შოთი ტატიშვილი: ,,ძალიან შევაშინე მშობლები, ძმა, მეუღლე… იყო მომენტი, როცა თითქოს სხეულიდან გავედი”‘

შოთი ტატიშვილი: ,,ძალიან შევაშინე მშობლები, ძმა, მეუღლე... იყო მომენტი, როცა თითქოს სხეულიდან გავედი"',,სარკე”, ია ქუთათელაძე

ცნობილი შოუმენისა და ექიმის, ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი, შოთი, საზოგადოების წინაშე პირველად მუსიკალურ ტელეკონკურსზე გამოჩნდა და მენტორების დადებითი შეფასება დაიმსახურა. მისი სიყვარული მუსიკისადმი პირველად ოჯახში შეამჩნიეს, როცა უფროსი ძმის, ზუკას, მიბაძვით სიმღერა დაიწყო და დრამზე დაკვრით დაინტერესდა. დედა, ექიმი ეკა არჩვაძე, შვილის ყველანაირად უწყობდა ხელს. შოთიმ რამდენიმე კონკურსში კიდევ მიიღო მონაწილეობა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მუსიკაში თავს დაიმკვიდრებდა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა და ჯანდაცვის მართვის ფაკულტეტზე ჩააბარა.

როგორც ცხოვრობს, რას საქმიანობს და რა გეგმები აქვს ცნობილი მშობლების შვილს, ამაზე შოთი ,,სარკეს” უამბობს.

– შოთი, ცნობილია, რომ კოვიდი მძიმედ გადაიტანეთ. პირველ რიგში, ამაზე გკითხავთ, როგორ გადაიტანეთ ეს რთული პერიოდი თქვენ და თქვენმა ოჯახმა.

-იმდენად გამირთულდა, ვგრძნობდი, სუნთქვას ვერ ვახერხებდი. იყო მომენტი, ბუნდოვნად მახსოვს, თითქოს სხეულიდან გავედი და თეთრი სივრცე დავინახე, სადაც ისე ეწვეთებოდა ფერადი წვეთები, როგორც სხვადასხვა საღებავები. ეს ის წუთები იყო, როცა რეანიმაციაში გადავყავდი. გონება მალე დამიბრუნდა, ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ მოვკვდებოდი. ჩემს თავს ვუმეორებდი, შენ აუცილებლად გადარჩები-მეთქი.ბატონმა ლევან რატიანმა მითხრა, ერთადერთი, რამაც გადაგარჩინა, ეს იყო შენი უზარმაზარი სურვილი სიცოცხლისა, არ შეეპუე, ბოლომდე იბრძოლეო.

ძალიან შევაშინე მშობლები, ძმა, მეუღლე. ზუკა საავადმყოფოსთან ათენებდა და აღამებდა, რეკავდა საზღვარგარეთ, რომ გართულების შემთხვევაში ჩემი გადაყვანა მოესწროთ. ასევე იყვნენ მშობლებიც. ჩემი მეუღლე, მარიამი, როგორც მითხრეს, ოთახიდან არ გამოდიოდა, საჭმელსაც არ ჭამდა ჩემს მოლოდინში.

-ახლა რას საქმიანობთ?

-ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ვმუშაობ, ზუკაც სამედიცინო უნივერსიტეტში მსახურობს. ამავე დროს, ძმასთან ერთად დავიწყე ღვინის დაყენება.გვაქვს ვარდისფერი, უწამლო რქაწითელის ვენახი და ასურეთული შავი ჯიშის ყურძენი ჩვენს მამულში, სოფელ ასურეთში. ოჯახური, პატარა მეურნეობა გვექნება. ვიმუშავებთ ხარისხზე, ყველა სტანდარტის დაცვით ჩამოვასხამთ ღვინოს უცხოეთის ბაზრისთვის. როგორც ყველა ძვირფასი ღვინო, ისიც მცირე რაოდენობის იქნება.

– თქვენი ასაკის კაცისთვის ბევრი რამ მოასწარით. როგორ გაიარეთ გარდატეხის წლები?

– 13-14 წლიდან სულ ვმუშაობ, რადგან მინდოდა, ჩემი ფული მქონოდა და ყველა წვრილმანზე მშობლები არ შემეწუხებინა. 16-17 წლისა, როცა გარდატეხის ასაკი იწყება, სწავლას და მუშაობას ვუთავსებდი ერთმანეთს. ბირჟაზე დგომა და ქუჩური გართობები არ მიზიდავდა.

– როცა თქვენი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ძმები პატარები იქნებოდით. იქონია ამან რაიმე გავლენა თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე?

– 9 თვის ვიყავი, ზუკა – 6 წლის. მან მტკივნეულად განიცადა, მე კი, სანამ სკოლაში არ მივედი, ამ თემას არ შევჯახებივარ. შემდეგ რომ ვისმენდი ბიჭების საუბარს, მამამ ფეხბურთზე წამიყვანა, მამასთან ერთად სტუმრად ვიყავიო, გული მწყდებოდა. მეც მინდოდა, მოსაყოლი მქონოდა. მაშინ ოთარი მოსკოვში სწავლობდა და ფიზიკურად ვერ ვხვდებოდით.

მანქანის ტარება დედამ მასწავლა, ფეხბურთზე დედას დავყავდი. მაშინ ამას განვიცდიდი, მაგრამ დღეს მეამაყება, რომ დედამ ყველაფერი საუკეთესო გაგვიკეთა. მამასთან ვმეგობრობთ, ერთმანეთს ბევრ რამეს ვუზიარებთ.

– კარგია, რომ დედის ამაგს ასე აფასებთ. ალბათ მის გადაწყვეტილებასაც მხარი დაუჭირეთ, რომ საკუთარი ბედნიერება ეპოვა.

– სხვანაირად როგორ იქნებოდა?! ჩვენ ლამაზი, კეთილი, მზრუნველი დედა გვყავს. ის იმსახურებს, იყოს ბედნიერი და ვალდებულები ვართ, მის გვერდით ვიყოთ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”