,,ჩემს ქმარს სახლში შემოსვლა საერთოდ არ უნდა, არადა ადრე უჩემოდ ვერ ძლებდა”

,,ჩემს ქმარს სახლში შემოსვლა საერთოდ არ უნდა, არადა ადრე უჩემოდ ვერ ძლებდა",,სარკე”

ნახევარი წელიც არ არის, რაც გავთხოვდი და უკვე ვიცი, რომ ოჯახის შექმნით ჩემს ცხოვრებაში დიდი შეცდომა დავუშვი. მეგონა, ჩემი შეყვარებული ბედნიერ ქალად მაქცევდა, მაგრამ პირიქით მოხდა, თავში სულ ცუდი აზრები მიტრიალებს და იშვიათად მნახავთ გაცინებულს.

ჩემი ქმარი საოცარი შეყვარებული იყო. ყურადღებით მახრჩობდა, ჩემი არასოდეს არაფერი გამოეპარებოდა. მუდმივად თავს დამტრიალებდა და იმაზე ფიქრობდა, რა გამახარებდა. მე არ ავჩქარებულვარ. კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ოჯახის შექმნა მარტივი არ არის, მით უმეტეს, ჩემი მშობლები გაყრილები არიან და ვიცი, რა მძიმეა, როცა ცოლ-ქმარი შორდება ან მათ შორის უთანხმოებაა. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარდა და ხელიც არაერთხელ მთხოვა, თანხმობა არ მითქვამს. ვეუბნებოდი, რომ ერთიმეორე უკეთესად უნდა გაგვეცნო.

ჩემ გარეშე ერთი დღე კი არა, რამდენიმე საათი ვერ ძლებდა. ჩვენი სიყვარული პანდემიის დასაწყისში განვითარდა და იმ პერიოდში საერთოდ გადაირია, არ შემიძლია, რომ არ გნახოო. ტელეფონზე რომ ვეკიდეთ ორივე, ეს გასაგებია, მაგრამ ისედაც სულ ჩემი ნახვა უნდოდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა, დღის რომელი მონაკვეთი იყო. რამე თუ შემაწუხებდა, თუნდაც თავის ან ყელის ტკივილი, წამლებით დარბოდა. მეუბნებოდა, შენ არაფერმა უნდა შეგაწუხოს, არაფერი უნდა აგტკივდესო.

ცოლობას რომ დავთანხმდი, მეგონა, ისეთი ქმარი მეყოლებოდა, თითით საჩვენებელი იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, არაფერს გამიჭირვებდა და სულ გვერდით მეყოლებოდა. ოჯახის შექმნის შემდეგ კი ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. ადამიანს სახლში შემოსვლა საერთოდ არ უნდა. შეყვარებულობის პერიოდში თუ ჩემ გარეშე ერთ საათს ვერ ძლებდა, ახლა ღამე თუ მოვა სახლში და მაშინვე დასაძინებლად გარბის. კომუნიკაცია იმდენად ნაკლებად გვაქვს, ზოგჯერ მგონია, ჩემთვის უცხო მამაკაცს ვუყურებ.

ტოქსიკოზი მქონდა და არც ამან ააღელვა. ადრე ჩემი ფრჩხილის წამოტკივებაზე ექნებოდა რეაქცია, ორსულ ქალს კი თითქმის ზედ არ მიყურებს. ეს ისეთი შოკია ჩემთვის, სიტყვებით გადმოცემა მიჭირს! უგონო ადამიანი არ ვარ, ვხვდები, რომ მის თავს ან რაღაც ხდება, ან ოჯახურ ცხოვრებას ვერ ეგუება, ან ყურადღებიან შეყვარებულს თამაშობდა და ბოლოს და ბოლოს ნამდვილი სახე გამოაჩინა. რაც ჩამოვთვალე, ყველაფერს შევეგუები, მაგრამ რაც მტანჯავს, იმას – ვერასოდეს.

ქმრის ასეთმა საქციელმა საკუთარი თავის მიმართ კითხვები გამიჩინა. იქნებ როგორც ქალი, როგორც ცოლი არ მოვეწონე?! იქნებ იმედები გავუცრუე და ისეთი არ აღმოვჩნდი, როგორსაც ელოდა?! ისეთი კომპლექსები გამიჩნდა, რომ მგონია, ძალიან შეუხედავი ვარ და ქმარს აღარ ვიზიდავ. ახლა ორსულობაც დაემატა, მომატებული წონა, შეცვლილი ფორმები და…

არ გეგონოთ, დალაპარაკება არ ვცადე. თავიდან ვჩხუბობდი, რომ ახალმოყვანილ ცოლთან დიდ დროს არ ატარებდა და გარე-გარე დადიოდა. ამაზე ეცინებოდა და მპასუხობდა, მგონი, ეჭვიანობო. მერე მშვიდი ლაპარაკის რეჟიმზე გადავედი. ისიც კი გავუმხილე, ეჭვი მაქვს, აღარ მოგწონვარ-მეთქი. ამაზეც მითხრა, რა სისულელეებს ლაპარაკობო. მითხარით, აბა, რა ვიფიქრო?! ისეთი სამსახური არ აქვს, რომ ასე გვიან მოდიოდეს სახლში. ისედაც ამბობს, რომ მეგობრებთან ერთად დომინოს და კარტს თამაშობს ხოლმე, მაგრამ შეყვარებულები როცა ვიყავით, მეგობრები მაშინაც ხომ ჰყავდა?!

სხვა ქალი გამორიცხულია. არც ვფიქრობ, რომ საყვარელი ჰყავს, რადგან სხვა ქალი რომ არსებობდეს, მე რატომ მომიყვანდა ცოლად ან კალთებს რატომ დამახევდა, გინდა თუ არა, ცოლად გამომყევიო?! ასე მოკლე დროში კი ვის გაიჩენდა ასეთ მზეთუნახავს, რომ ცოლს ასე დაავიწყებდა?! ახლა ყველაზე მეტს ჩემს შვილზე უნდა ვფიქრობდე, მაგრამ არ შემიძლია. ქმრის საეჭვო საქციელი თითქოს სასიცოცხლო ძალებს მართმევს და სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ცოლად არ უნდა გავყოლოდი.

სარკის მკითხველი