ზურაბ ჩხაიძის პასუხი ნანა გეგეჭკორს პარენტერალურ კვებაზე: ,,მაინცდამაინც ამერიკიდან უნდა მიგვითითოთ და ასეპტიკის წესებზე გვესაუბროთ?”

ზურაბ ჩხაიძის პასუხი ნანა გეგეჭკორს პარენტერალურ კვებაზე: ,,მაინცდამაინც ამერიკიდან უნდა მიგვითითოთ და ასეპტიკის წესებზე გვესაუბროთ?"რატომ არის საშიში პარენტერალური კვება – რამდენიმე დღის წინ ამ შინაარსის ფეისბუქსტატუსით გამოეხმაურა ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი, კლინიკა ,,ვივამედის” განცხადებას, რომ მათი პაციენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პარენტერალურ კვებაზე უარს აცხადებს. ნანა გეგეჭკორმა ფეისბუქსტატუსში დაწვრილებით ახსნა, თუ რა რისკების შემცველია ამგვარი კვება.
ექიმ ნანა გეგეჭკორის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს ,,ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ვრცელი წერილით გამოეხმაურა.
,,სარკეში” გამოგზავნილ წერილში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, ბატონი ზურაბ ჩხაიძე წერს:
,,როგორც ცნობილია ჟურნალ „სარკეში” გამოქვეყნდა (სარკენიუს.ჯი-ზე გამოქვეყნდა ექიმ ნანა გეგეჭკორის ფეისბუქსტატუსი _ რედ.შენ.) ვინმე ქ-ნ ნანა გეგეჭკორის სტატია
„რატომ არის საშიში პარენტერალური კვება – ექიმის პასუხი ვივამედს“.
ძალიან რთულია ყველა, განსაკუთრებით სრულიად არადეკვატურ და პოპულისტურ
განცხადებას პასუხი გასცე, თუმცა ეს მართლაც გამონაკლისი შემთხვევაა, როცა არ
გინდა მკითხველთა დიდი რაოდენობა (განსაკუთრებით დარგის არასპეციალისტები)
შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი, რომ თითქოს თქვენ რაღაც ახალს გვთავაზობთ თუ
ახალი ამერიკა აღმოაჩინეთ!
დავიწყოთ იქედან, რომ პაციენტისთვის ნამდვილად შეთავაზებულ იქნა
პარენტრეალური კვება და რატომ: პაციენტს არაერთგზის ჩატარებული აქვს
ინსტრუმენტალური კვლევა, მათ შორის ფიბროეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია,
კოლონოსკოპია, გულმკერდის , საყლაპავის, აბდომინალური სივრცის ულტრაბგერითი
კვლევა, რის საფუძველზეც არ არის დადასტურებული რაიმე მექანიკური დაბრკოლების
არსებობა თუ ყლაპვის ფუნქციის მოშლა, მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპებზე
დარდნობით არ დადასტურდა (კონკრეტიკით მკითხველს თავს არ
შევაწყენ) მალაბსორბციის სინდრომი (იმედია მენდობით, პირადად მე 20 სამეცნიერო
სტატია მაქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა მაღალი იმპაქტფაქტორის მქონე
გამოცემებში ამ თემაზე), სიმსივნური წარმონაქმნი, რეფლუქს-ეზოფაგიტი,
პილოროსტენოზი, წყლული, და ა. შ.) რაც შეიძლება ხელს უშლიდეს საკვების მიღებას
ორალურად.
ვინაიდან პაციენტი ყოველდღიურად იმყოფება უკიდურესად მინიმალური
კალორაჟის შემცველ კვებაზე, რაც საშუალოდ შეადგენს 300-500კკ/დღ (იშვიათად 700-
800კკ/დღ) და შესაბამისად მიმდინარე მონაცემებისა , მისი სავალდებულო დღიური
კალორაჟი წონის შენარჩუნებისთვის შეადგენს 1650კკ/დღ , ხოლო ძირითადი
ცვლისთვის 1400კკ/დღ-ში. ყოველდღიური უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსი
წარმოადგენს წონის კლების მთავარ ალიმენტურ მიზეზს, გარდა კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის ორგანული დაზიანების და მექანიკური წინააღმდეგობის არარსებობისა,
არაერთი ენდოკრინოპათია არსებობს, რომელთათვისაც დამახასიათებელია როგორც
მადის დაქვეითება, ასევე შესაბამისად წონის კლება, თუმცა შესაბამისი სრული
ჰორმონალური სპექტრის გამოკვლევებისა და ნორმის მარკერებიდან გამომდინარე
მადის დაქვეითების და წონის კლების სომატურ -ენდოკრინული მიზეზი გამოირიცხა.
შესაბამისად წონის კლება განპიროებებულია პაციენტის ფსიქოემოციური ფონით .რის
გამოც არაერთგზის კონსულტირებული იქნა პაციენტი ფსიქიატრის და ფსიქოლოგის,
ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგის მიერ.
ამ ჯერზე არ ვსაუბრობთ საკვების მიღება-არმიღების სხვა, ძირითად კონკრეტულ
მიზეზზე, აქ ამის ადგილი ნამდვილად არ არის, მისი პირადი, არასაჯარო ინფორმაციაა.
ამიტომაც თავდაპირველად შეთავაზებულ იქნა ენტერალური კვება სრულფასოვანი
კალორაჟის შევსების მიზნით, რაზედაც პაციენტმა კატეგორიული უარი
განაცხადა.
