,,კლასელები ცილს მწამებენ, რომ მასწავლებელი მიყვარს”

,,კლასელები ცილს მწამებენ, რომ მასწავლებელი მიყვარს",,სარკე”

ზოგმა ისეთი ხუმრობა იცის, რომ გინდება, სახეში გაარტყა. 16 წლის ბიჭი ვარ და პირველად გამიჩნდა სურვილი, ვიღაცებს ჩამოვუარო და სილა გავაწნა! ცილს მწამებენ, რომ მასწავლებელი მიყვარს. მშვიდად ავუხსენი, რომ ტყუილი იყო, მაგრამ არ ჩერდებიან.

სკოლაში ძალიან ახალგაზრდა ინგლისურის მასწავლებელი მოგვივიდა. რატომღაც თავიდანვე სხვანაირი თვალით შეხედეს და გაკვეთილებზე ხმაური დაიწყეს. მეც მათ შორის ვიყავი. გაკვეთილს არ ვუსმენდი და არც მასწავლებლის შენიშვნებს ვიზიარებდი.

ერთ დღეს დეიდასთან ერთად ერთ ადგილას ვიყავი. ჩემი ინგლისურის მასწავლებელი შეგვხვდა. დეიდამ და მან ერთმანეთი გადაკოცნეს, მოიკითხეს. უი, ეს ჩემი მოსწავლეა, კარგი ბიჭიაო, დეიდაჩემს უთხრა. მე კი ისე შემრცხვა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. აღმოჩნდა, რომ დეიდაჩემის კარგი ნაცნობი იყო. იქიდან რომ წამოვედით, დეიდამ მასზე რაღაცები მომიყვა და მივხვდი, რომ კარგი ადამიანი, მოსწავლეებისგან ასეთ მოქცევას არ იმსახურებდა.

სკოლაში რომ მივედი, ჩემს კლასელებს ვუთხარი, აღარ გავაბრაზოთ, მაგარი ადამიანი ყოფილა-მეთქი. მაშინვე დაიწყეს სიცილი, ალბათ შეგიყვარდა და იმიტომ იცავო. თავიდან ამისთვის ყურდღება არ მიმიქცევია. სკოლაში სხვა ბიჭებს სხვა კლასებიდანაც ვუთხარი, რომ ეს მასწავლებელი არ გაებრაზებინათ. ამის შემდეგ ატყდა ერთი ამბავი, რომ მე მიყვარს, მასთან პაემანზე მინდა წასვლა და ა.შ.

თვითონ კი იცინიან, მაგრამ მე არ მეცინება. ბევრი გავაფრთხილე, რომ შეწყვიტონ, მაგრამ უშედეგოდ. უკვე რამდენჯერმე მასწავლებელსაც გააგონეს, რომ კლასში მიჯნური უზის. მან ვითომ ვერ გაიგონა, მაგრამ აშკარად გაწითლდა.

უკვე გადავწყვიტე, რომ იმ სკოლას გავეცალო. ისედაც მინდოდა სპორტსკოლაში გადასვლა და სექტემბრიდან კლასელები ვეღარ მნახავენ. არ მინდა, იმ გარემოში ვიყო, სადაც ადამიანად არ გთვლიან და შენს თხოვნას არ ითვალისწინებენ.

,,სარკის” მკითხველი