ნიაზ დიასამიძე იუმორით ტკივილს ნიღბავდა – ,,ხმაურით მოევლინა ქვეყანას და ცხოვრებაც მშფოთვარე ჰქონდა”

ნიაზ დიასამიძე იუმორით ტკივილს ნიღბავდა - ,,ხმაურით მოევლინა ქვეყანას და ცხოვრებაც მშფოთვარე ჰქონდა",,სარკე”, ირინე მჭედლიძე

გასული საუკუნის 60-იან წლებში თბილისში დადიოდა უცნაურად ჩაცმული ადამიანი, რომელთან ნაცნობობაზეც ბევრი ოცნებობდა. უცნობები თავს მის მეგობრებად ასაღებდნენ. ამაყობდნენ, თუკი ოდესმე მის გვერდით სუფრასთან მოხვდებოდნენ. მის დანახვაზე ყველა იღიმოდა.

ეს ადამიანი ნიაზ დიასამიძე იყო. მისი ხუმრობების მიღმა დარდიანი, რეალურ ცხოვრებას გაქცეული კაცი იმალებოდა. მისი ახლობლები ამბობენ, ხუმრობა-ხუმრობაში ნიაზის ნამდვილი სახე დაიკარგაო. ყველაზე კარგად მას და, ტუსა დიასამიძე-ბარნოვა, იცნობდა და “სარკე” სწორედ მის მოგონებებს გთავაზობთ.

ტუსა დიასამიძე-ბარნოვა: ჩვენი მამა, სულეიმანი, მემედ აბაშიძის თანამებრძოლი გახლდათ. პანისლამიზმისა და პანთურქიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. ცდილობდა, აჭარლებს ქართული წერა-კითხვა არ დავიწყებოდათ. მეფის რუსეთის დამხობის შემდეგ აჭარაზე ოსმალეთის ხელისუფლება აცხადებდა პრეტენზიას. მათ ბათუმში “ისლამის კომიტეტის” დაარსება სცადეს. მათი გეგმა მამამ ჩაშალა და ბათუმში “სამუსლიმანო საქართველოს ხსნის კომიტეტი” დააარსა. თავმჯდომარედ მემედ აბაშიძე აირჩიეს, მდივანი კი მამა იყო.

მათი მიზანი საქართველოს ტერიტორიული გაერთიანება, აჭარაში ქართული სკოლების გახსნა იყო. მამას ინიციატივით აჭარაში ბევრი რეფორმა გატარდა – სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა, აჭარელი ეროვნებით ქართველად იქნა ცნობილი, თურქოფილების მიერ დარქმეული სახელი აჭარისტანი აჭარით შეიცვალა.

ჩემი უფროსი და, გუგული, ბათუმში დაიბადა. მერე მამა სამუშაოდ თბილისში გადმოვიდა და აქ დასახლდა. მე და ნიაზი თბილისში, ბელინსკის ქუჩაზე დავიბადეთ. ნიაზზე 5 წლით უფროსი ვარ. მისი დაბადება კარგად მახსოვს. იმ დღეს საბავშვო ბაღში ვიყავი. უცებ თოფი გავარდა, სროლა ატყდა. მასწავლებლები გარეთ გაცვივდნენ, აინტერესებდათ, რა მოხდა. რომ შემობრუნდნენ, გამოაცხადეს, დიასამიძეებს ვაჟი შეეძინათ, ბათუმიდან მისი ბიძები არიან ჩამოსულები და თოფს ისინი ისვრიანო. ნიაზი ხმაურით მოევლინა ქვეყანას და ცხოვრებაც მშფოთვარე ჰქონდა.

– ბატონ ნიაზს მრავალმხრივი ნიჭი ჰქონდა, შესანიშნავად უკრავდა, თარგმნიდა, თუმცა,  როგორც ვიცი, მას მუსიკალური განათლება არ მიუღია.

– ხშირად მხოლოდ ნიაზის იუმორზე ლაპარაკობენ. სინამდვილეში კი ეს იყო უნიკალური ნიჭის ადამიანი. დანაშაულად მიმაჩნია, მისი ნიჭის სათანადო აღიარება რომ ვერ მოვახერხეთ. ნიაზს მართლაც შესანიშნავი თარგმანები აქვს. ინგლისურიდან თარგმნიდა.

