გიორგი შალვაშვილს ინსულტის შემდეგ კუჭის ოპერაცია მოტყუებით გაუკეთეს – ,,2 წელში 105 კილო დავიკელი”

გიორგი შალვაშვილს ინსულტის შემდეგ კუჭის ოპერაცია მოტყუებით გაუკეთეს - ,,2 წელში 105 კილო დავიკელი",,სარკე”, ია ქუთათელაძე

მუსიკოსმა გიორგი შალვაშვილმა 2 წლის წინ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და ახალი წონით, ახალი სამოსით, ახალი ენერგიით შეუდგა სატელევიზიო პროექტის განხორციელებას, რომ საქართველოს საზღვრებგარეთ შეხვდეს ჩვენს ემიგრანტებს და მათ მიერ რთული გზის გავლის შემდეგ მიღწეული წარმატებები მაყურებელს გააცნოს. გადაცემის ჩაწერასთან ერთად გიორგი ემიგრანტებისთვის კონცერტებსაც ატარებს, მონატრებული ქართული ჰანგებით ატკბობს სამშობლოსგან შორს მყოფ ადამიანებს.

მის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე გიორგი შალვაშვილი ჟურნალ მმსარკეს” უამბობს.

– გიორგი, დავიწყოთ თემით, რომელიც ჩვენს მკითხველს ალბათ ძალიან აინტერესებს – როგორ შეძელით უზარმაზარი წონის დაკლება.

– ამისთვის 2 წელი დამჭირდა. მივიდოდი ექიმთან, გამომიცხადებდნენ, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. დავთანხმდებოდი, წამოვიდოდი სახლში და ვფიქრობდი, ახლა შემოდგომაა, ქორწილები, ძეობები, სუფრები, არა, ასეთ დღეებს ვერ გამოვტოვებ-მეთქი. მერე ახალი წელი მოდიოდა, კონცერტები იწყებოდა, ქეიფები. მერე გაზაფხული და ასე გადავავადე 2 წელი.

ამასობაში გულის პრობლემები შემექმნა, გადავიტანე ინსულტი. ჩემმა მეგობარმა კაკი ბოლქვაძემ იძულებით წამიყვანა კლინიკაში მეგობარ ექიმთან. გამსინჯა თუ არა, მითხრა, ბომბზე ზიხარ, დაიღუპები, თუ სასწრაფოდ არ გაიკეთებო. როგორც წესი, დავეთანხმე და სახლში წამოვედი. ისევ ვყოყმანობდი, ვფიქრობდი, რომ ოპერაციას ვერ გადავიტანდი. მომდევნო დღეს კაკიმ მითხრა, დილიდან მშიერი წამოხვალ კლინიკაში ანალიზების გასაკეთებლადო. მივედი მშიერი, შემიყვანეს, მითხრეს, ახლა ჩაისუნთქე ღრმადო, რაღაც დამადეს ცხვირზე, ჩავისუნთქე და… როცა ამოვისუნთქე, უკვე ოპერაცია გაკეთებული მქონდა.

უნდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივად გადავიტანე ოპერაციის შემდგომი პერიოდი. არც ტკივილები მქონია, უბრალო გამაყუჩებელიც არ დამჭირვებია. რამდენიმე დღეში გამოვეწერე და პირდაპირ სტუდიაში წავედი სიმღერის ჩასაწერად. 2 წელი გავიდა მას შემდეგ, საერთო ჯამში, 105 კილო დავიკელი.

– ახლა ალბათ ძალიან მოგწონთ საკუთარი თავი.

– ჩემი თავი მაშინაც მომწონდა. სარკეში რომ ვიყურებოდი, არ მაღიზიანებდა, ვერც აღვიქვამდი, რომ მსუქანი ვიყავი. მაშინ უფრო აქტიური ვიყავი, ვმუშაობდი ჩემს თეატრში, სულ სპექტაკლები და კონცერტები მქონდა. მთელ საქართველოში დავდიოდი, ყველა რაიონი, ლამის ყველა სოფელი შემოვლილი მაქვს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი წონა არ მაკომპლექსებდა.

როგორც გითხარით, მსუქანს გამორჩეულად მეცვა, ახლა კი ჩვეულებრივი ტანსაცმელი შემიძლია შევიძინო მაღაზიებში და მგონია, უფერული გავხდი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჯანმრთელობის მხრივ ბევრად უკეთესად ვარ. ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, დროულად უნდა მიხედოს თავს.

– რაც შეეხება თქვენს სატელევიზიო გადაცემას, როგორ გაჩნდა მისი გაკეთების იდეა?

– ამ გადაცემის იდეა სპონტანურად დაიბადა. ,,ქართული ტელევიზიის” დირექტორმა, მანანა იმედაძემ, მიმიწვია სასაუბროდ. იქ შევეხე ემიგრანტების თემას და ვთქვი, ეს ჩვენი ემიგრანტები მთელ მსოფლიოში გაფანტული მარგალიტები არიან-მეთქი და დავამატე, მოდი, გავაკეთებ ემიგრანტებზე გადაცემას, სათაურით “გაფანტული მარგალიტები”-მეთქი. მანანა აღფრთოვანდა, წამოვედი სახლში, მთელი ღამე ვიმუშავე, დილით პროექტი მზად მქონდა.

