,,მამამ იმის გამო მცემა, რომ საგვარეულო შეკრებაზე არ გავყევი”

,,მამამ იმის გამო მცემა, რომ საგვარეულო შეკრებაზე არ გავყევი",,სარკე”

ამ ქვეყანაში გოგოდ დაბადებაც შარია და ბიჭადაც. ვერ გაიგებ, როგორ უნდა მოიქცე, ვის რა ესიამოვნება.15 წლის ბიჭი ვარ. დები ასაკით ჩემზე უფროსები არიან. როგორც მიყვებიან, მამაჩემი სულ ბიჭზე ოცნებობდა და მეორეც რომ გოგო ეყოლა, ნამდვილი გლოვა ჰქონდა. დედა იხსენებს ხოლმე, ჩემი ერთადერთი ნატვრა ბიჭის გაჩენა იყოო. ახლა ჩემი დები ეუბნებიან მამას, რომელი მეფე შენ იყავი, რომ გვარის გამგრძელებელსა და მემკვიდრეზე ოცნებობდიო. მამა ვერაფერს პასუხობს, რადგან, მგონი, ვერ გავუმართლე იმედები, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობს.

ოჯახში სიყვარული არ მომკლებია და არც ახლა მაკლია, მაგრამ არ მომწონს, ყოველთვის იმას რომ უსვამენ ხაზს, ბიჭი რადგან ვარ, ჩემს დებზე მეტი მომეთხოვება. მამას ან ბაბუას მანქანა თუ გაუფუჭდება, პროფილაქტიკაში უნდა გავყვე და, მათი აზრით, 15 წლის ბიჭმა ავტომობილის მართვაც სასწაულად უნდა ვიცოდე. იმასაც კი მთხოვდნენ, რომ, მაგალითად, ქათამი ან სხვა რაღაცები მე დამეკლა სახლში, მაგრამ სასტიკი უარი ვთქვი. საერთოდ არ შევჭამ და ქათამს მაინც არ დავკლავ! არც ეს სიამოვნებთ. მიმითითებენ ხოლმე, აგერ შენი მეზობლის ბიჭები ცოცხლად გაატყავებენ საქონელსო. ისევ მათ ატყაონ, მე არ შემიძლია და არც ცხოველების დაკვლა მგონია ვაჟკაცობა!

ამ ყველაფერს ვუძლებ და როგორღაც თავიდან ვიშორებ ხოლმე მამის და ბაბუის არასწორ მოთხოვნებს, მაგრამ რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, იმის ,,გადახარშვა” ძალიან მიჭირს. გვარების დალოცვის რიტუალებს რომ ატარებენ, ალბათ ეს თქვენც იცით. ძალიან კარგი, ვისაც ეს მოსწონს და ეხალისება, მაგრამ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა არ მიყვარს.

რამდენიმე ხნის წინ მამამ მითხრა, ჩვენი გვარის დალოცვაა და გვარის შეკრებაზე შენც უნდა წამოხვიდეო. ეკლესიაში კი ვაპირებდი წასვლას, მაგრამ მერე მოაყოლა, რომ იქიდან რესტორანში წავიდოდით და სუფრასთან უცნობ მოგვარეებს გავიცნობდით. ეს რომ თქვა, შევთავაზე, მე მხოლოდ ეკლესიაში წამოვალ-მეთქი, მაგრამ გამომიცხადა, სუფრასთანაც უნდა დაჯდეო. უარი ვუთხარი და საერთოდ არსად გავყევი. ბაბუაც გამებუტა, თავისი ოთახიდან აღარ გამოვიდა.

მამა გვიან მოვიდა სახლში. ძალიან მთვრალი იყო. ოთახში რომ შემოვიდა, მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და სახეში გამარტყა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, ძირს დავეცი. მამამ კი წიხლიც ჩამაზილა, თან მაგინებდა, შენს გაჩენას კიდევ ათი გოგო მყოლოდა, ის მერჩივნაო.

მამას ხელს ხომ არ შევუბრუნებდი?! მაგდენი კაცობა კი მაქვს, მაგრამ ამის მოთმენა იმდენად აუტანელი იყო, კინაღამ ხელები დავიკვნიტე სიმწრით. მამა ყვიროდა, ყველა ჩემს მოგვარეს ბიჭები ახლდნენ, ყველანი ნამდვილი ვაჟკაცები იყვნენ და მე ეს ქალაჩუნა რანაირად გამიჩნდაო. ბაბუაჩემმა მიაძახა, შენი ცოლის ბრალია, კალთას გამოკიდებული რომ გაზარდაო.

არ ვიცი, ამ ადამიანებს როგორ უნდა დავუმტკიცო, რომ ვაჟკაცობა სხვა რაღაცებით გამოიხატება. ასეთ ოჯახში როგორ ვიცხოვრო?! ჩვენი აზრები საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს. ძალიან მიჭირს ასეთ გარემოში ცხოვრება, არც სიყვარული მინდა ასეთი და არც არაფერი!

,,სარკის” მკითხველი