რუსუდან ბოლქვაძე: ,,მიშა თუმანიშვილი თითქოს მიწვდიდა ხელს, მე კი მერიდებოდა, ამ სიყვარულით მესარგებლა”

რუსუდან ბოლქვაძე: ,,მიშა თუმანიშვილი თითქოს მიწვდიდა ხელს, მე კი მერიდებოდა, ამ სიყვარულით მესარგებლა",,სარკე”, ია ქუთათელაძე

,,იღბალი უნდა გქონდეს, რომ მიხეილ თუმანიშვილად დაიბადო და მასწავლებელი გიორგი ტოვსტონოგოვი გყავდეს”, – წერდა გენიალურ რეჟისორზე თეატრმცოდნე ნათელა არველაძე. ასეთივე იღბალი დაჰყვათ იმ სტუდენტებს, რომლებიც მიხეილ თუმანიშვილმა ამოარჩია, შეკრიბა და სრულიად განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერის ახალი თეატრი გახსნა.

რუსუდან ბოლქვაძე ერთ-ერთია იმ მსახიობთაგან, რომლებიც თეატრის დაარსებიდან ძალიან მალე, ორ წელში თუმანიშვილის გუნდს შეუერთდნენ. ნიჭიერი, ინტელექტით და არტისტიზმით გამორჩეული გოგონა ღრუბელივით ისრუტავდა დიდი მაესტროს რჩევა-დარიგებებს. ძალიან მოკრძალებული იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, განსახიერებულ როლებში კაშკაშა ყოფილიყო.

წლების განმავლობაში უამრავი საინტერესო სახე შექმნა როგორც თუმანიშვილის, ასევე სხვა რეჟისორების სპექტაკლებში. რამდენიმე წლის წინ კი თავად მოირგო რეჟისორის როლი და სპექტაკლი დადგა, რომელიც იმდენად წარმატებული გამოდგა, ტრაპზონში შავი ზღვის ქვეყნების თეატრალურ ფესტივალზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ამის შემდეგ სერიოზულად დაფიქრდა, ახალი პროფესიისთვის სრულყოფილი განათლება მიეღო, ამიტომ თეატრალური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სამი წელი ისწავლა. სადოქტორო სპექტაკლად თავისი საყვარელი რეჟისორის დადგმული ,,ზაფხულის ღამის სიზმარი” აიღო და მუშაობას შეუდგა.

პანდემიის გამო პრემიერის თარიღმა ბევრჯერ გადაიწია. ბოლოს გასული წლის 24 დეკემბერს გაიმართა. 30 წლის წინ, ზუსტად 24 დეკემბერს, იხილა პირველად მაყურებელმა მიხეილ თუმანიშვილის ეს სპექტაკლი. რუსუდან ბოლქვაძემ ასეთი დამთხვევა სიმბოლურ მინიშნებად მიიღო, თითქოს დიდი მაესტრო გადადგმულ ნაბიჯს უწონებდა. ჩვენი ინტერვიუც სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

რუსუდან ბოლქვაძე:

– 30 წლის წინ ჩვენი თეატრის დამაარსებელმა, ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა დაიწყო ამ სპექტაკლზე მუშაობა. მოგეხსენებათ 90-იანი წლების დასაწყისი – ომი, ქაოსი, სიცივე, უტრანსპორტობა, გაჭირვება… ხშირად ეკამათებოდნენ, რა დროს სპექტაკლია, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე დროაო. იგი პასუხობდა, როცა ქვემეხები ქუხან, მუზები არ უნდა დუმდნენო. მახსოვს, როგორ მოდიოდა ფეხით თეატრში, იჯდა ჩაფუთნული პალტოთი, ქუდით, კაშნეთი და გულმოდგინედ ატარებდა რეპეტიციებს. ის იყო ჩემთვის ხელოვნებისთვის თავდადებული შემოქმედის ნამდვილი მაგალითი.

ის მოგონებები უდიდესი სტიმული გახდა, რომ არ შემეჩერებინა დაწყებული საქმე. პანდემიაც ხომ ომი გახლდათ, გამოუცხადებელი ომი, რომელმაც მოიტანა მსხვერპლი, შეიწირა ადამიანების სიცოცხლე. როგორც 90-იან წლებში გადაგვარჩინა მუშაობამ, რადგან ვდგამდით კეთილ, საინტერესო, მაყურებლისთვის იმედისმომცემ სპექტაკლებს, ასევე ახლაც თეატრმა უნდა თქვას თავისი სიტყვა.

24 დეკემბერი სპეციალურად არ ამირჩევია, მერწმუნეთ, დაემთხვა. 2021 წელს 100 წელი შესრულდა ბატონი მიშას დაბადებიდან, ანუ ორმაგად საზეიმო თარიღი იყო. როგორც კი ეს გავაცნობიერე, დავიჯერე, რომ შემთხვევით არაფერი ხდება სამყაროში.