ემიგრანტებთან, დიდი ხანია, მაქვს ურთიერთობა, კონცერტებით მიცნობდნენ. როცა მამაჩემი გახდა ავად, ემიგრანტებმა საკუთარი კეთილი ნებით დიდი დახმარება გამიწიეს. მუდამ მათი მადლიერი ვიქნები.

პირველად ამ გადაცემის ჩასაწერად საბერძნეთში გავემგზავრე. მამუკა ლიპარტელიანი და ლიგია მუშკუდიანი იყვნენ ჩემი მასპინძლები. გადაცემისთვის ფინანსები არ არის გამოყოფილი და ისევ ემიგრანტები დამიდგნენ გვერდში. ოპერატორი საბერძნეთში მყოფი ქართველი იყო, რომელმაც სრულიად უანგაროდ გადაიღო ცხრა გადაცემა.

სულ სხვა იყო კონცერტების დროს ადამიანებთან ურთიერთობა და სულ სხვა ყოფილა, როცა რეალურად ვიღებდით მათ ცხოვრებას. გამაოცა მათმა შრომის უნარმა, გამძლეობამ, სამშობლოს სიყვარულმა. ფაქტობრივად, ამ ადამიანებმა გადაარჩინეს საქართველო. მათ შორის უამრავი წარმატებულია, ვინც უცხო გარემოში შეძლო თავის დამკვიდრება, საკუთარი ნიჭის რეალიზება.

ასევე ვაპირებ გადაცემების მომზადებას იტალიასა და ესპანეთში. ყველგან დაგეგმილია ჩემი კონცერტები, რაც საშუალებას მაძლევს, ფინანსურად უზრუნველვყო გადაცემების ჩაწერა.

– მრავალფეროვანი შემოქმედებითი გზა გაიარეთ, იყავით საბავშვო თოჯინების თეატრის დამფუძნებელი, რეჟისორი, სცენარისტი, წერთ ლექსებს, სიმღერებს, პოპულარული ხართ, როგორც მომღერალი, არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში ჩვენს დიასპორაშიც. ბავშვობაშიც ასეთი მრავალმხრივი და მოუსვენარი იყავით?

– ნამდვილად ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ყველაზე მეტად სპექტაკლების დადგმა მიყვარდა. ეზოს ნაწილში თოკს გავაბამდით, ზედ საწოლის გადასაფარებლებს ჩამოვაფარებდით, მოვაწყობდით სცენას, შეიკრიბებოდნენ მეზობლები, მე კი ფარდის უკან ვიდექი და თავი დიდი მსახიობი მეგონა. საოცრად მიხაროდა, ტაშს რომ მიკრავდნენ.

სიმღერაც პატარამ დავიწყე, საბავშვო სტუდიაში 5 წლიდან დავდიოდი. ოჯახში ყველა მღეროდა – დედ-მამა, ბებო-პაპები. გენეტიკურად გამომყვა სმენა და სიმღერის სიყვარული. ჩემი ძმაც არაჩვეულებრივად მღერის. სხვა არაფერი მიტაცებდა, მხოლოდ მუსიკა და თეატრი. ვწერდი ლექსებს, შემდეგ სიმღერების წერაც დავიწყე.

სახელმწიფო კონსერვატორიაში ვსწავლობდი, თეატრალურში ჩავაბარე, შემდეგ – კიდევ ერთ უმაღლეს სასწავლებელში, საბოლოოდ კი ერთიც არ დავამთავრე. სულ ჩემს თავს ვეძებდი, სად უფრო ნაყოფიერი ვიქნებოდი. როდის რა მიტაცებდა, იმის მიხედვით ვივსებდი ცოდნას. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, მეშვიდეკლასელი სხვადასხვა სკოლაში გამოსაშვებ საღამოებს ვგეგმავდი და ვატარებდი.

ბავშვები მიყვარს ძალიან, ამიტომ თოჯინების თეატრში დავიწყე მუშაობა. ძალიან გამიტაცა, თოჯინებსაც თვითონ ვაკეთებდი, კოსტიუმებსაც ვკერავდი, სცენარებსაც ვწერდი. ბოლოს ვიფიქრე, რაღა სხვაგან, მოდი, თავად გავაკეთებ თოჯინების თეატრს-მეთქი და ასეც მოვიქეცი. გავხსენი თეატრი “თოჯინები იცინიან”. 20 წელი თოჯინების თეატრს ვხელმძღვანელობდი და თბილისის ყველა საბავშვო ბაღში ვმართავდი წარმოდგენებს.

დღემდე ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობაა, მათთვის არაფერს დავიშურებ, ათასნაირ არარსებულ სიტყვებს ვიგონებ მათ მოსაფერებლად და გასაბედნიერებლად.

– ამ ყველაფერთან ერთად გამორჩეული სამოსითაც იყავით ცნობილი. თავად ხომ არ იყავით დიზაინერი?

