,,გულის გადანერგვის მოლოდინში, დონორის მოლოდინში, თანხის მოლოდინში დაიღალა და გარდაიცვალა” – ერლომ ახვლედიანის ვაჟის სიკვდილი არ გვეპატიება

,,გულის გადანერგვის მოლოდინში, დონორის მოლოდინში, თანხის მოლოდინში დაიღალა და გარდაიცვალა" - ერლომ ახვლედიანის ვაჟის სიკვდილი არ გვეპატიება,,სარკე”

,,ბაქარის გულშემატკივრებო, დრო აღარ გვაქვს. როგორც გუშინ კლინიკაში გვითხრეს, სულ რამდენიმე დღეში უნდა გადაინერგოს გული, თორემ მერე გვიანი იქნება. წინასწარი კალკულაციით საჭიროა 100 000 დოლარი. თქვენი დახმარების იმედი გვაქვს რჩევით, ფულით, გაზიარებით… ვისაც რითი შეგიძლიათ”, – ეს სასოწარკვეთილი პოსტი გასული წლის დასასრულს დაიდო სოციალურ ქსელში 34 წლის ბაქარ ახვლედიანის გადასარჩენად. დრო მართლაც აღარ ჰქონდა, მაგრამ განგაშის ზარი ვერ მისწვდა მთელ საქართველოს, რომ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე გადარჩენილიყო. ბაქარი 22 დეკემბერს გარდაიცვალა.

ტრაგედიას ისიც ამწვავებს, რომ ბაქარი მწერალ ერლომ ახვლედიანის ერთადერთი ვაჟი გახლდათ და გაწუხებს კითხვა, საქართველოს გამორჩეული მწერლის შვილის გადასარჩენად ქვეყანამ 100 ათასი დოლარი როგორ ვერ გამონახა…

,,გულის გადანერგვის მოლოდინში, დონორის მოლოდინში, საოპერაციო თანხის შეგროვების მოლოდინში… დაიღალა და გარდაიცვალა… ბაქარი ჩემი შვილის ნათლია იყო, არის და იქნება.

ერლომი რომ ჰყავდა მამად, ახვლედიანი, ის ბიჭი იყო ბაქარი, ჩემთვის ძალიან რთულ მომენტში რომ თავისი ანცობით მაცინებდა, ის ბიჭი იყო. მერე ცხოვრება ისე წავიდა, როგორც სჩვევია, გიჟური რიტმით… გაუსაძლისად რთულად, თვალის დახუჭვამდე მისული სასოწარკვეთით… ასე გავიდა ორი ათწლეული. შიგადაშიგ ვეხმიანებოდით, იშვიათად… მერე გულის პრობლემები დაეწყო. რა დროს შენი გულია-მეთქი, ბიჭო, არც მიმიღია სერიოზულად. “რუსთავი 2”-ის ოპერატორი იყო და კამერის თრევამ ხო არ დაგიმძიმა-მეთქი, გავეხუმრე…

ჯანდაბა!.. არ ვიცი, რატომ ვწერ, ვისთვის, შენ ხომ აღარ ხარ, “ბაქიბუქა”? როდის გაიზარდე, ბიჭო! როდის დაკაცდი? მე ისევ ისეთს გხედავ, ტაბიძიდან “მზიურამდე” მორბენალს, ხუმარას, უცელქესს, შე გაბურძგნულო! შევხვდებით… იმედია, უკეთეს სამყაროში”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფიქრია ყაზაიშვილმა.

“მისი სიკვდილი არ გვეპატიება არც ერთ ტელევიზიაში მომუშავეს. ხალხნო, რა პატარა მახსოვრობა გაქვთ?! 2009 წელს ერთ-ერთი ყველაზე ოპოზიციური არხის პროდიუსერი სახელმწიფოს ჩარევით გადაურჩა სიკვდილს, გოგი გეგეშიძემ გადაგვირჩინა ერთი რიგითი ჟურნალსტი, გვარამიამ გადაარჩინა კიდევ ერთი წარმატებული ჟურნალისტი, ნუ, დიტო ცინცაძეზე არაფერს ვიტყვი. მოკლედ, ეს ბიჭი არ უნდა მომკვდარიყო!” – დაწერა ბაქარის კოლეგა სოსო წიკლაურმა “ფეისბუქში”.

“ორი მილიონი ხმა შედის რაღაც გაურკვეველ პროექტებში, პარალელურად კი სადღაც ვიღაც სიცოცხლეს ნატრობს, სიკვდილს ებრძვის! ეს არის ამ ქვეყნის ტრაგიზმი და უბედურება!” – წერს “ალექსანდრეს ბლოგი” სოციალურ ქსელში.

