ქუთაისი გლოვობს ბერს, რომელსაც საკუთარი არაფერი გააჩნდა, კელიისა და შავი კაბის გარდა – მამა იოსები ცეცხლმოკიდებულ კელიაში სხვის დასახმარებლად შევიდა

ქუთაისი გლოვობს ბერს, რომელსაც საკუთარი არაფერი გააჩნდა, კელიისა და შავი კაბის გარდა - მამა იოსები ცეცხლმოკიდებულ კელიაში სხვის დასახმარებლად შევიდა,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

სახარებიდან გადმოსული მამაო – ასე იხსენებენ ქუთაისში გელათის მონასტრის ბერს, მამა იოსებ  ბურჯანაძეს, ადგილობრივები და მასზე, როგორც წმინდანზე, ისე ყვებიან. მამა იოსები 30 იანვარს ხანძრით მიღებული დამწვრობით კლინიკაში გარდაიცვალა.

16 იანვარს, შუაღამისას, ქუთაისში, გელათის მონასტერში, ე.წ. სტუმრის კელიაში ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი ტაძარში კეთილმოწესედ წოდებულმა ბერმა, მამა იოსებ ბურჯანაძემ შენიშნა. იცოდა, რომ იმ კელიაში სტუმარს ეძინა. პირდაპირ საწოლს მიაშურა და ქვეშაგები, რომელსაც უკვე ცეცხლი ეკიდა, გარეთ გამოყარა. ამ დროს კი ანაფორაზე ცეცხლი მოედო, რამაც სხეულის 45% დაუწვა.

მამა იოსები ორი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ახლა მთელი ქუთაისი ბერს გლოვობს. სოციალურ ქსელში ყველა, ვისაც სასულიერო პირთან შეხება ჰქონია, მის განუზომელ ღვაწლსა და საოცარ რწმენაზე საუბრობს.

“გელათიდან ქუთაისში მატარებლის ლიანდაგით ჩადიოდა, გზად რომ მანქანა არავის გაეჩერებინა და არ წაეყვანა. კელიაში ქვის სასთუმალი ჰქონდა და მრევლი სთხოვდა, რბილ ბალიშს მოგიტანთო. ისიც კი გამიგია, პატრიარქმა უსაყვედურა, თევზი მაინც ჭამეო, სულ ისე მკაცრად მარხულობდა. ადამიანი, ვინც ხორცს ვნებდა სულის სიწმინდისთვის. სულ ერთხელ მყავს ნანახი გელათში ნათლობაზე და სულ თვალწინ მიდგას, ისე მომნუსხა. ღმერთის მოციქული იყო ნამდვილად!” – წერს თამო ნებიერიძე.

კიდევ ერთი ქალბატონი, მანანა ჯინჭარაძ, მამა იოსებს ასე იხსენებს: ,,…ეს სუსტი, მილეული და გაცრეცილი კაცი დიდი, ლურჯი თვალებით და გამჭოლი მზერით, პაზოლინის “მათეს სახარებიდან” გადმოსული დოკუმენტური კადრივით, ისე გასდევდა იმერეთის და კერძოდ ქუთაისის სულიერ ცხოვრებას, თითქოს ღმერთმა გამოგვიგზავნა ზეციდან. რამდენი რამე შეიძლება მასზე გავიხსენო, უამრავი ჭორ-მართალი და ლეგენდა, მაგრამ მას არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, უსიტყვოდ აკეთებდა სიკეთეს და ლოცავდა ყველას… მდიდართა შემოწირულობებიდან ყველაზე მეტი უმწეო მრევლთან მიდიოდა… საკუთარი არაფერი გააჩნდა კელიის და შავი კაბის გარდა…”.

ქუთაისის მკვიდრი, ისტორიის დოქტორ, თეოლოგი, ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ,,სარკეს” მამა იოსების ცხოვრებასა და ღვაწლზე მოუყვა:

– მამა იოსები ძალიან კეთილმორწმუნე ოჯახიდან იყო. მისი მშობლები თვით კომუნისტების პერიოდში იყვნენ ღრმად მორწმუნენი – გიორგი და ნატალია ბურჯანაძეები. მათ ოთხი შვილი შეეძინათ, სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. სამივე ვაჟი სასულიერო პირებად არიან ნაკურთხი. სამი ძმიდან ერთი, დეკანოზი დავით ბურჯანაძე ,მსახურობს ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში, დეკანოზი კონსტანტინე ბურჯანაძე მსახურობს ხობის ეპარქიაში, ფოთის საკათედრო ტაძარში და არქიმანდრიტი იოსები მსახურობდა გელათის მონასტერში. სამივე ძმა ხელდასმულია ერთი მღვდელმთავრის, აწ განსვენებულ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, კალისტრატე მარგალიტაშვილის მიერ.

