სულხან ცინცაძეს თბილისის ომმა მოუსწრაფა სიცოცხლე – ,,მამა იმ დროს გარდაიცვალა, როცა ქალაქის ცენტრში ისროდნენ”

სულხან ცინცაძეს თბილისის ომმა მოუსწრაფა სიცოცხლე - ,,მამა იმ დროს გარდაიცვალა, როცა ქალაქის ცენტრში ისროდნენ",,სარკე”

,,მამაჩემი ყოველთვის კომუნისტური წყობის წინააღმდეგი იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში მოსკოვში უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. იმ დროს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეც იყო. ძალიან არ უნდოდა ამ საბჭოს დეპუტატობა და იქ სხდომებზე სიარული. 9 აპრილის მოვლენების შემდეგ მისთვის იქ ყოფნა განსაკუთრებით მძიმე ასატანი იყო – სხდომებზე ქართველებს ლანძღავდნენ და ამაზე ნერვიულობდა. შემდეგ თავისი მანდატი დატოვა და იქ აღარასდროს მისულა.

ამაზე ნერვიულობამ მამაჩემის ჯანმრთელობას დაღი დაასვა, საბოლოო წერტილი კი თბილისის ომი აღმოჩნდა. იმ დროს გერმანიაში ვცხოვრობდი და ეს საშინელება ტელევიზიით ვიხილე. სამოქალაქო არეულობა სულხანმა ძალიან განიცადა, ამან სიცოცხლე მოუსწრაფა და 1991 წელს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა იმ დროს, როცა ქალაქის ცენტრში ისროდნენ და ყველაფერი დამწვარ-დანგრეული იყო”, – უამბო ,,სარკეს” კომპოზიტორ სულხან ცინცაძის ვაჟმა, ასევე კომპოზიტორმა ირაკლი ცინცაძემ.  ასეა, ყველა ვერ უძლებს იმის ყურებას, როგორ ინგრევა გარშემო სამყარო, როგორ ხოცავენ ადამიანები ერთმანეთს. ჰუმანური, მგრძნობიარე პიროვნებებისთვის საზოგადო უბედურება ყოველთვის პირად ტრაგედიად იქცევა ხოლმე…

სულხან ცინცაძეს ტკივილი არასოდეს დაჰკლებია. გორში დაიბადა და გაიზარდა. 12 წლის იყო, როდესაც მამამისი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლები მოსკოვის კონსერვატორიაში გაატარა, სადაც საერთო საცხოვრებელში უმძიმეს პირობებში უწევდა ყოფნა. ერთხელ შიმშილისგან სიკვდილის პირასაც კი მივიდა.

,,არ იცოდა, რისთვის დაუხვრიტეს მამა”

ირაკლი ცინცაძე: მამაჩემი გორში დაიბადა და 12 წლამდე იქ იზრდებოდა. 1937 წლის რეპრესიების შემდეგ მისი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. სულხანის დედა იყო ელენა ცინცაძე, მამა, თეოდორე ცინცაძე, ვეტერინარი გახლდათ. სულხანს ხშირად ვეკითხებოდი მის შესახებ, მაგრამ არც მან იცოდა, რისთვის დაუხვრიტეს მამა. პაპაჩემს პოლიტიკასთან შეხება საერთოდ არ ჰქონია.

სულხანის დედა მარტო ცხოვრობდა, მამას ბევრი საქმე ჰქონდა და მის ხშირ მონახულებას ვერ ახერხებდა. ის ძალიან უბრალო ქალი იყო, სოფლად გაზრდილი. თურმე კონცერტებზე სიარული უყვარდა. როცა მისი შვილი უკვე ცნობილი კომპოზიტორი იყო, ყველგან მიდიოდა და დარბაზიდან უსმენდა.

კონცერტი რომ დამთავრდებოდა და ხალხი ტაშს უკრავდა, სულხანი დედამისს თავს უკრავდა. ელენაც ადგებოდა და შვილის მსგავსად დარბაზში მსხდომებს თავს დაუკრავდა, მაყურებელს კი ამაზე ეცინებოდა. ასეთი უბრალო პიროვნება ყოფილა ჩემი ბებო. ბებია რომ გარდაიცვალა, 8 წლის ვიყავი. მამამ დედის გარდაცვალება ძალიან განიცადა.

