ნანა ქირია: ,,ზვიად გამსახურდიას იგავები მისტიკურია, მომავლის განჭვრეტა შეუძლია” – პედაგოგი ჩარჩოების მიღმა

ნანა ქირია: ,,ზვიად გამსახურდიას იგავები მისტიკურია, მომავლის განჭვრეტა შეუძლია" - პედაგოგი ჩარჩოების მიღმა,,სარკე”, ია ქუთათელაძე

პედაგოგი – სულისა და გონების ინჟინერია, როგორც ხშირად უწოდებენ.  პედაგოგად უნდა დაიბადო, მხოლოდ საგნის ცოდნა არ არის საკმარისი, უნდა გიყვარდეს შენი შეგირდები და ზოგადად ადამიანი, რომ სწორედ ის შეგირდები ადამიანებად გაზარდო და ცოდნა სიყვარულით გადასცე.

თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის და სკოლა “ლოგოსის” ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნანა ქირია, ამბობს, რომ თავიდანვე იცოდა, მასწავლებელი გახდებოდა, მერე კი ადამიანებმა, რომლებიც ბედმა ცხოვრების გზაზე შეახვედრა, ეს არჩევანი გაუადვილეს. მისი ბაბუა, თავის დროზე საკმაოდ შეძლებული ოჯახის თავკაცი, საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა. ჩამორთმეული ქონებიდან ბებიამ ორი ნივთი გადაარჩინა –  შოთა რუსთაველის დიდი პორტრეტი და უძველესი ხატი, რომელიც ოჯახისთვის შეუფასებელი  განძია. ასეთი შეგნებით გაიზარდა ნანა ქირია და შემთხვევითი არ იყო, რომ თავისი პროფესიული მომავალი მშობლიურ ენასა და მწერლობას დაუკავშირა.

14 ივლისს ქალბატონმა ნანამ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე, რომელსაც დღემდე არავინ შეხებია – ,,პროფეტიზმი და ენიგმა ზვიად გამსახურდიას პარაბოლურ ნარატივში”. დისერტაციის დაცვამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

როგორი იყო გზა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგობიდან მეცნიერებათა დოქტორობამდე და რა აღმოჩენები გააკეთა  ქალბატონმა ნანამ ზვიად გამსახურდიას შემოქმედებაში, ამის შესახებაზე ჟურნალ “სარკის” მკითხველებს თავად უამბობს.

– ქალბატონო ნანა, უამრავი ფილოლოგი, ისტორიკოსი, გეოგრაფი… იღებს განათლებას, მაგრამ შემდეგ თავს არიდებენ სკოლაში მუშაობას, ეძნელებათ ბავშვებთან ურთიერთობა. თქვენ თავიდანვე გქონდათ გადაწყვეტილი, რომ სკოლაში მიხვიდოდით?

– პირველი ექსპერიმენტული სკოლა, სადაც დღემდე ვმუშაობ, ჩემთვის ბავშვობიდან მშობლიური გახლდათ. ერთი იქ არ დავბადებულვარ, გაზრდით კი, შემიძლია ვთქვა, რომ იქ გავიზარდე. ჩემი მანანა დეიდა (მანანა კობახიძე) იყო სკოლის დირექტორი, იქ მუშაობდა ჩინებული ისტორიკოსი, ცნობილი მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე სვიმონ გამსახურდია, რომელიც მანანა კობახიძის მეუღლე იყო.

უნივერსიტეტში სწავლის დროს არსებობდა ასეთი პრაქტიკა: ჯერ კიდევ სტუდენტებს შეგვიშვებდნენ სხვადასხვა სკოლებში, პირველ წელს მხოლოდ ორი თვით, რომ შევჩვეოდით სკოლას. შევდიოდით გაკვეთილებზე, ვეცნობოდით, როგორი იყო სწავლის პროცესი. მომდევნო წელს, ანუ ბოლო კურსზე, პრაქტიკა მთელი წელი უნდა გაგვევლო სკოლაში.

მყავდა პრაქტიკის არაჩვეულებრივი ხელმძღვანელები, ქართულ ენაში – ირაკლი ვეშაპიძე, ლიტერატურაში – რამაზ ჭილაია. სკოლა იყო ორცვლიანი და ჩვენ, პრაქტიკანტები, დღის განმავლობაში 12 გაკვეთილს ვესწრებოდით – დილის და საღამოს ცვლაში.

