,,ჩემი ქმრის პაპის ნაჩუქარ სახლში მაზლი ცოლ-შვილით შემოგვეჭრა”

,,ჩემი ქმრის პაპის ნაჩუქარ სახლში მაზლი ცოლ-შვილით შემოგვეჭრა",,სარკე”

ნამდვილად არ მეგონა, ჩემ გარშემო ასეთი უნამუსო ადამიანები თუ მოიყრიდნენ თავს. თურმე ზოგს შუბლის ძარღვი არათუ გაწყვეტილი აქვს, საერთოდ არ აქვს. ალბათ თანდაყოლილი სენია, სხვას პარაზიტივით მიეკრა და მაქსიმალურად გამოიკვებო თავი. ჩემი ქმრის ძმა და მისი ცოლ-შვილი სწორედ ასეთი პარაზიტები არიან, რომლებიც წლებია, სისხლს გვწოვენ.

ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი, ქმრად იმ ოჯახში გაზრდილი კაცი რომ ავირჩიე. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და საუკეთესო ოჯახებში შემეძლო შესვლა რძლად, მაგრამ მე სიყვარული ვამჯობინე. რომანტიკა მაშინვე დამთავრდა, როგორც კი ქმრის ოჯახის წევრებმა ხმა ამოიღეს და გამიშინაურდნენ. სახლში მაზლიც დამხვდა თავისი ცოლ-შვილით. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ იქ ყველაფერს რძალი განაგებდა. დედამთილი თვალებში უყურებდა და ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც მას სურდა.

ზრდასრულ ასაკში შევქმენი ოჯახი და ვიღაცის ბრძანებებს ნამდვილად ვერ ავიტანდი. გამოსავალს ვეძებდი, რომ იქიდან სადმე წავსულიყავი და ეს გამოსავალიც გამოჩნდა. მამამთილის მშობლები გაყრილები იყვნენ, მამა სხვა ქალთან ერთად ცხოვრობდა, რომელთანაც შვილი არ ჰყავდა. შვილებთან და შვილიშვილებთან კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა. ცოლი რომ გარდაეცვალა, ნერვიულობისგან ინსულტი დაემართა და მაშინ მოიკითხა მიტოვებული ოჯახი. ყველამ ცხვირი აუბზუა, მხოლოდ მე გამოვთქვი სურვილი, რომ მასთან გადავიდოდი და მოვუვლიდი.

სიხარულით გაგვიშვა ყველამ, რადგან სახლში მეტი ფართი და თავისუფლება რჩებოდათ. ქმრის პაპა მძიმე მოსავლელი აღმოჩნდა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა რადგან ავიღე საკუთარ თავზე, უკან აღარ დამიხევია. მისთვის არაფერი დამიშურებია, არც ფული, არც შრომა, არც სიყვარული და პატივისცემა. ისიც ისე მომეკედლა, თითქოს ჩემი შვილი ყოფილიყო. ვხუმრობდი, ორი ბავშვი მყავს, ერთი მე გავაჩინე და ერთი – ჩემი ქმრის დიდმა ბებიამ-მეთქი. ამაზე გულიანად იცინოდა და მეთანხმებოდა.

ყველა ნათესავთან ამბობდა, ღმერთმა გამომიგზავნა ეს გოგო, მაგრამ ის კი არ ვიცი, რა დამსახურებისთვისო. გულწრფელად ვამბობ, რომ მიყვარდა. მასაჟისტიც რომ დაგვყავდა, ვუყურებდი, რასაც უკეთებდა და მერე მე თვითონ ვავარჯიშებდი. იმდენი მოვახერხე, რომ აბაზანაში თვითონ შედიოდა. ეს, პირველ რიგში, მისთვის იყო შვება, რადგან თავმოყვარე კაცი გახლდათ.

