მერიკო კარტოზიამ 15 წლით გაახალგაზრდავების მეთოდს  მიაგნო – ,,მაკიაჟის გარეშე როცა ვარ, ვცდილობ, ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდო”

მერიკო კარტოზიამ 15 წლით გაახალგაზრდავების მეთოდს  მიაგნო - ,,მაკიაჟის გარეშე როცა ვარ, ვცდილობ, ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდო",,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

ტელეპროდიუსერისა და ჟურნალისტის, მერიკო კარტოზიას, სატელევიზიო მაკიაჟი ყოველთვის ძალიან მსუბუქია, ეკრანის მიღმა კი სახის კანს ყველაფერს არიდებს და ასვენებს. მისთვის უცხოა ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე მიღწევები, ბოტოქსი და სხვა ამგვარი პროცედურები, სამაგიეროდ, მოსწონს ძველი აღმოსავლური მედიცინის ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც, მისი თქმით, წლებს იკლებს.

მერიკოს ყოველდღიურობა ახლა ერთადერთ შვილზე ზრუნვით და საქმით არის შევსებული. ყველაზე მეტი დრო მის ტოქ შოუზე “სიკეთე მარტივია” ფიქრს მიაქვს. ჟურნალისტთან ქალური თემებზე დაწყებული საუბარი სხვა არანაკლებ საინტერესო ამბებით გაგრძელდა – ცხოვრების არჩევანით, ახალი სახლით და ა.შ.

– მერიკო, ამბობენ, ყველა ლამაზ ქალს სარკე უყვარსო. თქვენ დიდ დროს ატარებთ სარკის წინ?

– ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მხოლოდ დილით ვტრიალებ სარკესთან, რომ მოვწესრიგდე, ასევე გადაცემის ჩაწერის წინ, როცა საგრიმიოროში ჩემი გოგონები მალამაზებენ.

– ყოველდღიურად მაკიაჟის გამოყენება არ გიყვართ?

– ყოველდღიურად მხოლოდ ტონალურსა და აილაინერს ვხმარობ. თუ გადაღება არ მაქვს, სახის კანს ზედმეტად არ ვტვირთავ.

– წონის პრობლემა აშკარად არ გაქვთ. ვარჯიშობთ და სწორად იკვებებით?

– დიეტა არასოდეს დამიცავს. დღეში ერთხელ სადილი ან ვახშამი სრულიად საკმარისია ჩემთვის, ბევრი ჭამა არ მიყვარს. აკუპუნქტურისტი მეხმარება ყველაფერში. ეს არის სასწაული პროცედურები, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და პლუს 10-15 წლით გაახალგაზრდავება.

წელს არსად დამისვენია, რთული პერიოდი მქონდა. დედას ონკოლოგიური პრობლემა აღმოაჩნდა და ძალიან ვინერვიულე, სანამ ოპერაციამ წარმატებით არ ჩაიარა. თან ახალ ბინაში რემონტი დავიწყე, გადავიღალე და სწორედ ამ პროცედურების გავლის შემდეგ ავივსე ენერგიით.

სახეზე არაფერი გამიკეთებია, არც ბიორევიტალიზაცია, არც ბოტოქსი, არც ფილერი. ინიექციების ფობია მაქვს, ასე რომ, არანაირი ჩარევა, მხოლოდ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მასაჟი. სხვათა შორის, სახის წერტილოვანი მასაჟი, გარდა იმისა, რომ ნაოჭები ქრება და კორექცია კეთდება, სხვა ორგანოების გამოჯანმრთელებასაც უწყობს ხელს.

– როგორც ვიცი, იოგითაც იყავით გატაცებული.

– იოგას ვარჯიშები ძალიან მეხმარებოდა, მაგრამ ბოლო დროს ისეთ რეჟიმში ვცხოვრობ, დროის გამონახვა მიჭირს, ხშირად ფეხით სიარულსაც კი ვეღარ ვახერხებ.

– პოპულარობასთან ერთად ალბათ თაყვანისმცემლების რაოდენობაც გაიზარდა. როგორ გამოხატავენ ხოლმე სიმპათიას თქვენ მიმართ და ყველაზე ორიგინალური კომპლიმენტი რა უთქვამთ?

– ცოტა რთულია, ასე გამოვარჩიო, თუმცა ნებისმიერი გულწრფელი ქათინაური სასიამოვნო მოსასმენია. მაგალითად, დღეს თანამშრომლებმა მითხრეს, მერიკო, მგონი, შენ ყოველდღირად ახალგაზრდავდებიო. ძალიან მესიამოვნა.

– წლები გადის. როცა სარკეში იყურებით, რას გრძნობთ, რა წაიღო და რა მოიტანა დრომ, წლებმა?