– გელათის წინამძღვრის წოდება ჰქონდა მამა იოსებს?

– გელათის მონასტერი საკათედრო ტაძარია. შესაბამისად, გელათის წინამძღვარი არის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი. მამა იოსები კი გელათის მონასტრის კეთილმოწესე, ანუ წინამძღვრის მოადგილე გახლდათ. რეალურად ის ასრულებდა წინამძღვრის მოვალეობას, რადგან მღვდელმთავარი სულ ტაძარში არ არის. ასე რომ, მამა იოსები უპირატესი სასულიერო პირი იყო გელათის მონასტერში.

მამა იოსების მამა, გიორგი ბურჯანაძე, კომუნისტურ პერიოდში, წლების განმავლობაში იყო მოწამეთას მონასტრის მედავითნე. ძალიან წმინდად ცხოვრობდა ეს ოჯახი და წინა საუკუნის 80-იანი წლების ზოგიერთ დოკუმენტში, რომლებიც იმჟამინდელ საეკლესიო საკითხებს შეეხება, შეიძლება შეგხვდეთ მამა იოსების ხორციელი მამის სახელიც.

მამა იოსები სასულიერო პირად ხელდასმის დღიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა გელათის მონასტერში. ამავდროულად, წლების განმავლობაში გახლდათ ქუთაისის წმინდა ქალწულ პირველმოწამე თეკლას სახელობის მონასტრის წინამძღვარი. ეს გახლავთ დედათა მონასტერი, სადაც მამა იოსებმა გაამრავლა მონასტრის დობა. იქ თითქმის ყველა მისი სულიერი შვილია. ძალიან ბევრი იღვაწა ამ მონასტრისთვის. როცა მივიდა, იქ, სასაფლაოსთან ფაქტობრივად მხოლოდ ტაძარი იდგა, მონასტერი კი მან აღაშენა. ახლა იქ არის ხარების სახელობის ძალიან ლამაზი ტაძარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მამა იოსების ღვაწლითა და სულაძეების ოჯახის ქტიტორობით აიგო.

მამა იოსების ღვაწლში ითვლება ისიც, რომ ყოველთვის ჩადიოდა უცხოეთში საგანგებოდ ჩვენი ემიგრანტების სანახავად და იქაც ჰყავდა ბევრი სულიერი შვილი. ანუგეშებდა, შვილებს უნათლავდა… მოგეხსენებათ, ემიგრაციაში ძალიან ბევრი ქართველი ბავშვი გაჩნდა. მამა იოსები მათთან სპეციალურად ჩადიოდა და ნათლობებს აღასრულებდა, რაც ერთგვარი მხარდაჭერა იყო ქართველი ემიგრანტი ოჯახებისადმი, რომ ჩვენს შვილებს აერთიანებდა ქრისტეს ეკლესიასთან.

ვიცი, რომ მუდამ ცდილობდა, განსაკუთრებით მძიმე ცოდვებში მყოფი ადამიანებისთვის აღმოეჩინა სულიერი დახმარება. ძალიან ბევრი აკითხავდა მძიმე ცოდვის მქონე და მასთან ეძებდნენ სულიერ ხსნას. მამა იოსებს კი იმხელა ძალა ჰქონდა, შეეძლო, კრიმინალურ მორევში ჩათრეული ადამიანი ამოეყვანა იქიდან და პატიოსნების გზაზე დაეყენებინა. მან გაამრავლა ასევე გელათის მონასტრის ძმობა. გელათში რომ მივიდა, იქ მაშინ ბერები არც იყვნენ, მერე კი მისი ბევრი სულიერი შვილი აღიკვეცა ბერად.

– რა ასაკის იყო მამა იოსები?

– გასულ წელს შეუსრულდა 60 წელი. როდესაც სულიერ ღვაწლში ხარ, ხორცი უძლურდება. ფიზიკური უძლურობები კი ჰქონდა და, რომ არა ეს უძლურობები, შეიძლებოდა, გადაეტანა ის, რაც დაემართა. ამ უძლურობებს თან დაერთო ძალიან მძიმე დამწვრობა. სხეულის 45% მაინც ჰქონდა დამწვარი.

