სოსო აბზიანიძე: ,,ორი შვილი დავკარგე, მაგრამ ვალდებული ვარ, ფეხზე ვიდგე” – ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერის დიდი სიყვარული და ტკივილები

სოსო აბზიანიძე: ,,ორი შვილი დავკარგე, მაგრამ ვალდებული ვარ, ფეხზე ვიდგე" - ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერის დიდი სიყვარული და ტკივილები,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ესტრადისა და კინოს ვარსკვლავის, ვახტანგ კიკაბიძის – ბუბას – გვერდით მრავალი წელია დგას მისი უერთგულესი მეგობარი და პროდიუსერი, სოსო აბზიანიძე. მას მრგვალი თარიღი შეუსრულდა – 70 წელი, სავსე უამრავი მოგონებით, ბედნიერით თუ ტკივილიანით. გზაზე, რომელიც დღემდე გამოიარა, ადამიანებზე, რომლებიც გვერდით მოჰყვებოდნენ და მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არიან, ბატონი სოსო ,,სარკეს” უამბობს.

სოსო აბზიანიძე: ,,ორი შვილი დავკარგე, მაგრამ ვალდებული ვარ, ფეხზე ვიდგე" - ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერის დიდი სიყვარული და ტკივილებისოსო აბზიანიძე: ჩემი მეუღლე, ნანა კელაპტრიშვილი, ხელოვანია, ანსამბლ ,,რუსთავის” ყოფილი მოცეკვავე და პროფესიით ჟურნალისტი. წლების წინ, როდესაც თბილისი ჩაბნელებული იყო და ქალაქში არანაირი გართობის საშუალება არ იყო, მე, ჩემმა მეუღლემ და მისმა მეგობარმა, ფილოლოგმა ია ქუთათელაძემ, გადავწყვიტეთ, ელიტური საღამოები მოგვეწყო. იკრიბებოდა ხელოვანი ხალხი, გვქონდა შესანიშნავი პროგრამა, გართობა და ხელოვან ხალხს კარგად ვუნაზღაურებდით, ვიხდიდით იჯარის ფულს და ჩვენს თავსაც ვუვლიდით. კარგად, სუფთა ხელებით ვმუშაობდით და ხელოვანების ნდობა დავიმსახურეთ.

მაშინ ანსამბლი ,,ორერა” დაშლილი იყო. დაიშალა არა იმიტომ, რომ არ შეეძლოთ მუშაობა, არამედ იმიტომ, რომ ფიზიკურად თუ ფინანსურად გვერდით დგომა სჭირდებოდათ. გადავწყვიტე, “ორერა” თავიდან გამეერთიანებინა. ჩვენთან ერთად იყვნენ რობერტ ბარძიმაშვილი, გენო ნადირაშვილი, თემურ დავითაია… ამ კონცერტებმა ძალიან გაამართლა. მერე “ორერა” მოსკოვში წავიდა, სადაც მე ვერ წავყევი და იქ სხვა გახდა მათი პროდიუსერი.

რობერტ ბარძიმაშვილი რომ გარდაიცვალა, მე და ბუბა კიკაბიძეს გვინდოდა, მოგვეხერხებინა მისი დიდუბის პანთეონში დაკრძალვა. მაშინ კულტურის მინისტრი ქალბატონი სესილი გოგიბერიძე იყო. მასთან მე და ბუბა შევედით და დავითანხმეთ, არადა დიდუბის პანთეონში ადგილები შეზღუდული იყო.

12-13 წელი მაინც იქნებოდა, რაც ბუბას საქართველოში კონცერტი არ ჰქონდა ჩატარებული და მაშინ სამი კონცერტი ჩავატარეთ ანშლაგით. ბუბას ვუთხარი, თუ მენდობი, მე გაგიკეთებ კარგ კონცერტს-მეთქი. ჩვენი შერწყმა ცოტა უცნაური იყო როგორც ბუბასთვის, ისე ჩემთვის. ის არ ელოდა, რომ გავრისკავდი ასეთი ბუმბერაზი კაცის კონცერტის ჩატარებას.

