,,მეგობარმა ჩემი ოთახის ფოტო სოციალურ ქსელში დაუკითხავად გამოაქვეყნა”

,,მეგობარმა ჩემი ოთახის ფოტო სოციალურ ქსელში დაუკითხავად გამოაქვეყნა",,სარკე”

გამარჯობა! ამ წერილს 16 წლის გოგო გწერთ და მინდა, ყველა ჩემს თანატოლს მივმართო, რომ გულუბრყვილოები არ იყვნენ. მე გულუბრყვილობას ვიჩენდი ყველასთან ურთიერთობაში, ვენდობოდი და მეგონა, ცუდს არავინ გამიკეთებდა. თურმე ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც დედა მეუბნებოდა. პატარაობიდან ჩამჩინებდა, ყველა ისეთი არ არის, როგორიც შენ გგონია, ზედმეტად არავის ენდოო. მე კი ვერ წარმომედგინა, ადამიანს თუკი ბოროტებას არ გაუკეთებ, თვითონ რატომ მოგექცევა ბოროტად.

მყავს დაქალი, რომელიც პატარაობიდან შევიყვარე. ის ახლაც მიყვარს, მაგრამ უკვე 100 პროცენტით ვეღარ ვენდობი. ბოლო ერთ წელში ძალიან დაუახლოვდა გოგოს, რომელიც მისგან გავიცანი. რადგან დაქალის მეგობარი იყო, მეც დავუმეგობრდი. არ მიფიქრია, რომ მისთვის გამოცდები მომეწყო. რადგან ჩემს დაქალს უყვარდა, მეც მივიღე და სახლშიც მოვიპატიჟე.

თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო. ჩემ მიმართ სულ დადებითად იყო განწყობილი, მეგონა, რომ ერთგული ადამიანი იყო, მაგრამ ისეთი ბოროტი აღმოჩნდა… ცოტა ხნის წინ ჩემს სახლში მოვიდა. ჩვენი საერთო დაქალიც თან ახლდა. ჩემს ოთახში შევიყვანე, რადგან მისაღებში სტუმრები იყვნენ. ოთახიდან გამოვედი, რომ ყავა მომედუღებინა და მეგობრებისთვის ტკბილეულთან ერთად მიმერთმია. სწორედ ამ დროს იმ გოგომ დრო იხელთა და ჩემი ოთახის ფოტო გადაიღო, სადაც ერთ-ერთი მომღერლის ფოტოს პლაკატია გაკრული.

ჯერ ჩუმად გადაღება რა უმსგავსობაა და მერე იმასაც რომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებ, სიტყვებით – “ვაიმეე, რეებს და ვის უსმენს ხალხიიი!”. ეს ფოტო ჩემგან დამალული ჰქონდა, მაგრამ ვინც კი ერთხელ მაინც ყოფილა ჩემს ოთახში, ყველამ იცნო და ფოტოები გამომიგზავნეს. თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ასეთ რამეს ვკითხულობდი და ვხედავდი. დაქალს დავურეკე, ეს რა არის-მეთქი და მითხრა, არაფერი ვიციო. ვუპასუხე, რომ უარყოფას აზრი არ ჰქონდა, რადგან იქ იყო, როცა ფოტოს იღებდა და ჩემი მეგობარი თუ იყო, უნდა დაეშალა, ამის უფლება არ უნდა მიეცა.

პასუხი იმ გოგოსაც მოვთხოვე და თავი იმართლა, ხომ არ მიმითითებია, რომ შენი ოთახია და რა პრობლემა გაქვსო. ვითომ ვერ მიხვდა, რა გაიძვერულად მოიქცა და თურმე რატომ ვნერვიულობდი. აი, ეგეთი ბრიყვიც აღარ ვარ, რომ ვერ მივმხვდარიყავი, რაც ედო გულში. ჩემი დაცინვა და საქვეყნოდ თავის მოჭრა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ჩემმა ნაცნობებმა დაუწერეს, მაგ კარგი გოგოსგან ბევრი რამის სწავლა შეგიძლია, მათ შორის – კარგი მუსიკის ცუდისგან გარჩევაო.

თავის გასამართლებელი არაფერი მჭირს. ჩემს ოთახში, რაც მინდა, იმას გავაკრავ, მაგრამ მაინც ავხსნი ამ პლაკატის ისტორიას. მე არ გამიკრავს, ჩემი დის არის და რამდენიმე წლის წინ მან გააკრა. მერე კი ვიფიქრეთ ჩამოხსნაზე, მაგრამ იმ ადგილას შპალერი იმდენად სხვა ფერი აღმოჩნდა, იმდენად კონტრასტული იყო, შევეშვით. თან მხიარულ ხასიათზე აყენებს ჩემს დას, იცინის ხოლმე, რა დრო იყო, ამას რომ ვუსმენდიო. დღესაც რომ ვუსმენდე, რა მერე?! ვის აქვს უფლება, საქვეყნოდ დამცინოს და ჩემი ოთახის ფოტო უკითხავად გამომიქვეყნოს?! თურმე ფრთხილად უნდა ვიყოთ ადამიანებთან ურთიერთობაში და არ ღირს, ჩვენს პირად სივრცეში ყველა შევუშვათ.

,,სარკის” ერთგული მკითხველი