– რა მოხდა იმ ღამით, რა იცით ტრაგიკული შემთხვევის შესახებ?

– 16 იანვრის ღამეს გაჩნდა ხანძარი გელათის მონასტრის კელიაში, რომელსაც სასტუმროს კელიას ეძახიან. მამა იოსებმა დაინახა ცეცხლი და შევიდა კელიაში, რადგან ეგონა, რომ იქ სტუმარი იმყოფებოდა, ანუ ადამიანის გადასარჩენად შევიდა. შუაღამე იყო.

– და შუაღამეს ის სტუმარი, რომელმაც, სავარაუდოდ, ცეცხლი გააჩინა, სად იყო?

– როგორც ჩანს, გამოსული იყო უკვე კელიიდან, რაც მამა იოსებმა არ იცოდა. მან გააჩინა თუ არა ცეცხლი, გამოძიება დაადგენს. არის ვარაუდი, რომ შესაძლოა ცეცხლი ბუხრიდან გაჩნდა. როგორც ვიცი, ის ადამიანი შობის მარხვისას მონასტერში ცხოვრობდა ისევე, როგორც სხვა რამდენიმე. შობის მარხვა რომ დასრულდა, დანარჩენი სტუმრები წავიდნენ და ამას უთხოვია, თუ შეიძლება კიდევ რამდენიმე დღით დავრჩები მონასტერშიო.

მამა იოსებს დაუნახავს ცეცხლი, პირდაპირ შეჭრილა კელიაში. ალმოდებული საწოლის ქვეშაგებისთვის მოუკიდია ხელი და რომ მიხვდა, იქ არავინ იწვა, ამ ცეცხლმოკიდებული ქვეშაგების გარეთ გადაგდება უნდოდა, რის შემდეგაც საბერო კაბაზე გადასვლია ცეცხლი.

მეტად თხელი აღნაგობის გახლდათ და, სამწუხაროდ, ცეცხლმა ძალიან დააზიანა მისი ორგანიზმი. დამწვრობა ზოგ ადგილას საკმაოდ ღრმა იყო. ისედაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. როგორც ვიცი, ორი თუ სამი კვირით ადრე ქირურგიული ჩარევაც ჩაუტარდა და დასუსტებულმა უკვე ეს დამწვრობა ვეღარ გადაიტანა. უფრო ჯანმრთელად რომ ყოფილიყო, მოერეოდა, მაგრამ სულიერ ღვაწლზე იმდენად იყო გადართული, ხორციელი მდგომარეობა დიდად არ აინტერესებდა.

ჯერ ქუთაისის კლინიკაში იწვა, მერე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ბოლო რამდენიმე დღე მართვით სუნთქვაზე იყო. როგორც ჩანს, სხვა ორგანოებიც დაუზიანდა…

– მის ბერულ ღვაწლზე ბევრმა დაწერა სოციალურ ქსელში. როგორი იყო პირად ურთიერთობებში?

– მე თითქმის 15 წელი მეუფე კალისტრატეს პირადი სტიქაროსანი და სულიერი შვილი გახლდით. როდესაც გელათში ავდიოდით წირვა-ლოცვაზე, მამა იოსები, როგორც მონასტრის უპირატესი სასულიერო პირი, მუდამ იქ იყო და ხშირად გვიწევდა მასთან ურთიერთობა. საოცრად ბავშვური ბუნების ადამიანი იყო. მეუფე კალისტრატე რომ მიდიოდა და წირვის შემდეგ სადღესასწაულო ტრაპეზი იმართებოდა, მეუფესთან ბავშვივით იბნეოდა, ამხელა კაცი ბავშვივით იქცეოდა, რაც მისი გულუბრყვილობის დიდი გამოვლინება გახლდათ.

მამა იოსებს გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება ჰქონდა და ეს ჯვარი მას მხოლოდ წირვა-ლოცვისას ეკეთა. სხვა დროს მხოლოდ საბერო კაბით დადიოდა. არ აჩენდა თავისი რეგალიის გამშვენებულ ჯვარს, რომელიც მას, როგორც არქიმანდრიტს, ეკეთა. მანამდე წლების განმავლობაში იყო მღვდელ-მონაზონი ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. ის გახლდათ ერთადერთი სასულიერო პირი, რომელსაც არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ.

