ჯანრი კაშია: ,,სალომეს თვალს ვერ ვაშორებდი, ჩვენი შეხვედრა უფლის წყალობა იყო” – როგორ ბედნიერებაზე ოცნებობდა საქართველოს პრეზიდენტის მწერალი ქმარი

ჯანრი კაშია: ,,სალომეს თვალს ვერ ვაშორებდი, ჩვენი შეხვედრა უფლის წყალობა იყო" - როგორ ბედნიერებაზე ოცნებობდა საქართველოს პრეზიდენტის მწერალი ქმარი

,,სარკე”, ირინე მჭედლიძე

უკვე 10 წელზე მეტი გავიდა, რაც მწერალი და ჟურნალისტი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ქმარი, ჯანრი კაშია, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბობდა, რომ ცხოვრება ნულიდან რამდენჯერმე დაიწყო. მომავალ ცოლთან, სალომე ზურაბიშვილთან, შეხვედრაც მისთვის ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი იყო.

,,მაინც მგონია, რომ რაღაც გაგებით ბედის წიგნი არსებობ, ისევე, როგორც არსებობს დაბადება და სიკვდილი. ჩვენი ნების გამოხატვა არც დაბადებაა და არც სიკვდილი, თუმცა ყოველი ნაბიჯი და ცხოვრების ყოველი მომენტი, არ შეიძლება, წინასწარ იყოს განსაზღვრული. ადამიანი თავისუფალია, გარდა ორი შემთხვევისა – დაბადებისა და სიკვდილისა. არასოდეს იცი, ცხოვრების რომელ წერტილში დაამთავრებ სიცოცხლეს.

ზოგჯერ შემთხვევითობა ბევრ რამეს ცვლის. არ ვიცი, ეს რა არის. შეიძლება ესეც უფლის ნებაა ან საკუთარი მდგომარეობიდან გამომავალი რაღაც, რომლის გაცნობიერების საშუალებაც არ გვაქვს. არც ის ვიცი, შემთხვევითობა ცხოვრების გადამკვეთი ხაზია თუ ბედის ხაზის გაგრძელება. ასე მგონია, ჩემი და ქვეყნის ბედის ხაზები თავიდანვე გადაიკვეთა. ჩემი ნება იყო, გავყვებოდი თუ არა ამ გადაკვეთილ ხაზს. მე გადაკვეთის წერტილზე დგომა ავირჩიე”, – გვითხრა ჯანრი კაშიამ წლების წინ, როცა მას თბილისის ძველ უბანში, მისივე სახლში შევხვდით. მწერალმა წიგნებით სავსე სამუშაო ოთახში შეგვიპატიჟა და მისთვის დამახასიათებელი ხიბლით დაიწყო თხრობა საკუთარ ცხოვრებაზე.

სათამაშო თოფით მებრძოლი იაკობი

სახელი ჯანრი დედამ დაარქვა. მამამ, ცნობილმა იურისტმა, ილია კაშიამ, მეუღლეს არჩევანი დაუწუნა და ერთადერთ ვაჟს ბიბლიური სახელი შეურჩია – იაკობი. ალბათ გრძნობდა, რომ მეომარი ვიქნებოდიო, ხუმრობდა ბატონი ჯანრი.

ბაბუა, სევერიანი, ფარმაცევტი გახლდათ. ბათუმსა და დასავლეთ საქართველოში საკუთარი აფთიაქები ჰქონდა. მთელი ბათუმი იცნობდა. მამა საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი პირველი ადვოკატი იყო, რომელიც ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნით გამოდიოდა.

ოჯახის ყველა წევრი თავისუფლებისმოყვარე იყო. მამა 1937 წელს დაიჭირეს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს, ბიძა კი გადაასახლეს, საიდანაც 1947 წელს დაბრუნდა. ცნობისმოყვარე ბავშვს საბჭოთა რეჟიმზე ბევრ რამეს უყვებოდა. მისი ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ უფრო ნათელი გახდა.

ბავშვობისდროინდელი ერთი ეპიზოდი ჯანრი კაშიას მძაფრად ახსოვდა.

– ჩვენ მეზობლად ბერძნები ცხოვრობდნენ. ერთ ღამეს მათ გასასახლებლად მოვიდნენ. სახლში მე და ბაბუა ვიყავით. ბაბუამ ცულს დაავლო ხელი, მე სათამაშო თოფი ავიღე და მეზობლების გადასარჩენად გავცვივდით. თქვენ წარმოიდგინეთ, შინსახკომელების მანქანა უკან გაბრუნდა. ისინი ადამიანების ფსიქიკაზე მოქმედებდნენ, შიშს თესავდნენ. ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ ხალხს შეშინებოდა, მაგრამ თუ წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ, დროებით უკან იხევდნენ.

