გვანცა დარასელია: ,,მე ხშირად დამითმია ქმრის აზრის სასარგებლოდ”

გვანცა დარასელია: ,,მე ხშირად დამითმია ქმრის აზრის სასარგებლოდ",,სარკე”, ია ქუთათელაძე

2007 წელს საქართველოში გამართულ სილამაზის კონკურსზე გვანცა დარასელიას ,,ვიცე მის საქართველოს” ტიტული მიენიჭა. 2008 წელს კი მან ჩვენი ქვეყანა ,,მის სამყაროს” კონკურსზე წარადგინა. გვანცა ტიტულოვანმა ჟიურიმ, ბეჭდურმა გამომცემლობებმა და მსგავს კონკურსებში ჩართულმა უამრავმა ორგანიზაციამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ახალგაზრდა ქალად დაასახელა.

2008 წელს გვანცას სატელევიზიო დებიუტი ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ზე შედგა. 15 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ესალმებოდა ქართველ მაყურებელს. წელს კი მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება და ტელეკომპანია დატოვა.

როგორია ოჯახური ცხოვრება ქალაქგარეთ, საკუთარ ეზო-კარში, რას მოაქვს ოჯახური წყვილისთვის სიმშვიდე და ჰარმონია, ამ თემებზე გვანცა დარასელია ჟურნალ ,,სარკეს” ესაუბრა:

– ყველა გოგონა ოცნებობს პრინცესობასა და დედოფლის გვირგვინზე, თქვენ ეს ოცნება რეალურად აგიხდათ. გაიხსენეთ იs პირველი ნაბიჯები, რომლითაც დაიწყო თქვენი პოპულარობა.

– დიახ, ეს ნამდვილად დაუვიწყარი და ემოციური გასახსენებელია. ეს იყო სტარტი, როცა მე გამიცნო საზოგადოებამ და ძალიან დამეხმარა ბევრ რამეში, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ პროფესიასთან დაკავშირებული არჩევანი უკვე გაკეთებული მქონდა.

დიდი გამოცდილება მივიღე, გავხდი “ვიცე მის საქართველო”, შემდეგ ვიყავი “მის სამყაროზე”. ეს ყველაფერი კი დედაჩემის დაჟინებული თხოვნით დაიწყო. მე არასდროს ვფიქრობდი კონკურსებსა და სამოდელო კარიერაზე, დედა კი ფიქრობდა, რომ ეს ჩემთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა.

– თქვენ ამ სილამაზის კონკურსზე გაბრწყინების შემდეგ მიიღეთ შეთავაზება ტელევიზიიდან. ესეც ერთ-ერთი ფერადი ოცნებაა გოგონებისა – გამოჩნდნენ ჯადოსნურ ცისფერ ყუთში.

– არა, ეს კონკურსის დამსახურება არ ყოფილა. მე ვსწავლობდი უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში ტელე-რადიოჟურნალისტიკაზე, წამყვანის სპეციალობით. შემდეგ სტაჟირებით მოვხვდი ,,რუსთავი 2″-ზე და მაშინვე გამოჩნდა შესაძლებლობა, დილის გადაცემაში დამეწყო მუშაობა, რადგან არხზე იყო ამის საჭიროება. ასე მოვხვდი და დავრჩი ტელეკომპანიაში.

მისვლის დღიდან 15 წელი ერთგულად, პასუხისმგებლობით და დიდი სიყვარულით ვემსახურე ჩემს საქმეს.

– მიუხედავად ასეთი დიდი სიყვარულისა, მაინც წამოხვედით.

– დიახ. ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება, ბევრი ვიფიქრე. ბოლო წლები თითქოს წინ ვეღარ წავედი, ერთ წრეზე ვტრიალებდი. სეზონის ბოლოს დაიწყო ცვლილებები და მივხვდი, ეს ცვლილებები ჩემს კარიერულ ცვლილებად უნდა გამომეყენებინა. მე ვამაყობ იმ დროით, როცა “რუსთავი 2”-ზე ვიმუშავე, მაგრამ მინდა, კიდევ ბევრი რამ ვისწავლო, განვვითარდე, ახალი სტარტი ავიღო.

