,,შევცდი, ცოლად რომ გავყევი კაცს, რომელსაც შვილიშვილები ჰყავს”

,,შევცდი, ცოლად რომ გავყევი კაცს, რომელსაც შვილიშვილები ჰყავს",,სარკე”

ძალიან შევცდი, ცოლად რომ გავყევი კაცს, რომელსაც შვილიშვილები ჰყავს. ის წლებია, ცოლთან არის გაყრილი, მაგრამ შვილებთან ახლო კონტაქტი არასოდეს გაუწყვეტია. ისინი არიან მისი თვალისჩინები, უზომოდ ყურადღებიანი მამაა.

ის რომ გამაცნეს, სწორედ ამან მომხიბლა, რომ შვილების მიმართ ასეთი იყო. ვიფიქრე, რომ ცოლთანაც ასეთივე იქნებოდა, მაგრამ ძალიან შევცდი. ცოლად რომ გავყევი, მისი ქალიშვილი უკვე ორსულად იყო. ბავშვი რომ გაჩნდა, ისეთი ბედნიერები ვიყავით, მიწაზე ფეხს არ ვაკარებდით. ჩვილის გარშემო ვტრიალებდით ყველა.

მანამდე ძალიან მინდოდა, რომ შვილი მყოლოდა და ჩემი ქმარი ამაზე არც არაფერს ამბობდა, მაგრამ ბავშვი რომ გაჩნდა, შვილზე აღარც მიფიქრია. ვამბობდი, ეს ბავშვი ჩემთვის შვილიც არის და შვილიშვილიც-მეთქი. ამ ბედნიერების ხანაში დავორსულდი. ქმარს ვახარე, რომ მალე მამა გახდებოდა და ფერი დაკარგა, მითხრა, ხვდები მაინც, რას მეუბნებიო. რას-მეთქი, გაოცებულმა ვკითხე და მიპასუხა, რა დროს ჩემი შვილია, შვილიშვილი მყავსო. აბა, რა ვქნა, ნაყოფი მოვიშორო-მეთქი და რაც გინდა, ის ქენიო, თქვა და გავარდა გარეთ კარის ჯახუნით.

იმ დღიდან ურთიერთობა აგვერია. მე, რა თქმა უნდა, შვილზე უარის თქმას არ ვაპირებ. ის ღვთის საჩუქარია და მორჩილებით ვიღებ. ქმარი კი ზედ არ მიყურებს, აღარც წესიერად მელაპარაკება. მისმა შვილებმაც ცხვირი ამიბზუეს. აქამდე თუ მეფერებოდნენ, ახლა აგრესიას იჩენენ.

უკვე ვიცი, რომ უღირს ადამიანებთან მოვხვდი, მაგრამ ამ ჯვარს მორჩილად ვატარებ, რადგან სამაგიეროდ დიდ ბედნიერებას ვატარებ სხეულით და მისთვის ყველაფერს მოვითმენ. ქმარი თუ მიიღებს ამ ღვთის საჩუქარს ღირსეულად, უზომოდ ბედნიერი ვიქნები, თუ – არა, მაშინ დავემშვიდობები და ჩემს სახლში წავალ, სადაც მშობლები დიდი სიხარულით მიმიღებენ.

,,სარკის” მკითხველი