,,ჩემი დის ქორწილის დღეს მამა სახლიდან წავიდა”

,,ჩემი დის ქორწილის დღეს მამა სახლიდან წავიდა",,სარკე”

17 წლის გოგო ვარ. რამდენიმე დღის წინ მამა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა. უარი ვუთხარი. არ მომინდა მასთან ლაპარაკი. დედა მეუბნება, რომ უნდა შევხვდე და ურთიერთობა აღვადგინო, ბოლო-ბოლო ის მაინც გავიგო, რა უნდა ჩემგან. მე ფეხს ვითრევ, მგონია, რომ არ ვარ მზად მისი სახის სანახავად.

ასე იმიტომ გამამწარა, რომ ჩვენი ოჯახის უბედნიერეს დღეს წავიდა სახლიდან. ჩემი დის ქორწილი იყო. იმის ნაცვლად, რომ შვილისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე მიელოცა, საკურთხევლამდე მიეცილებინა, დაელოცა, აგინა, შეურაცხყოფა მიაყენა და პატარძალი ატირებული დატოვა.

ჩემს მშობლებს ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაეძაბათ. მანამდე საერთოდ არ ჩხუბობდნენ. ორ გოგოს მამა ხელისგულზე გვატარებდა. მერე კი შვილების მიმართაც აგრესიული გახდა. დედას უმიზეზოდ უშარდებოდა და ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა. საკმარისი იყო, დედის დასაცავად ერთი სიტყვა გვეთქვა, რომ მთელ ჯავრს მერე შვილებზე იყრიდა.

ამის მიზეზი დედაჩემის საფუძვლიანი ეჭვიანობა იყო. მამამ რაღაც საქმე წამოიწყო, ფული იშოვა და ამ ფულს ბონუსად მისი საყვარლებიც მოჰყვნენ. მამა თავს რომ ვერ იმართლებდა, დედაზე მიჰქონდა იერიში, ამცირებდა, აგინებდა. დედა შვილების გამო ყველაფერს ითმენდა. ელოდებოდა იმ დღეს, როცა მამაჩემი დადინჯდებოდა და დამშვიდდებოდა.

ჩემი და ძალიან ნიჭიერი გოგოა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა და უკვე სხვადასხვა პროექტებში იყო ჩართული. უნივერსიტეტში გაიცნო თავისნაირი ინტერესების მქონე ძალიან კარგი ბიჭი, ერთმანეთი შეუყვარდათ და ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს.

ქორწინების წინააღმდეგი არავინ იყო, რადგან საუკეთესო წყვილია. ორივე ოჯახმა დავიწყეთ მზადება. დედამ ქორწილის წინა დღეს სტუმრების სიაში აღმოაჩინა ქალი, რომელზეც ეჭვი ჰქონდა, რომ მამაჩემის საყვარელი იყო და კატეგორიულად მოსთხოვა, ის ქალი ქორწილში არ მოეყვანა. მამაჩემი გადაირია, შენ ვინ გეკითხება, ფული მე მაქვს გადახდილი და ვისაც მინდა, იმას დავპატიჟებო.

დედამ ამჯერად არ დაუთმო და სწორადაც მოიქცა. წარმოიდგინეთ, რამხელა სირცხვილი იქნებოდა, სტუმრები რომ ნახავდნენ, საყვარელიც იქ ჰყავდა და ცოლიც. ჩხუბი მეორე დღესაც გაგრძელდა. ჩემი დაც ჩაერთო და მოსთხოვა, რომ ის ქალი იქ არ ყოფილიყო. მამამ უსაშინლესი სიტყვები უთხრა, აგინა, შეურაცხყოფა მიაყენა და სახლიდან წავიდა.ყველაზე ბედნიერ დღეს ასეთ მდგომარეობაში დაგვტოვა. ჩემს დას სალონიდან ურეკავდნენ, გაგვიანდებაო, ის კი ვერ მიდიოდა, რადგან ტირილს ვერ იკავებდა, მთელი სახე დაუსივდა ტირილით. დედაჩემი ხომ საერთოდ საშინელ დღეში იყო. იძულებულები გავხდით, სასიძოსთან დაგვერეკა და ყველაფერი გვეთქვა.

მშობლებთან ერთად მოვიდა, დაგვამშვიდეს, მოგვეფერენ და თვითონ მოგვამზადეს. რობოტებივით ვიყავით, რასაც გვეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდით. მას შემდეგ სულ ერთად ვართ. ჩემი სიძის მამამ წარმოუდგენელი რაღაცები გაგვიკეთა, ოჯახის წევრებად მიგვიღო. მეუბნება, ჩემი შვილი ხარო. ყველანაირად გვეხმარება, თუმცა მისი დახმარებაც რომ არ გვქონდეს, არც ჩემი და და სიძე გვაკლებენ რამეს. ჩემი და მუშაობს, ძალიან მაღალი ხელფასი აქვს და ყველაფერს გვიკეთებს, რაც გვჭირდება. ასე რომ, მამისგან ერთი თეთრიც კი არ მჭირდება!

ქორწილზე ტყუილის მოფიქრება დაგვჭირდა, რომ სტუმრებისთვის აგვეხსნა, შვილის ქორწილს მამა რატომ არ ესწრებოდა. იმ დღეს სწორედ იმ ქალთან გადაბარგდა, ვისზეც დედაჩემი ეჭვიანობდა. იმ ქალის თავხედობაც წარმოიდგინეთ, რომ არ რცხვენოდა ჩვენთან მოსვლის.

სწორედ ამიტომ არის, რომ მამასთან შეხვედრა არ მინდა. რა უნდა მითხრას ან თავი რითი უნდა იმართლოს? არაფრის მოსმენა მსურს. მინდა, ყველაფერი ისე დარჩეს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ახლაა. არაფრის შეცვლა არ მინდა!

,,სარკის” ერთგული მკითხველი