“ორერას” ვარსკვლავიც ჩემი გაკეთებულია. მაშინ ვანო ზოდელავა იყო დედაქალაქის მერი. შევედი მასთან და ვუთხარი, “ორერას” ვარსკვლავი უნდა გვქონდეს-მეთქი. დათო ოქიტაშვილს, რომელიც მაშინ ქალაქის კულტურას განაგებდა, ზოდელავამ დაავალა, როგორც საჭირო იყო, ისე მოქცეულიყო.

არც ბუბას ჰქონდა საქართველოში ვარსკვლავი, რუსეთში ჰქონდა. მისი ვარსკვლავი 2005 წელს გავხსენით, უკვე სააკაშვილის მთავრობა რომ მოვიდა. ამის შემდეგ მე და ბუბა კონცერტებს საქართველოშიც ვატარებდით და სხვადასხვა ქვეყნებშიც ჩავდიოდით – ყაზახეთი, ბაქო, სომხეთი, უზბეკეთი,მოლდავეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები… ძალიან მოთხოვნადი გახდა ბუბა იმ დროისთვის.

– მათ შორის, მოსკოვშიც.

– დიახ. მოსკოვში ბუბას საიუბილეო კონცერტის ჩატარება დიდი ფორმატით იგეგმებოდა და ამ დროს რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო. ამის გამო ბუბამ უარი თქვა იქ კონცერტის გამართვაზე. მას მოსკოვში არასოდეს ჰქონია ბინა და არც წილი სადმე. საქართველოში ცხოვრობდა, ჩადიოდა, ატარებდა კონცერტებს და ჩამოდიოდა.

საიუბილეო კონცერტისთვის ბევრ რამეს შეჰპირდნენ, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა. ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაშინდელმა პრეზიდენტმა, მედვედევმა მეგობრობის ორდენითაც დააჯილდოვა. ომი რომ დაიწყო, ბუბამ შეუთვალა, არ გამომიგზავნოთ ეს ჯილდო, არ მინდაო. ფულზე არ გაიყიდა, თორემ მე ვარ მოწმე, რამხელა თანხებსაც სთავაზობდნენ. მისი არა მხოლოდ პროდიუსერი ვარ, მეგობრები და ახლობლები ვართ. თვალებით ვლაპარაკობთ, თუ საჭიროა და ასე თვალებით ვუგებთ ერთმანეთს.

– როგორია ურთიერთობაში თქვენი ვარსკვლავი მეგობარი და, თქვენი აზრით, რა განაპირობებს ხანგრძლივ მეგობრობას?

– მოლდავეთში გვქონდა კონცერტი. ბუბამ სცენის მუშებთან სუფრა გამაშლევინა. უბედნიერესები იყვნენ და ამბობდნენ, ასეთი რამ არ ხდება, აქ ჩამოდიან ვარსკვლავები, რომლებსაც 7 მცველი დაჰყვება თან, ახლოს არ მიგიკარებენ, ისე იქცევიანო. ბუბა კი მათთან ერთად დაჯდა, დალოცა, მადლობა გადაუხადა. ერთ-ერთმა მუშამ უთხრა, მამა მყავს ავად და მან მითხრა, რა ბედნიერი ხარ, ბუბასთვის რომ მუშაობო. ბუბამ უთხრა, აკრიფე მამაშენის ნომერი და დაველაპარაკებიო. ასეთი კაცია ბუბა.

ბუბა კაცობის, სიმართლის აკადემიაა. ეს ის პიროვნებაა, როგორც ამბობენ, შავთანაც რომ მეგობრობს და წითელთანაც. ორივე მხარეს უყვარს. მე კი ჩავეხუტე და არსად გავუშვი. ბუბას ბენდიც გვაქვს…

არ არსებობს, ბუბა კონცერტზე გამოვიდეს და მთელი დარბაზი ფეხზე არ დაუდგე! კონცერტი რომ მთავრდება, მსმენელები მოდიან, ფოტოებს იღებენ, კოცნიან და ეფერებიან, არადა დაღლილია ხოლმე.

