,,დაქალმა თავის ქმარზე დამაქორწინა”

,,დაქალმა თავის ქმარზე დამაქორწინა",,სარკე”

ახლა ისეთ რაღაცას მოგიყვებით, რომლის მსგავსი ამბავი ალბათ ფილმებშიც არ გინახავთ. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს ამხელა ფანტაზია ექნებოდა და იმას შეძლებდა, რაც ჩემმა დაქალმა გააკეთა – მან თავის ქმარზე დამაქორწინა.

გაუგებარია, რაც დავწერე, არა? კი, დღემდე გაუგებრობაში ვარ, მაგრამ თანდათან ვპოულობ აბურდული ძაფის წვერს, რომ ეს რებუსი ამოვხსნა. უკვე ვიცი, რომ დაქალმა ხაფანგი დამიგო და შიგ მომამწყვდია, მაგრამ ჯერჯერობით ძნელია ამის დამტკიცება.

ჩვენ ერთმანეთს უნივერსიტეტში შევხვდით. ის კახეთიდან იყო, მე – დასავლეთ საქართველოდან, თბილისში ორივენი უცხოდ ვგრძნობდით თავს, ამიტომ ერთიმეორისთვის მაშველი რგოლებივით აღმოვჩნდით. ძალიან მალე მეგობრები გავხდით. იმდენად დავუახლოვდით ერთმანეთს, ჩემი მშობლების სახლშიც კი დავპატიჟე, რომ ყველანი გაეცნო.

მეოთხე კურსზე ვიყავით, როცა გათხოვდა. მისი ქმრის ოჯახში იშვიათად მივდიოდი. უკვე სამსახური მქონდა და არც მეცალა. მას ოჯახში მალევე შეექმნა პრობლემები. ქმართან, მის მშობლებთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა. გამოიქცეოდა ხოლმე მათგან და ჩემთან ათევდა ღამეებს. მისი ქმარი მე მომადგებოდა სახლში, რიგდებოდნენ და აბრუნებდა უკან. ეს მეორდებოდა სისტემატურად და მეც ხომ დავიღალე და მეზობლებიც ძალიან დავღალე. ვეღარ იტანდნენ ჩემი ბინიდან გამოსულ ხმაურს და ჩემი დაქალის ხმამაღალი ტირილიც აღიზიანებდათ.

ძალიან რომ გავწამდი, მეგობარს ვუთხარი, რომ ან ქმარს აღარ შერიგებოდა, ან ჩემთან აღარ მოვარდნილიყო ტირილით, რადგან ამ კონფლიქტების ატანა უკვე აღარ შემეძლო. საშინლად არ ესიამოვნა და საქვეყნოდ დაიწყო ლაპარაკი, რა ცუდი მეგობარი ვიყავი და ამის თქმა როგორ გავუბედე.

ერთ საღამოს სახლში ახალი მისული ვიყავი, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. კართან დაქალის ქმარი აღმოჩნდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი ცოლი იქ არ იყო. მან არ დამიჯერა, უხეშად გამწია გვერდზე და სახლის თვალიერება დაიწყო, ეგონა, სადღაც იმალებოდა. მერე დარწმუნდა, რომ იქ მართლაც არ იყო. დაჯდა და ტირილი დაიწყო, ამას რას მიკეთებსო. მაშინ მივხვდი, რომ კარგად შემთვრალი იყო. ცოლს ურეკავდა, მაგრამ ჩემი დაქალი ტელეფონს უთიშავდა, არ ელაპარაკებოდა. მეგობარს მეც დავურეკე, ვთხოვე, მოსულიყო და თავისი ქმარი წაეყვანა. შემპირდა, რომ მოვიდოდა, მაგრამ ცოტა ხანში ტელეფონი საერთოდ გამორთო.

მეგობრის ქმარმა იტირა, მიყვარს, თორემ ერთი დღე არ არის სახლში გასაჩერებელიო. მერე სამზარეულოში თვითონვე მონახა არაყი და, მიუხედავად იმისა, რომ დავუშალე, მაინც გადაჰკრა ზედიზედ რამდენიმე ჭიქა. დივანზე დაჯდა, ილაპარაკა, ილაპარაკა და ჩაეძინა. რა უნდა მექნა, აღარ ვიცოდი. ავდექი, პლედი მივაფარე, ჩემს საძინებელში გავედი და დავიძინე, რადგან მეორე დღეს ჯერ ლექციებზე უნდა წავსულიყავი, იქიდან კი სამსახურში გავქცეულიყავი.

