ლევან ფანცხავა: ,,სიყვარულმა ბევრი საუკეთესო დღე მომიტანა… დღემდე მერიდება ამის გამო”

ლევან ფანცხავა: ,,სიყვარულმა ბევრი საუკეთესო დღე მომიტანა... დღემდე მერიდება ამის გამო",,სარკე”, ნანა კუკულავა

,,თეთრი ხიდი ვეღარ უძლებს ნაბიჯების ათვლას, თეთრი ქვები პოეზიის საღამოებს მართავს” – ჟურნალისტ ლევან ფანცხავასთვის თავისი ლექსიდან ამ სტრიქონების ხილვა ქუთაისის თეთრ ხიდზე დიდი მოულოდნელობა იყო. პოეზია მისი სულიერი საზრდოა, ამის გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებს. ოცნებობს მსახიობობაზე, ფილმში გადაღებაზე, ჯერჯერობით კი მისი ,,სცენა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ია, სადაც ის ჟურნალისტად მუშაობს და სხვადასხვა მოვლენებს აშუქებს.

ლევანი წყალტუბოელია. სანამ ტელევიზიაში მოხვდებოდა, იყო პრესა და რადიო. ძალიან აქტიურია, უყვარს მეგობრები, კულინარია, გრძნობებში ჩაძირვა, ყველაზე დიდ ბედნიერებას კი ერთადერთი რამ ანიჭებს – თავისუფლება. აქტიური, მიზანდასახული ტელეჟურნალისტის შინაგან სამყაროს ,,სარკე” უფრო ახლოს გაეცნობით.

ლევან ფანცხავა: კურიერში” მისვლამდე ძალიან დიდი გზა გავიარე, რთულიც და საინტერესოც. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, თბილისში, სადაც ბინა მქონდა ნაქირავები, ტელეკომპანიის შენობა ჩემს სახლთან ახლოს იყო. როცა ჩავუვლიდი, ყოველთვის ვფიქრობდი, ჟურნალისტიკაზე კი ვსწავლობ, მაგრამ რამდენად რეალურია, რომ ერთ დღეს მეც ამ არხზე ვიმუშაო-მეთქი. ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს თავს, რომ შეუძლებელი არაფერია და ეს მეტ სტიმულს მაძლევდა. იმ პერიოდიდან 12 წელი გავიდა, როცა მეც გავხდი “რუსთავი 2″-ის თანამშრომელი.

მანამდე იყო ქუთაისის გაზეთი ,,პოსტ სკრიპტუმი”, რადიო “ძველი ქალაქი”,  ტელეკომპანია ,,იბერია” და სააგენტო ,,აიპრესი”… ძალიან რთული გზა იყო. ხშირად, სამსახურში რომ წავსულიყავი, იმის საშუალებაც არ მქონდა, მცირე ხელფასი მგზავრობისთვისაც არ იყო საკმარისი. ჩემი ოჯახი ყველაფერს აკეთებდა, რომ არ დავნებებულიყავი, ხელი არ ჩამექნია და მიზნისკენ მევლო. მგონი, გამოვიდა და ამიტომ ვამბობ, ადრე თუ გვიან, რაც გულით გინდა, გამოვა, თან აუცილებლად, თუ მოინდომებ, თუ ბევრჯერ წაქცეული ისევ ადგები და გზას განაგრძობ.

– რა მოგცათ ამ პროფესიამ, ღირდა წვალებად?

უკვე ეს პროფესია მთელი ცხოვრებაა. დღეს რაც ვარ, როგორიც ვარ, ალბათ ამ პროფესიის დამსახურებაა.

– რომ არა ტელევიზია, სად იქნებოდით?

– ყველა ვარიანტში მსახიობი ვიქნებოდი. ბავშვობიდან სულ ამ დილემის წინაშე ვიდექი, ჟურნალისტიკა თუ თეატრალური. ბავშვობაში როცა ვუყურებდი მსახიობებს საყვარელი ფილმებიდან, მეც მინდოდა, რომ სხვებისთვის კინოს საყვარელი გმირი ვყოფილიყავი. არც ახლაა გვიან, როგორც გითხარით, მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა.

– ,,რიონის პირს დასეირნობს დასავლეთის ქარი,

მე იქ მივალ, მე იქ მივალ, გვიან ღამით, მთვრალი

და მთვარესაც მოვუყვები, ანარეკლის ფონზე,

მოვუყვები სულისა და ქვის სხეულის ომზე,

თეთრ ხიდზე კი სულს გადავფენ,

ვიტყვი სიტყვას მართალს,

თეთრი ქვები პოეზიის საღამოებს მართავს…”

ამ ლექსიდან ფრაზაა ამოტვიფრული ქუთაისში, ისტორიულ თეთრ ხიდზე. როგორი იყო ემოცია, როცა გაიგეთ, რომ ცნობილი პოეტების ლექსებთან ერთად თქვენი სტრიქონებიც ეწერა იქ?

– დღემდე მერიდება ამის გამო. როცა თეთრ ხიდზე გადავდივარ, თუ მარტო ვარ, ლექსს უბრალოდ დავხედავ და გავივლი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, შენი სახელი და გვარი ისტორიულ ხიდზე ეწეროს. ამავდროულად, არის დიდი სიხარულიც. როცა კონკურსი გამოცხადდა, რომ უნდა შეერჩიათ ფრაზები, რომლებსაც თეთრ ხიდზე ამოტვიფრავდნენ, ჩემთვის უცნობმა ადამიანმა სწორედ ჩემი ლექსი გაგზავნა. მერე, რა თქმა უნდა, გავიცანი ეს ადამიანი და ყოველთვის მადლობას ვეტყვი.

საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ხიდზე ჩემი ლექსიც იქნებოდა, გავიგე მაშინ, როცა ხიდის რეაბილიტაციის პროცესი სრულდებოდა და ლექსი უკვე განთავსებული იყო.

– პოეტი და ადამიანი, ვინც პოეზიის სამყაროში ცხოვრობს, სულ შეყვარებულია. ალბათ თქვენთვისაც ნაცნობია ეს გრძნობა.

– დღეს შეყვარებული არ ვარ. ზოგადად სიყვარული მიყვარს, რადგან ბევრი საუკეთესო დღე მომიტანა ამ გრძნობამ. არც კრიტერიუმები მაქვს, რის მიხედვითაც გოგო მომეწონება. მთავარია, იგრძნო, რომ ის ადამიანია, რომელიც გჭირდება და სჭირდები. შეიძლება, ხვალ რომ ჩაგვეწერა ეს ინტერვიუ, სხვანაირი პასუხი გამეცა, რადგან არავინ ვიცით, ეს გრძნობა როდის მოვა, შეიძლება ეს იყოს ხვალ, ზეგ ან ერთ წელიწადში.

– თქვენი აზრით, როგორი სასიძო ხართ?

– უპრეტენზიო. თუ ადამიანთან ვარ, ვარ ის, ვინც ვარ. აქედან გამომდინარე, ამ კითხვაზე უკეთ გიპასუხებთ ის, ვინც ჩემ გვერდით იქნება მომავალში.

– ამბობენ, რომ კარგი კულინარიც ხართ. ხშირად ამზადებთ კერძებს?

– კი, ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ ყველა კერძი გემრიელი გამომდის. ამიტომაც ვიკრიბებით ხშირად ჩემთან და გემრიელი კერძების მომზადებას საკუთარ თავზე ვიღებ. თუ მეგობართან ვარ სტუმრად, ამ შემთხვევაშიც ურჩევნიათ, სამზარეულოში მე შემიშვან.