არ არსებობს ქვეყნის პრეზიდენტი თუ ბიზნესმენი, რომლებიც ქვეყნებს ფინანსურად განაგებენ, რომ მათთან არ ვყოფილიყავი შეხვედრაზე ბუბასთან ერთად. მაგალითად, ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი არასოდეს იხდიდა დაბადების დღეს, ბუბა თუ არ იქნებოდა. ასე ერთად მოვდივართ მე და ბუბა უკვე 22 წელია.

84 წელი შეუსრულდა ბუბას და 85 წლის იუბილესთვის გრანდიოზულ კონცერტს ვგეგმავ მისთვის, სადაც მსოფლიოს ვარსკვლავები ჩამოვლენ. 75 წლის რომ გახდა, რეჟისრომა დავით დოიაშვილმა დაგვიდგა კონცერტი და ახლაც მინდა, ისევ მას ვთხოვო, ჩვენი რეჟისორი იყოს და მგონია, რომ საკმაოდ კარგად გავაკეთებთ.

– ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს ბატონ ბუბას. ეს ხელს არ უშლის, აქტიური იყოს სცენაზე?

– დღეგამოშვებით იკეთებს ბუბა დიალიზს. ჯანმრთელობის ასეთი პრობლემის მქონეთ ისეთი ჩაკეტილი ცხოვრება აქვთ, თითქოს არაფერი აინტერესებთ. ექიმები ლექციებს კითხულობენ ბუბაზე, შეხედეთ, დიალიზზეა, მაგრამ კონცერტებს ატარებსო. რომელ ქვეყანაშიც უნდა შეხვიდე, არაფერი გჭირდება, თუ ბუბასთან ერთად ხარ, ფაქტობრივად პასპორტია.

–  მრგვალი თარიღი შეგისრულდათ. როგორი განწყობით შეხვდით 70 წელს?

– დიახ, 4 აგვისტოს 70 წელი შემისრულდა. 9 აგვისტოს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა, ამიტომ 9 აგვისტოს აღვნიშნე. ჩემს ცოლს ოჯახის ელექტროსადგურს ვეძახი, მთავარი ენერგეტიკაა ოჯახისა. არაფრიდან დავიწყეთ და ერთად მოვედით აქამდე.

ამავე დროს, ძალიან დიდი ტრგედია გადავიტანეთ – 34 წლის ვაჟი, გიორგი, დავკარგეთ. ძალიან რთული გადასატანი იყო ეს, მაგრამ საოცრად ლამაზი გოგონა დაგვიტოვა და ამ ბავშვით სიცოცხლე და სიხარული გვემატება. ნატალია 10 წლის არის და უკვე სამ ფილმში ითამაშა. ძალიან კარგად იცის ინგლისური და რუსული ენები, კარგად ცურავს…

ჩვენი უმცროსი შვილი, რატი აბზიანიძე, ჟურნალისტია. უკრაინულ კომპანიაში მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს უკრაინის პრეზიდენტს. “საბრი”, რომელიც უკრაინის ნაციონალური ანსამბლია, ჩემმა შვილმა წაიყვანა, მთელი ევროპა მოატარა და დიდი შემოსავალი მოუტანა ქვეყანას. კონცერტზე ანგარიშის ნომერს კიდებდნენ და მაყურებელი ფულს რიცხავდა.