მუსიკაზე არ გვიტარებია. ჩვენ პირდაპირ გერმანელი ქალი ცხოვრობდა. მე და ჩემი და მასთან მუსიკაზე დავდიოდით. გვინდოდა, ნიაზსაც ევლო, მაგრამ მან სასტიკი უარი გამოგვიცხადა. ჩვენც არ დაგვიძალებია. ერთ დღეს კი ინსტრუმენტთან დაჯდა და თავისით დაიწყო დაკვრა. ნოტები არ იცოდა და ისე უკრავდა. ბუნებრივი ნიჭი ჰქონდა. ბევრმა სცადა, მისი მუსიკა აღედგინა, მაგრამ ვერ შეძლო. ნიაზი არაჩვეულებრივად უკრავდა.

– განსხვავებულად ეცვა. სამოსს სად ყიდულობდა?

– ნიაზი არაჩვეულებრივად კერავდა. თავად გადააკეთებდა ხოლმე ტანსაცმელს. ერთხელ ჩემი ქმარი გავიდა გარეთ და ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა. ნიაზმა ჩამოხსნა და გადააკეთა. ჩემი ქმარი რომ დაბრუნდა, ქურთუკი აღარ დახვდა. დიდხანს ვერ მივხვდით, ის ქურთუკი ნიაზს თუ ეცვა, რადგან ისე იყო გადაკეთებული, ვეღარ იცნობდი.

თბილისში “ბუტილკა” შარვლებისა და ბოლომდე შეკრული პერანგის საყელოების მოდა ნიაზმა შემოიტანა. სამწუხაროდ, ძალიან ადრე, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკვირველია, რომ ამდენი რამ მოასწრო და ხალხს თავი ასე დაამახსოვრა.

– ამბობენ, რომ კარგად ძერწავდა, მაგრამ მისი ნამუშევრები არ შემორჩა.

– ბავშვობიდან ძერწავდა. დედა კბილის ექიმი იყო. მივლინებით რაიონში ხშირად დადიოდა და ნიაზი თან დაჰყავდა. სანამ დედას ელოდებოდა, თაბაშირით ძერწავდა. ერთხელ მისი ნამუშევრები ცნობილ მოქანდაკეს ვაჩვენე. არაფრით დამიჯერა, რომ ბავშვის გაკეთებული იყო. მითხრა, აქ ისეთი ნიუანსებია, რომელთაც ბავშვი ვერ შექმნიდაო. სამწუხაროდ, მისი ნამუშევრებიდან ცოტა შემოგვრჩა.

– განსხვავებულ მუსიკას უკრავდა, გამომწვევად იცვამდა, ბოჰემურად ცხოვრობდა… ეს ყველაფერი იმ წყობისადმი პროტესტის გამოხატვა ხომ არ იყო?

– ბევრი რამ არ მოსწონდა. ყველაფერს განიცდიდა. მისი ცხოვრების ასეთი ფორმა მართლაც პროტესტი იყო.

მე და ჩემი და წყნეთში ვისვენებდით. ერთ დღეს ნიაზი გვესტუმრა. საშინელ გუნებაზე იყო. გვითხრა, რამდენიმე თანაკლასელმა მანქანით ჩამიარა და არ გამიჩერესო. ის ბიჭები კლასში ცუდად სწავლობდნენ, ნიაზთან ნიჭით ახლოსაც ვერ მივიდოდნენ, მაგრამ თანამდებობები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეგობარი ჰყავდა, მაინც მარტოსული იყო. იუმორით ბევრ ტკივილს ნიღბავდა.

– ბევრ გამონათქვამს მიაწერენ ნიაზ დიასამიძეს. ამაზე როგორ რეაგირებთ?

– ნიაზი თავშეკავებული ადამიანი იყო, არაფრით შეგაწუხებდა. ერთი ქალბატონი გამომეცნაურა, მითხრა, ნიაზის კურსელი ვიყავი, ხშირად მეგობრები ერთმანეთს ატყუებდნენ, წუხელ ნიაზთან ერთად ვიყავიო, ყველას ეამაყებოდა, თუკი მის გვერდით გაატარებდა დღესო.

მე და ჩემი მეუღლე ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ვიყავით. იქ ერთი კაცი ამბობდა, მე ნიაზის დებთან, ტუსასთან და გუგულისთან, ძალიან ახლოს ვარო. მერე რაღაც უხამსი ამბავი მოყვა და ნიაზის ნათქვამად გაასაღა. არადა იმ კაცს პირველად ვხედავდი. ჩემი მეუღლე მეხვეწებოდა, არაფერი უთხრა, თავი დაანებეო. ვთხოვე, აქედან წამიყვანე, თორემ, არ ვიცი, რას ვიზამ-მეთქი.

