,,ჭორებს ავყევი და შვილს გამოვუცხადე, რომ ამ გოგოს ცოლად მხოლოდ მაშინ მოიყვანდა, როცა მე მოვკვდებოდი”

,,ჭორებს ავყევი და შვილს გამოვუცხადე, რომ ამ გოგოს ცოლად მხოლოდ მაშინ მოიყვანდა, როცა მე მოვკვდებოდი",,სარკე”

ამ წერილს მათთვის ვწერ, ვინც სხვების ხმებს ყვებიან და ბოროტი ადამიანების გავლენის ქვეშ ექცევიან. სამწუხაროა, რომ მეც მათ რიცხვში აღმოვჩნდი და სარძლოს შეურაცხყოფას ვაყენებდი.

ორი ბიჭის დედა ვარ. უფროსი შვილი ისეთ ასაკში დაქორწინდა, აქეთ ვეხვეწებოდით, ცოლი მოიყვანეო. სამაგიეროდ, უმცროსმა დაგვაყენა ნაადრევ ასაკში ფაქტის წინაშე, გოგო მიყვარს, ცოლად უნდა მოვიყვანოო.

ვფიქრობდით, რომ საქორწინო ასაკი არ ჰქონდა და არც ისე იყო გზაზე დაყენებული, რომ ოჯახის მოკიდების დრო ჰქონდა. საშინლად არ მესიამოვნა და კიდევ უფრო გავმწარდი, როცა მის შეყვარებულზე ენები მომიტანეს, ასეთი და ისეთიაო.

ჩემი ხასიათი გაითვალისწინეს და ზუსტად ისეთი რაღაცები მითხრეს, რაც მე გადამრევდა. ჯერ ერთი, მომიყვნენ, რომ დედამისი ცუდ კაცზე იყო გათხოვილი და გოგოს არასასურველ გარემოში ზრდიდა. მეორეც, მითხრეს, რომ საშინელი ხასათის გოგო იყო და ვერავის ეგუებოდა. ისეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ, აქ ვერც დავწერ.

შვილს გამოვუცხადე, რომ ამ გოგოს ცოლად მხოლოდ მაშინ მოიყვანდა, როცა მე მოვკვდებოდი. ძალიან ეწყინა, მიპასუხა, ჯერ გაგეცნო და დასკვნები მერე გამოგეტანაო. რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ აზრი ვერ შევაცვლევინე.

შვილთან რომ ვერაფერს გავხდი, გოგოს და მის ოჯახს მივუვარდი. ისე ვიყავი ჭორებისგან გაბერილი, რომ ესეც კი ვიკადრე. ამ გოგომ მითხრა, მორჩა, დღეიდან შენი შვილის სახელის ხსენებაც არ მინდაო და პირობა მართლაც შეასრულა, ჩამოშორდა, მაგრამ ჩემმა ბიჭმა არ მოისვენა და მოიტაცა.

ახლა მადლობას ვეუბნები უფალს, რომ შვილმა არ დამიჯერა და ცოლად მაინც მოიყვანა. წლებია უკვე ჩემ გვერდით ცხოვრობს და იმ ჭორებიდან ერთიც არ გამართლდა.

რაც შეეხება ჩემს მძახალს, მისი ცხოვრების ამბავი უმძიმესია. ახალგაზრდა დაქვრივდა და ერთადერთი შვილი მარტომ გაზარდა. მერე მის ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, რომელთანაც ოჯახი შექმნა.

ჩემი რძლის მამობილი საოცარი ადამიანია. ისეთი განათლებულია, უნდა დადგე და უსმინო. ძალიან პატიოსანი კაცია, ერთ ზედმეტ სიტყვას არ იტყვის. ჩემს რძალზე დიდი ამაგი აქვს. შეუძლებელია, მის გვერდით იყო და ბევრი რამ არ ისწავლო. მიყვარს, როცა ჩემი შვილიშვილები ბებოსთან და ბაბუსთან მიდიან ხოლმე, რადგან იქიდან სულ სხვანაირები ბრუნდებიან. არ არსებობს, რამე არ ასწავლოს. არც ვიცი, ვის სჭირდებოდა მასზე ისეთი საზიზღარი ჭორების დაყრა.

ახლა ჩემს რძალზე გეტყვით. რაც ჩემს ოჯახშია, მისგან სიყვარულისა და პატივისცემის გარდა არაფერი გვიგრძვნია. მუდამ იმას ფიქრობს, რა გესიამოვნება. საუკეთესო ცოლი და დედაა. არ მახსოვს, ჩემთვის წამოეძახოს, შენ რომ მლანძღავდი და რძლად არ გინდოდიო.

ერთხელ მე წამოვიწყე ლაპარაკი, ბოდიშის მოხდა მინდოდა, მაგრამ გამაჩერა, არ მიცნობდი და შენს ადგილას მეც ასე ვილაპარაკებდიო. ხანდახან მივალ და ხელებს ვუკოცნი. ისიც გულიანად იცინის ხოლმე. არ ვიცი, რა გავუკეთო ისეთი, რითაც მოვინანიებ და იმ საშინელ სიტყვებს დავავიწყებ.

ყველას გირჩევთ, თუ ადამიანს ახლოს არ გაიცნობთ, ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ და ნურც ჭორებით შეიქმნით იმ პიროვნებაზე წარმოდგენას. ადრე მეც რომ ასე მეფიქრა, ამ სინანულს ავცდებოდი.

,,სარკის” ერთგული მკითხველი