,,არ ვიცი, როგორ მოვიქცე ბიჭთან, რომელმაც ჩემ გამო ტრავმა მიიღო”

,,არ ვიცი, როგორ მოვიქცე ბიჭთან, რომელმაც ჩემ გამო ტრავმა მიიღო",,სარკე”

ძალიან დაბნებული ვარ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე ბიჭთან, რომელმაც ჩემ გამო ტრავმა მიიღო. ჩვენ ბავშვობაში მაგარი ძმაკაცები ვიყავით. მისი ოჯახი და ბებიაჩემი მეზობლები არიან. სანამ სკოლაში მივიდოდი, ბებიასთან ვიზრდებოდი და მეგობარს ყოველდღე ვხვდებოდი. ღამით რომ გვაშორებდნენ ერთმანეთს, იმაზეც კი ვტიროდი.

მერე სხვადასხვა სკოლაში მივედით, მაგრამ ერთიმეორეს მაინც ხშირად ვხვდებოდით. ბებოსთან მისვლა იმის გამოც მიხაროდა, რომ მას ვნახავდი. ერთ დღესაც საშინელი ამბავი მოხდა. მაშინ 9 წლის ვიყავით. ქუჩაში ბურთს ვთამაშობდით. მე ბურთი ვესროლე, მას ფეხი აუცდა, დაეცა და თავი ქვას დაარტყა.

ეს იყო უსაშინლესი დღე! 8 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ვერაფრით ვივიწყებ. ხშირად სიზმრებშიც ვნახულობ, როგორ ეცემა, როგორ მოსდის სისხლი და ხალხი როგორ ყვირის. რას არ მივცემდი, რომ ეს დღე დავივიწყო და აღარასოდეს გავიხსენო.

ჩემს მეგობარს ოპერაცია დასჭირდა და საკმაოდ მძიმედ იყო. თითქმის ორი დღე ისეთ მდგომარეობაში იყო, არავინ ამბობდა, გადარჩებოდა თუ არა. როცა გამოკეთდა, მერეც ბევრი მკურნალობა დასჭირდა, სწავლასაც ჩამორჩა, ბევრი ფულიც დახარჯა ოჯახმა და იარაც დარჩა… მას შემდეგ ბებოსთან სულ რამდენჯერმე ვარ მისული და ისიც ძალიან ცოტა ხნით. ამ ხნის განმავლობაში ბავშვობის მეგობარი აღარ მინახავს, მხოლოდ შორიდან თუ მოვკრავდი თვალს და მაშინაც სხვა მხარეს გავრბოდი, რომ მასთან ურთიერთობა ამერიდებინა.

მაშინ ყველამ მე დამადანაშაულა, შენ ხარ ცელქი და არ ასვენებდი, თორემ შენ გარეშე გარეთ საერთოდ არ გადიოდაო. ბებიაჩემსაც ეჩხუბნენ, თუ მოგყავს შვილიშვილი, ყურადღებაც უნდა მიაქციიო. ისე მოიქცნენ, რომ მერჩივნა, მეგობრის ადგილას მე ვყოფილიყავი და ის ოპერაცია მე დამჭირვებოდა. ისე კი, მის ადგილას მართლაც შეიძლებოდა, რომ მე ვყოფილიყავი. მეც რამდენჯერ წავქეცეულვარ თამაშისას, რამდენჯერ მტკენია ხელი ან ფეხი.

სექტემბერში მათემატიკაში მივედი მოსამზადებლად და ოთახში შესვლისას გავშეშდი, რადგან იქ ჩემი ბავშვობის მეგობარი იჯდა. თავიდან თვითონაც უხერხულად იგრძნო თავი, მხოლოდ მივესალმეთ ერთმანეთს და მორჩა. სახლში რომ მივედი, გამოვაცხადე, რომ მათემატიკაზე აღარ ვივლიდი, მაგრამ სოციალური ქსელით იმ საღამოს ამ ბიჭის მესიჯი მივიღე, თუ შეგიძლია, შენი წიგნიდან ქსეროქსი რომ გადამიღო და წამომიღო, სანამ მეც ვიყიდიო. რომ არ წავსულიყავი, აღარაფრით შეიძლებოდა და ამის შემდეგ ისევ ავაწყვეთ ურთიერთობა.

რამდენიმე ხნის წინ მითხრა, შენზე ნაწყენი ვიყავი, ჩემთან რომ არ მოდიოდიო. მე ვუთხარი, რომ მეგონა, ჩემი ნახვა არ ესიამოვნებოდა. მან კი მიპასუხა, რომ თურმე სულ მე მელოდა და ეგონა, მივიდოდი. აღარ მითქვამს, მისი ოჯახის წევრები რა დღეში მაგდებდნენ და ბრალს როგორ ყველაფერში მე მდებდნენ. იქ არავინ მიმიყვანდა, რადგან მისი ოჯახის წევრებს ჩემი დანახვა არ სურდათ.

ახლაც ძალიან დაბნეული ვარ. ბავშვობისდროინდელი სიყვარული გამიახლდა, ძალიან მინდა, მასთან ახლოს ვიყო, მაგრამ ურთიერთობა მიჭირს. არ ვიცი, მასთან როგორ უნდა მოვიქცე. თითქოს თავიდან დავუახლოვდით ერთმანეთს, მაგრამ გაკვეთილის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა არ გრძელდება, ვემშვიდობებით და მორჩა.

მეგობარი მეუბნება, ბებიაშენთან რომ მოხვალ, შემომიარეო. მე კი ბებიასთან მისვლას საერთოდ ვეღარ ვბედავ. იქ რომ მივიდე, უხერხული იქნება, არ შევეხმიანო, მაგრამ ესეც არ მინდა. არ ვიცი, მისი ოჯახი ამას როგორ შეხვდება. მე ხომ მათი შვილი კინაღამ შევიწირე და მოვკალი.

გაცილებით მშვიდად ვიყავი, როცა ურთიერთობა აღარ გვქონდა. ახლა კი არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რა უფრო სწორი იქნება.

,,სარკის” მკითხველი