– წაღებით არაფერი ჯერჯერობით, კარგი და ნათელი დღეები მემატება. რა ასაკშიც ვარ და როგორიც ვარ, მომწონს. ზოგადად, რა პროფესიისაც უნდა ვიყოთ, სადაც უნდა ვმუშაობდეთ, უნდა ვეცადოთ, ყოველმა დღემ საინტერესოდ ჩაიაროს. მიყვარს განსხვავებული მომენტების დაჭერა. მუდმივად სიამტკბილობაში ვერ ვიქნებით. შეიძლება განსაცდელებიც გავიაროთ, მაგრამ ისე უნდა მივიღოთ, როგორც გამოცდილება.

– ჟურნალისტობა ალბათ ბავშვობიდან გინდოდათ და პირველ “სიუჟეტებსაც” სარკის წინ იმიტირებული მიკროფონით ამზადებდით, არა?

– სახლში გვქონდა სამოყვარულო კამერა და პირველი რეპეტიციები კამერის წინ გავიარე. მე და ჩემი ძმა ჩანაწერებს ვამზადებდით, სალონურ საღამოებს ვაწყობდით, ნიუსებსაც ვიღებდით. ოჯახის წევრები იყვნენ მაყურებლები – დედა, მამა, ბებია. თემებს ვარჩევდით ხასიათიდან გამომდინარე. თუ გვქონდა პოეზიის საღამო, ვკითხულობდით ლექსებს, ხან საინფორმაციო გამოშვებას ვგეგმავდით და რაღაც ამბებს ვიგონებდით.

– თქვენს შემთხვევაში ოცნებები ასრულდა, პოპულარული ჟურნალისტი გახდით.

– საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ის ოცნება ავიხდინე, რაც მქონდა. მე დიდი გზა გავიარე ჟურნალისტიკაში. სანამ ჩემი საავტორო გადაცემა მექნებოდა, ვიყავი რეპორტიორი, ვმუშაობდი ახალ ამბებსა და ანალიტიკაზე. ახლა ვფიქრობ, “სიკეთე მარტივია” არის ის პროექტი, რისთვისაც ღირდა ჩემი ჟურნალისტური ცხოვრება. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ეს მეხმარება, ვაკეთო ჩემი საავტორო გადაცემა.

არაა მარტივი, აირჩიო თემები, მოიწვიო სტუმრები, მით უმეტეს, როცა საქველმოქმედო სიუჟეტს აკეთებ. არც ბენეფიციარმა უნდა იგრძნოს თავი შეურაცხყოფილად და არც ქველმოქმედი უნდა წარმოაჩინო ზედმეტად. გადაცემის რეიტინგს თუ დავაკვირდებით, ვფიქრობ, ეს შევძელით. ზოგიერთ გადაცემას სოციალურ ქსელში 2 მილიონი ნახვა და მოწონება აქვს.

– “სიყვითლეს” სოციალურ ქსელში ხშირად აკრიტიკებენ, არადა ყველაზე რეიტინგული ალბათ ასეთი გადაცემებია.

– როცა მოძღვარს ან რომელიმე ცნობილ ადამიანს სიღრმისეულ თემაზე სასაუბროდ ვიწვევ, აქვს ნახვები და მოწონებები, მაგრამ ძალიან ცოტა. როგორც კი ოდნავ “გავაყვითლებ” თემას, ვთქვათ, ვინმეს პირადს განვიხილავ ან რესპონდენტი მათთვის მიუღებელი პერსონაა, არ აინტერესებთ გადაცემის შინაარსი, არ კითხულობენ, რა თემაზე მყავს მოწვეული, პირდაპირ მოდის მათი და ჩემი ლანძღვა.

“ეს ის გოგოა, ტაძრებს რომ აშენებს?” – კითხულობენ ირონიით. რაც უნდა ვეცადო, რომ ამ რესპონდენტების დადებითი მხარე წარმოვაჩინო, მაინც ლანძღვის კორიანტელში გვახვევენ. ამ დროს მინდა, დავწერო, თუ ასეთი მიუღებლები არიან თქვენთვის, მათი სტუმრობის დროს რატომ აქვს გადაცემას ყველაზე მეტი ნახვა?! რატომ, ვთქვათ, ჟანრი ლოლაშვილის ინტერვიუს არ ჰქონდა ამდენი ნახვა, რომლის თითოეული სიტყვა ჩემთვის მარგალიტია?! რატომ არ აქვს სასულიერო პირის საუბარს ამდენი მოწონება?!

ერთხელ ფილოსოფოსები ჩავწერე და, ჩემდა სამწუხაროდ, ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა, როცა სიყვარულზე, ცხოვრებასა და სხვა სიღრმისეულ თემებზე ისაუბრეს. ეპატაჟური ადამიანები თან აინტერესებთ, თან აგრესია აქვთ მათ მიმართ.