სკოლაში იყო საოცრად კარგი პედაგოგიური კოლექტივი, ერთი ოჯახი, ორიენტირებული სიახლეებზე, მხოლოდ მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით.

პრაქტიკამ ბევრი რამ მომცა, განწყობა თავიდანვე მქონდა, რომ აუცილებლად უნდა მემუშავა სკოლაში. თავდაპირველად არ იყო ადვილი პროცესი, მაგრამ მქონდა შემართება, ენთუზიაზმი და უზომოდ მიყვარდა ჩემი საგანი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ამ სკოლაში დავიწყე მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის შემცვლელ მასწავლებლად, მაგრამ თუ გაცდებოდა რომელიმე გაკვეთილი, იქაც უნდა შევსულიყავი. რასაკვირველია, ფიზიკასა და ქიმიაში გაკვეთილს ვერ ავხსნიდი, მაგრამ შეიძლებოდა მომეძებნა საინტერესო თემა და მესაუბრა ბავშვებთან ამ თემის ირგვლივ.

ერთხელ მეცხრე კლასში ცდებოდა ფიზიკის გაკვეთილი. მითხრეს, ძალიან დაუმორჩილებელი კლასია, ყველა მასწავლებელს უჭირს გაკვეთილის ჩატარება, თუ შეძლებ და 45 წუთი სიმშვიდეს შეინარჩუნებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ყველა კლასში თავისუფლად იმუშავებო.

დაირეკა ზარი და შევედი. პედაგოგი მაშინვე შეამჩნევს, როგორ იყურებიან ბავშვები, როგორი სიანცით უელავთ თვალები და ერთი სული აქვთ,  გაკვეთილი ჩაშალონ. წარმოიდგინეთ, სულ 22 წლის ვარ, სიმკაცრე არ გამოვა, ფიზიკას ვერ ვასწავლი. ავიღე ჟურნალი, ამოვიკითხე გვარები და ვუთხარი: “ბავშვებო, გინდათ, თქვენი გვარების წარმოშობის ისტორიები გიამბოთ? გაჩუმდნენ, ცოტათი დაინტერესდნენ. დავიწყე ერთი გვარით, შემდეგ – მეორე და ბოლოს ერთმანეთს ასწრებდნენ, მასწავლებელო, ახლა ჩემს გვარზე გვითხარი რამეო. ასე გავიდა გაკვეთილი, არავის არ უცდია ხმის ზედმეტად ამოღება. შემდეგ ეს ბავშვები დასვენებებზე ხაზგასმული პატივისცემით მესალმებოდნენ.

ასეთი შემთხვევა ბევრი იყო. პედაგოგზე არის დამოკიდებული, დაინტერესდება მოსწავლე შენი საგნით თუ არა. არ შეიძლება დაშტამპული გზით იარო, სულ ახალი გზა უნდა ეძებო, გამოიყენო ტექნიკის მიღწევები, შეისწავლო ბავშვების ინტერესები, შეძლო, გახსნა ისინი, დაიმეგობრო, ისე მიაწოდო სასწავლო მასალა, მისთვის საინტერესო აღმოჩნდეს.

ბევრი რამ ვისწავლე ჩემი კოლეგებისგან. იყო ფიზიკის პედაგოგი ოთარ ხაზარაძე, გამოცდილი, საუკეთესო მასწავლებელი. ხელი ჩაგვავლო მე და კიდევ ერთ ახალგაზრდა პედაგოგს, რომ იტყვიან, მეურვეობა აიღო ჩვენზე. ესწრებოდა ჩვენს გაკვეთილებს, გვიყურებდა, როგორ ვიქცეოდით, როგორ ვუხსნიდით მასალას. დღის ბოლოს გვაძლევდა შენიშვნებს, ზოგჯერ ის შენიშვნა მწარე იყო, ღამე, სახლში მისული, დარდისგან ვერ ვიძინებდი, მაგრამ ამავდროულად გვაფხიზლებდა. ჩვენს სუსტ ადგილებს ვასწორებდით, ვცდილობდით, უფრო დამაჯერებლები ვყოფილიყავით. ასე ვყალიბდებოდით ნელ-ნელა. ზოგჯერ ვფიქრობ, პედაგოგიკის კათედრას იმდენი არ მოუცია, რაც ბატონმა ოთარ ხაზარაძემ მასწავლა.