გათენებული არ იყო, რომ დაქალი მომადგა ორ ბიძაშვილთან ერთად. მე პიჟამათი გავხედე. ამ დროს მისი ქმარიც გამოვიდა თმააბურძგნული და წელზემოთ შიშველი (არ ვიცი, მაისური რა დროს გაიხადა, ალბათ მთვრალს შეაწუხა). ქმარი რომ დაინახა, პირდაპირ სახეში ეცა, შე უნამუსო, ესე იგი ჩემს დაქალთან წევხარო.

ისეთი მოულოდნელი იყო ეს თავდასხმა და იმდენად აბსურდული, გაშეშებული ვიდექი. ის კი გაჰკიოდა, აი, თურმე რატომ ამიკრძალე შენთან მოსვლა, რატომ მიჩიჩინებდი, რომ ქმარს გავშორებოდი, ანუ შენთვის გინდოდაო. ხუთსართულიან ბინაში ვცხოვრობდი და ხუთივე სართულიდან მეზობლებმა ჩემთან მოიყარეს თავი. ეს იყო შოკი! აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა მემართლებინა თავი, როცა მათ წინ იდგა ახალგაღვიძებული ქალი პიჟამაში და ნახევრად შიშველი, ნაბახუსევი კაცი.

ის დღე როგორ გადავიტანე, დღემდე არ ვიცი. მეგონა, რომ მოვკვდებოდი. იმ დღეს ვწყევლიდი, როცა ეს ორი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. სამსახურსაც თავი დავანებე და უნივერსიტეტში მისვლისაც მრცხვენოდა, რადგან მეგონა, რომ ყველა მე დამცინებდა.

ამ ხნის განმავლობაში არ შეწყვეტილა დაქალისგან ცილისწამება. მან ზღაპრები შეთხზა, რაღაცებს იგონებდა, მის ზურგს უკან როგორ ვღალატობდით და ის რა მიამიტი იყო, რომ ამას ვერ ხვდებოდა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ამ პროვოკაციას ავყევი და თავის მართლება დავიწყე. ხან დაქალს ვუხსნიდი, ხან მის ნათესავებს, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. დაქალის ქმარიც ჩაერთო ამ ამბებში, მოდიოდა, მამშვიდებდა. იცოდა, რომ სიკვდილს ვნატრობდი და ძალიან შეწუხებული იყო.

ამასობაში ჩვენ შორის მართლაც გაჩნდა გრძნობა, მაგრამ ამ დროს ჩემი დაქალი უკვე გაყრილი იყო ქმართან და ქორწილისთვის ემზადებოდა. დიახ, მალევე გამოაჩინა საყვარელი ბიჭი, რომელსაც ჩვენს წრეში არავინ იცნობდა. თვითონ ამბობს, რომ ქმრის და დაქალის ღალატის შემდეგ გაიცნო, მაგრამ ამის უკვე აღარ მჯერა. დარწმუნებული ვარ, იმ ბიჭთან ქმარს ღალატობდა და ოჯახს იმიტომაც ვერ ეწყობოდა, რომ სხვა უყვარდა.

მე და ყოფილი დაქალის ყოფილი ქმარი დავქორწინდით. ჩვენს ამ ნაბიჯს ისეთი რეაქცია მოჰყვა, რომ ზოგმა არც მოგვილოცა. ალბათ უმეტესობას დღემდე ჰგონია, რომ მეგობარს ვღალატობდი და მის ქმართან ვიწექი, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის, რომ ასე არ არის და ამ ამბავში სრულიად უდანაშაულო ვარ. ყველაფერი ჩემი დაქალის მოწყობილია. ჩემთან ღამით მოვარდნაც წინასწარ იყო დაგეგმილი. თუ მოსვლა უნდოდა, როცა ვეხვეწებოდი, მაშინ რატომ არ მოვიდა და რატომ გამითიშა ტელეფონი?! იცოდა, რომ ქმარი ჩემთან დაელოდებოდა და ნათესავებთან ერთად იმიტომაც დამადგა თავზე.

დღემდე მხვდება მისი დაყრილი ჭორები, სულ ახალ-ახალ ამბებს იგონებს, რომ დამამციროს, გამანადგუროს. გადავწყვიტე, იმავე მეთოდებით ვუპასუხო. უნდა გამოვიძიო ყველაფერი, რაც ამ სკანდალამდე ხდებოდა. დავიღალე ამ ცილისწამებით და დროა, ყოფილ დაქალს საკადრისი პასუხი გავცე!

,,სარკის” მკითხველი