,,ქმრის ოჯახს უნიფხვო რძალი შევრჩი ხელში”

,,ქმრის ოჯახს უნიფხვო რძალი შევრჩი ხელში",,სარკე”

ჩემს ცხოვრებაში სიყვარული მოულოდნელად მოვიდა. რატომღაც ამოვიჩემე, რომ უცხოეთში უნდა მესწავლა და ვაბარებდი და ვაბარებდი გამოცდებს, ბევრ ორგანიზაციაში გასაუბრებებზე დავდიოდი. სწორედ ასეთი შეხვედრის დროს ორგანიზაციის მომხიბვლელი ახალგაზრდა თანამშრომელი გავიცანი. გასაუბრებამ ძალიან ცუდად ჩაიარა. მე აღელვებული გამოვედი შენობიდან. ერთი სული მქონდა, თვალს როდის მივეფარებოდი, რომ გემრიელად მეღრიალა.

შენობის წინ, ეზოში, ის სიმპათიური ბიჭი დამხვდა, სიგარეტს ეწეოდა. ასეთი რომ დამინახა, სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა, ხომ არ მოწევო. უარი ვუთხარი, არ ვეწევი-მეთქი. ხელში ცხელი ყავა ეჭირა და ახლა ჭიქა გამომიწოდა, მე ჯერ ერთი ყლუპიც არ მომისვამს, ეს მაინც დალიეო. ამას რომ მეუბნებოდა, თან ისე იღიმოდა, უარი ვერ ვუთხარი, იქვე ბეტონის რაღაც ეგდო, დავჯექი, ჩანთაში კანფეტებიც მეგულებოდა, ისიც მოვჩხრიკე, გემრიელად მოვკალათდი და ყავის სმა დავიწყე.

ასე გავიცანით ერთმანეთი, რომ მე ვიყავი მე და ის – ის. მითხრა, ზუსტად 15 წუთში ჩემი სამუშაო მთავრდება, მანამდე ამ ყავასაც დალევ და ერთად გავიდეთ აქედანო. მეც დავეთანხმე. 15 წუთში მართლაც ერთად გავედით იმ ეზოდან, 20 წუთში კი უკვე ისე ვლაპარაკობდით, როგორც დიდი ხნის მეგობრები. სახლში ისეთი დამშვიდებული და ბედნიერი მივედი, საერთოდ აღარ მახსოვდა უშედეგო გასაუბრება. მაშინვე მეგობრებს ჩამოვურეკე, რომ უმაგრესი ბიჭი გავიცანი.

ასე მხიარულად გაგრძელდა ჩვენი შეხვედრები. ერთმანეთი შეგვიყვარდა. ერთ დღეს კი მითხრა, რომ მშობლებთან ერთად ჩემს სახლში მოვიდოდა ხელის სათხოვნელად.

მინდოდა, იმ დღეს ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი და მის მშობლებზე შთაბეჭდილება მომეხდინა. მამშვიდებდა, მე ვინც მიყვარს, ისინიც შეიყვარებენ, ასე ნუ განიცდიო, მაგრამ ქალს რა დააოკებს.

მოკლედ, ერთ დღესაც, ჩემდა ჭირად, წავედი ბაზრობაზე ქალის თეთრეულის საყიდლად. მოგეხსენებათ, ზოგიერთი გამყიდველი როგორი უხეშია და მეც ასეთი შემხვდა. ნუ, მინდოდა ტანგისმაგვარი რაღაც, ვფიქრობდი, რომ ესეც უნდა მქონოდა პატარძალს. ერთი შევათვალიერე, მაგრამ უკან დავაბრუნე, ვთქვი, რომ პატარა ზომის იყო.