ბევრი ტრაბახობდა და ტრაბახობს, ნიაზის მეგობარი ვარო. ჩვენს ოჯახს ყველა იცნობდა. გურიიდან ბაბუა რომ ჩამოვიდოდა, მეფაიტონეს ეტყოდა, დიასამიძეებთან წამიყვანეო. მისამართის თქმა საჭირო არ იყო, ისედაც ყველამ იცოდა, სადაც ვცხოვრობდით.

– როგორი ბავშვი იყო ნიაზი?

– ძალიან ვანებივრებდით. ნიაზს რომ დავიფიცებდით, ჩვენს სიმართლეში ეჭვი არავის ეპარებოდა. თეატრში გამოწყობილი მიგვყავდა – ხავერდის კოსტიუმით, ბაფთით. იქიდან პერანგამოჩაჩული გამოდიოდა. ძალიან ლამაზი იყო. გარეგნობით ყველასგან გამოირჩეოდა. 2-3 წლის ბავშვს დედა გულზე მიაფარებდა ხოლმე ფურცელს, სადაც ეწერა – “არ მომეკაროთ, არ მაკოცოთ!”. ყველას უნდოდა, მასთან ახლოს მისულიყო, მოფერებოდა და ამიტომ დედა იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო.

– ნიაზს შთამომავლებიდან ყველაზე მეტად ვინ ჰგავს?

– მუსიკის ნიჭი უმცროს ნიაზს გამოჰყვა, დიზაინის ნიჭი – მეორე შვილიშვილს, ჯაბას. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ქუჩაში ვიღაც კაცზე მიმითითა, ნახე, ნიაზს სიარულით როგორ ჰგავსო. ნიაზის შვილი, თემური აღმოჩნდა. მამასავით სიარული იცის – ოდნავ წინ წახრილი. ხელების უკან დაჭერა უყვარდა.

– მისი იუმორიდან რას გაიხსენებთ?

– ერთხელ ნიაზი და მისი მეგობარი, გიგლა ფირცხალავა, მატარებლით მეგობრებს აცილებდნენ. მატარებელი არ იძროდა. გიგლას და ნიაზს ბაქანზე დგომა მობეზრდათ. ნიაზმა გიგლას უთხრა, მოდი, აქეთ-იქით ქანაობა დავიწყოთ, ვითომ მატარებელი მიდისო. ვაგონში მსხდომ მეგობრებს მართლაც ეგონათ, რომ მატარებელი დაიძრა და ხელების ქნევა დაიწყეს, დაემშვიდობნენ.

ცნობილი ლიტერატურული კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი ზემელზე მიდიოდა. ნიაზმა უთხრა, ფოსტის ყუთი ვარდება, ცოტა ხნით დამიჭირეთო. საწყალმა კაცმა ფოსტის ყუთი “დაიჭირა” და ნიაზს დაუწყო ლოდინი. კარგა ხნის შემდეგ ვიღაც ნაცნობმა გამოიარა და ჰკითხა, აქ რატომ დგახარო. ბესარიონმა უპასუხა, ყუთი ვარდება, მთხოვეს და ვიჭერო. იმ კაცმა ხელი გააშვებინა – ყუთი თავის ადგილზე ეკიდა.

ერთხელ ცნობილ მომღერალ კირილე პაჭკორიას დაურეკა, რომელიც ნარდის საუკეთესო მოთამაშედ ითვლებოდა. ტელეფონით ჰკითხა, ბატონო კირილე, დუშაში გავაგორე, რომელი სვლა გავაკეთოო. იმან ასწავლა, როგორც უნდა მოქცეულიყო. ხუთი წუთის შემდეგ ისევ დაურეკა და ჰკითხა, ახლა შაშიაქე გავაგორე, როგორ მოვიქცეო. პაჭკორიაც დაუზარებლად ასწავლიდა, ბოლოს მიხვდა, რომ ვიღაც ატყუებდა.

,,რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს,

ეგ თვალები სულ ჩემ თვალწინ

ტრიალებს,

ცრემლის ნამი, რა ვქნა, მე არ

მასველებს,

ძილის დროსაც ეგ სახე არ

მასვენებს”…

,,მაგ თვალებს ვუცქერ, გულს უხარია,

ეს მერამდენედ გინატრა გულმა,

ბავშვივით მინდა, ხელით გატარო,

ნუკრივით შენზე შეყვარებულმა”…

ეს ლექსები ნიაზ დიასამიძემ თავის მეუღლეს, სილამაზით გამორჩეულ ქალბატონ მელიტა იოსელიანს, მიუძღვნა.

ტუსა დიასამიძე-ბარნოვა: მელიტა ულამაზესი ქალი იყო. თბილისში მასზე ლამაზი გოგონა არ დადიოდა. მათ ვაჟი, თემური, ეყოლათ. სამწუხაროდ, ნიაზი და მელიტა ერთმანეთს გაშორდნენ. მელიტამ მეორე ოჯახი შექმნა, არაჩვეულებრივი შთამომავლობა დატოვა. ერთმანეთთან ბოლომდე შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. მის პანაშვიდებზე ნიაზის მუსიკას უკრავდნენ, მის ლექსებს კითხულობდნენ.

ნიაზ დიასამიძის ისტორიები

ნიაზი ქუჩაში მოდიოდა, ეზოდან ძაღლი გამოვარდა და ფეხზე უკბინა. “ნიაზ, შენი ჭირიმე, – შემოეხვია ხალხი, –  შრატი გაიკეთე, ცოფი არ შეგეყაროს”. “ჩემი ნუ გეშინათ, ძაღლს მიხედეთ, სმა არ დაიწყოს”, –  უპასუხა ნიაზმა.

შუაღამისას ნიაზი მეზობელთან მივიდა და წითელი მელანი სთხოვა.

– რა დროს წითელი მელანია, არ მაქვს, დამაძინე, თუ კაცი ხარ! – უთხრა მეზობელმა და კარი დაკეტა.

დილის ექვს საათზე მეზობელი ზარმა ისევ გააღვიძა. კართან ნიაზი იდგა.

– დამაძინე, რა, კაცი არა ხარ!..

– რა გეწყინა, შე კაი კაცო, წითელი მელანი მოგიტანე.

ერთ დღეს ნიაზს სკოლის დირექტორი გაუბრაზდა და უყვირა, შენი ფეხი არ ვნახო აქ მოდგმულიო. მეორე დღეს ნიაზს მეკურტნე მიშა შეხვდა, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა.

– ძია მიშა, ხელში ამიყვანე, რა! – შეეხვეწა.

მეკურტნემ სურვილი შეუსრულა. დირექტორი გაკვირვებული უყურებდა, როგორ შეიყვანა სკოლის ეზოში ხელში აყვანილი ნიაზი ვიღაცამ.

– დიასამიძე, რა არის ეს? – გაბრაზებულმა იყვირა.

– თქვენ არ მითხარით, შენი ფეხით აქ მოსული არ გნახოო?! – თავი იმართლა ნიაზმა.

ნიაზი ისტორიის გამოცდაზე შევიდა.

– დაიწყეთ, ყმაწვილო, – მიმართა გამომცდელმა.

– პატივცემულო, რაც ჩვენ მონღოლებმა დღე გვაყარეს… – დაიწყო ნიაზმა.

– კი, მაგრამ თქვენ ხომ არაბებზე უნდა ისაუბროთ…

– რაც ჩვენ მონღოლებმა გვიყვეს, პატივცემულო…

– ახალგაზრდავ, თქვენს ბილეთში საკითხი ეხება არაბებს.

– არაბებმა წითელი სისხლის წერტილი დაასვეს ჩვენს ბედკრულ ქვეყანას…

– მართალი ბრძანდებით. განაგრძეთ.

– მაგრამ, ჩვენ რომ მონღოლებმა გვიქნეს…

– ჭაბუკო, თქვენ ჩემს ადგილას რას იზამდით?

– გამოგართმევდით ჩათვლის წიგნაკს და ნაშანს დაგიწერდით.

– ამას მე არ ვიზამ! განაგრძეთ მონღოლებზე!

– მონღოლებმა სისხლის წერტილი დაასვეს ჩვენს ბედკრულ საქართველოს…

– კი მაგრამ, რა ამბავია ამდენი წერტილის დასმა?!

– როგორ, მრავალწერტილი აღარ იხმარება, პატივცემულო?!