,,ჩვენს ოჯახში ყოველ სამზადისზე რძალს ისტერიკა ემართება და ღორებს გვიძახის”

,,ჩვენს ოჯახში ყოველ სამზადისზე რძალს ისტერიკა ემართება და ღორებს გვიძახის",,სარკე”

ვერ გავიგე, მე უნდა შევცვალო წესები თუ იმ ადამიანმა, რომელიც ჩემს ოჯახში სულ რაღაც 4 წლის წინ შემოვიდა. მგონია, რომ ის უნდა მოერგოს ჩვენს ტრადიციებს და, რამე თუ არ მოეწონება, თავის გზაზე წავიდეს. არავინ უშლის, რომ მან და მისმა ქმარმა, ანუ ჩემმა შვილმა, სახლი ცალკე მოიწყონ და ოჯახში საკუთარი ტრადიციები დაამყარონ. ალბათ მიხვდით, რომ რძალზე გესაუბრებით.

შორს ვარ იმისგან, რომ სხვისი შვილი უნდა დაჩაგრო და მისი ინტერესები არაფერში გაითვალისწინო, მაგრამ ჩემი რძლის საქციელი საზღვრებს გასცდა. 3 წელია, რაც მის ცუდ ჩვევებს ვიტან და ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო. წელს კი საერთოდ გავიდა თავს, ისეთ რაღაცებს აკეთებს, მოთმენა ძალიან მიჭირს. ამიტომაც გადავწყვიტე, ცოტა დავიცალო და თქვენ გიამბოთ.

იმის მოყოლას ნამდვილად არ დავიწყებ, ყოველი დღე როგორ იწყება ჩვენს ოჯახში და რამდენი რამის მოთმენა მიწევს. ყოველთვის ვითვალისწინებ რძლის აზრებს, რომ არ გაღიზიანდეს და სახლში სიმშვიდე იყოს, მაგრამ ისე გაუზრდელდა, უკვე მიჭირს თვალების დახუჭვა.

არც ვიცი, რამ შეაძულა ასე დღესასწაულები. რატომ ცდილობს, რომ ეს დღეები ყველას ჩაუშხამოს. ჩემს შვილს რომ ცოლად გაჰყვა, იმ წელს არ გამოუთქვამს პროტესტი, მაგრამ მას შემდეგ რძლის ჯუჯღუნის ატანა მიწევს. ახალგაზრდა ქალს თავპირი ჩამოსტირის. მის უცხვირპირობას გაუძლებს კაცი, მაგრამ პრეტენზიები რატომ უნდა მოვითმინო?! ვერ იტანს სამზადისს, სძულს სტუმრები და ჟივილ-ხივილი.

ჩემს ქმარს ტრადიციად აქვს პროდუქტების ხვავიანად მოზიდვა. ამ დღეებისთვის დანაზოგს აკეთებს ხოლმე, რომ სუფრაზე ყველაფერი ჰქონდეს. რაღა დაგიმალოთ და, მეც მიყვარს ქურასთან ტრიალი. ამ დროს თავს უფლებას ვაძლევ, რაც მიყვარს და როგორც მიყვარს, ყველაფერი ისე მოვამზადო. ისიც მიყვარს, სტუმრებს ჩემს ნახელავს რომ ვთავაზობ და გემრიელობებით თავს ვიწონებ.

ქმარმა წელსაც წინასწარ მოიმარაგა პროდუქტები ახალი წლისთვისაც, აღდგომისთვისაც და ამაზე ჩემს რძალს ისტერიკა ჰქონდა. პირდაპირ მითხრა, რაც უნდა დახარჯოთ, იმ ფულით ბავშვის ოთახს გავარემონტებთო. ყურში არ შევუშვი, რადგან ჩემი ქმარი ასეთი დღეებით ხარობს და ვიღაცას მის სიხარულს არ ჩავაშხამებინებ. ინდაური რომ დაინახა, პარკს ხელი ჰკრა და ძირს გადმოაგდო, თან ცრემლები წამოუვიდა, ამ ფულით შპალერი მომივიდოდაო. ვერ მოვითმინე და ვუთხარი, შვილო, ეგ მამაშენს უთხარი, აქ კი მაგის თქმის უფლება არ გაქვს-მეთქი. კიდევ კარგი, ჩემი ქმარი უკვე სახლიდან იყო გასული და ის სიტყვები არ გაიგონა, რაც მაკადრა. სულ ღორები და დღესასწაულების ხამები გვეძახა.