ამის თქმა იყო და, გამყიდველი შეხტა-შემოპროწიალდა. ,,რაო, პატარაო?!” – თქვა და კინაღამ თავის მაგიდას თუ დახლს ზედ გადმოევლო. ეს ქალი ტანგით ხელში მომმვარდა, ერთი კარგად გაფარჩხა, გაწელა და ჯერ წინიდან ამაფარა – აბა, სად არის პატარაო. ისე უხერხულად ვიგრძენი თავი, ენა ჩამივარდა. უცებ კიდევ ერთი ნახტომი გააკეთა და ახლა უკნიდან ამაფარა – აბა, ეს არის პატარაო. მერე წინ დამიდგა და ისევ მაქსიმალურად წელავდა და მიხსნიდა, რომ ეს ასეთი ,,დგომის ტანგა” იყო.

ამასობაში ვიღაც კაცმა გამოიარა და შეგვიკურთხა, ფუ, ამის დედაო. ის ქალი ახლა მას გამოენთო, ვის აგინებო. იმანაც უკან არ დაიხია და თქვენო. შეყვნენ, შემოყვნენ და ბოლოს ამ კაცმა თქვა, მაგის ჩამცმელს უნიფხვო ქალი ჯობიაო. ახლა მეც გავბრაზდი და მივაძახე, შენს უნიფხვო ცოლს და შვილებს მიხედე-მეთქი და უცებ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ დავაყოლე – შენს უნიფხვო რძალსაც-მეთქი. ამ კაცმა ერთი ჩაიბურტყუნა, ღმერთმა მაშოროსო და წავიდა.

ნიშნობის დღეც მოვიდა. ძალიან აღელვებული ვდგავარ, რომ საქმროს და მის მშობლებს შევხვდე. უცებ იღება კარი და ვინ შემოდის? ის, ტანგიან ქალს უნიფხვო რომ ერჩივნა. ისე გავშრი, ისეთ დღეში ჩავვარდი, ვერ გადმოგცემთ. მერე მითხრეს, ჯერ გაფითრდი, მერე გაწითლდი, მერე გალურჯდიო. მართლაც საშინელი წამები იყო. ამ კაცმა ერთი შემათვალიერა, კარგად დამაკვირდა და რომ ატეხა ხარხარი, ყველანი გაშტერებული მივაჩერდით. კაცმა მუცელზე დაილაგა ხელები და ისე იცინოდა, სულს ვერ ითქვამდა.

ბოლოს დივანზე დაჯდა, ვაიმე, წყალი დამალევინეთო. ცოლი მივარდა, რას გვარცხვენ ამ ახალ ოჯახში, რა ჭირი გეტაკაო. ამ კაცმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ უთხრა, ტანგიან ქალზე და გამყიდველზე რომ გიყვებოდი, ის გოგოაო. ახლა ამ ქალმა წაივლო მუცელზე ხელები და ახარხარდა. მოგეხსენებათ, სიცილი როგორი გადამდებია, ყველა არანორმალურად ატკარცალდა, თან იძახდნენ, რა ტანგა, რა ნიფხავი, ჩვენც გაგვაგებინეთო.

რაც იმ საღამოს ჩვენს სახლში ხდებოდა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ! ბოლოს ყველას მოვუყევით, რაც მოხდა ბაზრობაზე. თურმე კაცი ნიშნობის დღისთვის პერანგს ეძებდა და ამ დროს მე შევეჩეხე პირდაპირ. ჩემს დედამთილ-მამამთილს საოცარი იუმორი აღმოაჩნდათ. ჩემს მშობლებს და ახლობლებს რამდენიმე წუთში შეაყვარეს თავი. შობისთვის უკვე მათი რძალი ვიყავი, რადგან ქორწილის გაჭიანურება აღარ უნდოდათ. მათ სახლში რომ შევედი, მამამთილმა გულში ჩამიკრა და მითხრა, ჩემს ბედს რა ვუთხარი, თითქმის უნიფხვო ქალი შემრჩა ხელშიო.

უკვე ორსულად ვარ, ბიჭუნას ველოდებით და ვერ წარმოიდგენთ, ჩვენს ოჯახში რამხელა ბედნიერებაა! როგორც იტყვიან, ცივ ნიავს არ მაკარებენ. ძალიან მინდა, ოჯახში თქვენც დიდი ბედნიერება გქონდეთ!

,,სარკის” მკითხველი