ბაქარი ბოლო პერიოდში მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. ბოლომდე არსებობდა იმედი, რომ საჭირო თანხა გამოიძებნებოდა, მაგრამ…

“ბაქარს გული გაუჩერდაო. არ ვიცი, რანაირად გაჩერდა ასეთი კეთილი გული… ბაქარი რამდენიმე წლის წინ გავიცანი, როდესაც მამამისზე, გენიალურ სცენარისტსა და მწერალზე, ერლომ ახვლედიანზე, სტატიას ვამზადებდი. ერთმანეთს მის სამსახურში, “რუსთავი 2”-ში შევხვდით. გამიჭირდა ინტერვიუს წარმართვა. ბაქარი თავმდაბალი იყო. იცოდა, რა დიდი პიროვნების შვილი იყო, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა.

საბოლოოდ, სტატია დაიბეჭდა “სარკეში”. მახსოვს, დამირეკა და მადლობა გადამიხადა, არ მეგონა, ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა, მე იმდენად ცუდი მოსაუბრე ვარ, შენ კი ეს ჩემი საუბარი ერთ ლამაზ ამბად აქციეო.

შემდეგ ბაქარს რამდენჯერმე შევხვდი სამსახურებრივად გადაღებებზე, ანონსებზე. ის თავის საქმეს ასრულებდა, მე – ჩემსას და სულ ვფიქრობდი, როგორი უბრალო ადამიანია-მეთქი. ერთი თვის წინ მისი “ფეისბუქიდან” გავიგე, რომ გული გაუჩერდა და სიცოცლისთვის იბრძოდა. მეგონა, გადარჩებოდა, რადგან უსამართლობაა, ახალგაზრდა, კეთილ, თავმდაბალ, შრომისმოყვარე, მეოჯახე ადამიანს გული უჩერდებოდეს.

ალბათ იქ, ზეცაში მამა სევდიანი თვალებით დახვდა დიდი ხნის მონატრებულ შვილს… ღმერთს ებარებოდე, კარგო ადამიანო!” – დაწერა ჟურნალ “სარკის” ყოფილმა ჟურნალისტმა, თეონა კენჭიაშვილმა “ფეისბუქში”.

,,მამა თავისი სცენარით გადაღებული ფილმებიდან განსაკუთრებით გამოარჩევდა “არასერიოზულ კაცს” და “ფიროსმანს”. “არასერიოზული კაცი” ჩემთვისაც გამორჩეული ფილმია. მთავარი გმირის ამბავი ძალიან ჰგავდა ჩემს ცხოვრებას. ეს სცენარი მამამ ჩემს დაბადებამდე დაწერა, მაგრამ სულ ამბობდა, წინასწარ დავწერე შენზეო.

მართლაც, ბოლო წლებში ჩვენი ურთიერთობა თითქოს ასეთი იყო. მე ახალგაზრდული გატაცებები მქონდა და მისი არ მესმოდა. როცა გავაბრაზებდი, მეტყოდა, “არასერიოზული კაცის” გმირი შენ გგავსო”, – ყვებოდა ბაქარი ,,სარკესთან”.

ბაქარი 5 წლის იყო, როცა დედა მოუკლეს. იმ საბედისწერო დღეს თურმე ბაქარი დედას ეხვეწებოდა, არ წასულიყო. მის მეხსიერებაში ეს ეპიზოდი ძალიან მძაფრად იყო აღბეჭდილი.

– მამას პირველი ოჯახი დაენგრა. მიზეზი არასდროს მიკითხავს. მამაჩემის მხრიდან მყავს ნახევარდა – ანუკა ახვლედიანი. ჩემზე 17 წლით უფროსია. სამწუხაროდ, ის გონებაშეზღუდულია და მუდამ სახლშია. იშვიათად ვახერხებ მის მონახულებას, მაგრამ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის მარტო დარჩა, რამდენიმე წლის წინ დედაც გარდაეცვალა და მომვლელი პატრონობს. თავისი მდგომარეობის გამო მუშაობაც არ შეუძლია.

მამაჩემი 53 წლის იყო, როდესაც მეორედ დაოჯახდა. ერთ წელიწადში მე გავჩნდი. დედაჩემი მარინა თურმანიძე გახლდათ. ხელოვნებათმცოდნე იყო. თავისი პროფესიით მუშაობდა, სამსახურიდან საზღვარგარეთ დადიოდა, მაგრამ მე ეს ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს.