მეზობლები მაინც ვერ გადავარჩინეთ – რამდენიმე ხნის შემდეგ გადაასახლეს. დღემდე არ ვიცი, ბაბუა ცოცხალი როგორ გადარჩა. შეიძლება იმიტომ დაინდეს, რომ მისი ძმა მეორე მსოფლიო ომის გენერალი გახლდათ. მაშინ კი გენერლებს დიდ პატივს სცემდნენ, – გვიყვებოდა ბატონი ჯანრი.

მოგზაურობა პურით და ხახვით

პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება 14 წლის ასაკში მიიღო. მოგზაურის ზურგჩანთა აიღო და სამოგზაუროდ მარტო წავიდა. ამ ნაბიჯმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა. პირველად კავკასია მოიარა. დიდი ხნის განმავლობაში მარტო დადიოდა. მთელი საბჭოთა კავშირის შემოვლა მოასწრო. შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირში, ბაიკალზე, ურალზე, შუა აზიაში და ბევრ სხვა ადგილას იყო. მერე მეგობრებიც შეუერთდნენ და მათთან ერთად დადიოდა.

– მოგზაურობის სურვილს ძალიან მარტივად ვახორციელებდით – 20-კაპიკიან შავ პურსა და ხახვს ავიღებდით და მივდიოდით. ხშირად მეკითხებიან სამოგზაურო თავგადასავლებზე, მაგრამ ამ დროს ისეთი არაფერი ხდება, ყველაფერი ჩვეულებრივადაა. ხშირად მოგზაურობებზე ზღაპრებს ყვებიან. სინამდვილეში კი ყველაფერი საკმაოდ მარტივია. მე ვწერდი და მოგზაურობა ამაში მეხმარებოდა, – ამბობდა მწერალი.

მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობაზე საუბარი არ უყვარდა, ერთ-ერთ ამბავს მაინც სიამოვნებით ყვებოდა:

– მე და ჩემი მეგობარი, კომპოზიტორი ანდრეი ვოლკონსკი, დაღესტანში ვმოგზაურობდით. იქიდან რომ დავბრუნდით, ბებიას ვთხოვე, თათრული ბიფშტექსი გაგვიკეთე-მეთქი. თავი მოგვწონდა, რომ თათრული ბიფშტექსი გვქონდა ნაჭამი. ბებიამ ყველაფრის მომზადება იცოდა. თხოვნა შემისრულა, ბაზარში წავიდა, ხორცი იყიდა, გაგვიკეთა და თვითონ სახლიდან წავიდა. გვითხრა, არ შემიძლია ვუყურო, ადამიანები უმ ხორცს როგორ ჭამენო. ძველად ხორცს ცხენის უნაგირის ქვეშ დებდნენ, მერე ცხენს გააჭენებდნენ, ხორცი იბეგვებოდა და ბიფშტექსს ასე ამზადებდნენ. მერე რესტორნებშიც დაიწყეს მომზადება და დელიკატესად ითვლებოდა.

დიდი ნახტომი – ემიგრაციაში წასვლა

ჯანრი კაშიას პირველი ცოლი ექიმი ლალი ართილაყვა გახლდათ. მამა 26 წლის ასაკში გახდა, ქალიშვილი, ნანა, შეეძინა.

– შვილი ცხოვრების ისარია. მამაშვილობა საოცარი ფენომენია. ცხოვრებას აზრი არ აქვს, თუ ისარი წინ არ გექაჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენი ღირებულებები შვილს გადასცე, აღზარდო, – გვეუბნებოდა ბატონი ჯანრი.

ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ იძულებული გახდა, ოჯახი, ყველაფერი დაეტოვებინა და საბჭოეთს გასცლოდა. საბჭოთა იდეოლოგიისთვის მისი თავისუფალი აზროვნება, ნაწერები მიუღებელი აღმოჩნდა.

– სხვებისთვის პრობლემები რომ ამერიდებინა, იძულებული გავხდი, აქაურობას გავცლოდი. ეს არ იყო საყვარელი ადამიანის მიტოვება. უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ მქონდა. იცით, რამდენი წიგნი მქონდა დაწერილი? იმ წიგნებისთვის კი 15 წელს იძლეოდნენ. ზოგმა თავისი ნაწერები კარიერის შესაქმნელად გამოიყენა. ვითომ საბჭოთა იდეოლოგიას ებრძოდნენ, პარალელურად კი მის დასაცავად ყველაფერს აკეთებდნენ. ჩემთვის ასეთი რამ მიუღებელი იყო. არ ვცდილობდი, ჩემი წიგნები დამებეჭდა. ვფიქრობდი, თუ საბჭოთა ცენზურას გაუძლებდა და დაბეჭდავდნენ, კარგი მწერალი არ ვიქნებოდი. ეს ჩემი პრინციპი იყო, თორემ 60-იანელები შესანიშნავად წერდნენ. მე ქართული პროზის სტანდარტებში არ ვჯდებოდი, – უყვებოდა “სარკეს” ჯანრი კაშია.