– დედა ყველასთვის ძვირფასი და მთავარი ადამიანია ოჯახში. თქვენთვის, ეტყობა, განსაკუთრებულად იყო გეზის მიმცემი. დღეს თუ ითვალისწინებთ მის რჩევებს, როცა თავად ხართ დედა?

– ნამდვილად დედა იყო ჩემთვის გეზის მიმცემი და, შემიძლია ვთქვა, ჩემი მამოძრავებელი ძალა. ყოველთვის მეუბნებოდა, მეტი შეგიძლია, ის შესაძლებლობები მე რომ მქონოდა, უფრო მეტს მივაღწევდიო. დიდი სტიმულია ჩემთვის დედა, ყოველთვის ვითვალისწინებ მის რჩევებს, მაგრამ გადაწყვეტილებას მე ვიღებ და ამისთვის დიდი მადლობა მას. მან ჩამომიყალიბა უნარები და მომცა თავისუფლება, თუნდაც რადიკალური გადაწყვეტილების მიღებისა.

– რა შეიცვალა თქვენთვის დიდი ქალაქისგან მოშორებით ცხოვრებით, როგორ შეეწყო ოჯახი ახალ საცხოვრებელ ადგილს?

– ჩვენ უკვე ოთხი წელია, რაც მცხეთაში ვცხოვრობთ, თბილისის ცენტრიდან გადავედით. იმდენი პლუსი აქვს ქალაქგარეთ ცხოვრებას, ისეთი კარგი გარემო შევქმენით ჩვენ გარშემო, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ ბავშვებისთვის, ოჯახისთვის. გვაქვს დიდი ეზო, გვაქვს დიდი კომუნა შექმნილი იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენ გარშემო ცხოვრობს ამ დასახლებაში.

– დამოუკიდებელ ოჯახად ცხოვრება ხომ არ გაგიჭირდათ?

– ფანტასტიკური დედამთილ-მამამთილი მყავს, ასევე მული, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარია. მათთან ცხოვრება ნამდვილად კარგი იყო, ბავშვებზეც ბევრს მეხმარებოდნენ, მაგრამ ცალკე ცხოვრება აუცილებელია. ჩვენ უკვე ვართ სრულუფლებიანი ოჯახი, უნდა შევძლოთ პასუხისმგებლობის აღება, ზრუნვა საკუთარ შვილებზე, ერთმანეთზე.

საერთოდაც, ყოჩაღი გოგო ვარ. ბავშვებისთვის ძიძა მყავს, დანარჩენ საქმეებს კი მე და ჩემი მეუღლე ერთობლივად ვუძღვებით.

– თქვენი შეხვედრის და სიყვარულის ამბავი გაიხსენეთ.

– ვახო ყოფილი მორაგბეა. იგი საქართველოში არ ცხოვრობდა, ჩეხეთში იყო და დრო და დრო ჩამოდიოდა. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს რაღაც ღონისძიებაზე მნახა და მოვეწონე. მას შემდეგ გადაწყვიტა, მისი მეუღლე გავმხდარიყავი. თავიდან შეხვედრაზე არ ვთანხმდებოდი. ჩემი წინააღმდეგობა დაძლია და შეხვედრიდან ხუთ თვეში ვიქორწინეთ. უკვე 12 წელი გავიდა, ორი შვილი გვყავს – 10 წლის ერეკლე და 5 წლის ლილე.

– 12 წელი ოჯახური თანაცხოვრებისთვის ცოტა არ არის. რა გასწავლათ ამ წლებმა, რა არის მთავარი ოჯახში სიმშვიდისა და ჰარმონიისთვის?

– პირველ რიგში, თითოეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა და დათმობა. ოჯახი არ არსებობს კამათის გარეშე. ერთად ცხოვრების წლები გაძლევთ საშუალებას,  გაიგოთ ერთმანეთის ხასიათი, რა სწყინს შენს მეუღლეს, რა ახარებს, რას ელოდება შენგან. მე ხშირად დამითმია მისი აზრის სასარგებლოდ და ვიცი, რომ ისიც ასე იქცევა.

ჩვენ ყველა ეტაპი გავიარეთ და, შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის ფიქრები და სურვილები. ეს უკვე ჰარმონიაა წყვილის ურთიერთობაში.