,,ჩემი მშობლები შეიძლება ვიღაც პოეტი ქალის გამო გაშორდნენ”

,,ჩემი მშობლები შეიძლება ვიღაც პოეტი ქალის გამო გაშორდნენ",,სარკე”

ჩემს ოჯახში საშინელი სიტუაციაა. სახლში ცხოვრება ჩემთვის აუტანელი გახდა. არ შემიძლია მშობლებს მშვიდად ვუყურო. მათი არ მესმის და არც მჭირდება, რომ გავუგო. მათგან თავის გარიდება, სხვაგან წასვლა მინდა. მამას ვერ ვაპატიებ, რომ სხვა ქალი უყვარს და თან ამას არც მალავს.

მამაჩემი მწერალია, უფრო სწორად, ნოველებს წერს, მაგრამ არ აქვეყნებს. სულ იმას წუწუნებდა მუდმივად, რომ წიგნის გამოცემა ვერ მოახერხა. ამას კი ჩვენ გვაბრალებდა. ხელს არ მიწყობთ, რომ ჩემი შემოქმედება ხალხს გავაცნოო. ამბობდა, რომ ჩვენ საშუალებას არ ვაძლევდით, წიგნი გამოეცა. ახლა თავის ჭიას ,,ფეისბუქზე” ახარებს.

ჩემი აზრით, ეს ქსელი სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არის შექმნილი. თავი რომ წარმოაჩინონ, შემძვრალნი არიან კომპიუტერში. მამაჩემი, სამსახურიდან მოვა თუ არა, საჭმელსაც კი არ ჭამს, მაშინვე კომპიუტერთან ჯდება და წერს და წერს. ყველა ჩემი მეგობარი და ნაცნობი დაიმეგობრა და კიდევ ათასი ნაცნობი და უცნობი. იქ თავის ნოველებს აქვეყნებს. თავიდან ყველა მეგობარი მეუბნებოდა, მამაშენი კარგი მწერალიაო. ეს ძალიან მახარებდა, მაგრამ ახლა ამ ფაქტს რომ მახსენებენ, მხოლოდ ვწითლდები.

მამაჩემმა რაღაც შემოქმედებით ღონისძიებებზე სიარული დაიწყო, სადაც ვიღაც პოეტი ქალი გაიცნო, რომელიც შეუყვარდა, როგორც თვითონ ამბობს – თავდავიწყებით. დედაჩემს უხსნის, რომ ეს არის წრფელი და სუფთა გრძნობა. ამშვიდებს, რომ მათ შორის პლატონური ურთიერთობაა. მამა არწმუნებს, რომ შემოქმედებითი ადამიანები ასე იქცევიან, რომ მათი ბუნება სწორედ ასეთია. მე კი ეს საშინელ სიტუაციაში მაგდებს და ნერვებს მიშლის.

მამა “ფეისბუქზე” ქალების ფოტოებს აქვეყნებს და რომანტიკულ ნოველებს უძღვნის ხოლმე, რომელთა მუზაც ის ქალია. იმ ქალბატონსაც არ რცხვენია, ლექსს დაუწერს ხოლმე კომენტარებში. მგონი, უკვე ყველა ხვდება, მათ შორის რომ ფლირტია. არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ურთიერთობაში ვატყობ, რომ ვეცოდები და თანამიგრძნობენ, ეს კიდევ მეტად მტანჯავს და მაწუხებს.

მამას ვეუბნები, რომ ასეთი რამ არ შეიძლება, მას კი ამაზე საშინელი რეაქცია აქვს. მიყვირის, მთელი ცხოვრება იმ ადამიანებს შევწირე, რომლებსაც ხელოვნების, პოეზიის არაფერი გაეგებათ, ახლა ვნახე პიროვნება, ჩემი თანამოაზრე, ესმის, რასაც ვწერო. ის ქალი მეზიზღება, რადგან შეიძლება მის გამო ჩემი მშობლები გაშორდნენ. ვერ ვხვდები, იმ ფუფალასი მამაჩემს რა მოეწონა. მეგონა, უკეთესი გემოვნება ჰქონდა. მამაჩემს რომ კომპიუტერთან ვხედავ, მაჟრიალებს!

არ ვიცი, ეს ყველაფერი რითი დასრულდება. მამა შეჩერებას არ აპირებს, წერს და წერს თავის “შედევრებს”. იმედია, ოდესმე მაინც მოეგება გონს და მიხვდება, ვიღაც ძონძისთვის ცოლი და შვილები როგორ ანერვიულა, მაგრამ ყველაფერი გვიანი იქნება, რადგან დედაჩემი მასთან აღარ იქნება და არც შვილები ვეყოლებით გვერდით.

სარკის მკითხველი