პირველი, უფროსი ვაჟი სხვა ქალბატონისგან მყავდა… მოსკოვში ვცხოვრობდი იმ დროს. საკმაოდ კარგი ბიჭი იყო, ნიჭიერი და ფინანსურად ძლიერი. ორი წლის წინ 47 წლის ასაკში კორონავირუსით დამეღუპა. მისგან 3 შვილიშვილი დამრჩა. სამივე გოგოა. ძალიან ნიჭიერები არიან. უფროსი ამერიკულ-ჩინურ კომპანიაში მუშაობს და მისი ანაზღაურება თვეში 20 ათასი ევროა. მეორე გოგონამ ჩააბარა კონსერვატორიაში და ისე წარმატებით, რომ გადასახადს არ იხდის. მესამე ჯერ პატარაა, სკოლაში დადის.

სოსო აბზიანიძე: ,,ორი შვილი დავკარგე, მაგრამ ვალდებული ვარ, ფეხზე ვიდგე" - ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერის დიდი სიყვარული და ტკივილებიჩემი გიორგის 10 წლის შვილმა, ნატალიკომ, ბოლოს ქართულ ფილმში ითამაშა, რომელიც ყაზახეთში გამოვა. ბუბა კიკაბიძის შვილიშვილის როლს ასრულებს. ასევე, “ფორმულას” საახალწლო ფილმშიც ითამაშა და უკრაინულ ფილმშიც. ეს ყველაფერი ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ძალიან შრომისუნარიანი ბებიაა. ენებსაც ის ასწავლის და შესანიშნავი საჭმელების გაკეთებასაც.

ჩვენს სახლში რაც კი ლამაზია და სრულყოფილი, ყველაფერი ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ნანა ის ენერგეტიკაა, რომელიც წინ გვიშვებდა. ის უკან იდგა და ჩვენ წინ გვიშვებდა – მივდიოდით და მივდიოდით. წლები მოგვემატა, მაგრამ ჩვენი სიყვარული ისევ ისეთია, როგორიც დასაწყისში იყო.

ერთი კვირით რომ მივდივარ სადმე, ნანა ძალიან მენატრება, ამიტომაც ხშირად დამყავს ჩემთან ერთად. რაღაცნაირი მშვიდი აურა აქვს. ნანა რომ არა, მე და რატი იმ ტრაგედიას, რაც თავს დაგვატყდა, ვერ გადავიტანდით. კაცებისთვის ასეთი ტრაგედიები რთული გადასატანია. დილით რომ გაუშვებ შვილს სამსახურში და საღამოს გარდაცვლილს მოგიყვანენ… კაცებისთვის ძნელია ასეთი ამბის გადატანა და ქალებისთვის, მით უმეტეს. ნანამ კი გვაჩვენა, რომ დადგებოდა ფეხზე და კარგად იქნებოდა. ამ მიდგომამ დაგვაბრუნა ამ ცხოვრებაში და მისი დამსახურებაა, ახლა რომ კარგად ვართ.

ცოლი რომ მოვიყვანე, სულ მინდოდა, გოგო მყოლოდა, რომელსაც გავანებივრებდი. ჩემი გიორგის შვილისთვის ჯერ არაფერზე მითქვამს “არა”. მაქვს საშუალება, რომ “არა” არ ვუთხრა და ყველაფერზე თანახმა ვარ, რასაც მთხოვს. ბაბუს რომ დამიძახებს… ხან სოსოსაც მეძახის, თანახმა ვარ, ყველაფერი დავუთმო.

ბიჭებთან უფრო მქონდა საჩხუბარი და წინააღმდეგობას ვუწევდი ხანდახან, მაგრამ ნატალის უარს ვერაფერზე ვეუბნები. რატი უკვე 33 წლის არის, მაგრამ ცოლი არ ჰყავს. მამის უფლებები აიღო ხელში და… ნატალის შესანიშნავი დედა ჰყავს. სხვა დედა ალბათ სხვაგვარად მოიქცეოდა, წაიყვანდა შვილს, მან კი ის სიკეთე გაგვიკეთა, რომ ეს ბავშვი დროის 80%-ს ჩვენთან ატარებს, რაც სიცოცხლის ხალისს გვიბრუნებს.

– უფროსი შვილიშვილები საქართველოში ცხოვრობენ?

