მანანა ციცქიშვილი: ,,ბაბუა დახვრეტას იმით გადაურჩა, რომ ლექსების წერა შეწყვიტა”
გობრონ აგარელი - სევდის რაინდის ტრაგიკული ბედისწერა 

მანანა ციცქიშვილი: ,,ბაბუა დახვრეტას იმით გადაურჩა, რომ ლექსების წერა შეწყვიტა",,სარკე”, ნანა კობახიძე

გობრონ აგარელი (ციცქიშვილი) – პოეტი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, 8 ენის მცოდნე, ქარიზმატული პიროვნება… გასული საუკუნის 20-იან წლებში გამოჩნდა მწერლობაში. იმ პლეადას განეკუთვნება, რომელმაც ავანგარდული აზროვნება, ახალი სიო შემატა ქართულ პოეზიას. ტერენტი გრანელთან, გალაკტიონთან, ცისფერყანწელებთან მეგობრობდა. სამწუხაროდ, გობრონ აგარელი, როგორც პოეტი, ჩვენს თანამედროვეობას ნაკლებად შემორჩა.

 კრიტიკოსი და მწერალი ლერი ალიმონაკი წერს:

,,მისი თანამედროვენი ახასიათებენ, როგორც ძალიან ნიჭიერ, უაღრესად განსწავლულ, მრავალმხრივი ცოდნით აღჭურვილ კაცს; როგორც უპატიოსნეს პიროვნებას, თავაზიანს, თავმდაბალს; ადამიანს, ვისაც ასაკში შესულსაც არ დაუკარგავს მოკრძალება, უშუალობა, სიფაქიზე. ვინც გულისხმიერად წაიკითხავს გობრონ აგარელის პოეტურ კრებულს, ყველა ამ თვისებას აღმოაჩენს მისსავე ლექსებში.

სულიერი სინათლე, მელანქოლიური გულჩათხრობილობა, არისტოკრატული დახვეწილობა – აი, რით მიიზიდავს მისი ლექსი მკითხველს”.

ღვთივსათნო ოჯახში გაიზარდა, კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ის შვილი გახლდათ. ახლახან გობრონ აგარელის პოეზიის კრებული გამოსცა მისმა შვილიშვილმა მანანა ციცქიშვილმა, სათაურით ,,უხილავი ზარები”. მანანა თავად ფილოლოგი, პედაგოგი, ჟურნალისტი და მთარგმნელია. წინაპართა დანატოვარის მოვლა-პატრონობა წმინდა მოვალეობად მიაჩნია. ის ,,სარკეს” სახელოვან პაპაზე, მის ცხოვრებაზე ესაუბრა.

სევდის პოეტი

მანანა ციცქიშვილი: გობრონ აგარელს სევდა ბავშვობიდან სდევდა. სურამში, ღვთისმსახურ ქრისტეფორე ციცქიშვილის ზნეკეთილ ოჯახში დაიბადა. დედით დაობლებულ ხუთ მოზარდს ძიძა ზრდიდა. გობრონი შუათანა იყო, რიგით მეორე. გულისხმიერი და ნიჭიერი ყმაწვილი დედმამიშვილებზე ზრუნავდა და სწავლაშიც ეხმარებოდა.

ღრმად მოფიქრალი ჭაბუკი ირეალურ სამყაროს ელტვოდა, რეალობას გაურბოდა. მისტიკა იტაცებდა. ეს მის ლექსებშიც აისახა, მათში პოეტის ავბედითი წინათგრძობაც ირეკლება.

ქალის ფაქიზ ტრფობასა და ბუნების მშვენებაზეც წერდა, მაგრამ “სევდის ბაღია” სწორედ ის სამყარო, რომელიც შექმნა. სევდის ბაღს ახსენებდა ხშირად ლექსებში, სწორედ ამ ბაღიდან შეჰყურებდა ცას და მისი იდუმალების წვდომისკენ ილტვოდა. ცისა ფერი განსაკუთრებით უყვარდა.

– აგარელი რატომ აირჩია ფსევდონიმად?

– ვფიქრობ, კეთილხმოვნების თვალსაზრისით. სხვა ფსევდონიმებითაც ბეჭდავდა ლექსებს, მაგალითად, ,,ლანდიანი”, ,,გობრონ ამარი”, მაგრამ აგარელი მეტად შემორჩა.

 ტერენტი გრანელთან და გალაკტიონთან ახლოს

– ტერენტი გრანელი, როგორც პოეტი, გობრონმა აღმოაჩინა, სამწერლო ასპარეზზე გამოიყვანა და ბოლომდე უპატრონა. საოცარი მეგობრები გახდნენ.

,,ყველაზე მეტად გობრონ აგარელთან ვგრძნობ სულიერ სიახლოვეს”, – წერდა ტერენტი. საერთო ხედვა და ინტერესები აერთიანებდათ. ორივე “სევდის რაინდი” გახლდათ. რაღაც მესამე გზას ეძებდნენ, რომელიც იყო ,,არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა” (ტერენტი გრანელი). ახალგაზრდობაში ერთად გამოსცეს მცირე, ათლექსიანი კრებული, სათაურით ,,პანაშვიდები”, სადაც შესულია გობრონის – 5 და ტერენტის 5 ლექსი.

გობრონმა ნაადრევად შეწყვიტა ლექსების წერა, ტერენტიმ გააგრძელა. ალბათ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ პოეტ გობრონ აგარელის სახელი მომდევნო თაობებს ფართოდ ვეღარ შემორჩა.

გალაკტიონი და გობრონი თბილისში ერთ უბანში ცხოვრობდნენ, პლეხანოველები იყვნენ, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ბებიას გადმოცემით, პოეზიის მეფე ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდა. გალაკტიონს რამდენიმე ლექსი ჩვენს სამზარეულოშიც დაუწერია.

გობრონს ახასიათებდა დიდებული უბრალოება. თავისი მამის მსგავსად, უჩვეულო თავმდაბლობა და თავაზიანობა სჩვეოდა. ქუჩაში თუ მშიერ კაცს ნახავდა, თუნდაც უცხოს, შინ მოიყვანდა, მასთან ერთად ლუკმას გატეხდა, ჭიქას ასწევდა, დაპურებულს და ნაქეიფარს გაისტუმრებდა.

მოარული ენციკლოპედია

– არისტოკრატი იყო როგორც ბუნებით, ისე გარეგნობით. ბრწყინვალე მექართულე გახლდათ, სრულყოფილად იცოდა 8 უცხო ენა: რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური, იტალიური, ბერძნული, ლათინური. ყველა ამ ენიდან თარგმნიდა ლექსებს, საკუთარ ლექსებს უცხო ენებზეც წერდა.

დაიბადა დაბა სურამში 1899 წელს, რამდენიმე ხნის შემდეგ ოჯახი თბილისში დამკვიდრდა. თბილისის მე-5 გიმნაზია დაამთავრა, მოსკოვის უნივერსიტეტში სამედიცინო მიმართულებით სწავლობდა. ბოლოს თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახდა. იქვე დაიწყო მუშაობა ასისტენტად ცნობილ ბიზანტიოლოგ გრიგოლ წერეთელთან. თარგმნიდა ტექსტებს და ენათმეცნიერებაში ნაშრომებს წერდა. მოარულ ენციკლოპედიას ეძახდნენ.

ქალების გულთამპყრობელი

– ერთხელ აბაშიძეების არისტოკრატულ ოჯახში შევხვდი ცნობილ მსახიობს, თამარ ციციშვილს. რომ გაიგო, გობრონის შვილიშვილი ვიყავი, გაიხარა და მასზე მიამბო – საოცარი ბაბუა გყავდა, ყველასგან გამორჩეული, ენების ცოდნით გვაცვიფრებდა, ერუდიციით და ინტელექტით ხიბლავდა პუბლიკას, ულამაზესი ქალები ეხვივნენ გარს, მისი ნიჭის წინაშე ქედს იხრიდნენ, ყველა შესტრფოდა, მათ შორის მეც; ფიზიკურად ქარიზმატული, ლაპარაკს რომ დაიწყებდა, ყველას ატყვევებდაო.

სიყვარული და სიმღერა

– ჩემი ბებია, ლიდა აბესაძე, ულამაზესი, ჭკვიანი, ნიჭიერი ქალი იყო, გიტარაზე უკრავდა, მღეროდა. თავის დროზე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყოლია. გობრონმა ის რელიგიურ წრეში გაიცნო. ლიდას მამაც ღვთისმსახური (მღვდელი) გახლდათ. როცა იქორწინეს, ლიდა 30 წლის იყო, გობრონი – 31-ის.

გობრონი, როგორც პოეტი, ბოჰემურად ცხოვრობდა. შინ რომ ბრუნდებოდა, ლიდას დასვამდა, მიაწოდებდა გიტარას და ღამეს მღერაში ათენებინებდა, ცოლის ნამღერზე გიჟდებოდა.

ლიდა იშხნელების სტილში მღეროდა, გობრონის ლექსებზე სიმღერებსაც ქმნიდა. ქმარი უზომოდ უყვარდა. შვილიშვილებს სულ მასზე გვესაუბრებოდა.

შეწყვეტილი ლექსები

– გასული საუკუნის 30-იან მძიმე წლებში გობრონ აგარელი საბჭოთა ხელისუფლებამ დასახვრეტთა სიაში შეიყვანა. რეპრესიებს იმით გადაურჩა, რომ ლექსების წერა შეწყვიტა.

მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. მისი ერუდიცია და ცხრა ენის ცოდნა არც საბჭოთა ხელისუფლებას დარჩენია უყურადღებოდ. მის განათლებას საქვეყნო საქმისთვის იყენებდნენ.

კანდიდ ჩარკვიანთან მეგობრობდა. კანდიდი გობრონს თავისთან ამუშავებდა, მისი დავალებით, გობრონი პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, მხატვრულ ლიტერატურას თარგმნიდა. ლექსებს აღარ წერდა, არც დრო ჰქონდა, აღარც სურვილი – მისი პოეზიის სულისკვეთება წითელ ხელისუფლებას არ შეესაბამებოდა.

ვერაგი ბედისწერა

– 1951 წლის 4 ნოემბერი ავბედითად დასრულდა. პლეხანოვზე, მარჯანიშვილის მოედანთან ახლოს, გობრონი ნაქეიფარი ამოვიდა ცნობილი რესტორნიდან, სადაც თავს იყრიდა პოეტური წრე. ქუჩის გადაკვეთის დროს ტროლეიბუსი დაეჯახა – მემანქანე ქალი მართავდა… ლიდა და მამაჩემი ცხედრის ამოსაცნობად მორგში წაიყვანეს… მძიმე დღე იყო არა მარტო ოჯახისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მას იცნობდა.  30 ნოემბერს 52 წელი შეუსრულდებოდა. ნაადრევად შეწყდა მისი გენია.

,,არ მეძებოთ, ვერ მიპოვით!

ახლა დარდი ამაოა –

მზე, ჩასული ასე გლოვით,

ხელმეორედ არ ამოვა”.

ახალგაზრდობაში დაწერილი ლექსი პოეტურ წინათგრძნობასავით ჟღერს. შვილიშვილების, ცისანას და ჩემს, დაბადებას ვერ მოესწრო. ბაბუა რომ გარდაიცვალა, მაშინ მამა სტუდენტი იყო. ტრანსპორტის სამინისტრომ ოჯახს პენსია, ე.წ. კომპენსაცია დაუნიშნა.

უჩვეულოა, რომ 8 წლის შემდეგ პლეხანოვზე, იმავე ადგილას, მსგავს ვითარებაში დაიღუპა პოპულარული მსახიობი, გიორგი შავგულიძე.

სასულიერო ფესვები

– გობრონის მამაც, პატრიარქი ქრისტეფორე, უბერებლად წავიდა ამქვეყნიდან – 1932 წელს, 58 წლის ასაკში, უკურნებელი სენით აღესრულა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1927 წელს აკურთხეს მე-4 საეკლესიო კრებაზე, მანამდე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახლდათ. ეროვნული სულის მქონე, მრავალმხრივ განათლებული იყო. ისტორიასა და ლიტერატურაში სამეცნიერო წერილებს წერდა. თავდაპირველად გიმნაზიაში ასწავლიდა საღვთო სჯულს და ქართულ ენას. 2005 წელს სურამის მე-4 საერო სკოლას მისი სახელი მიენიჭა.

გობრონის დედა, ანა ჩუბინიძე, სათნო, მორწმუნე, კეთილშობილი ადამიანი გახლდათ. ნაადრევად დაქვრივებულმა ქრისტეფორემ 5 შვილის აღზრდა იტვირთა. ორი ბიჭი და სამი გოგო ჰყავდათ.

ქრისტეფორე III-ს საბჭოთა ეპოქის მძიმე პერიოდში მოუწია ერის სულიერი წინამძღოლობა. იმ ხუთ წელიწადში რის გაკეთება შეძლო?

– არაერთგზის აღნიშნა უწმინდესმა ილია II-მ, რომ ქრისტეფორე III-ს ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია პატრიარქად მსახურება და მან ფაქტობრივად ფიზიკურად გადაარჩინა ჩვენი ეკლესია. ავტოკეფალიისთვისაც იბრძოლა.

10 იანვარს აღესრულა. სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს, განსვენებულ პატრიარქთა გვერდით. გაზეთში კი უბრალოდ გამოცხადდა: “გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი“. ბევრმა არც იცოდა, რომ ამ სახელსა და გვარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოიაზრებოდა.

ციცქიშვილების შტოში ბევრი სასულიერო პირი იყო. ქრისტეფორეს ძმაც მღვდელი ყოფილა. შთამომავლებიდან კი მათი გზა გააგრძელა ჩემმა ბიძაშვილმა, დეკანოზმა დავით ციცქიშვილმა. ის ქრისტეფორეს შვილთაშვილია, გობრონის ძმის, ვასილის, შვილი. საერო პროფესიით ფსიქოლოგია. თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობს.

 შვილი მამის კვალზე

– გობრონს და ლიდას ერთი შვილი ჰყავდათ, გივი ციცქიშვილი, მამაჩემი. ისიც ცნობილი მთარგმნელი, ფილოლოგი, მწერალი იყო. გობრონი შვილის საქმეებში არ ერეოდა, თუმცა პროფესიული მიმართულება მისცა. ჩემი შვილი ფილოლოგი უნდა გამოვიდესო, უთქვამს. გივის ტექნიკური ნიჭიც ჰქონდა, მაგრამ მამის არჩეულ გზას გაჰყვა.

სიმღერის ნიჭი დედისგან იმემკვიდრა. ყველამ იცოდა გივის ლექსის და სიმღერის მანერა. მთელი ცხოვრება გამომცემლობაში მუშაობდა, ადრე “საბჭოთა საქართველო” ერქვა, მერე – “საქართველო”. მთარგმნელობითი რედაქციის გამგე იყო, ერთხანს დირექტორის მოადგილეც გახლდათ. მრავალი წიგნი გამოსცა და თარგმნა. სამწუხაროდ, მამა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შემდეგ არაერთხელ მომაკითხეს რედაქციებიდან, ხელახლა გამოსცეს მისი თარგმანები. მიხარია, რომ ახსოვთ და აფასებენ.

შვილიშვილები

– სულიერად და გარეგნულად ბავშვობიდან ბაბუას მამსგავსებდნენ. თავადაც სასწაული განცდა მაქვს, მასთან უჩვეულო სიახლოვეს ვგრძნობ. პირველი ლექსი 6 წლისამ დავწერე. ოჯახში შემაქეს, ბაბუას ჰგავხარო… სტუდენტობისას არაერთი ლექსი ვთარგმნე, “ლიტერატურულ საქართველოში” ბეჭდავდნენ. გზა მამამ გამიკვალა. ჩემი ნათარგმნი პოეზია მსოფლიო ლიტერატურის სერიაშიც მოხვდა. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ეს ჩემთვის გამარჯვება იყო.

შემდგომ მქონდა რთული პერიოდი, როგორც ყველას… წერას და თარგმნას ბოლოხანს დავუბრუნდი. დეტექტივების წერამ გამიტაცა. ჩემი მთავარი საქმე პედაგოგობაა, მოწაფეებს და აბიტურიენტებს ვამეცადინებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

ჩემი და, ცისანა, უცხო ენების სპეციალისტია, თბილისში ცნობილი ინგლისურის მასწავლებელია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი, შესანიშნავი ქალ-ვაჟი.

გობრონის პოეზიის გამოცემით დიდი ხნის ოცნება ავისრულე. ეს მაბედნიერებს. მამამ თავი მოუყარა გობრონის ლექსებს და 1985 წელს წიგნად გამოსცა. რამდენიმე დღის წინ კი კრებული ხელახლა გამოვეცი, დიზაინი შევცვალე: წინა გარეკანზე განვათავსე ფოტო – გობრონის ოთახის ფანჯარა სურამის სახლში, უკანა გარეკანზე კი – ჩვენი საგვარეულოს კარმიდამო სურამში.

წინაპრების შემოქმედების გაცოცხლება და მათი დანატოვარის მოვლა-პატრონობა ჩემს მოვალეობად მიმაჩნია – ეს არა მარტო ოჯახის, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურის ნაწილია.