ზონდური კვება იძულებით გამოყენებული ვერ იქნებოდა, ყველაფერი ეს
რათქმაუნდა ასახულია სამედიცინო ბარათში და ვინაიდან BMI < 18,5კგ/მ 2 , მიეცა
რეკომენდაცია რეანიმატოლოგთან და ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით
პარენტერალური კვების დაწყებაზე.
აქვე განგიმარტავთ : პარენტერალური კვების შეთავაზებისას ვხელმძღვანელობდით
კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტით ( პროტოკოლით ) ,
რომელიც შემუშავებულია ევროპის და ამერიკის პარენტერალური და ენტერალური
კვების საზოგადოების მიერ.
ახლა, რაც შეეხება შენიშვნების ავტორს და კოლეგას. ყოჩაღ! განგვიმარტეთ
პარენტერალური კვების მნიშვნელობა ( ისე , რას შვება ეს პოპულიზმი) რათქმაუნდა
ნაწლავის გვერდის ავლით ნუტრიენტები ხვდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში
ინტრავენული გზით (როგორც თქვენ იტყვით, პირდაპირ სისხლში ).
რაც შეეხება გართულებებს: ეს ახალია? არათუ პარენტერალური კვების კათეტერით , ჩვეულებრივ ინტრავენული კათეტერიზაციის შემდგომ არ შეიძლება განვითარდეს იგივე სეფსისი? თუ სათანადოდ არ მოხდა მისი მოვლა და გეგმიური გამოცვლა? ამისთვის
მაინცდამაინც ამერიკიდან უნდა მიგვითითოთ და ასეპტიკის წესებზე გვესაუბროთ?
ჩვენ, ვისაც მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს ამ ტიპის პროცედურების მართვის და
და წლებია ვასწავლით ქართველ თუ უცხოელ სტუდენტებს?
მე მახსოვს თქვენი კომენტარები და შენიშვნები (ზღვარგადასული) კოვიდამდელ თუ
კოვიდ და შემდგომ პერიოდში, დარგის წამყვანი ქართველი სპეციალისტების
მისამართით. ყველაზე და ყველაფერზე მზა რეცეპტები, შენიშვნები გაქვთ, მედიცინის
ყველა დარგში, გინეკოლოგია თუ პროქტოლოგიის ჩათვლით.
და კიდევ ეს თქვენი ინგლისური ტერმინოლოგიის უადგილო ჩართვები თქვენს IQ
მაღალ ინდექსზე და ზოგადად ინტელექტზე ნამდვილად არ მიუთითებს,
დამერწმუნეთ, ჩვენც ვმეტყველებთ ინგლისურ ენაზე, და არამხოლოდ, ბევრი
სამეცნიერო სტატიაც გვაქვს გამოქვეყნებული უცხოურ გამოცემებში, ბევრი
საერთაშორისო კონფერენციების სპიკერებიც ვყოფილვართ და ასე ვაგრძელებთ.
ჩვენ ბევრი, უცხოეთში მართლა წარმატებული და ღირსეული ექიმი მოგვმართავს,
რომლებთანც მართლა საგნობრივი დისკუსია გვაქვს და მათ რჩევებსაც
ვითვალისწინებთ, მადლობა მათ ამისთვის. თქვენ არცერთხელ არ
დაინტერესებულხართ.
მეც მექნება თქვენთან შეკითხვა:1. ამერიკულ ჰოსპიტალში, ევროპულშიც მუშაობის
გამოცდილება მეც მაქვს, ეს იყო ლამის 24 საათიან რეჟიმში შრომა და არასდროს
მრჩებოდა დრო არათუ პოპულისტური განცხადებების საკეთებლად, მეგობრებთან
შესახვედრადაც. თქვენ ამას როგორ ახერხებთ? და მეორე კითხვაც: თქვენ პირადად,
როგორც კარდილოგს თუ ექოკარდიოსკოპისტს რამდენი პაციენტი გყოლიათ
პარენტერალური კვებით? ჩვენი სტატისტიკა თუ დაგაინტერესებთ, აუცილებლად
მოგაწვდით.
და ბოლოს, ჩემი რჩევა იქნება (რამდენად გაითვალისწინებთ, თქვენი საქმეა) იაფფასიანი
პოპულიზმით, რომელიც არადარგის სპეციალისტ ფართე მკითხველზე გაქვთ
გათვლილი, შორს ვერ წახვალთ (ტერიტორიულად არ ვგულისხმობ, ისედაც შორს
ყოფილხართ) თუ მართლა რამე ინოვაციური, სასარგებლო რჩევა გინდათ მისცეთ
ქართველ კოლეგებს, ჯერ მეტი იკითხეთ, სამეცნიერო სტატიებზეც იმუშავეთ,,
მაგისტრატურაშიც კარგად ისწავლეთ, მეტი პრაქტიკა იქონიეთ, კოლეგიალობასაც ნუ
დაივიწყებთ.
და მკითხველთან მეც მექნება კითხვა ქ-ნი ნანას სტილში: „ თქვენ რომ გახდეთ
ავად (ღმერთმა გაშოროთ) გსურთ, გიმკურნალოთ ექიმმა რომელიც „ყველაფერშჩიკია“??
ალბათ დაფიქრდებოდით.
პატივისცემით ივ. ჯავახიშვილის სახ. მედიცინის ფაკულტეტის
კლინიკური ქირურგია 2 კათედრის გამგე, მედიცინის მეცნ, დოქტორი, პროფესორი
თსუ საუნივერსიტეტო კლინიკა ვივამედის კლინიკური დირექტორი
ზურაბ ჩხაიძე.
7. 02. 2023 წ. ქ. თბილისი”.