დალი ჩიტალაძე: ,,და-ძმაზე ვბრაზობ, როგორ დამტოვეთ მარტო-მეთქი”

დალი ჩიტალაძე: ,,და-ძმაზე ვბრაზობ, როგორ დამტოვეთ მარტო-მეთქი",,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

მოდის ექსპერტისა და ბლოგერ დალი ჩიტალაძისთვის 2022 წლის ბოლო ურთულესი აღმოჩნდა – მისმა ხანდაზმულმა მამამ რამდენიმე კვირა იავადმყოფა და გარდაიცვალა. ეს მის ცხოვრებაში ერთადერთი დიდი დანაკარგი არ ყოფილა, მანამდეც იყო ოჯახური ტრაგედიები, რომელთა შესახებაც დალი ჩიტალაძე ,,სარკესთან” საუბრობს:

-ყველას ვუსურვებ, რომ მშობლები დიდხანს ჰყავდეთ. სიბერე პრივილეგიაა, მაგრამ რა ასაკშიც უნდა იყვნენ ისინი, მაინც ვერ ველევით. კარგი გამონათქვამია, მშობელს ასაკი არ აქვსო. განსაკუთრებით ჩემი ძმის და დის გარდაცვალების შემდეგ დედ-მამა უფრო მნიშვნელოვანი და მოსაფრთხილებელი ადამიანები გახდნენ.

ჩვენი ოჯახი ძალიან სტუმართმოყვარე იყო. სახლის კარი არ იკეტებოდა, უზარმაზარ ჭურჭელში ვაკეთებდით სადილს, რომ ყველა მიმსვლელ-მომსვლელს გავმასპინძლებოდით. ბედნიერი ოჯახი გვქონდა. მერე ჩემი ძმა წავიდა, შემდეგ – ჩემი და. დისშვილები და ძმისშვილები გაფანტულები არიან, საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ვერ ვახერხებ მათთან ყოველდღიურ ურთიერთობას. ჩემს დედმამიშვილებს ფიქრებით ხშირად ვესაუბრები, ვბრაზობ, როგორ გაბედეთ და როგორ დამტოვეთ მარტო-მეთქი.

– ბავშვობის წლებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჩამოყალიბებაში, თუ როგორ შეძლებს ზრდასრულ ასაკში ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებას. რა გამოგყვათ ოჯახიდან, რაც გეხმარებათ რთულ პერიოდში?

– სითბო, სიყვარული და მომავლის იმედი – ეს არის ის, რაც ბავშვს უშურველად უნდა მისცე. არავინ იცის, წინ რა გველოდება. ძალიან დიდ გამოცდას გიწყობს სამყარო, უფალი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ოჯახური ტრაგედია აღმოჩნდა ჩემი მძიმე ჯვარი. ცხოვრებაში ასეთი დევიზი მაქვს – რატომ უნდა ვინერვიულო იმაზე, რასაც არ ეშველება და რატომ ვინერვიულო იმაზე, რისი მოგვარებაც შეიძლება, თუმცა ეს ჩვეულებრივ პრობლემებზე ჭრის. როცა საქმე ეხება ოჯახის წევრებს და შენს უახლოეს ადამიანებს, ძალიან რთულია სიმშვიდის შენარჩუნება. დიდი ძალისხმევა, გამძლეობა, ნერვები და ჯანმრთელობა გჭირდება.

გარდა ოჯახური ტრაგედიებისა, პირად ცხოვრებაშიც გქონდათ სირთულეები. რამდენჯერ შეიძლება ადამიანმა ცხოვრება თავიდან დაიწყოს?

– რამდენჯერაც ღმერთი ამის უფლებას მოგვცემს. სანამ აქ ხარ, სხვა გზა არ არის. მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, ვიცი, რომ ხვალ უკეთესი დღე იქნება… ამ მხრივ, მამას ვგავარ. დაბადების დღე რომ ჰქონდა, უხაროდა, თვალები უციმციმებდა. მეკამათებოდა, 1932 წელს დავიბადე, შენ კი 90 წლის გგონივარო..

– თქვენ თუ ახერხებთ, რომ ისეთი მეუღლე იყოთ, როგორებიც თქვენი მშობლები იყვნენ ერთმანეთისთვის?

– მე ძალიან კარგი მეუღლე მყავს და მეც კარგი მეუღლე ვარ მისთვის, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ, რაღაცაში არ დავეთანხმო ან ის ფიქრობდეს სხვაგვარად. ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს და დარწმუნებით ვიცი, მასაც ძალიან ვუყვარვარ. ჩვენ ერთმანეთისთვის მეგობრებიც ვართ და გვერდზე მდგომებიც, მაგრამ ყველაფერზე ერთი აზრი ნამდვილად არ გვაქვს.