– როდის დაგებადათ სურვილი, რომ თქვენი თავი მოგესინჯათ, როგორც რეჟისორი და დაგედგათ სპექტაკლი?

– რეჟისორის პროფესია ძალიან რთულია, ამას სულ სხვა ფსიქოტიპის ადამიანი სჭირდება, ვიდრე მსახიობია. ისინი ისე განსხვავდებიან თავიანთი ფსიქოლოგიით, როგორც ქალი და მამაკაცი. მართალია, მუდმივად ამ ორი სქესის თანასწორობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ განსხვავება ნამდვილად არის.

დაიწყო იქიდან, რომ შემთხვევით წავიკითხე თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯეჯენ ოლუს პიესა “ზვავი”, რომელიც მომეწონა. ვიფიქრე, კარგი იქნება, თუ ჩვენს თეტარში რომელიმე რეჟისორი დადგამს-მეთქი. საერთოდ, მსახიობს პიესა მაშინ მოსწონს, როცა იქ თავის შესაფერის როლს ხედავს. ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში პიესის სათქმელი აქტუალური იყო და ჩემს მეგობრებს ვუამბე მის შესახებ. ეტყობა, ისე ვყვებოდი, მითხრეს, რუსუდან, თავად დადგი, რადგან შენ უკვე გააზრებული გაქვს, როგორ შეიძლება ამ პიესის დადგმაო. მათი შეგულიანებით, შემდეგ კი კოლეგების ხელშეწყობით, დავიწყე მუშაობა.

არანაირი პროფესიული გამოცდილება არ მქონდა, თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა სკოლაში საბავშვო სპექტაკლებზე მუშაობას. პროფესიულ სცენაზე სპექტაკლის დადგმა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო გამოდგა. ამ სპექტაკლით მოვიარეთ საქართველოს რაიონები, შემდეგ მიგვიწვიეს ტრაპზონის ფესტივალზე, სადაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების გარდა იყვნენ ევროპიდანაც. ჩემმა სპექტაკლმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა და სპეციალური პრიზი აიღო.

კიდევ ორი პიესა დავდგი, ერთი -ედუარდო დე ფილიპოს მიხედვით, მეორე – თანამედროვე ავტორის “ხომ არ აფრენ”. როცა დავფიქრდი, მივხვდი, ამ საქმის გასაგრძელებლად აუცილებლად მჭირდებოდა პროფესიული განათლება და ჩავაბარე დოქტორანტურაში.

– თეატრალურ სახელოსნოში ყველას თავისი მიხეილ თუმანიშვილი ჰყავდა. თქვენ როგორ გაიხსენებთ?

– ბატონი მიშა იყო ხელოვნებას შეწირული ადამიანი, ნამდვილი ხელოვნების ქურუმი. ეს არ მიკვირდა, რადგან ასეთივე ბრძანდებოდა ჩემი პედაგოგი თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანი. ამ ორ პიროვნებას დიდი ადამიანური და შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან.

გარდა იმისა, რომ უდიდესი მადლობელი ვარ თუმანიშვილის, რადგან მან თავის თეატრში მიმიყვანა, დიდ ცხოვრებისეულ და შემოქმედებით გამოცდილებასაც მაზიარა. გული მწყდება, ეს ურთიერთობა უფრო მეტად რომ არ გამოვიყენე. სულ მერიდებოდა, ეს ჩემი მხრიდან არ გადაზრდილიყო ფამილარობაში, მცდელობაში, რომ თავი წარმომეჩინა. არ გამოსულიყო ისე, რომ როლების მიღებისთვის ვცდილობდი სიახლოვეს. ის თითქოს მიწვდიდა ხელს, მე კი მერიდებოდა, ამ განწყობით, ამ სიყვარულით მესარგებლა.

ბატონი მიშას დამსახურება იყო, რომ ჩვენ მოვიარეთ თითქმის მთელი დედამიწა. ეს იყო დიდი საშუალება, გვენახა, რა ხდება მსოფლიოში, როგორია თეატრალური ცხოვრება. გავიცანით და დავუმეგობრდით დიდ ხელოვანებს – ანჯეი ვაიდას, ჯო პასს, ჯონ უილიამსს, პიტერ ბრუკს, რომელიც პარიზიდან ლონდონში საგანგებოდ ჩამოვიდა თუმანიშვილის სპექტაკლის სანახავად. იმ დროში, როცა ბულგარეთში წასვლაც სანატრელი იყო, ჩვენ ლათინური ამერიკა, ავსტრალია, ევროპის ქვეყნები მოვიარეთ. ეს იყო ბატონი მიშას ნიჭის აღიარების, მისი დაფასების და დამსახურების შედეგი.

– როგორ გაგრძელდება თქვენი მოღვაწეობა თეატრში, დარჩებით ერთგული მსახიობი დასისა თუ რეჟისორობა გადაწონის?   

– მსახიობობაზე ხელი არ ამიღია, თუ რეჟისორი დამაკავებს, დიდი სიამოვნებით მივიღებ როლს. მოგეხსენებათ, მსახიობი მთლიანად რეჟისორზე ხარ დამოკიდებული. სპექტაკლის დადგმასაც აქვს თავისი პრობლემები, ისე არ არის, აიღო პიესა და დაიწყო მუშაობა, ეს აუცილებლად უნდა შეთანხმდეს თეატრის ხელმძღვანელობასთან. კიდევ ბევრი ნიუანსია, მაქვს რაღაც იდეები ამ კუთხით და მუშაობას ვაპირებ.

– როცა რეჟისორად მოევლინეთ კოლეგებს, ხომ არ შეიცვალა მათი დამოკიდებულება თქვენდამი, რომელიმე მხარეს ხომ არ გაგიჭირდათ მუშაობა?

– არა, არ გაგვჭირვებია. მე ხომ ვიცი, როგორც მსახიობმა, მათ იმ მომენტში რა სჭირდებათ. როცა მე ვდგამ სპექტაკლს, როგორც რეჟისორი, მათ მხარეზე ვარ, რადგან, პირველ ყოვლისა, თავადაც მსახიობი ვარ. რაც შეეხება მუშაობის პროცესში შენიშვნას, კამათს, ეს თანმდევია შემოქმედებისა. წინააღმდეგობასა და კამათში დგება ის შედეგი, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილია. მთავარი, რასაც ვგრძნობდი, იყო ის, რომ მსახიობები სიამოვნებას იღებდნენ იმ როლის თამაშით. ბედნიერებაა, როცა მსახიობი თეატრში სპექტაკლის სათამაშოდ მოდის არა როგორც სამსახურში, არამედ სიხარულით თავის პერსონაჟთან შესახვედრად.

– როლი, რომელმაც გაგაწვალათ.

– ასეთი ბევრი იყო, მაგრამ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ თავიდან როლი ვერ შევიყვარე. როგორც კი სიყვარულით მივუდექი, მაშინვე გამომივიდა.

მაგალითად, იყო მერკურის როლი “ამფიტრიონი 38”-ში. თავიდან ვერ გავითავისე, ვერ შევიყვარე, შემდეგ კი ძალიან ძვირფასი გახდა. ეს გახლდათ მიხეილ თუმანიშვილის ბოლო სპექტაკლი. ჩემი პერსონაჟი იყო ამ ბოლო სპექტაკლის ბოლო სიტყვების წარმომთქმელი. იგი მარტო რჩება სცენაზე და ამბობს: “ღმერთებო, ცაში აბრძანდით, ადამიანებო, დედმიწაზე მიმოიფანტეთ, მსახიობებო, კულისებს ამოეფარეთ, მაყურებელო, მოჩვენებითი გულგრილობით პირი იბრუნეთ და მოკრძალებით გაუჩინარდით. მზეო, ჩააქრე შენი ფანარი, გავქრეთ ყველანი”. და ისმოდა – “მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!”.

როცა თუმანიშვილი გარდაიცვალა, დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოვში გავემგზავრეთ ამ სპექტაკლით. დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი ეს გასტროლი. როცა ამ ფრაზას ვამბობდი, ძალიან გამიჭირდა, ყოველი სიტყვის წარმოთქმისას ვიაზრებდი მთელი ამ ფრაზის სიღრმეს და მისტიკურობას და გავაცნობიერე, ის გრძნობდა, რომ თავის ბოლო სპექტაკლს დგამდა და ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა.

– მიშა თუმანიშვილის და ქალბატონ ლილი იოსელიანის სამაგალითო მეგობრობა და კოლეგიალობა ახსენეთ. ასეთივე სამაგალითო იყო და არის მეგობრობა იმ პირველი თაობის მსახიობებისა, რომლებიც ამ თეატრის კედლებში გაიზარდეთ.

– ამას ბატონმა მიშამ ჩაუყარა საფუძველი, მისი კონცეფცია იყო თეატრი-ოჯახი. გარემოც ასეთი შექმნა, დიდი ოთახი, სადაც იდგა ძველი ბუფეტი, დიდი მაგიდა და სავარძლები. ის იქცეოდა და მუშაობდა ისე, რომ ჩვენ თავი გვეგრძნო მეგობრული ოჯახის წევრებად. ამასობაში ჩვენც შევეზარდეთ ოჯახის წევრებივით და კიდევაც შევაბერდით ერთმანეთს. როცა ჩვენ წავალთ, მოვა ახალი თაობა და გააგრძელებს თუმანიშვილის სახელობის თეატრის ისტორიას.