უცხოეთში წასვლა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ნახტომი იყო. გადაწყვეტილება მიიღო და ცხოვრება შეცვალა.

– არ უნდა დაიწყო ფიქრი, რა იქნება ან როგორი იქნება შენი ცხოვრება. უნდა გადახტე და მორჩა! ცხოვრება ნულიდან რამდენჯერმე დავიწყე: პირველად მაშინ, როცა საქართველოდან წავედი. წიგნების გარდა, არაფერი გამაჩნდა, ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო. მეორედ მაშინ, როცა 22-წლიანი განშორების შემდეგ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი…

რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესია, როცა ცხოვრებას თავიდან იწყებ. რომ მივდიოდი, დარწმუნებული ვიყავი, ეს დროებითი განშორება იყო. კიდეც ვთქვი, რამდენიმე წელში საბჭოთა კავშირის ნასახი არ იქნება-მეთქი. ჩემი სიტყვა ახდა, თუმცა ერთ რამეში შევცდი, ის ცნობიერებაში ისევ შემონახულია და საკმაოდ ძლიერადაც, – ამბობდა მწერალი.

ემიგრანტის დიდი სიყვარული

მომავალი მეუღლე, სალომე ზურაბიშვილი, ემიგრაციაში გაიცნო. ემიგრანტთა შთამომავალი ქალი ჯანრი კაშიას მისი წიგნებით იცნობდა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებში იყო ჩართული. დისიდენტები საქართველოდან მას თავიანთ ნაწერებს უგზავნიდნენ, ის კი თარგმნიდა და ევროპაში ავრცელებდა.

ჯანრი კაშიამ და სალომე ზურაბიშვილმა ხელი ბელგიაში, საფრანგეთის საკონსულოში მოაწერეს. პირველ შეხვედრას ბატონი ჯანრი ასე იხსენებდა:

“ჩემი და სალომეს ურთიერთობა საქართველოს სიყვარულით დაიწყო. პირველივე ნახვისას მომეწონა. შეუძლებელია, მწერლის თვალს ლამაზი ქალი შეუმჩნეველი დარჩეს. სალომეს თვალს ვერ ვაშორებდი. ჩვენი შეხვედრა მართლაც უფლის წყალობა იყო. სიყვარულთან ერთად საერთო ინტერესები გვქონდა – ორივე ვოცნებობდით, საქართველოს რამენაირად გამოვდგომოდით.

ერთად დავაარსეთ ქართულ-ევროპული ინსტიტუტი. ჟურნალი “ივერია” და სხვა გამოცემები გვქონდა. დღე არ ყოფილა, ჩვენს ქვეყანაზე რომ არ გვეფიქრა”.

,,ზვიად გამსახურდია მართალი იყო”

უცხოეთში ბატონი ჯანრისთვის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება საქართველოდან გადახვეწილ ადამიანებთან შეხვედრა იყო. მათი ბედი, ცხოვრება, სევდა ერთმანეთს ჰგავდა. ოცნებაც ერთნაირი ჰქონდათ – თავისუფალი საქართველო.

– ქართველ კაცს თავისუფლებისთვის ბრძოლა 1801 წლიდან არ შეუწყვეტია. რეჟიმის მსახურნიც კი პატრიოტები იყვნენ. ზვიად გამსახურდია ამბობდა, ნახევარი “კაგებე” ჩვენ გვიჭერს მხარსო. არ ვეთანხმებოდით, თუმცა ის მართალი იყო. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა საფრანგეთში 1924 წლის აჯანყებულებს შევხვდი. ბევრი მათგანი სწორედ შინსახკომელებმა გადაარჩინეს. საფრანგეთში აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ალიოშა აბაშიძე, გავიცანი. ის ქართველმა გამომძიებელმა დაიბარა და უთხრა, მე ახლა კარს ღიას დავტოვებ, აქედან რომ გახვალ, სტამბულში უნდა გაჩერდეო და გაუშვა. არადა მეორე დღეს აუცილებლად დახვრეტდნენ, – გვიყვებოდა ბატონი ჯანრი, რომლისთვისაც ცხოვრების ყველა ეპიზოდი მნიშვნელოვანი იყო, რომელიმეს გამოცალკევება არ სურდა. და მაინც:

– ერთს კი გულახდილად გეტყვით – ნამდვილი ბედნიერება ჯერ არ მწვევია. იმედი მაქვს, რომ ოდესმე მაინც მეწვევა. ეს ჩვენი ქვეყნის ბედნიერებაზეა დამოკიდებული. სხვა დანარჩენი ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობაა.