სოფიკო ტერელაძე: ,,იმერეთში არავის ვეჯიბრები, იქ სულ სხვა გრძნობები მაქვს”

სოფიკო ტერელაძე: ,,იმერეთში არავის ვეჯიბრები, იქ სულ სხვა გრძნობები მაქვს",,სარკე”, ნანა კუკულავა

პოლონეთში, ქალაქ ლუბლინში, ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატზე სენიორ ქალთა ანუ +50 ასაკის ქალთა შორის ჩემპიონის ტიტული სამტრედიელ სოფიკო ტერელაძეს ერგო. ამავე ტურნირში მამაკაცთა შორის ძალების მოსინჯვაც სურდა და გავიდა კიდეც მოწინავე პოზიციაზე. ქალბატონი სოფიკო ჭადრაკში პროფესიონალი მწვრთნელია და, ამავე დროს, სხვადასხვა შეჯიბრშიც ხშირად მონაწილეობს, რადგან, როგორც თავად გვითხრა, ძალიან მიზანდასახულია, გამარჯვებისკენ სწრაფვა მოსწონს და ყოველთვის მხოლოდ ოქროს მედლისთვის იბრძვის.

დანარჩენს საკუთარ თავსა და ჭადრაკზე, რომელიც მას ცხოვრებაში სწორი სვლების გაკეთებაში ეხმარება, +50 ევროპის ჩემპიონი თავად გვიამბობს.

-საქართველომ მსოფლიოს ჭადრაკის დედოფლები აჩუქა, ისინი ჩვენი ერის სიამაყეები არიან. როგორ ფიქრობთ, დღეს რამდენად პერსპექტიულია ჭადრაკი საქართველოში?

– რასაკვირველია, ძალიან პერსპექტიულია, ტრადიციული სპორტის სახეობაა. აქვე გავიხსენოთ, რომ წლების წინ მზითევში ქალბატონებს ჭადრაკს ატანდნენ, აქედან  გამომდინარე, ქართველ ქალს, მგონია, რომ გენეტიკური კოდი აქვს სპორტის ამ სახეობის მიმართ.  ჩვენს ქვეყანაში ბევრი გვყავს პროფესიონალი დიდოსტატი, საერთაშორისო ოსტატი. პირადად ჩემთვის მისაბაძი მოჭადრაკე გახლავთ მაია ჩიბურდანიძე. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჩემთვის ნამდვილად არის მაგალითი.

– ცხოვრებაში ჭადრაკი გეხმარებათ? მაგალითად, ყოველდღიურ ყოფაში უფრო საზრიანს გხდით, სწორი “სვლების” გაკეთებას გიადვილებთ? 

– ჩემი აზრით, უპირველესად, ანალიტიკურ აზროვნებას უწყობს ხელს. ძალიან ბევრ შემთხვევაში წინასწარ შეგიძლია ბევრი რამ გათვალო, ცხადია, ამას თუ გადმოიტან ჭადრაკში და პირიქით – ჭადრაკიდან ცხოვრებაში.

– როდის ეზიარეთ სპორტის ამ სახეობას?

– ჭადრაკის შესწავლა 5 წლის ასაკიდან დავიწყე. მამა, ვაჟა ტერელაძე, რომელიც ექიმი გახლავთ, არაპროფესიონალის დონეზე ძალიან კარგად ფლობდა ჭადრაკს. სხვათა შორის, იმ თაობაში ბევრი ექიმი თამაშობდა კარგად. ვეთამაშებოდი მამას, მაგრამ ვერ ვუგებდი.

– რას გიწინასწარმეტყველებდნენ მშობლები, პედაგოგები?

– საკმაოდ ბევრს, მაგრამ ზოგიერთი იმედი, მგონია, რომ ვერ გავამართლე. ჩემი, 90-იანების თაობა საერთოდ უფრო დაკარგულია. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა.

– თვლით, რომ თქვენც “დაიკარგეთ”?

– მიუხედავად იმისა, რომ 15 წლამდე მართლა საუკეთესო წლები მქონდა, მოპოვებული მნიშვნელოვანი შედეგებიდან გამომდინარე, მეც ალბათ სხვადასხვა მიზეზით ასეთად შეიძლება ჩავთვალო საკუთარი თავი.

– იმერეთიდან ხართ, გვიამბეთ, როგორია თქვენი მხარე.

– იმერეთი, კონკრეტულად კი სამტრედია, ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილია.  იმერეთში საერთოდ არავის ვეჯიბრები, რადგან სხვანაირია ემოცია და შეგრძნებები.

– როგორი გულშემატკივრები არიან ოჯახის წევრები?

–  საოცარი გვერდში მდგომი. მოგების შემდეგ ან ჩემი უფროსი ქალიშვილი ასწრებს დარეკვას, ან კიდევ ჩემი და. ამ მხრივ, ჩემი და პირველ ადგილზე დგას. თამაშის შემდეგ ნომერში შესული არც კი ვარ, როცა მირეკავს. მაბედნიერებს მათი ყურადღება და სითბო. ძვირფასი ადამიანების სიყვარული და გვერდში დგომა ხომ უზარმაზარი ბედნიერებაა.

– ეს საკმარისია ქალის ბედნიერებისთვის?

– ბედნიერებაა, როდესაც გვერდით გყავს ძვირფასი ადამიანი, გაქვს საყვარელი საქმე, გაქვს მიზანი, რომელიც დასახულია და, თუ ამ მიზანს მიაღწიე, რასაკვირველია, ბედნიერების მომნიჭებელია. პირადი ცხოვრებისა და საინტერესო საქმიანობის გარეშე არაფერი არსებობს.

– რადგან ბედნიერებას შეეხეთ, სიყვარულზეც გვითხარით.

– სიყვარული არის ერთგულება, თავდადება. ამ გრძნობებში ურთიერთობა არ უნდა იყოს გაცვეთილი, არ უნდა გადავიდეს  ყოველდღიურ ყოფაში და ცოტა ამოუცნობი, საინტერესო უნდა იყოს ორი ადამიანის ცხოვრება. მაგალითად, ღალატი ჩემთვის მიუღებელია, თუ ღალატი არსებობს, ე.ი. იქ ურთიერთობა დასრულებულია, ანუ არანაირი გაგრძელება არ შეიძლება.

მოჭადრაკეები ცოტა უფრო თავისებურები ვართ, ვიდრე სხვები და ალბათ, ასე მგონია, უფრო რთულია ჩვენთან ყოფნა, ვიდრე სხვა  ადამიანებთან.