გია ჯაჯანიძე: ,,პატარკაციშვილებმა მაგიდაზე ნახევარი კვერცხი დამახვედრეს”

გია ჯაჯანიძე: ,,პატარკაციშვილებმა მაგიდაზე ნახევარი კვერცხი დამახვედრეს",,სარკე”

გიჭამიათ ლობიო ალუბლის ფოთლით? ტელეწამყვანი, შოუმენი გია ჯაჯანიძე ,,სარკესთან” ირწმუნება, რომ თუ ასე შეკმაზავთ, უგემრიელეს კერძს მიიღებთ. ჯაჯო სამზარეულოში ექსპერიმენტების დიდოსტატია და ისეთ რაღაცებს ამზადებს, ყველას აოცებს. ყველაფერი კი სტუდენტური საცხოვრებლიდან ასე დაიწყო:

– სტუდენტობის დროს კინოსტუდიის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ერთხელ ისეთი მშიერი დავბრუნდი, თვალებში მიბნელდებოდა. იქ საერთო სამზარეულო იყო. ვნახე, რომ კალათაში სამი ცალი დამჭკნარი ჭარხალი იდო. გავთალე, წვრილ კუბიკებად დავჭერი, ზეთში მოვშუშე, მარილი, შავი წიწაკა მოვაყარე და ვჭამე. ასეთი გემრიელი კერძი არასოდეს მიჭამია. მას შემდეგ დავიწყე ექსპერიმენტები. ერთხელ დიდი ბოლოკები ვიყიდე, მრგვლად დავჭერი და შევწვი. სერიოზულად გეუბნებით, ასეთი საჭმელი არასოდეს გექნებათ ნაჭამი. მერე ცნობილ მზარეულებს რომ ვუთხარი, ბოლოკი შევწვი-მეთქი, მითხრეს, ჩვენც მოვსინჯავთო. არასოდეს არავის მოსვლია აზრად, ბოლოკი შეეწვა.

ეტყობა, ამ საქმისკენ მიდრეკილება მქონდა. ერთხელ თევზის ნაჭერზე თაფლი დავაწვეთე. ახლა ბევრი ქვეყნის სამზარეულოში ვხვდებით ტკბილ-მწარე კერძებს. ბავშვობაში თავად მომაფიქრდა, თევზი დამეტკბო. ტრადიციულ რეცეპტებს ყოველთვის რაღაცას ვამატებ, ლობიოსაც კი ჩემეული რეცეპტით ვაკეთებ.

– როგორ მზადდება გია ჯაჯანიძის ლობიო?

– ლობიოს კამას არავინ უშვრება, მე კი სხვა მწვანილებთან ერთად ვაჭრი. გარდა ამისა, დაფნის ფოთოლთან ერთად შიგ ალუბლის ფოთლებს ვყრი. ალუბლის ფოთლები ისეთ არომატს აძლევს, ვერ წარმოიდგენთ! სადილებში ძალიან მიყვარს ქონდრის გამოყენება. ამ მწვანილს ბორშჩში არასოდეს უშვრებიან, მაგრამ მე ცოტას ვაყრი და უხდება.

კერძებს ძირითადად მაშინ ვიგონებდი, როცა მიჭირდა. ადრე იყიდებოდა ფხვნილი, რომლისგანაც წვენი კეთდებოდა. ამ ფხვნილს ვასხამდი წყალს, ვაყრიდი პურის ფქვილს და კრემს ვამზადებდი. შიგ ვაგდებდი კარაქის პატარა ნაჭერს, რომ ცხიმიანი გამოსულიყო. მერე დავალაგებდი ტკბილ ფხვიერ ნამცხვარს, ზემოდან გადავუსვამდი კრემს, მერე ისევ – ნამცხვარს დავადებდი და კრემს ვუსვამდი… ასე გამოვიგონე ნამცხვარი “ჯაჯო”.

– თქვენი ფანტაზია სასმელებსაც სწვდება?

– აბა, რა! ჩაის მომზადების ჩემი რეცეპტი მაქვს. ზაფხულში ჟოლოს, მაყვლის, მარწყვის ყუნწებს, ალუბლისა და კომშის ფოთლებს, ძალიან ცოტა დაფნას ვახმობ, მერე ყველაფერს ერთმანეთში ვურევ და მთელი ზამთარი მის ნაყენს ვსვამ. ძალიან უხდება ასკილიც. ისეთი უცნაური გემო აქვს, ყველა ფიქრობს, ნეტა, რა არისო. ინგა გრიგოლიამ ბედნიერების ჩაი დაარქვა.

– თქვენი ყოველდღიური მენიუ როგორია?

– ყოველ დილით, ავდგები თუ არა, ვსვამ ერთ ჭიქა წყალს, მერე ვჭამ ერთ ცალ ვაშლს, წიწიბურას მარილით და ზეითუნის ზეთით, ბოლოს კიტრს ვაყოლებ. ეს ხდება ყოველ დილას. 1984 წლიდან მოყოლებული, არ ყოფილა დილა, როდესაც ეს ყველაფერი არ მიჭამია. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვარ, ამას ყველგან ვახერხებ. მიყვარს სტაფილოს წვენი. 200 გრამ სტაფილოს წვენში 5 წვეთ სეზამის ზეთს ვუშვრები. მიყვარს ჩინური სამზარეულო, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჯანსაღია. ვჭამ ბრინჯს, ტკბილ თევზს, სოკოს და ვსვამ სტაფილოს წვენს.

– და არ ჭამთ ხორცს.

– არასოდეს! ვეგეტარიანელი ვარ. ჩვენს სახლში ყოველდღიურად საჭმლის პატარა ულუფა მზადდება. მეორე დღისთვის აღარ არის. მორჩენილი საჭმლის გადაყრა ძალიან მენანება, ეს ალბათ იმიტომ, რომ შიმშილობა მაქვს გამოვლილი. პურის ნაჭერს არასოდეს ვაგდებ, ვახმობ და სოფელში ვაგზავნი. ყველაფრის ფასი ვიცი. როცა ადამიანები მშივრები არიან, ვიტანჯები. ამიტომ თუ საჭმელს ვყრი, მგონია, დანაშაულს ჩავდივარ.

ერთ ამბავს მოგიყვებით. წლების წინ ბადრი პატარკაციშვილთან ვმუშაობდი. ერთ დღესაც პატარკაციშვილებმა დამირეკეს, თუ შეძლებ, ნახევარ საათში მოდიო. ამ დროს ისე მშიოდა, გული მიკანკალებდა. ნანას (ბადრი პატარკაციშვილის და. ავტ.) ვუთხარი, იქნებ ნახევარი კვერცხი შემიწვა-მეთქი. ნახევარი კვერცხის შეწვა რას ნიშნავსო, მკითხა. მორიდების გამო ვუთხარი, ძალიან მშიოდა, თორემ ამასაც ვერ გავბედავდი.

მივედი და მაგიდაზე მართლაც ნახევარი კვერცხი დამხვდა, რომელსაც გვერდით ჩანგალი ედო. ვიფიქრე, დავიღუპე-მეთქი, ეტყობა, ეს სახეზე შემეტყო და ნანამ მითხრა, ხომ ხარ ღირსი, რომ ამის მეტი მართლა არაფერი გაჭამო, ნახევარი კვერცხი რა მოიგონეო. მერე უამრავი საჭმელი გამომიტანა.

,,სარკე”