– “სიკეთე მარტივია” პრეტენზიული სახელწოდებაა, ის ერთგვარ პასუხისმგებლობასაც გაკისრებთ.

– როცა არასამუშაო დროს დავდივარ, ადამიანების მხრიდან ვგრძნობ სითბოსა და სიყვარულს, მოლოდინს, რომ სიკეთესთან კავშირში ვარ და ვიღაცას ჩვენი სიუჟეტით შეიძლება დავეხმაროთ. მაყურებელს ეს დადებითად განაწყობს, თუმცა, ერთი მხრივ, ცოტა რთულია, სადაც უნდა წავიდე, დავჯდე, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად, სულ უხერხულობას ვგრძნობ. ახლა კარგი გამოსავალი ვიპოვე და ჩავიკეტე, ვარ ან ჩემს ოფისში, ან სახლში.

– რატომ, პოპულარობა გაწუხებთ?

– არ ხარ სულ ისეთ ფორმაში, როგორც კამერების წინ გამოიყურები. როცა ცოტა მოშვებული ვარ, მინდა, დავისვენო და მაკიაჟის გარეშე ვიარო. ასეთ დროს ვცდილობ, ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდო.

– ახალ ბინაზეც გკითხავთ. რემონტი თქვენი გემოვნებით გააკეთეთ თუ დიზაინერს მიანდეთ საქმე?

– დიზაინერი არ მყოლია, ჩემი გემოვნებით გავაკეთე ყველაფერი და ვინც ნახა, ყველამ აღნიშნა, რომ საინტერესო და ცოტა მისტიკურია.

– მისტიკამ თქვენს გადაცემებშიც წამოიწია წინ. როგორც ჩანს, ეს თემა გაინტერესებთ.

– მეც მაინტერესებს და მაყურებელსაც. როცა მაქვს საშუალება, ვაკეთებ პროფესიონალების დახმარებით. ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო გამოვიდა ის გადაცემა, როცა ირინა პადზორავა ჩავრთე. ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ 13 წლისა უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს და ჰქონდა კოსმოსში მოგზაურობის გამოცდილება. როგორც თვითონ აღნიშნა, ორი უცხოპლანეტელი ჩვენი გადაცემის ჩაწერასაც ესწრებოდა.

ეს ადამიანები იმდენად საინტერესოდ ლაპარაკობენ, სულ რომ ტყუილი იყოს, მაინც ინტერესით უსმენ. ჩნდება განცდა, რომ არ ვართ მარტო, ვიღაცები გვაკვირდებიან, ჩვენგან ითხოვენ სითბოს, სიყვარულს, თანადგომას.

– თქვენს ცხოვრებაში თუ მომხდარა რამე მისტიკური?

– უკვე ხშირად მეხუმრებიან, შენც არ მოგაკითხონ და წაგიყვანონო. უცხოპლანეტელები არ მინახავს, მაგრამ ერთი უცნაურობა მჭირს – ინტუიცია მაქვს განვითარებული. ბედისწერის მჯერა. რა თქმა უნდა, უფლის მწამს და ეს არის ჩემი პირველი ამოსავალი წერტილი. ნიშნებზე მიყვარს დაკვირვება, რადგან გამართლებულა. ვთქვათ, რაღაც მოხდა, ვფიქრობ, რომ მას ეს გაგრძელება მოჰყვება და მართლაც ასე ხდება. ალბათ ესეც ერთგვარი მისტიკაა.

– თქვენს რესპონდენტებს ხშირად ეკითხებით პირად ცხოვრებაზე, თავად კი არ გიყვართ ამაზე საუბარი…

– იმდენად ჩაკეტილი ვარ ჩემს პატარა სამყაროში, ჩემს ტელეკომპანიაში და იმდენად მაკმაყოფილებს ჩემი პირადი ცხოვრება ახლა როგორიც არის, სიახლეების ძებნის სურვილიც არ მიჩნდება. ეს არის ჩემი სამყარო და ბედნიერი ვარ.

– ეკრანზე ყოველთვის მშვიდი და მომღიმარი ხართ. აფეთქებების პერიოდები როდის გაქვთ?

– ძალიან იშვიათად ვბრაზდები, ძირითადად უსამართლობაზე. ქვეყანა უნდა დაიქცეს, რომ ხმამაღალი სიტყვა ვთქვა. რა თქმა უნდა, დამიცავს ჩემი სიმართლეც და სხვა ადამიანიც. ბავშვობაში ჩემი ძმა მშვიდობის მტრედს მეძახდა. გაბრაზებული არც საკუთარი თავი მომწონს და არც სხვა. თუ მაინცდამაინც მოვხვდი ასეთ გაუგებარ სიტუაციაში, ვცდილობ, პრობლემას იუმორით მივუდგე. ეს იდეალური გამოსავალია და უმეტეს შემთხვევაში ამართლებს.