– ქალბატონო ნანა, თქვენ საბჭოთა დროს მიიღეთ განათლება და იმ პერიოდში მუშაობდით სკოლაში. რას გამოარჩევდით იმ დროის სკოლის ცხოვრებიდან და სწავლის მეთოდებიდან?

– რა თქმა უნდა, ბევრი ნეგატივი იყო, თუნდაც უმაღლეს სასწავლებლებში მისაღების გამოცდების დროს დიდი კონკურენცია, პროტექციონიზმი და, დღეს დამალული არ არის, ფულის ფაქტორიც. უამრავი ნიჭიერი ბავშვი, ვისაც არ ჰქონდა კერძო რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება, იჩაგრებოდა.

ჩვენს სკოლაში იყო პროფილური სწავლება. ჯგუფი, რომელიც აირჩევდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, გაძლიერებულად სწავლობდა ამ საგანს – კვირაში 14-16 საათს. ჯგუფში 14 მოსწავლე მყავდა და დღეში სამი საათი ამომწურავად გადავცემდი ჩემს ცოდნას. სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ბავშვები მისაღებ გამოცდებზე ყოველგვარი ზედმეტი მომზადების გარეშე უმაღლეს შეფასებას იღებდნენ. ამდენად, პროფილური სწავლება სწორი და გამართლებული იყო.

– ქართულ ლიტერატურაში არსებობდა წიგნი, რომელსაც გარჩევის სახელმძღვანელოს უწოდებდნენ, სადაც განხილული იყო ამა თუ იმ მწერლის და პოეტის შემოქმედება. მხოლოდ ამ წიგნით ასწავლიდით თუ თქვენი მეთოდები გქონდათ?

– ჩემთვის მაშინაც და ახლაც, რაც უნდა მიწყინონ სახელმძღვანელოების ავტორებმა, სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი რესურსი, მარტო მასზე დაყრდნობით მასწავლებელი ვერ გავა ფონს, ვერ იქნება წარმატებული და მოსწავლესაც ვერ დააინტერესებს, ამიტომ ძალიან ხშირად ვაძლევდი თავისუფლებას, ვაჩვევდი აზროვნებას, საკუთარი შეხედულების გამოთქმას. თავად მოსწავლემ როგორ აღიქვა ნაწარმოები, რა დაინახა, რა მოეწონა, რა ისწავლა იქიდან. გარდა  პროგრამაში შეტანილი ავტორებისა, ვაცნობდი სხვა მწერლებს და პოეტებს. ერთ-ერთი იყო შოთა ჩანტლაძე, რომლის შემოქმედების სწავლაც მე დავიწყე პირველმა.

– როგორ გადაიტანეთ გასული საუკუნის 90-იანი წლები, გაყინული სკოლა, უსინათლობა, უტრანსპორტობა, უხელფასობა?

– ახლა ყველაფერი კარგად მახსენდება. უმძიმესი წლები იყო, მაგრამ ამის მიუხედავად სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა და სკოლა იყო ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ახერხებდა სტაბილურობის შენარჩუნებას.

ნავთქურებით ვთბებოდით, ნავთი მეც და ბავშვებსაც მოგვქონდა სახლიდან, ასევე სახლიდან მომქონდა პური, რომელიც იმ დროს ძნელი მოსაპოვებელი იყო, ნავთქურაზე ვხუხავდით და ბავშვებს ვუნაწილებდი. აბსოლუტურად უხელფასოდ ვმუშაობდით, რადგან ხელფასები თვეობით იყინებოდა და ბოლოს არც აგვიღია. ჩვენც ადამიანები ვიყავით პედაგოგები, გვჭირდებოდა კვება, ჩაცმა, ელემენტარული საარსებო პირობები, მაგრამ გვქონდა უდიდესი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე და ჩვენს მისიას პირნათლად ვასრულებდით.

– საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, მეცნიერთან, მწერალთან, ზვიად გამსახურდიასთან, ნათესაობა გაკავშირებთ, თქვენი ბიძა, სვიმონ გამსახურდია, დიდი კონსტანტინეს ძმისშვილი და მის ოჯახში გაზრდილი იყო. ბატონ ზვიადს პირადად იცნობდით?