ჩავყლაპე, მოვითმინე. მეგონა, გაჩუმდებოდა, მაგრამ არა. ჩემ გასაგონად ხან ვის ურეკავს და ხან ვის, რომ უთხრას, როგორ შეაძულეს კარგი დღეები და ზოგ-ზოგიერთებს ღორული ჭამა ჰგონიათ გართობა. ისიც კი მითხრა სამზადისის წინ, რომ ჩვენს ოჯახში თუ ისევ ბევრი ადამიანი “მოხორხოცდებოდა” (ზუსტად ეს სიტყვა იხმარა), თვითონ სახლიდან წავიდოდა ან ოთახიდან არ გამოვიდოდა.

ბევრ ხალხში იგულისხმებიან ჩემი ქალიშვილი თავის ქმარ-შვილთან ერთად, ჩემი და და სიძე, მაზლები ცოლებთან ერთად. მითხარით – ამ ადამიანებიდან რომელია ზედმეტი? მე და ჩემს ქმარს ისეთი დედმამიშვილები გვყავს, ჩვენთვის სულს ლევენ სიყვარულით. ჩემს შვილებზე ისეთივე ამაგი აქვთ, როგორიც ჩვენ, მშობლებს.

იცით, როგორები არიან? ჩემი ერთი მაზლი მათემატიკოსია, მაგრამ შესანიშნავად მღერის და უკრავს. მეორე მაზლის ცოლი მუსიკის მასწავლებელია და უნდა ნახოთ, სუფრასთან როგორ მღერიან. მათი მოსმენა ერთი დიდი სიამოვნებაა! ჩემი სიძეც, შვილის ქმარი, შესანიშნავად მღერის და ცეკვავს, აჰყვება ხოლმე მათ და ჩვენს სახლში მართლა დღესასწაულია. ვინც კი შემოგვესწრება, მერე წლების განმავლობაში იხსენებს, ჩვენს ოჯახში რა მაგარი დრო ატარა.

ჩემი რძლისთვის კი ეს ყველაფერი გოიმობაა. თუ ამდენი ფული გაქვთ, დასასვენებლად წადით სადმეო. ვერ გაიგო, რომ ჩვენი დასვენება დედმამიშვილებთან და ძვირფას ადამიანებთან ერთად ყოფნაა. სიბერე მომადგა კარზე, ამდენი წელია, ასე ვხვდებით ამ დღესასწაულებს და რძლის გამო წესები რატომ უნდა შევცვალო?!

არ გეგონოთ, ჩემს შვილიშვილს გასარემონტებელ ოთხში ეძინოს. ბავშვი რომ დაიბადა, ცალკე ოთახი მოვუწყეთ და ყველანაირად გავალამაზეთ, ავეჯიც სულ მიხატულ-მოხატული დავუდგით. 3 წელში განა ისე რა დაძველდა, რომ უკვე გასარემონტებელია?! ან თუ თვლის, რომ ის ოთახი გასაკეთებელია, მისი ქმარი მუშაობს, დადგნენ და გაარემონტონ, ჩემი ქმრის ჯიბეში რას იხედებიან?!

ჰო, კიდევ რა მეწყინა ძალიან, ამასაც გეტყვით. ჩემს ქმარს კიდევ ერთი ტრადიცია აქვს – საახალწლოდ “ხალადეცს” ვაკეთებთ და პატარ-პატარა კონტეინერებით ახლობლებს და მეზობლებს ვურიგებთ. ისინი ჩვენს მირთმეულს მთელი წელი ელოდებიან ხოლმე.

ქმარმა ამ წელსაც შეუკვეთა ღორის თავ-ფეხი და რძალმა თავის დაქალს უთხრა, იმიტომაც არიან ღორებივით დასიებულებიო, ანუ ღორებს შეგვადარა. ამაზე დიდი შეურაცხყოფა შეიძლება, რომ კიდევ მიაყენოს ადამიანმა ახლობელს?! ეს ვინ შემომიყვანა ოჯახში ჩემმა შვილმა?! ასე როგორ უნდა გაზარდო ქალიშვილი, რომ ქმრის ოჯახში ასეთი რაღაცები იკადროს?! აღარ მინდა სიტუაციის გამწვავება, თორემ კარგად ვიცი, ღორის ტილს როგორც უნდა მოექცე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის დიდი ხათრი მაქვს, ნამდვილად არ დავინდობ და ასეთ რაღაცებს აღარ ვაპატიებ!

,,სარკის” ერთგული მკითხველი