მარგარეტ დაიაური: ,,გიორგი რომანტიკული მხოლოდ ჩემთანაა, პატარა ბავშვს ემსგავსება”

მარგარეტ დაიაური: ,,გიორგი რომანტიკული მხოლოდ ჩემთანაა, პატარა ბავშვს ემსგავსება",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

მარგარეტ დაიაურისა და გიორგი ჭინჭარაულის წყვილი პირველია 21-ე საუკუნეში, ვინც მთავრობისა და ხალხისგან დავიწყებულ, ბედის ანაბარა მიტოვებულ შატილში ცხოვრება გადაწყვიტა. მარგარეტი სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. წარმოშობით ხევსურეთიდან არის, მაგრამ წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. აკადემიაში სწავლის პერიოდში უკვე იცოდა, რომ წინაპრების ფუძეს მიუბრუნდებოდა. ასეც მოიქცა, შანსი მიეცა თუ არა, შატილში გადავიდა საცხოვრებლად და იქ მასწავლებლობა დაიწყო.

მარგარეტამდე კი მთას დაუბრუნდა გიორგიც. ის, უკვე 6 წელია, შატილის ყოველდღიურობით არის დაკავებული და ახალშერთულ ცოლთან ერთად შეჭიდებულია ისეთ ღრმა, რთულ და საჭირბოროტო პრობლემას, როგორიცაა ამ უნიკალური კუთხის განვითარება, კეთილმოწყობა, მისთვის სიცოცხლის დაბრუნება…

– მარგარეტ, თქვენ და გიორგი ხალხისთვის საყვარელი წყვილი ხართ, სრულიად უცნობი ადამიანებიც კი გგულშემატკივრობენ. გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა.

– გიორგიმ სოციალურ ქსელში დამამატა წლების წინ, მაგრამ კომუნიკაცია საერთოდ არ გვქონდა. შემდეგ თბილისში, სამების ტაძარშიაში, ხევსურების შეკრება დაიგეგმა და ორივე იქ აღმოვჩნდით. ერთ რიგში ისე მოვხვდით, არც კი შემიმჩნევია, იქ თუ იჯდა. დამაგვიანდა და ბოლო შევედი. გასვლისას მოვიდა და მომიკითხა, ცოტა ვილაპარაკეთ ხევსურეთის ამბებზე და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

ეს იყო ჩვენი პირველი გაცნობა პირადად. მერე გიორგიმ გაიგო, რომ ხევსურეთში მასწავლებლობა მინდოდა. მითხრა, რომ ვაკანსია იყო შატილში ხელოვნების პედაგოგის და მეც წამოვედი. მერე ისე აეწყო ჩვენი ურთიერთობა, გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა.

– შეუძლებელია, შატილში ცხოვრობდე და რომანტიკული არ იყო. თქვენ შორის რომელი უფრო რომანტიკული ხართ, რომელია უფრო ღიად გამოხატავთ გრძნობებს?

– ჯერ გიორგი იყო უფრო რომანტიკული, შემდეგ – მე, ახლა ორივე თანაბრად ვართ. შეუძლია ღამის 3 საათზე ბლინები გამომიცხოს ან რამე გემრიელი, რაც მიყვარს. შეუძლია ჩემთან ერთად იმღეროს, იცეკვოს, თქვას უსასრულოდ ბევრი ხუმრობა, რომ კარგ ხასიათზე დავდგე. ასეთი მხოლოდ ჩემთანაა, პატარა ბავშვს ემსგავსება, როცა ერთად ვართ და ნებისმიერ სისულელეზე შეიძლება ვილაპარაკოთ, რაზეც ძალიან ბევრს ვიცინებთ.

– რატომ ამჯობინეთ თბილისურ ცხოვრებას შატილი, რა აქვს მთას ისეთი, რისი ნახვაც და შეგრძნებაც სხვაგან შეუძლებელია?

– ჩემი ბავშვობის უძვირფასესი მოგონებები მთას უკავშირდება. არდადეგები ხევსურეთში, დედაჩემის სოფელ კარწაულთაში იყო საოცრება! იქიდან მოყოლებული მიყვარს ყველაფერი, რაც ხევსურეთს და მთას უკავშირდება, იქ ჩამოვყალიბდი პიროვნებად. ღვთაებრივია მთის ცხოვრება, სიმშვიდე, ბალანსი. ქალაქში ქაოსია, რომელიც ასევე კარგია, ოღონდ ჩემთვის – არა. ბუნებასთან ახლოს ყოფნა ბევრ რამეზე გაფიქრებს სხვანაირად, ბევრს გასწავლის.