– არა, დიზაინერობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ რაც მეცვა, ყველაფერი ჩემი მოფიქრებული იყო და შემდეგ მკერავი მიკერავდა. მე ხომ ჭარბწონიანი ვიყავი და ჩემთვის შესაფერ სამოსს ვერ ვშოულობდი, ამიტომ მიხდებოდა შეკერვა როგორც საკონცერტო, ისე ყოველდღიური ტანსაცმლის. ფანტაზიას არ ვუჩივი, უამრავ თარგს ვიგონებდი, აქსესუარებს ვქმნიდი. ახლა რომ ვუყურებ, როგორ მეცვა, მიკვირს, როგორ ვიხდენი ისეთ ტანსაცმელს.

– პანდემიის დაწყებისთანავე სოფელში გადაბარგდით. როგორ შეეწყვეთ სოფლურ ყოფას?

– ახლა რასაც გეტყვით, შეიძლება შემომწყრეს ბევრი და სოციალურ ქსელში აუგი პოსტებიც დამიწერონ. მიწა არის ჩვენი მარჩენალი და ვისაც სახნავ-სათესი ან საკარმიდამო ნაკვეთი, მშობლიური სახლი აქვს სოფელში, მიუტოვებია და ქალაქს შემოჰკედლებია, მათ მინდა, ვუთხრა, მიხედეთ თქვენს ეზო-კარს, დაბრუნდით, მოუარეთ და მოგივლით თქვენი მამული. ძნელია, იოლი არაფერი არ არის, მაგრამ შრომა არ დაგეზაროთ!

სულ მიყვარდა სოფელი, ზაფხულს პაპა-ბებოებთან ვატარებდი, ვუყურებდი, როგორ თესდნენ, როგორ უვლიდნენ ვაზს. ბებოს ისეთი ბოსტანი ჰქონდა, ლარში გამოყვანილი და დამარმარებული, ერთ ბალახს ვერ იპოვიდით. მე, პატარა ბიჭი, სულ ვეხმარებოდი.

პანდემია დაიწყო თუ არა, ჩვენ სახლს მივაშურე პატარძეულში. ცოტა გამიჭირდა, დედაც მხარში ამომიდგა. პატარა ფერმა გავაკეთე – ქათამი, გოჭი, ცხვარი, ძროხა შევიძინეთ, მოვამრავლეთ. ყველი, მაწონი, რძე, კვერცხი, კარაქი არ მოგვკლებია. კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, ლობიო მთელი წელი გვყოფნის. ჩემი მეგობრები ხშირად ჩამოდიან. მეც არ მეზარება, მშვენიერი მზარეული ვარ და ჩემი გაკეთებული კერძებით ვუმასპინძლდები.

კახურად შეზავებული ლობიო უყვართ განსაკუთრებით. იცით, როგორ კეთდება? ერთი დღით ადრე დავალბობ, შემდეგ დავდგამ, ადუღდება, წყალს გამოვუცვლი და კარგად მოვხარშავ. ტაფაზე მოვდაღავ ხახვს, ნიორს, დავამატებ ორ კოვზ შაქარს, სამ კოვზ ძმარს, ტომატს და კარგად მოვშუშავ. ამ ყველაფერს დავუმატებ ლობიოში, ჩავაჭრი მწვანილს, ხმელ ქონდარს და უგემრიელესია.

სოფელში ცხოვრება არ ნიშნავს, რომ ქალაქთან კავშირი გაწყვიტო. პატარძეულში ვარ, მაგრამ თბილისში ვმუშაობ. იცით, რა ბედნიერებაა, საღამოს ჩემი ეზოს კარს რომ შევაღებ? აქაური სუფთა ჰაერი და სიმშვიდე სალბუნად მედება გულზე.

 – გიყვართ ბავშვები, აღმერთებთ ძმისშვილებს, საკუთარი ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობთ?

– რა გითხრათ, თითქოს შევეგუე იმას, რომ მარტომ უნდა გავატარო ცხოვრება. 17 წლის ასაკში მქონდა დიდი სიყვარული. სამწუხაროდ, არ შედგა ჩვენგან ბედნიერი წყვილი, ის გოგონა კი დარჩა მთელი ცხოვრების მუზად დღემდე.

ჩემი მშობლები ასაკში შევიდნენ, მზრუნველობა სჭირდებათ. ბევრჯერ შემეძლო უცხოეთში წასვლა, იქ მუშაობა და დარჩენა, მაგრამ მშობლები ვერ დავტოვე. ახლა, მით უმეტეს, ასე მგონია, ოჯახი რომ შევქმნა, მათ ჩემი ყურადღება მოაკლდებათ. ისე არ გაიგოთ, თითქოს მათთვის მსხვერპლი გავიღე, ეს თავისთავად მოხდა, ასე აეწყო ჩემი ყოფა.

დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ მარტო დავრჩები. ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე, იქნებ მოვიდეს სიყვარული და კარდინალურად შევიცვალო აზრი. ვნახოთ, ბედი რა საჩუქარს გაიღებს ჩემთვის.