5 წლის ვიყავი, როდესაც დედა მომიკლეს. 1992 წელს ის ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა. ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იყო და შემთხვევითი ტყვია მოხვდა. სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ჩემთვის არავის არაფერი მოუყოლია და არც მინდა, რომ ვიცოდე…

მისი გარდაცვალების დღე კი კარგად მახსოვს, დედა სტუმრად რომ მიდიოდა, მოვეხვიე და ვეხვეწებოდი, არ წასულიყო. მამა ჩემთან დარჩა, დედა კი წავიდა და წავიდა… მას მერე ბებია (დედის დედა) და ბიძა მზრდიდნენ.

მამას ყოველდღე ვნახულობდი, სკოლაში მივყავდი, მპატრონობდა, როგორც შეეძლო. 13 წლის რომ გავხდი, სახლში გამოვაცხადე, მამასთან მინდა-მეთქი და საცხოვრებლად მასთან გადავედი. მაშინ ფინანსურად უჭირდა და წვალებ-წვალებით გამზარდა. ასაკში გაჩენილი შვილი ვიყავი და ამიტომ განსაკუთრებით ვუყვარდი. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 54 წელი იყო.

მამასთან რომ გადავედი საცხოვრებლად და მისი შესანახი გავხდი, სამსახურის ძებნა დაიწყო. “დილის გაზეთში” სტატიებს აქვეყნებდა. მერე იქიდანაც წამოვიდა და უმეტესად სახლში იჯდა. ბოლო წლებში რამდენიმე ფილმზე კი იმუშავა, მაგრამ უმეტესად უმუშევარი იყო, ამიტომ სულ წერდა…

მამას ყველგან თან დავყავდი. მახსოვს, ქუჩაში მასთან ერთად სიარული რა დამღლელი იყო. ყველას გამარჯობას ეუბნებოდა და თითოეულს მოიკითხავდა ხოლმე. მე აქედან ვექაჩებოდი, მამა, წავიდეთ-მეთქი. ის კი იდგა და თბილად ელაპარაკებოდა თანამოსაუბრეს. მიკვირდა, ყველა შემხვედრს საიდან იცნობდა, – ყვებოდა ბაქარი “სარკესთან”.

ერლომ ახვლედიანი და მისი შვილი ძალიან მორწმუნეები იყვნენ. მწერალმა შვილს წმინდანის სახელი შეურჩია. მწერალი სიცოცხლის ბოლოს წოდორეთში, მამათა მონასტერში იყო და ბერულ ცხოვრებას ეწეოდა. სწორედ იქ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ლოგინად ჩავარდნილ მამას ვაჟი უვლიდა.

ბაქარი “სარკესთან” იხსენებდა:

– სახელი მამამ დამარქვა. 7 მარტს დავიბადე და ამ დღეს ცხრა ძმა კოლაელთა ხსენებაა. ერთ-ერთ ძმას ბაქარი ერქვა და ამიტომ დამარქვა ეს სახელი. მამა ეკლესიაში სულ დადიოდა და მეც თან მივყავდი. ერთ ჯიბეში ხურდებს იყრიდა და ამბობდა, ეს ეკლესიის ფულიაო. გზადაგზა ყველა მათხოვარს ეხმარებოდა.

ხშირად ყოფილა შემთხვევა, ეკლესიიდან გამოსულს მითქვამს, მამა, ნაყინი ან შოკოლადი მიყიდე-მეთქი. ის მპასუხობდა, ფული არ მაქვსო. ამ დროს ვიღაც მათხოვარს დაინახავდა და ფულს მისცემდა. ამაზე ვბაზრდებოდი, მათხოვრისთვის თუ გაქვს, ჩემთვის როგორ არ გაქვს-მეთქი. მამა მშვიდად მიხსნიდა, შვილო, იმას უჭირს და იმიტომ ვაძლევ ფულს, შენ არ გიჭირსო…

სიცოცხლის ბოლოს წოდორეთში, მამათა მონასტერში იყო წასული. დაახლოებით 10 თვის განმავლობაში იქ იყო. ბერულ ცხოვრებას ეწეოდა, სასულიერო პირებს ეხმარებოდა… მამა წელიწადზე მეტ ხანს იყო ლოგინად ჩავარდნილი. ვიცოდი, როდის რა უნდოდა და უსიტყვოდ ვუგებდი.

78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2012 წლის 20 მარტს წავიდა ამქვეყნიდან. გარდაცვალებამდე წინათგრძნობა ჰქონდა თუ არა, ვერ გეტყვით, რადგან ვეღარ ლაპარაკობდა, მაგრამ ბოლო თვეებში განსაკუთრებულად სევდიანი თვალებით გვიყურებდა…