ცოტნე გამსახურდია: ,,დევნილობაში მამა გაცინებული არ მინახავს”

ცოტნე გამსახურდია: ,,დევნილობაში მამა გაცინებული არ მინახავს",,სარკე”

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია დღეს, 31 მარტს 83 წლის გახდებოდა. იმ გოლგოთის გზაზე, რომლითაც კრემლმა ატარა ის და მისი ოჯახი, მისი შუათანა ვაჟი, ცოტნე გამსახურდია ,,სარკეს” უამბობს.

_ცოტნე, გახსოვთ, წლების წინ, კოლხურ კოშკს და სამშობლოს რა გრძნობით ტოვებდით?

_ ამაზე ფიქრის დროც არ იყო, ფაქტობრივად ომი მიმდინარეობდა, სხვადასხვა იარაღიდან ისროდნენ, ძალიან მძიმე ვითარება იყო. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერზე მე არც მიფიქრია. მანანა (ცოტნეს დედა, ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე. რედ.შენ.) ისტერიკაში იყო, იმის გააზრება, თუ რა ხდებოდა, ვერ მოახერხა.

მაშინ 15-16 წლის ვიყავი, ამიტომ, მართალი გითხრათ, ვერ ვაცნობიერებდი ყველაფერს ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველი. პათეტიკური სიტყვებით ვერ გავაფორმებ და ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ემოციური იყო, უბრალოდ იყო ის, რაც იყო, მორჩა და დამთავრდა.

__ კოლხური კოშკი მხოლოდ საცხოვრებელი არ არის, ჩვენი კულტურის, ისტორიის ნაწილია. აქედან რაიმე რელიკვიის წაღება მოასწარით, რამის გადარჩენა შეძელით?

_ იარაღის მეტი აქედან არაფერი წამიღია, მეორე ხელი ტანსაცმელიც კი. ხომ გითხარით, დედაჩემი აბსოლუტურად არაადეკვატურ მდგომარეობაში იყო. ყველაფერი, უკლებლივ, მძარცველებს დარჩათ. მე კიდევ, 16 წლის ბიჭი, ამაზე ხომ არ ვიფიქრებდი?

__ მამათქვენი, ზვიად გამსახურდია, რა მდგომარეობაში იყო, რას ამბობდა იმ მძიმე წუთებში, როგორ იქცეოდა?

_ ჩვენ აქ ვიყავით, ის პარლამენტის შენობაში იყო. მამას მერე შევხვდით. ერთადერთი ის მახსოვს, რომ მთელი გზა, სანამ აზერბაიჯანში ჩავედით, ჩუმად იყო. როგორც მოგეხსენებათ, თავდაპირველად აზერბაიჯანში ჩავედით, თუ სწორად მახსოვს, იქ ორი დღე დავყავით. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩვენი მასპინძლობა ვერ გაბედა, ეშინოდათ. თქვეს, რუსეთის ჯარის ორი დივიზია დგას და პასუხს ვერ ვაგებთ, რა მოხდებაო. მახსოვს, აზერბაიჯანის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ერთი ,,ცელოფანი” გარჩეული ნუში მაჩუქა და ის საჭმელად რამდენიმე დღე მეყო.

ორი დღის შემდეგ სომხეთში გადავედით. ჯერ მანქანებში ვათენებდით, შემდეგ ე.წ. სანატორიუმში, მთის წვერზე დაგვაბინავეს, მაგრამ, ვაი, იმ დაბინავებას!

რიგრიგობით, ფასეულობების მიხედვით, მთავრდებოდა საკვები. მაგალითად, ჯერ ხორცი გათავდა, შემდეგ მაკარონი, პური და ბოლოს ჩაი და წყალი დარჩა. ამასობაში იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა მოახერხა, რომ ზეწოლა მოეხდინა სომხეთის იმჟამინდელ პრეზიდენტზე, პეტროსიანზე და იგი ფაქტობრივად აიძულა, რომ ჩვენთვის ნება მოეცა, გროზნოში წავსულიყავით.

__ ბატონი ზვიადის განწყობა, სულიერ-მორალური მდგომარეობა როგორი იყო, შვილებთან ურთიერთობაში რას ამჟღავნებდა, გამხნევებდათ?

_ ცუდ მდგომარეობაში იყო. მოქეიფე, როხროხა და დროსტარების მოყვარული კაცი ისედაც არ ყოფილა, მაგრამ იმ წლების განმავლობაში ის გაცინებული ალბათ არც მინახავს… მამაჩემის სახელის ხსენებისთვის ხალხს ხვრეტდნენ, აყაჩაღებდნენ, აუპატიურებდნენ. შემდეგ ტრაგედია დაიწყო სამაჩაბლოში, მერე უკვე  აფხაზეთში…

__ ბოლოს როდის ნახეთ მამა, როგორ გამოემშვიდობეთ და როგორი იყო მისი ჯანმრთელობა?

_ ბოლოს 1993 წლის 24 სექტემბერს ვნახე. გადავკოცნე და ეგ იყო. 50 წელს გადაცილებული ადამიანისთვის აბსოლუტურად ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

__მძიმე ტვირთია ზვიად გამსახურდიას შვილობა?

_ ჩემთვის არავითარი ტვირთი არაა. მადლობელი ვარ უფლის, რომ პრეზიდენტის შვილიკოდ არ დავრჩი.