპირ მუხლებზე დაემხო და მითხრა, უნდა შემირიგდე, შენ გარდა არავინ მინდაო. თურმე იმ ქალმა ისევ დაიწყო კაპრიზები და ერთ-ერთი ჩხუბისას წამოაძახა, კიდევ კარგი, შენგან შვილი არ გავაჩინეო. სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩემი ყოფილი ქმრის გამოქცევის. იქიდან გამობუნძულებული კი მე მომადგა და მას შემდეგ პატიებას მთხოვს. მისი ოჯახის წევრებიც მეხვეწებიან, იქნებ შანსი მისცეო, მაგრამ მეშინია. თუ მან ერთხელ ასე უსულგულოდ მიმაგდო, ორი შვილის დედა იმ ქალში გამცვალა, რომელმაც ასე გაამწარა, რა გარანტია მაქვს, რომ ისევ ისე არ მოიქცევა?!

ვაფასებ მის სიყვარულს და ზრუნვას შვილების მიმართ, იმისიც მჯერა, რომ ჩემ მიმართ გულცივი არ არის, მაგრამ მაინც ვეღარ ვენდობი. მან ისე მატკინა გული, ძნელია ამის დავიწყება.

,,სარკის” მკითხველი