მეუფე კალისტრატემ ისე იმღვდელმთავრა ქუთაის-გაენათის ეპარქიაში და იმგვარად წავიდა ამქვეყნიდან, რომ მამა იოსების გარდა სხვა არავისთვის უბოძებია არქიმანდრიტის წოდება. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა 2019 წლის ივნისში, კლინიკაში, პალატაში დაიბარა მამა იოსები და უძლურებაში მყოფმა საავადმყოფოს საწოლიდან მიანიჭა არქიმანდრიტის წოდება, რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა. მამა იოსების ღვაწლი იმხელა იყო, მეუფე კალისტრატე რომ მიხვდა, გადიოდა ამქვეყნიდან, სიცოცხლის ბოლო დღეებში მასზე იფიქრა და არ დატოვა არქიმანდრიტის წოდების გარეშე.

ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ არქიმანდრიტი იოსები აღესრულა 30 იანვარს – მსოფლიო მონაზვნობის ერთ-ერთი დიდი ფუძემდებლისა და მფარველის, ღირსი მამა ანტონი დიდის ხსენების დღეს.

– მამა იოსებს ოჯახი არ ჰყოლია?

– არა, არ ჰყოლია, ისე აღიკვეცა ბერად. მისი ძმები კი დეკანოზები არიან, თეთრი სასულიერო პირები. მამა იოსების ერთ-ერთი ძმისშვილიც მღვდელია.

– მართალია, რომ ქვის სასთუმალი ჰქონდა კელიაში?

– მამა იოსები თავის ღვაწლს ყოველთვის მალავდა. შეიძლება შემთხვევით წააწყდა ვინმე, თორემ თვითონ არასოდეს ახდენდა თავისი ღვაწლისა და მარხვის აფიშირებას, რაც ერთ-ერთი ქრისტიანული თვისებაა. როგორც ვიცი, ძალიან მკაცრი მმარხველი იყო. დიდმარხვაში ზოგიერთ დღეს საკვებს საერთოდ არ იღებდა. მარხვა ხორცს აუძლურებს. მრევლი რომ ხედავდა მის უძლურებას, უნდოდათ, მის მიმართ მზრუნველობა გამოეჩინათ, მამა იოსები კი ბოლომდე დიდ სულიერ ღვაწლსა და მარხვაში დარჩა. ძალიან მკაცრი და მომთხოვნი გახლდათ საკუთარი თავის და მოსიყვარულე და ლმობიერი სხვების მიმართ.

რამდენჯერმე, როდესაც მასთან გარკვეულ თემაზე სასაუბროდ მივსულვარ, უთქვამს, მოდი, ჯერ ვილოცოთ ერთად და მერე ვისაუბროთო. მეტყოდა ხოლმე, თუ ჩვენ ერთად ვილოცებთ, შემდეგ უფრო მეტი ძალა მომეცემა, რომ რჩევა მოგცეო. მერე უთქვამს, ერთად რომ არ გველოცა, ვერ შევძლებდი რჩევის მოცემასო. ეს მაგალითი იმის დასტურია, რომ ყველა სიტუაციას იყენებდა ადამიანის ღმერთთან დასაახლოებლად. მთელი ქუთაისი გლოვობს მის გარდაცვალებას.

– როგორ ფიქრობთ, რას იტყოდა, რატომ უშვებს ღმერთი ასეთი ადამიანების ასეთი საშინელი სიკვდილით, ფაქტობრივად წამებით ამქვეყნიდან გასვლას?

– ღმერთის ნება გამოუკვლეველია. ამ ყველაფრიდან კი იმ დასკვნის გაკეთება შეგვიძლია, რომ მამა იოსებმა მის თავს დამტყდარი კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი სულიერი შვილებისა და მოსიყვარულე ადამიანების გასაერთიანებლად. ფაქტობრივად ყველა ერთად დააყენა ლოცვისთვის – მისთვის ლოცულობდნენ, როგორც უძლურებაში მყოფისთვის და ახლა ყველა მისთვის ლოცულობს, როგორც გარდაცვლილისთვის.

გავრცელდა ვიდეოკადრები, როდესაც ის ქუთაისიდან თბილისში გადაჰყავთ და აქეთ ამხნევებს სამწყსოს. მის თავს მოწეულ ამ განსაცდელზე მამა იოსებმა განმარტება თავადვე დაგვიტოვა იმ რამდენიმე სიტყვით, სადაც ამბობს, განსაცდელი რომ მოგშორდება, კარგია და, თუ მოგეცემა, კიდევ უფრო სამადლობელიაო.