– პირადად – არა, მაგრამ ბევრი რამ მსმენოდა ბავშვობიდან მის შესახებ სვიმონ გამსახურდიასაგან. მხოლოდ მიტინგებზე მინახავს. ჩემი რჩეული პრეზიდენტი გახლდათ, უდიდეს პატივს ვცემ მას, როგორც დისიდენტს, როგორც უგანათლებულეს პიროვნებას და როგორც სამშობლოს შეწირულ მამულიშვილს. მე ვიცნობ და ვმეგობრობ ზვიადის ვაჟიშვილთან, კოკო გამსახურდიასთან. იგი ჩემი დისერტაციის დაცვასაც დაესწრო.

– ზვიად გამსახურდიას შემოქმედება არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, შესწავლილიც არ არის სპეციაპლისტების მიერ. თქვენ რატომ აირჩიეთ სადოქტორო თემად მისი შემოქმედება?

– ბატონი ზვიადის მხოლოდ ერთი პაწაწინა წიგნი არის გამოცემული მოთხრობებისა და იგავებისა. მართალი ბრძანეთ, მისი შემოქმედება შესწავლილი არ არის. როცა გავეცანი მის იგავებს და პატარა მოთხრობებს, გაოცებული დავრჩი, იმდენად ღრმა აზრის მატარებელია. მისტიკურია, წინასწარმეტყველურია და მომავლის განჭვრეტა შეუძლია.

როცა დისერტაციას ვწერდი, გვერდი ვერ ავუარე მის ბიოგრაფიას და 7-8 ფურცელი დავუთმე, დანარჩენი კი მისი იგავებისა და მოთხრობების განხილვაა, რომელიც არის ძალიან პატარა მოცულობის, მაგრამ საოცრად შთამბეჭდავი, აზრიანი და ჭკუის სასწავლი.

ზვიად გამსახურდია არა მხოლოდ მწიგნობარი და ინტელექტუალი იყო, იგი წაკითხულის შინაარსს მორფოლოგიურ და მისტიკურ, სპირიტუალურ დონეზე იაზრებდა და ახერხებდა მკითხველისთვის საინტერესოდ გადმოცემას. სწორედ ეს ფენომენია გახსნილი ჩემს ნაშრომში “პროფეტიზმი და ენიგმა ზვიად გამსახურდიას პარაბოლურ ნარატივში”.

– თქვენ, როგორც ლიტერატურის გამოცდილი პედაგოგს, რომ გქონდეთ საშუალება, რომელ ნაწარმოებს შეიტანთ სასკოლო პროგრამაში?

– წელს მეყოლება მე-10 კლასი, სადაც ძველი ქართული ლიტერატურა უნდა ვასწავლო. აუცილებლად დავუკავშირებ სულხან-საბას და ზვიადის რამდენიმე იგავს  გავაცნობ მოსწავლეებს, ასევე, პანეგირიკულ ლექსებს.

– ლიტერატურასა და პოეზიაზე უზომოდ შეყვარებულმა ქალმა, ნაზმა და მომხიბლავმა, როგორ მოხდა, რომ თქვენი გულის რჩეული არ თუ ვერ იპოვეთ?

– ზოგჯერ მოსწავლეებიც მეკითხებიან: “ნანა მასწავლებელო, თქვენ ამაღლებულ სიყვარულზე საუბრობთ და თავად არ ხართ შეყვარებული?” ღიმილით ვპასუხობ: “ვგავარ იმ ქალს, ვინც არ იცის სიყვარულის ფასი?” მუდმივად შეყვარებული ვარ სიყვარულზე. არ ვიცი, ეს ნაკლია, რომ ოჯახი არ შევქმენი? არ მინდოდა, ყოფით პრობლემებს ჩემი სიყვარული გაეთელა. ვაითუ, შემდეგ ისეთი ლამაზი, მიუწვდომელი და ამაღლებული არ დარჩენილიყო.

მარტო ნამდვილად არ ვარ, ჩემ ირგვლივ უამრავი მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანია. უპირველესად კი ჩემი მოსწავლეების არაერთი თაობა, რომლებიც არ ივიწყებენ თავიანთ ნანა მასწავლებელს.