– არა, რუსეთში, მაგრამ ჩამოდიან ჩვენთანაც. ჩემი უფროსი შვილის, დიმას, დედა რუსი იყო. ცოტა ქართულიც იციან ჩემმა შვილიშვილებმა. უფროს შვილს 4 წლის ასაკში დავშორდი და 37 წლის იყო, როცა ვიპოვე. ჩემმა მეუღლემ, ნანამ, ყველაფერი გააკეთა, რომ ის ბავშვი მეპოვა.

გადაცემა “ჟდი მენია” ხომ გახსოვთ? იმ გადაცემით იპოვა ნანამ ჩემი შვილი. ინდურ ფილმს ჰგავს ეს ამბავი, მაგრამ ასე მოხდა. დედამისი გერმანიაში გათხოვდა, გვარი შეიცვალა… კარგი მამინაცვალი ჰყავდა ჩემს შვილს. დედამისის გვარზე იყო. ერთხელ კი თავისი დაბადების მოწმობა უპოვია სახლში, სადაც ეწერა აბზიანიძე დიმა. დედისთვის უკითხავს, ეს კაცი ვინ არისო. დედამისს კი ტირილით მოუყოლია ყველაფერი. ამის მერე გამოაქვეყნა საიტზე, რომ ეძებდა მამას და ვიპოვეთ. რომ ჩამოვიდა ჩვენთან, ყველამ კარგად მივიღეთ. გიორგი და რატი ისე არ მგავდნენ, როგორც დიმა.

– გიორგი რით გარდაიცვალა?

სოსო აბზიანიძე: ,,ორი შვილი დავკარგე, მაგრამ ვალდებული ვარ, ფეხზე ვიდგე" - ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერის დიდი სიყვარული და ტკივილები– ანევრიზმით გარდაიცვალა ორი წლის წინ. ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, მთელი თბილისი იცნობდა და ყველას უყვარდა. იურიდიული ჰქონდა დამთავრებული. საერთოდ, ჯანმრთელობის პრობლემა არასოდეს ჰქონია. ფიზიკურად ძლიერი, მაღალი და სიმპათიური იყო. მიხაროდა, რომ ასეთი შვილი მყავდა. სრულიად მოულოდნელი იყო მისი გარდაცვალება, ყველანაირი წინაპირობის გარეშე.

შენი ტრაგედიის გამო სხვებს არ უნდა წაართვა სიხარული. როცა ფიქრობ, ვიღაცას სჭირდები, მათ გვერდით უნდა დადგე და ასეთ ამბავს შეხედო ისე, რომ იფიქრო, ალბათ ასე უნდა მომხდარიყოო. ზემოთ დაწერილია, ვიღაცამ რომ ოპერაცია უნდა გაიკეთოს და გადარჩეს – ამ გზით გადაარჩენს ხოლმე ადამიანს ღმერთი. გადაგარჩენს ან წაგიყვანს, ეს მისი ძალაა. ზოგი ვარჯიშობს, ზოგი რაღაც ხერხს მიმართავს… ასეთი რამ არ მწამს. ღმერთი მაშინ წაგიყვანს, როდესაც ეს მას სურს, ამიტომ მე მოვერიე ამ ამბავს. ყველაზე მეტად მეუღლეს ვჭირდებოდი და ის მე მჭირდებოდა.

ვინც მსგავსი ტრაგედია გადაიტანა, ყველას ვურჩევ, ხელში აიყვანოს თავი და შემოუძახოს, რომ ის ვალდებულია, გააგრძელოს ცხოვრება. წაქცევა არაფერს გვიზამს. წაქცევით ჩვენ სხვასაც წავაქცევთ, ამიტომ ვალდებულები ვართ, ფეხზე ვიდგეთ.

ფოტოებზე: სოსო აბზიანიძე და ვახტანგ კიკაბიძე, ია ქუთათელაძე და ნანა კელაპტრიშვილი, ნატალიკო და გიორგი აბზიანიძეები