– ახლახან ვნახე ტელეგადაცემაში თქვენი დედა, რომელიც საკმაოდ ხანდაზმულია, გამოიყურება თავის ასაკზე ბევრად კარგად და რაღაცნაირი ახალგაზრდული სიკისკასე აქვს შენარჩუნებული. რა არის მისი დღეგრძელობის და მხნეობის საიდუმლო?

– დედაჩემი არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი. მას არ გაუვლია მარტივი ცხოვრება, ბავშვობაში გადაუსახლეს მშობლები, გაიარა მეორე მსოფლიო ომი, გაგვზარდა ორი შვილი, გაჭირვებაც ბევრი შეხვდა, მაგრამ ბოლომდე დარჩა სიკეთით სავსე, მოყვარული ადამიანების, სიცოცხლის, მეგობრების.

შეიძლება წიგნი დაიწეროს იმ ქალბატონებზე, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ და დედაზე, მათ ერთგულებაზე, ერთმანეთის მიმართ თავდადებაზე, გვერდით დგომაზე. ახლა არც ერთი მეგობარი ცოცხალი აღარ დარჩა. დღეს მათ შვილებთან, შვილიშვილებთან მეგობრობს, ასევე ჩემს მეგობრებთან. ეს არ არის ზედაპირული მოკითხვის და მოფერების დონეზე სიტყვებით: “უი, რა, სათნო მოხუცია, რა კარგად გამოიყურება!”. არა, ეს არის სრულყოფილი მეგობრობა. მასთან დაჯდომა უყვართ, ამბების მოყოლა, გულის გადაშლა.

ახლაც თავისი მეგობრის შვილთაშვილთან მყავდა, დაბადების დღე მიულოცა. არაფერი გამორჩება, ყველასთვის საჭირო სიტყვა და სითბო აქვს გადანახული. რაღაცნაირი უშურველი არის, არავისთვის არაფერი ენანება, ყველას დახმარება უყვარს, ყველას გამხნევება.

ამ პანდემიის დროს ძალიან ვუფრთხილდებოდი. მე შემხვდა ვირუსი და სასტუმროში გადავედი. გამისტუმრა, ნუ გეშინია, მე არ დამემართებაო. მეორე დღეს თავადაც შეხვდა და ერთი თვე გაატარა საავადმყოფოში. ყოველდღე ტელეფონით მელაპარაკებოდა, ხომ იცი, მაგარი ვარ, გავუძლებო. მიყვებოდა, ისეთი კარგი სამედიცინო პერსონალია, ბევრი საქმე აქვთ, დატვირთულები არიანო. ებრალებოდა, უფრთხილდებოდა. ძალიან უჭირდა, მაგრამ არ ეძახდა, ისედაც ყველა მაგათ აწუხებსო.

– ბედნიერებაა, რომ დედა გყავთ, მაგრამ დედისთვისაც დიდი ბედნიერებაა, როცა შვილის პირად ცხოვრებას სრულყოფილს ხედავს. ამ თემაზე რას გეუბნებოდათ, რას გირჩევდათ?

– შევთანხმდეთ, რომ პირად თემებზე არ ვისაუბრებთ. ერთი შემიძლია გითხრათ, დედას არასდროს, მინიშნებითაც კი არ უთქვამს ამაზე ჩემთვის არაფერი. ყოველთვის სრული თავისუფლება მქონდა არჩევანის.

– ,,ქალურ საქმეებზე” რას გვეტყვით, თავის მოვლაზე, დიასახლისობაზე, რა დოზით არის თქვენს ცხოვრებაში?

– თავს ვუვლი ისე, როგორც უნდა მოუაროს ქალმა, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. არც დიეტებით შემიწუხებია თავი. საბედნიეროდ, ამის აუცილებლობა არ მქონდა.

კულინარიაშიც არ ვბრწყინავ. დავიწყებ იქიდან, რომ მყავდა ბებია-ბაბუა, რომლებიც არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებდნენ, დედაც შესანიშნავი დიასახლისი იყო. ყოველთვის დაკავებული ვიყავი, ამიტომ სამზარეულოში ტრიალისთვის არ მეცალა. პანდემიის დროს, როცა თავისუფალი დრო გამიჩნდა, რამდენიმე კერძი გავაკეთე და გემრიელი გამომივიდა. ცოტათი გამიტაცა კიდეც, ახლა თავისუფლად შემიძლია თავის მოწონება. ხელსაქმე მეხერხება, კერვა, ქსოვა, მაგრამ მთავარი და ყველაზე საყვარელი ჩემთვის არის ის საქმე, რასაც ვემსახურები.