ამ ხნის განმავლობაში ქმრის ოჯახის წევრებს ერთხელაც არ უყიდიათ მისთვის რამე, თუნდაც ერთთეთრიანი წამალი ან თუნდაც პური. ყველაფერს მე და ჩემი ქმარი ვუკეთებდით ჩემი მშობლების დახმარებით. პაპამ მოგვთხოვა, რომ ნოტარიუსთან წაგვეყვანა თავისი ქონების ჩვენზე გადმოსაფორმებლად. ძალიან შევწუხდი. ვუთხარი, მერიდება, არ იფიქრო, რომ ამისთვის გივლიდი-მეთქი. მიპასუხა, ისეთი ცხოვრება გამოვიარე, ვერ გამომაპარებ ცუდს და კარგს, ვიცი, როგორი ადამიანიც ხარო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ადამიანს რაც ებადა, ყველაფერი ჩვენ გადმოგვცა. გასულ ზაფხულში, სამწუხაროდ, კოვიდი შეეყარა, მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ვერ გადავარჩინეთ. ღმერთმა იცის, რომ მისი გარდაცვალება ძალიან განვიცადე. მერე გავიგე, ზოგ-ზოგიერთები იმაზეც ჭორაობდნენ, რომ მე თურმე ძალით ვყრიდი ცრემლებს, არადა მასზე იმდენი ამაგი მქონდა, როგორ შემეძლო მის მიმართ გულცივი ვყოფილიყავი?!

პაპის გარდაცვალების შემდეგ საოცარი ამბები დატრიალდა. ჩემს მაზლს ტყუპები ჰყავს, რომლებმაც უნივერსიტეტში ჩააბარეს. სწავლის ფული გადასახდელი ჰქონდათ, ამას ოჯახის სხვა ვალებიც დაემატა და სახლი დააგირავეს. ერთ დღეს კი დედაბუდიანად ჩვენს სამოთახიან ბინაში გადმობარგდნენ. ისე მომადგნენ კართან, არც უკითხავთ. ჩემს ქმარს სცოდნია, მაგრამ თქმა ვერ გამიბედა, თანაც იცოდა, წინააღმდეგობას გავუწევდი და მოერიდა. ძაღლად არავინ ჩამაგდო, ისე შემომეჭრნენ სახლში!

უკმაყოფილება მაშინვე გამოვთქვი, მაგრამ რძალმა და დედამთილმა ერთი ამბავი ამიტეხეს, ამ სხვის სახლს რომ დაეპატრონე ეშმაკურად და გაიძვერულად, ხომ არ გინდა, გიჩივლოთ და თაღლითობისთვის ციხეში ჩაგსვათო. მათი ლოგიკით, მოხუცი კაცი ისე გამოვაშტერე, რომ სახლი მაჩუქა, მათ კი შეეძლოთ იმის დამტკიცება, რომ ქმრის პაპა მაშინ სრულ ჭკუაზე არ იყო.

ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აბსურდია და ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებენ, მაგრამ ქმარმა მთხოვა, ცოტა ხნით ავიტანოთ, მოაგვარონ ფინანსური პრობლემები და წავლენ, სახლი აქვთ, ხომ არ გაუყიდიათ, დააგირავესო. მეც ვცადე თავის შეკავება, ვიფიქრე, ქმარ-შვილის გამო მოვითმენ-მეთქი, მაგრამ მაზლის ცოლმა ჩემს სახლშიც ბრძანებების გაცემა დაიწყო, თან სიტყვაც ჩამოაგდო, რომ ამ ბინიდან წილი ეკუთვნოდა. გამოვუცხადე, რომ არაფერი ერგება და ჭკვიანად თუ არ მოიქცევა, საერთოდაც შემიძლია გავაგდო, მაგრამ ენას არ აჩერებს.

მე ზუსტად ასე მოვიქცევი, სახლიდან ყველას გავყრი, მაგრამ ქმარი არ მიმაგრებს ზურგს. ის თუთიყუშივით მიმეორებს, დედაა და ძმა, ქუჩაში ხომ არ გავუშვებო. ვეუბნები, მაშინ გაგეყრები და შენი ცოლ-შვილი იცხოვრებს ქუჩაში, მერე კმაყოფილი იქნები-მეთქი. ამას რომ ვეუბნები, იტრუნება.

წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვარ?! ქმრის მიმართ იმდენად ცუდი განწყობა მაქვს, რომ მასთან ცხოვრება არც მინდა. სიამოვნებით გავეცლებოდი იქაურობას, მაგრამ რატომ?! მე ვუცვლიდი იმ მოხუცს პამპერსებს, მე ვუვლიდი ბავშვივით. თუ რამე მოგვცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის არაფერი დავიშურე და ახლა კარი გამოვიკეტო და ის უნამუსო ხალხი დავტოვო იმ სახლში?! ამას არ ვიზამ, კიდეც რომ შევეწირო!

,,სარკის” მკითხველი