სულხანის ოჯახი საკმაოდ დაბალ ფენას წარმოადგენდა. სულ მიკვირს, ამ გარემოში როგორ გაიზარდა ასეთი ბუმბერაზი მუსიკოსი, რომელიც მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. მე ნიუ იორკის კონკურსის ლაურეატი ვარ და ბევრი მიღწევა მაქვს, თუმცა, მე რომ კომპოზიტორი გამოვედი, ეს გასაკვირი არაა, რადგან ასეთი ნიჭიერი კაცის შვილი ვარ და ეს გენეტიკურად გადმომეცა. თავად სულხანს კი ვისგან გამოჰყვა ეს ნიჭი, არ ვიცი, რადგან წინაპრებში ხელოვანი არავინ ჰყოლია.

მამაჩემი გორის ამბებს ტკბილად იხსენებდა, ყვებოდა კოლორიტ ხალხზე – კინტოებზე, მედუდუკეებზე. ამბობდა, მაშინ სულ სხვანაირი პურმარილი და მოლხენა იცოდნენო. სულ საქართველოსა და იაპონიის შედარებას აკეთებდა. ამბობდა, იაპონელები განვითარდნენ, მაგრამ ამასთან ერთად ტრადიციებიც შეინარჩუნესო…

გორელი ბიჭი მუსიკის სამყაროში

– სულხანს ერთი უფროსი ძმა ჰყავდა, დავითი, რომელიც ინჟინერი იყო. მუსიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, უბრალოდ კარგი მსმენელი გახლდათ. სულხანი, ელენა და დავითი ოპერის თეატრის გვერდით, ძნელაძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მათი მეზობელი იყო ვიოლონჩელისტი კაზალუპოვი, მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი მუსიკოსი. სწორედ მასთან ურთიერთობით დაიწყო მამაჩემის კარიერაც. თავიდან ჩელოზე დაკვრა ისწავლა და მუსიკაში გაერკვა. კაზალუპოვს მის პირველ ნაბიჯებში უზარმაზარი ღვაწლი აქვს შეტანილი.

მეორე მსოფლიო ომის დროს სულხანი მოსკოვის კონსერვატორიაში გაუშვეს. ამ პერიოდში, როგორც მუსიკოსი, ძალიან გაიზარდა. ერთ კურსზე სწავლობდნენ შჩედრინი, რასტრაპოვიჩი, სვირიდოვი და შემდგომში ცნობილი მუსიკოსების მთელი პლეადა.

კონსერვატორია წარჩინებით დაამთავრა, როგორც საუკეთესო ჩელისტმა. სახელმწიფო გამოცდები რომ ჰქონდა, მის გამომცდელებს შორის სერგეი პროკოფიევიც იჯდა. სწორედ მან დაუწერა სულხანს ხუთიანი.

შიმშილობა დაბომბილ ქალაქში

– მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის დროს მამაჩემს ძალიან უჭირდა. ქალაქი იბომბებოდა და მძიმე სიტუაცია იყო. სტუდენტები საერთო საცხოვრებელში ფაქტობრივად შიმშილობდნენ. ბებიაჩემს ერთი საოცარი რაღაც გაუკეთებია. თურმე თავისი ოქროს კბილები გაყიდა, იმ ფულით სურსათი იყიდა და შვილს მოსკოვში გაუგზავნა. სულხანი უკვე სიკვდილის პირას ყოფილა მისული და, რომ არა ის საკვები, ვერ გადარჩებოდა. სხვათა შორის, საერთო საცხოვრებელში მასთან ერთად ცხოვრობდნენ რეზო ჭიჭინაძე, რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე და სხვები.

ერთხელ, მოსკოვის საერთო საცხოვრებელში ყოფნისას, სულხანს ასეთი ამბავი გადახდა თავს. მასთან ერთად ცხოვრობდა შემდგომში ცნობილი ჩელისტი შაფრანი. მოსკოვის კონსერვატორიაში მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა ყოფილიყო. მამაჩემს თურმე ფეხსაცმელზე თასმა არ ჰქონდა. შაფრანს თავისი ჩელოსთვის სიმები მოუხსნია და მიუცია, რომ ფეხსაცმელზე თასმად გაეკეთებინა და ასე წასულან კონსერვატორიაში.

50-იანი წლების ბოლოს სულხანი საქართველოში დაბრუნდა, სადაც ასევე გაჭირვება დახვდა. მას მხარი დაუჭირა მევიოლინე ბორის ჭიაურელმა, რომელმაც სიმებიანი კვარტეტი ჩამოაყალიბა. ასევე ძალიან ეხმარებოდა კომპოზიტორი და კონსერვატორიის მაშინდელი რექტორი ოთარ თაქთაქიშვილი. როცა ის კულტურის მინისტრად დანიშნეს, მამაჩემს რექტორის პოსტი შესთავაზა. აქედან დაიწყო სულხანის წარმატებები, თუმცა კარიერისტი და კომუნისტური აზროვნებისა არასდროს ყოფილა.

კინოს ჰანგები

– სულხანი აქტიურად მუშაობდა კინომუსიკაზე. 25 კინოფილმის მუსიკა შექმნა, თანაც საკმაოდ პოპულარული ფილმების – “ჯარისკაცის მამა”, “ბაში-აჩუკი”, “ჭრიჭინა”, “აბეზარა”, “ღიმილის ბიჭები”, “თოჯინები იცინიან”… ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ჩემი და შემდგომი თაობები გაიზარდნენ. მათში გამოყენებული კომპოზიციები ხალხში დღემდე პოპულარულია.

ერთხელ მსახიობმა დოდო აბაშიძემ გაიხსენა ამბავი ფილმ “ჭრიჭინას” გადაღებებიდან. თურმე სცენარი ცოტა სხვანაირი ყოფილა, ერთ მომენტში პატარა პრობლემებიც წამოიჭრა და გადაღებების შეწყვეტას აპირებდნენ. სწორედ ამ დროს მიიტანა სულხანმა ის მხიარული მუსიკა, რომელიც დიდმა თუ პატარამ ზეპირად იცის. გადამღები ჯგუფის წევრებს ეს ნაწარმოები ძალიან მოეწონათ და სცენარი შემოაბრუნეს, ცუდი სიტუაციიდანაც გამოძვრნენ.

სხვათა შორის, კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს 70 ფილმისთვის ჰქონდა მუსიკა დაწერილი, მეორე ადგილზე მამაჩემი გახლდათ, შემდეგ არის გია ყანჩელი.

სულხანი ბევრ ჟანრში მუშაობდა – ოპერაში, ბალეტში, ფოლკლორში. თავისი შემოქმედების მწვერვალს გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ხელოვნების სფეროშიც შეიცვალა მდგომარეობა. ბოლოს მამამ დრამატულ პიესაზე იმუშავა. რუსთაველის თეატრში მაშინ ,,დეკამერონი” იდგმებოდა და მუსიკალურად გააფორმა.

ოთხი ქორწინება

– სულხანს ოთხი ცოლი ჰყავდა. მისი პირველი მეუღლის შესახებ ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ რუსი გახლდათ. მეორედ ლიანა დოლაბერიძესთან იქორწინა და გიორგი ცინცაძე შეეძინათ, რომელიც გარდაიცვალა. მას ქალიშვილი, მაია ცინცაძე დარჩა. დედაჩემი, ნინა რუხაძე, სულხანის მესამე ცოლი იყო. როცა მას გაშორდა, ლიანა ზაალიშვილი შეირთო და ბოლომდე მასთან ერთად ცხოვრობდა.

დედაჩემი პროფესიით პიანისტი იყო. ძალიან ლამაზი ქალი გახლდათ. ახალგაზრდობაში მსახიობ ჯინა ლოლობრიჯიდას ადარებდნენ. ჩემი მშობლები ერთმანეთს 1957 წელს შეხვდნენ. მაშინ სულხანი ,,ჭრიჭინას” მუსიკალურ გაფორმებაზე მუშაობდა. ფილმში ჭრიჭინას პარტიას საოპერო მომღერალი მედეა ამირანაშვილი ასრულებდა. დედაჩემი და მედეა გმირთა მოედანზე, 11 სართულიან კორპუსში ერთად ცხოვრობდნენ და მეგობრობდნენ. სწორედ ,,ჭრიჭინას” გადაღებების დროს გააცნო მედეამ ჩემს მშობლებს ერთმანეთი. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 15 წელი იყო. სულხანის და ნინას ერთადერთი შვილი გახლავართ.

ჩემი ბავშვობიდან ერთი ფაქტი მახსოვს, რომელიც ბევრისთვის დაუჯერებელია. მაშინ 5 წლის ვიყავი. სულხანი რაღაც მუსიკალურ ნაწარმოებზე მუშაობდა. ერთ მომენტში გაჩერდა, ვეღარ წერდა. ამ დროს მასთან მივედი და რაღაც წავიღიღინე. მაშინ ნოტებიც კი არ ვიცოდი. მან მომისმინა და მითხრა: ,,ყოჩაღ!”. ზუსტად ის ინტონაცია ჩაწერა თავის ნაწარმოებში.

მართალია, მამასთან ცოტა ხანი ვიზრდებოდი, მაგრამ მასთან ხშირი და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. უკონფლიქტო ადამიანი იყო. არ მახსოვს, რამეზე გამბრაზებოდა. ურთიერთობებში გულღია კაცი იყო. უყვარდა რეჟიმის დაცვა და ამ მხრივ მკაცრი ხასიათი ჰქონდა. დილას 6 საათზე დგებოდა და შუადღემდე შეუჩერებლად მუშაობდა.

ჩემი მშობლები რომ დაცილდნენ ერთმანეთს, მამას ყოველდღე ვნახულობდი, რადგან ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. მასთან სახლში მივდიოდი და ისიც მოდიოდა ჩემთან. სხვათა შორის, დედაჩემთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ერთიმეორის მიმართ წყენა არ დარჩენიათ.

დედაჩემის დედა, ტატიანა ბუნენკო-რუხაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი კონცერტმაისტერი იყო, იქ 70 წელი იმუშავა. ტატიანა უკრაინელი გახლდათ, 86 წლამდე იცოცხლა.

მამის კვალზე

– ჩვენს სახლში ცოცხალი ლეგენდები მოდიოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ისე ჩვეულებრივად ხდებოდა, რომ მათ უბრალო სტუმრებად მივიჩნევდი. ხშირად გვსტუმრობდნენ ზურაბ ანჯაფარიძე, ოდისეი დიმიტრიადი, სერგო ზაქარიაძე, ვერიკო ანჯაფარიძე… ასეთ გარემოში გავიზარდე და გასაკვირი არ არის, რომ მამის კვალს გავყევი. ჯერ პიანისტი ვიყავი, შემდეგ კომპოზიტორი გავხდი.

80-იან წლებში თბილისის კონსერვატორია დავამთავრე, სადაც მამაჩემი რექტორი გახლდათ, მაგრამ ამის გამო არანაირი პრივილეგია არ მქონია. იმ დროს თავდაცვის მინისტრ უსტინოვის ბრძანებულება გამოვიდა, რომ ყველა სტუდენტი ჯარში წაეყვანათ. მახსოვს, კონსერვატორიაში ხალხმა ჭორაობა დაიწყო, სულხანი თავის შვილს არ გაუშვებსო. მართლაც შეეძლო, დავეტოვებინე, მაგრამ გამიშვა. მერე მახსოვს, ხალხი იმაზე ჭორაობდა, სულხან ცინცაძე რა ცუდი კაცი ყოფილა, თავისი შვილი ჯარიდან არ დაიხსნაო.

ჯარში ყოფნისას ორკესტრში ვუკრავდი და ნაწილობრივ საკომპოზიტორო საქმეც ავითვისე. კონსერვატორია რომ დავამთავრე, გერმანიაში წავედი. იქ ზაარბრიუკენის კონსერვატორიის ასპირანტურაში ვისწავლე. ვწერ საკონცერტო მუსიკას, ასევე მუსიკას სიმფონიურ კამერულ-ინსტრუმენტული ორკესტრებისთვის. ძალიან მინდოდა, მამაჩემის მსგავსად, კინომუსიკის დარგში მემუშავა, მაგრამ მოგეხსენებათ, ბოლო წლებში კინოში რა მდგომარეობაც არის.

მამის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ბედმა გამიღიმა და ჯანსუღ კახიძემ ჩემი პირველი სიმფონიური პოემა შეასრულა. კონცერტზე მე და მამა ძალიან გახარებულები წავედით. ის მეცხრე ცაზე იყო. ჩემი წარმატებები უხაროდა და მოსწონდა, მის საქმეს რომ ვაგრძელებდი. ესეც დიდი იშვიათობაა, რადგან ხშირ შემთხვევებში მშობლებს არ უნდათ, შვილები მათ პროფესიას გაჰყვნენ. ამ მხრივ სულხანს ჩემთვის ხელი არასდროს შეუშლია.